ავტორი
სოფიკო ხვიბლიანი
ნოდიკო ტატიშვილი: უამრავი პროექტი იქნება და ბევრი ახალი სიმღერაც იქმნება ჩემთვის, მაგრამ ამაზე საუბრის უფლება არ მაქვს...
- ნოდიკო, ხალხი ადრეც გიცნობდათ, როგორც ნიჭიერ მომღერალს, თუმცა ჯეოსტარმა ამ მხრივ მაინც დიდი როლი ითამაშა, კიდევ რა შეცვალა ამ პროექტმა თქვენს ცხოვრებაში?
- ჯეოსტარმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩემს კარიერაში, ცხოვრებაში საკუთარი ნიჭის რეალიზების საშუალება მომცა და სანაცვლოდ ხალხის სიყვარული მივიღე. მერწმუნეთ, ამაზე მთავარი მომღერლისთვის არაფერია. იმ სამმა თვემ დიდი გამოცდილება მომცა. ძალიან კარგ მუსიკოსებთან მქონდა შემოქმედებითი ურთიერთობა, შემდეგ დავმეგობრდით. პროექტში, პროფესიული თვალსაზრისით ძალიან კარგი გამოცდილება მივიღე, ეს პერიოდი ყოველთვის დაუვიწყარი იქნება.
- ევროვიზიის კონკურსში მონაწილეობა, თქვენ და სოფოს რომ მიგეღოთ ვინ იყო ამის ინიციატორი და რატომ გადაწყვიტეთ დუეტში გემღერათ?
- ჩემი და სოფოს ევროვიზიაზე წარდგენის ინიციატორები, საზოგადოებრივი მაუწყებლობის პროდიუსერები იყვნენ, მათი გადაწყვეტილებით არჩევანი ჩვენზე შეჩერდა, რამაც ძალიან გაგვახარა. დუეტის იდეაც მათ ეკუთნით, დუეტში სიმღერა ძალიან სასიამოვნოა, როდესაც წყვილს ერთმანეთის ესმით სცენაზეც და ცხოვრებაშიც...
- კონკურენცია დიდი იყო?
- ეს ძალიან მაღალი რანგის კონკურსია, ყველაზე მაშტაბური და რეიტინგული, სადაც 39 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას და ყველა თავის მაქსიმუმის გაეკეთებას ცდილობდა, ამიტომ კონკურენციაც დიდი იყო .
- როგორი ურთიერთობა გქონდათ კონკურსანტებთან?
- ძალიან კარგი, მე და სოფომ, ბევრი მეგობარი შევიძინეთ, ერთმანეთთან ურთიერთობა სისტემატიურად გვაქვს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია საერთაშორისო კონკურსებზე, რადგან ბოლოს კონკურსი მთავრდება, მაგრამ მეგობრობა რჩება.
- გვიამბეთ ევროვიზიის ერთ დღეზე და საერთოდ რა შეიცვალა ამ კონკურსის შემდეგ თქვენს ცხოვრებაში?
- ევროვიზიის ყველა დღე ერთნაირად დატვირთული იყო. დილით სასტუმროში გვხვდებოდნენ ჟურნალისტები, გარეთ უცხოელი გუშემატკივრები გველოდებოდნენ, მივყავდით საკონცერტო დარბაზში, სადაც ორი რეპეტიცია გვქონდა და პარარელურად სხვადასხვა პრესკონფერენციები. ეს დღეებიც დაუვიწყარი იქნება ჩვენთვის, ძალიან დიდი გამოცდილება მივიღეთ და იმაზე მეტი შთაბეჭდილებებით დავბრუნდით, ვიდრე ველოდით. გამიცნო უფრო ფართო აუდიტორიამ და გვაქვს ძალიან დიდი გამოხმაურება, ამიტომ ამ პროექტმა თავისი წვლილი უკვე შეიტანა ჩვენს კარიერაში. შემოდგომაზე რამდენიმე გასტროლი გვაქვს დაგეგმილი სხვადასხვა ქვეყანაში.
- თქვენი მოლოდინი დაემთხვა მიღწეულს და საერთოდ, რა არის აუცილებელი წარმატების მიღწევისთვის?
- არა რათქმაუნდა, ერთადერთი ის დამეთხვა, რომ გრანდ ფინალში გადავედით, ვიყავით ფავორიტებში, მაგრამ საბოლოო ჯამში მეთხუთმეტე ადგილიზე გავედით. წარმატებისთვის აუცილებელია, გიყვარდეს ის, მთელი გულით, სულით რასაც აკეთებ, გქონდეს მიზანი, გიყვარდეს შრომა და მიაღწევ წარმატებას.
- აპირებთ თუ არა კარიერის გაგრძელებას საზღვარგარეთ?
- ამაზე ბევრჯერ მიფიქრია, მაგრამ საქართველოს ვერ ველევი. ადრე, როცა საერთაშორისო კონკურსებზე დავდიოდი, რამდენიმე კარგი შემოთავაზება მქონდა, მაგრამ მომენტალურად უარი ისე ვთქვი, რომ არც დავფიქრებულვარ. ახლაც მაქვს კარგი შემოთავაზებები, მაგრამ სხვა ქვეყანაში წასვლა მიჭირს, თუმცა სადაც არ უნდა ვიყო მიზანი მექნება, ჩემი ქვეყანა სათანადოდ და ღირსეულად წარვადგინო.
- როგორია ნოდიკო ტატიშვილის ერთი, ჩვეულებრივი დღე და სამომავლო გეგმები?
- ზოგჯერ ძალიან დატვირთული,სხვანაირად არც შემიძლია. მალე, რამდენიმე საინტერესი კონცერტში მივიღებ მონაწილეობას, შემდეგ ცოტახნით გასტროლებზე გავემგზავრები და როცა დავბრუნდები დანარჩენს შემდეგ მოგიყვებით. იქმნება ახალი სიმღერები, ახალი პროექტები, საინტერესო გეგმები მაქვს, თუმცა ამ ყველაფერზე საუბრის უფლება ჯერ არ მაქვს.
–