ავტორი
ანა გურგენიძე
მომავალ თაობაზე ზრუნვა, მათთვის რეპერტუარის შერჩევა, გემოვნების ჩამოყალიბება, მეტად რთული და საპასუხისმგებლო საქმეა. კვარტეტისთვის სახელის მოძიებაც არ ყოფილა იოლი. ყველა ერთად ვფიქრობდით, ხმამაღლა თუ გულში... ლექსიკონი - ანიდან ჰოემდე, ხომ არ მიგვიტოვებია, არადა გაჭირდა საქმე... ბოლოს პოეტმა მაკა ბლიაძემ კვარტეტს ,,ოთხთა" დაარქვა. ასე დაერქვა ეს მადლიანი სახელი ბიჭების კვარტეტს.
10 საუკუნეა ელის ,,ოთხთა" ქართველებს, მათ სიყვარულს, ერთგულებას, ერთად ყოფნის იმედს. ხმა და სიმღერა შევაშველოთ ჯერ, მერე გზაც გამოჩნდებაო... ისეთი ბედნიერი იყო მაკა, მიწას ფეხს არ აკარებდა, გეგონებოდათ - ტაო კლარჯეთზე საუბრობდა, ასე, შორიდან ეფერებოდა, იქით დარჩენილ, საქართველოს უნიკალურ ძეგლებს... წავიდეთ მოვილოცოთ, მოვეფეროთო მონასტერს - ,,ოთხთას"...
,,ოთხთა" ჭოროხის აუზში, ოთხთას წყლის ხეობაში მდებარე, X საუკუნის ძეგლია. იგი პარხალთან ერთად, გვიანი ხანის ბაზილიკების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიმუშია, პროპორციებით ძალიან განსხვავდება ძველი ქართული ბაზილიკებისგან.
ოთხთაზე, ასეთი ლეგენდა არსებობს: ეკლესია უცნობი მეფის ასულს, ვინმე თამარს აუშენებია. მამამისს, თამარის გარდა, ყველა შვილი ისლამზე მოუქცევია. ქალს ტაძრის შენებისას ფული შემოლევია, ამიტომ თმა შეუკვეცავს, გაუყიდია და ასე დაუმთავრებია მშენებლობა.
თამარს, ისეთი თეთრი რაში ჰყოლია, ოთხივე ეკლესიის შემოვლა ერთ დღეში შეეძლო. გადმოცემის თანახმად, ტაძარში მისი ხელის ანაბეჭდიცაა შემორჩენილი.
ოშკის, ხახულისა და იშხნის შემდეგ, ოთხთა ამ მხარეში მეოთხე დიდი ტაძარი იყო და ასეთი სახელი ამიტომ დაარქვეს.
კვარტეტ ,,ოთხთას" წევრები არიან: ნიკა ჯიქია, ლევან ზარდიაშვილი, ლუკა ხვინთელიანი და ირაკლი ჯიქია. (ნიკა და ირაკლი ძმები არიან, ტყუპები).მინდა გზა დავულოცო ,,ოთხთას", ქართველობის, სიმღერის, ცხოვრების გზაზე.
ირაკლი ჯიქია: შვიდი წელია ,,მძლევარში" ვმღერით, საუკეთესო მეგობრები ვართ. სწორედ მეგობრობამ გადაგვაწყვეტინა ახლა უკვე - კვარტეტში სიმღერა. ხალხურ სიმღერაში იხარჯები... ქალაქური სიმღერა კი უნდა იღიღინო, ხალისიანია... თავისუფალი ხარ...
ლუკა ხვინთელიანი: გვიხარია ერთად ყოფნა, სიმღერა და ხალხის გახარებაც გვინდა...
ლევან ზარდიაშვილი: ჩვენს დახვეწაში და ჩამოყალიბებაში დიდი როლი მიუძღვის კახა ონაშვილს. ჩვენ მოვალეობის გამო არ ვმღერით... სიმღერა გვიყვარს... სიმღერა ვართ თვითონ...
ნიკა ჯიქია: საქართველო, რომ არ გვიყვარდეს, ვერ ვიმღერებდით გულიანად...
კვარტეტ ,,ოთხთას" პირველი ერთობლივი ნამუშევარი ,,ალილოა", რომლის კომპოზიტორი ნინო ჩხიკვაძეა. ლექსი მაკა ბლიაძის, არანჟირება კი მიშა მდინარაძის. სიმღერა ,,ბრავო სტუდიაში" ჩაიწერა, ხოლო ,,სანო" სტუდიაში საშობაო საჩუქრად დაიბეჭდა.
კვარტეტი ნინო ჩხიკვაძის ჩამოყალიბებულია. კახა ონაშვილის ,,მძლევარში", ბიჭები ხალხურ სიმღერებს ასრულებენ, ნინო დიდ იმედებს ამყარებს ბიჭებზე. ცნობილი ქართველი კომპოზიტორების საუკეთესო სიმღერებს აზიარებს." აჩუქა ყველა ქრისტიანს. კლიპი რეჟისორმა გიორგი ხარებავამ გადაიღო, ოპერატორი გოგი ლაღიძეა, პროდიუსერობა კი კახა ყაფლანიშვილმა ითავა. ანჩისხატის მგალობელი დავით მეგრელიძე მამის როლში გადაიღეს, რომელმაც საკმაოდ კარგი სახე შექმნა.
წარმატებებს ვუსურვებ ,,ოთხთას", ნინო ჩხიკვაძეს და მაკა ბლიაძეს კი ბევრი ლამაზი ოცნების განხორციელებას და სიმღერის შექმნას. ჩემი სურვილიც აჰყვა მათ და ერთიანი საქართველოს ნახვა მომინდა.
ტაძარ ოთხთას მადლი ეწეოდეს სრულიად საქართველოს!