შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მე-2 მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული დავით თ. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის ივლისში დავით თ-მ, 1993 წელს დაბადებული თ.ა. ოჯახისთვის ზიანის მიყენების მუქარით, ყვარლიდან თბილისში ჩამოიყვანა, პირადობის მოწმობა და ტელეფონი გამოართვა და განუცხადა, რომ მას მამაკაცებისათვის სექსუალური მომსახურება უნდა გაეწია, რაზეც უარი მიიღო. ამის შემდეგ დავით თ-მ თ.ა-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შეუზღუდა თავისუფლად გადაადგილების უფლება და მუდმივი მუქარის ქვეშ აიძულებდა ბარ „თენექ“-ში მამაკაცებისთვის სექსუალური მომსახურება გაეწია, ხოლო მათ მიერ გადახდილ თანხას მთლიანად ითვისებდა.
გამოძიება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე (სსსკ-ს 143-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით) მიმდინარეობს.