საჯარო რეესტრში ყადაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა.
საკასაციო სასამართლომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე განმარტა, რომ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია გამორიცხავდა ამ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე რაიმე სხვა უფლების ან საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაციას, თუ შესაბამისი სარეგისტრაციო დოკუმენტით სხვა რამ არ იყო დადგენილი. ამდენად, ზოგადი წესის მიხედვით, ყადაღის არსებობა გამორიცხავდა ყადაღადადებულ ნივთზე სხვა უფლების (მოცემულ შემთხვევაში საკუთრების უფლების) რეგისტრაციას. თუმცა ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონი ითვალისწინებდა გამონაკლისს დადგენილი ზოგადი წესიდან, კერძოდ, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვა არ ვრცელდებოდა ყადაღადადებული და განკარგვააკრძალული უძრავი ნივთის მართლზომიერი მფლობელის საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე.
საკასაციო პალატამ განმარტა, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, მართლზომიერი მფლობელი წარმოადგენდა დაინტერესებულ პირს, რომლის სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც წარმოშობდა საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, გამოცემული, მიღებული ან შედგენილი იყო სარეგისტრაციო ობიექტზე ყადაღის, განკარგვის აკრძალვის წარმოშობის რეგისტრაციამდე, ამასთანავე, სარეგისტრაციო დოკუმენტი გამოცემული, მიღებული ან შედგენილი იყო ამ კანონის ამოქმედებამდე, ან ყადაღის, განკარგვის აკრძალვის მიუხედავად სარეგისტრაციო დოკუმენტის გამოცემა, მიღება ან შედგენა უშუალოდ იყო განსაზღვრული საქართველოს კანონმდებლობით, ასევე პირი, რომელიც იყო ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის საგნის მესაკუთრის უფლებამონაცვლე.
საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მართლზომიერი მფლობელის ცნების აღნიშული დეფინიცია ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონში 2009 წლის 3 ნოემბერს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად ჩამოყალიბდა. ძველი ტექსტური რედაქციის მიხედვით, შედგენის დროის მიუხედავად, თუ სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც წარმოშობდა საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, თარიღით უსწრებდა ყადაღის რეგისტრაციას, მაშინ მას უპირატესი ძალა ენიჭებოდა. ამასთან, 2009 წლის 3 ნოემბერს განხორციელებული ცვლილებებით უფრო დაკონკრეტდა მართლზომიერი მფლობელის ცნების დეფინიცია, სარეგისტრაციო დოკუმენტების გამოცემის, მიღების ან შედგენის თარიღი გარკვეულ პირობას დაუკავშირდა, კერძოდ, სარეგისტრაციო დოკუმენტი არა მარტო სარეგისტრაციო ობიექტზე ყადაღის, განკარგვის აკრძალვის წარმოშობის რეგისტრაციამდე უნდა ყოფილიყო შედგენილი, არამედ სარეგისტრაციო დოკუმენტი გამოცემული, მიღებული ან შედგენილი უნდა ყოფილიყო ,,ამ კანონის ამოქმედებამდე”.
ამდენად, საკასაციო პალატამ განმარტა, რომ 2009 წლის 3 ნოემბრის საკანონმდებლო ცვლილებებით მართლზომიერი მფლობელის ცნების განსაზღვრებაში გაკეთდა კუმულაციური დათქმა, რის საფუძველზეც პირი იმ შემთხვევაში ჩაითვლებოდა მართლზომიერ მფლობელად, თუ ერთდროულად სახეზე იქნებოდა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მართლზომიერი მფლობელის ცნებით გათვალისწინებული ორი სავალდებულო პირობა, კერძოდ, სარეგისტრაციო დოკუმენტი შედგენილი უნდა ყოფილიყო სარეგისტრაციო ობიექტზე ყადაღის რეგისტრაციამდე და „ამ კანონის ამოქმედებამდე“.
საკასაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემობაზეც, რომ სიტყვებში „ამ კანონის ამოქმედებამდე“ იგულისხმებოდა არა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი (რომელიც ამოქმედდა 2009 წლის 14 იანვარს), არამედ 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი, რადგან ახალი წესრიგი კანონში შემოღებულ იქნა სწორედ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებით და ამ ახალი წესრიგის ამოქმედებით განსხვავებული რეგულირება შემოიღო კანონმა, კერძოდ, მართლზომიერი მფლობელის ცნების დეფინიციაში განხორციელებული ცვლილებით დადგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტის შედგენის თარიღი ახალი რეგულირების შემოღების თარიღს დაუკავშირდა, ვინაიდან, თუ პირის მართლზომიერ მფლობელად მიჩნევისათვის შეზღუდვა 2009 წლის 3 ნოემბრის №1962 კანონით დაწესდა, მაშინ განხორციელებული ცვლილების მოქმედების სფერო ვერ დაუკავშირდებოდა იმ კანონის ამოქმედების თარიღს („საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი ამოქმედდა 2009 წლის 14 იანვარს), რომელიც საკანონმდებლო ცვლილებით დადგენილ ახლებურ რეგულირებას არ ითვალისწინებდა.