ავტორი
ლელა მანველიძე
მეორე კვირაა, რაც რუსთავის N17-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ორმოცდაათამდე პატიმარი შიმშილობს. შიმშილობა, თავდაპირველად თორმეტმა პატიმარმა დაიწყო, შემდეგ კი მათ დანარჩენი პატიმრებიც შეუერთდნენ.
ჩვენთან საუბრისას ადვოკატ კახა მაღრაძის განმარტებით, ამ თორმეტიდან, ორი მათგანი, სასჯელაღსრულების სამინისტროს პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიას სთხოვდა, ობიექტურად განეხილათ, მათი პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხი. მიაჩნიათ, რომ სრულიად უსაფუძვლოდ ეუბნებიან უარს, ვადამდე გათავისუფლებაზე. დანარჩენი ათი კი აცხადებს, რომ ისინი, წინა ხელისუფლების მიერ, უსამართლოდ არიან მსჯავრდებულები და ითხოვენ, მათი საქმეები, ობიექტური სასამართლოს მიერ გადაიხედოს. ასევე, მიაჩნიათ, რომ სისხლის სამართლის კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები, რაც სასჯელთა შეკრების ახლებურ პრინციპს შეეხება, მათ მიმართ არასწორად იქნა გამოყენებული. ნაცვლად იმისა, რომ უფრო მკაცრ სასჯელს შთაენთქა, უფრო მსუბუქი სასჯელი. სასამართლოებმა, მათ მიერ სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპი გამოიყენეს და პატიმრობის ვადას, მხოლოდ ერთი-ორი წელი მოაკლეს.
ადვოკატ მაღრაძის თქმით, თორმეტ მოშიმშილე პატიმარს დანარჩენებიც შეუერთდნენ და ახლა, მათი რიცხვი ორმოცდაათამდეა. რამდენიმე დღეა ქსნის N15-ე სასჯელაღსრულების პატიმრებიც შეუერთდნენ. მათგან ოთხი მშრალ შიმშილობაზეა, ოთხს პირი მავთულით აქვს ამოკერილი, ერთმა კი თავისი სასქესო ორგანო მაგიდაზე მიიჭედა, რომელიც ახლა საავადმყოფოშია გადაყვანილი და მკურნალობის კურსს გადის.
მოშიმშილე პატიმრები, სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილთან და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავჯდომარესთან ეკა ბესელიასთან შეხვედრას ითხოვდნენ. აღნიშნული შეხვედრა შედგა, რომელსაც ასევე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავჯდომარე გედევან ფოფხაძეც დაესწრო. ისინი პატიმრებს დაპირდნენ, რომ მათ საჩივრებს შეისწავლიან და დააყენებენ საკითხს, რათა აღნიშნული საქმეები ხელახლა გადაიხედოს. ამ დაპირების შემდეგ, შიმშილობა, მხოლოდ რამდენიმე პატიმარმა შეწყვიტა. დანარჩენები კი პროტესტის ასეთ ფორმას, მანამდე გააგრძელებენ, სანამ მათი საქმეების გადახედვა არ მოხდება. ისინი ამბობენ, რომ ხელისუფლება დღემდე აჭიანურებს დაპირებული, მართლმსაჯულების ხარვეზების კომისიის შექმნას, რომელსაც შესაძლებლობა ექნება, სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენები შეისწავლოს, რის შემდეგაც სასამართლოს მიერ, აღნიშნული საქმეების ხელახლა განხილვა მოხდება.
მართლმსაჯულების ხარვეზების კომისიის შექმნის პირობას, ახალი ხელისუფლება, მოსვლის დღიდან იძლეოდა, თუმცა ახლა, მისი შექმნა იანვრისთვის გადაიდო. პატიმრების მოთხოვნაა, კომისიის შექმნის ვადამ, უახლოეს პერიოდში გადმოიწიოს.
როგორც ადვოკატმა კახა მაღრაძემ განაცხადა, ამ საქმეების გადახედვა დღევანდელი კანონმდებლობით შუძლებელია, ეს ,,ყბადაღებული“ კომისიის შექმნა კი უახლოესი ექვსი-შვიდი თვის განმავლობაში არ იგეგმება.