25-26 მაისს, თბილისმა, საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის, საქართველოს სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს და თბილისის მერიის ეგიდით გრანდიოზულ საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა - „ოფენ ჯორჯია 2013“. „ოფენ ჯორჯიას“ საერთაშორისო ტურნირზე 12 ქვეყნის ეროვნული ნაკრების 350 საუკეთესო სპორტსამენი ასპარეზობდა პირველობისთვის. აღნიშნული ტურნირის საპრიზო ფონდი საკმაოდ დიდი იყო - 3000 დოლარი. გარდა ამისა იყო მრავალი სპონსორი და ძვირფასი საჩუქარი სადაზღვევო კომპანია „უნისონიდან“ და „ჯეოსელიდან“, რამაც კარატეს პოპულარობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.
„უნისონთან“ ხელშეკრულება გაფორმდა როგორც ქართული კარატეს ოფიციალური მზღვეველი, რაც უდაოდ კარგია სპორტსმენის ჯანმრთელობისთვის და მისი მომავალი სპორტული კარიერისთვის. საკმაოდ კარგი პრიზები - მაღალი დონის თასები დააწესა სამშენებლო კომპანია „ბექა კაპიტალმა“. კარატეს ეროვნულმა ფედერაციამ კი ამერიკაში სპეციალური შეკვეთით დამზადებული მედლები გადასცა გამარჯვებულებს და პრიზიორებს.
საერთაშორისო ტურნის წინ უსწრებდა მსოფლიოს უსაფრთხოების ორგანიზაციის შეფ-ინსტრუქტორის, ისრაელიდან ჩამოსული ოსტატის, გაბი მიხაელის მიერ ჩატარებული სემინარი და ასევე სამსაჯო სემინარები, რომლებსაც ევროპა-აზიის აკრედიტებული ოფიციალური წარმომადგენლები ხელმძღვანელობდნენ.
„საქართველოში სამსაჯო კოლეგიას დიდი პოტენციალი აქვს. პირადად მე კმაყოფილი ვარ სემინარების ჩატარებით და შეჯიბრზე ნანახი ქართველების მსაჯობით. ქართულ კარატეს დიდი მომავალი აქვს მსოფლიო ასპარეზზე, როგორც სპორტული ისე სამსაჯო კუთხით. აქვე დავძენ იმას, რომ ქართული კარატეს მესვეურმა, ბატონმა კახა ბასილიამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს ღონისძიება ევროპულ დონეზე ჩატარებულიყო“, - განაცხადა ევროპის მსაჯთა კომისიის თავმჯდომარემ პრიმოზ დებენაკმა.
„პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ „ოფენ ჯორჯია“ სალიცენზიო ტურნირი იყო და ჩვენმა სპორტსმენებმა წარმატებით ჩააბარეს გამოწვევა - გარანტირებული გვაქვს საგზურები ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე. მოწვეული ქვეყნების ფედერაციების პრეზიდენტები და ევროპის კარატეს ფედერაციის ოფიციალური წარმომადგენელი კმაყოფილნი დარჩნენ საერთო დონით, სპორტული, საორგანიზაციო, სამსაჯო და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების ჩართვლით. საქართველოს კარატეს ეროვნულმა ფედერაციამ დადებითი შეფასება მიიღო ევროპის ფედერაციიდან, რაც უდაოდ დიდი წარმატებაა ჩვენი მომავალი მოღვაწეობისთვის, როგორც ევროპის კარატეს სტრუქტურებში, ასევე მსოფლიო ფედერაციაში. ამავე დროს, ამ რეზიუმეს, დიდი მნიშვბნელობა აქვს იმისთვის, რომ საქართველო მზადაა ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატის ჩასატარებლად. ეს კი, კიდევ ერთი დიდი ნაბიჯია მომავალი წარმატებისთვის. შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ ჩვენმა სპორტსმენებმა საკუთარ მოედანზეც გვასახელეს - ძირითად წონებში და კატეგორიებში, - ოქროს მედალოსნები გახდნენ დავით პატარიძე, ჰენრი ვეკუა და გოგიტა არქანია. სხვა დანარჩენ კატეგორიებშიც მაღალი ხარისხის მედლები ჩვენთან დარჩა და შესაბამისად საქართველომ გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა, მეორეზე თურქეთის ნაკრები გავიდა, ხოლო მესამეს დასჯერდნენ ირანისა და აზერბაინაის ეროვნული ნაკრებები“, - განაცხადა საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა კახა ბასილიამ.
მსოფლიო კარატეს ფედერაციამ ტურნირის მაღალ დონეზე ჩატარებისთვის სპეციალური დიპლომებითა და პრიზებით დააჯილდოვა თბილისის მერიის წარმომადგენლები - მამუკა ქაცარავა და მერაბ ჩიქობავა.
ნუგზარ ჭიაბერაშვილი, საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეს-მდივანი