შემოგვიერთდით facebook-ზე
სახალისო პერსონაჟებით წარმოდგენილი ქართული ანბანი ბავშვებისთვის
10-09-2013, 15:16  /  ნახვა: 4458

ავტორი
მეგი მაჭარაშვილი
საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში,  ნინო ლარცულიანის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა, სახელწოდებით - გრამატიკული ზღაპრები: „ანბანო მამიკო, ფონეტიკა დედიკო და მხიარული ასოები“.
ფერადი ილუსტრაციებითა (ზღაპრისთვის ილუსტრაციები შექმნა მხატვარმა ლელა ცინაძემ) და მხიარული ისტორიებით დატვირთული, ეს წიგნი, გაცოცხლებულ ქართულ ანბანს წარმოადგენს, სადაც ყოველი ასო-ნიშანი ახალი და საინტერესო პერსონაჟია. ილუსტრაციების მეშვეობით სათქმელი მარტივდება, ეს მეთოდი ბავშვებს შინაარსის აღქმას უადვილებს.

ავტორმა, წიგნის ვიდეომასალა წარადგინა, რომელიც მკითხველს მუსიკალურ ვერსიას სთავაზობს. ასევე, ვიდეო ჩანაწერებს, რომლის მეშვეობითაც ბავშვებს საშუალება ეძლევათ, ნახონ, როგორ ითამაშონ სიტყვობანა. მათ ასოების ამოჭრა და სიტყვების შედგენაც შეუძლიათ.

სახალისო პერსონაჟებით წარმოდგენილი ქართული ანბანი  ბავშვებისთვის
ნინო ლარცულიანმა სიუჟეტური რკალების შესაქმნელად გამოიყენა: ძველი აღთქმის ეპიზოდები, (კარიბჭის ღვთისმშობლის ისტორია) ჩვენი დროის წმინდანთა ცხოვრებანი, რეალური ფაქტები ქართული ენათმეცნიერების ისტორიიდან და ნამდვილი ეპიზოდები ბავშვებისა და მოზარდების ცხოვრებიდან.
„წიგნზე მუშაობის პროცესში, ჩუმად ვიღებდი ბავშვების თამაშს, მათი სიტყვები, ფრაზები, ჩხუბისა და მეგობრობის ფორმა გამოყენებული მაქვს ზღაპარში, შესაბამისად შინაარსი რეალურ ფაქტებზეა დაყრდნობილი.“ - აღნიშნა ნინო ლარცულიანმა.

სახალისო პერსონაჟებით წარმოდგენილი ქართული ანბანი  ბავშვებისთვის
წიგნის ბოლოში ძველი ქართული ანბანია განთავსებული, რომელთაც ბავშვის გამოსახულება აქვთ. იგულისხმება, რომ ბავშვები ასეთები დაიბადნენ, შემდეგ კი დღევანდელი ქართული ანბანის ასოებად გარდაიქმნენ. ბავშვები კითხვის პროცესში თითოეულ პერსონაჟს შეისწავლიან.
„ჩემი მიზანია, ამ ზღაპრის მეშვეობით ქართველ ბავშვებს  ანბანი შევაყვარო, ხოლო არაქართველ ბავშვებს სახალისოდ შევასწავლო“ -  განაცხადა ავტორმა.
წიგნი, გამომცემლობა „შემოქმედი ანგელოზის“ მიერ დაიბეჭდა. ეს გამომცემლობის პირველი წიგნია.

 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა