ავტორი
მზია კევლიშვილი
ნათლობა, შვიდ საიდუმლოთაგან ერთ-ერთია, რითაც ადამიანი ცოდვებისგან განიწმინდება და მეორედ იბადება, ახალი სულიერი ცხოვრებისთვის. იოანეს ნათლისღება, იესოს ახალი ნათლობის შესახებ აუწყებს ხალხს: ,,მე თქვენ წყლით გნათლავთ... ის მოგნათლავთ თქვენ სული წმიდით და ცეცხლით". ნათლობა წყლის საშუალებით სრულდება. ეს პროცესი, წყლით განბანვას და ხელახლა დაბადებას გულისხმობს. ნათლიები ის პიროვნებები არიან, რომლებიც ეკლესიის წინაშე ვალდებულებას იღებენ, იზრუნონ ნათლულებზე და განამტკიცონ ისინი რწმენაში. ჟურნალ ,,ნათლიის" სტუმარია, "ოქსფორდ მედიქალ ჯორჯიას" ექიმი ექოსკოპისტი ბატონი ვლადიმერ კახაძე.
- ბატონო ვლადიმერ, როდის დაიწყო თქვენი მართმადიდებლური ცხოვრება?
- ამას დიდი წარსული აქვს. იმ დროს დავიბადე, როდესაც ათეისტური საზოგადოება კომუნიზმისთვის ემზადებოდა. ბებიამ გამზარდა და მანვე ჩამომაყალიბა ღვთისმოშიშ, მართმადიდებელ ადამიანად. არ მახსოვს ბებიას ლოცვის გარეშე დაეძინა. ის, ყოველ ღამე, უფალს ჩვენს თავს ავედრებდა, ხოლო გაღვიძებისას მადლობას უხდიდა. ბებიაჩემი, იმ ოჯახის შვილი გახლდათ, რომელსაც ათეისტურმა საზოგადოებამ, სარჩო-საბადებელი წაართვა, თუმცა მასში რწმენა ვერ ჩაკლა. ის ყოველთვის მასწავლიდა, რომ ავის ქმნით ზიანს საკუთარ თავს მივაყენებდი, რადგან უფალი ყველაფერს ხედავს.
- ათეიზმის პერიოდში, თქვენთვის რთული არ იყო ეკლესიაში სიარული?
- დავიბადე ორთაჭალაში, სადაც უამრავი ეკლესიაა, თუმცა მაშინ, იქ ეკლესიები არ ფუნქციონირებდა. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს მასწავლებლებს, რადგან როცა ისტორიულ მასალას განიხილავდნენ, ეკლესიის როლს ყოველთვის წინ წამოსწევდნენ ხოლმე. ჩემს დროს მოქმედი, მხოლოდ ქაშვეთის ეკლესია იყო, იქვე, ახლოს ჩემი მეგობრები და მასწავლებელი ცხოვრობდნენ. როცა მათთან სტუმრად მივიდოდი, ეკლესიაში ყოველთვის შევდიოდი.
- რამდენი ნათლული გყავთ?
- ოცდასამი, ისინი ძირითადად ჩემი მეგობრების შვილები არიან. ბედნიერი ვარ, რომ ამირჩიეს, რადგან ნათლულები, სტიმულს მაძლევენ. ვალდებულს მხდიან, არ მოვეშვა და ყოველთვის შევძლო მათთვის სარგებელის მოტანა.
- როგორც წესი, ნათლიები ნათლულის სულიერ აღზრდაზე ზრუნავენ, თქვენ როგორი ურთიერთობა გაქვთ მათთან?
- ჩემი ნათლულები რჩევის მისაღებად ხშირად მაკითხავენ. მართალია, ცხოვრების გადატვირთული რეჟიმის გამო, ეს ხშირად არ ხდება, მაგრამ ისინი, რჩევებს ჩემგან მაინც იღებენ. რაც ძირითადად პროფესიის არჩევას ეხება. ერთმა ჩემმა ნათლულმა, როდესაც პროფესიის არჩევაზე მიდგა ჯერი, ჩემი პროფესია აირჩია. უბედნიერესი ვარ, როდესაც ადამიანი გულში ჩახვეულ აზრს მიზიარებს.
- ნათლისღების დღესასწაულს ნათლია-ნათლულები ერთად ხვდებიან, თქვენ როგორ აღნიშნავთ ამ დღესასწაულს?
- სამწუხაროდ, ამ დღესასწაულს ერთად ვერ ვხვდებით, თუმცა ტელეფონით მილოცვის ფორმა ყოველთვის არსებობდა.
- როგორ ფიქრობთ, ოცდამეერთე საუკუნემ, ხომ არ გააუფერულა ნათლია-ნათლულის ურთიერთობა?
- ადამიანი თვითონ არის დრო, ის ადამიანზე ვერ მოქმედებს. ადამიანი მატერიის ის ფორმაა, რომელიც დროსავით იცვლება. დრო კი არა საზოგადოებაა მთავარი. ადათ-წესის აღსრულება ძალდატანებით არ შეიძლება, ეს ბუნებრივ მოთხოვნილებად უნდა იქცეს. მთავარია ადამიანს სურდეს ადათ-წესის აღსრულება. თამამამად შემიძლია ვთქვა, რომ დრომ ვერ შეცვალა ჩემი დამოკიდებულება ნათლულებთან ურთიერთობაში. ნათლია სულიერი მშობელია, როდესაც ნათლიობას თანხმდები, შენი მოვალეობები გათვიცნობიერებული უნდა გქონდეს.
- ნათლიის მთავარ მოვალეობად რას მიიჩნევთ?
- სამყაროს შავ-თეთრ ფერებად აღვიქვამ. ამ შავ-თეთრ სამყაროში ადამიანის მიზანი, თეთრი ფერებისკენ სიარული უნდა იყოს, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ შავი ფერებიც არსებობს. ნათლულისთვის ნათლია ,,ნეშომპალა,, უნდა იყოს. ისე უნდა იცხოვრო, რომ შენი ცხოვრების წესი, მისთვის გამოსადეგი გახდეს. უფალმა ადამიანს უამრავი სიკეთის მარცვალი გამოატანა. ცუდის მასწავლებელიც მასწავლებელია, ამიტომ უნდა ეცადო, შენმა ნათლულებმა, შენში სიკეთე აღმოაჩინონ და შეისწავლონ.
- როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა მოხდეს ნათლიის შერჩევა?
- ნათლიის შერჩევა ადამიანთა სულიერი ურთიერთობის საფუძველზე უნდა მოხდეს. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ნათლიის ვალდებულებები არ არის წამიერი და ადამიანის გარდაცვალების შემდეგაც ზეცაში გრძელდება. ნათლია ის ადამიანი უნდა იყოს, რომლის გულში წარმოთქმულ ლოცვასაც ნათლული იგებს.
- თავად როდის მოინათლეთ?
- ოცდახუთი წლის ასაკში, ჩემივე ნებით მოვინათლე. ჩემი ნათლია მეუფე კონსტანტინე მელიქიძე გახლდათ. ჩემი პროფესია, გინეკოლოგია, სოცოცხლის მოვლინებასთანაა დაკავშირებული. სამწუხაროდ, ეს პროფესია, ასევე აბორტებსაც გულისხმობს. მახსენდება ჩემი საუბრები მეუფე კონსტანტინესთან. ის ყოველთვის მეკითხებოდა, მქონდა თუ არა აბორტი გაკეთებული, თუმცა მე ისეთი გამზრდელი მყავდა, მიხეილ გიგინეიშვილი, რომელსაც ჩემთვის ნათქვამი აქვს, რომ ხელი სისხლით არ უნდა გავისვარო. მშობიარობის სისხლი აუცილებლად ჩამოიბანება, აბორტის კი არასდროს მოგცილდებაო. ამიტომ ხელოვნური აბორტი არ გამიკეთებია.
- რას ურჩევდით ნათლიებს ნათლულებთან ურთიერთობაში?
- მათ ვურჩევ, სანამ ცოცხლები არიან, ხშირად მოინახულონ ნათლულები. იყვნენ მათ გვერდით. ჩვენ, ქრისტიანებს ბევრი წმინდა დღესასწაული გაგვაჩნია. ამ დღესასწაულებზე ერთმანეთს ხმა აუცილებლად მიაწვდინონ, თუმცა ტელეფონით კონტაქტს, ცოცხალი ურთიერთობა სჯობს, ამიტომ კარგი იქნება, თუ ამასაც გაითვალისწინებენ.