ავტორი
თიკო ბეკოშვილი
მსახიობმა და რეჟისორმა იზა ვეფხვაძემ სულხან-საბა ორბელიანის სახელობის (ახლანდელი ილიას) უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, (პარალელურად სწავლობდა ჟურნალისტიკის ფაკულტეტზეც), ხარაგაულის რაიონულ გაზეთში, ჟურნალისტად და პასუხისმგებელ მდივნად დაიწყო მუშაობა. გარკვეულ პერიოდში პედაგოგიურ-აღმზრდელობით გაზეთს "აღმზრდელს" გამოსცემდა, 10 წელზე მეტი ხარაგაულის საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორი იყო, შემდეგ კულტურის, განათლების, სპორტისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი. იგი რვა წიგნის ავტორია.
მასთან გასაუბრების სურვილი, გოდერძი ჩოხელის ხსოვნის საღამოსადმი მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ გამიჩნდა, რომლის წამყვანი და ორგანიზატორიც იყო.
იზა ვეფხვაძე: 1995 წელს, როდესაც საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორად ვმუშაობდი, ცენტრალურ ბიბლიოთეკასთან ლიტერატურული თეატრი ჩამოვაყალიბე, სულ მალე თეატრს სახალხო თეატრის წოდება და დიდი ქართველი მამულიშვილის რეზო თაბუკაშვილის სახელი მიენიჭა, რომელიც ხარაგაულის ბიბლიოთეკასთან დღემდე არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი შემოთავაზება მქონდა, ჩემი დიდი სურვილია, თეატრმა არსებობა განაგრძოს იმ რაიონში, სადაც დაარსდა და პირველი საღამოები გამართა. ძალიან მძიმე წლებში, სამოქალაქო ომისა და სიდუხჭირის პერიოდში, ჩვენს სპექტაკლებს ასეულობით ადამიანი სტუმრობდა; მწერლები, საზოგადო მოღვაწენი, მეცნიერები და უკვირდათ, რომ იქ სიცოცხლე დუღდა.
1998 წელს, თეატრმა, ხარაგაულში, რეზო თაბუკაშვილის საღამო მოაწყო. ამ საღამოს დედაქალაქიდან 80- ზე მეტი ადამიანი სტუმრობდა, რასაც პრესასა და ტელევიზიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. უახლოესი ერთი წლის განმავლობაში, ამ ღონისძიების გამართვა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ათჯერ მოგვიხდა. აქედან დაიწყო თეატრის წინსვლა და წარმატებები.
-აქვს თუ არა საკუთარი შენობა თეატრს?
-არა, ის ხარაგაულის ცენტრალურ ბიბლიოთეკასთან არსებობს. სამწუხაროდ, ხარაგაულში თეტრის შენობა საერთოდ არ არსებობს. ვინაოდან, ათწლეულების წინ უკეთესის მშენებლობის იმედით დაანგრიეს და დღემდე ვერ მოხერხდა ახლის აგება. საღამოების გამართვა კინო-თეატრის ყოფილ შენობაში გვიწევს.
-თეატრს ვინ აფინანსებს?
-სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტი.
-როგორი ჯგუფისგან შედგება ლიტერატურული თეატრი?
-თეატრს, მხოლოდ ორი საშტატო ერთეული აქვს, ვარ თეატრის ხელმძღვანელი, რეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი , არის კიდევ მუსიკალური გამფორმებელი, ქ-ნი დალი მერაბიშვილი, ძალიან ნიჭიერი მუსიკოსი. სულ ორი თანამშრომელი ვართ, ეს ძალიან ძნელია, რადგან დიდი დრო მიაქვს ორგანიზაციული საკითხების მოგვარებას და ჩემი დროის დიდი ნაწილი ამ საკითხების მოგვარებას ხმარდება. ძალიან მინდა, რომ სამომავლოდ ვინმე გონიერი პროდიუსერი შევარჩიო, რომელიც ამ საკითხებს მოაგვარებს და შემოქმედებისთვის მეტი დრო დამრჩება.
-სულ რამდენი საღამო გაქვთ გამართული და რომელს გამოარჩევდით?
-18 წლის განმავლობაში თეტრში 45 ლიტერატურული სპექტაკლი დაიდგა და სამასზე მეტი წარმოდგენა გვაქვს გამართული საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. ძალიან მიჭირს გამორჩევა, თუმცა ყურადღებას, რამდენიმე სპექტაკლზე შევაჩერებდი, რომელთაც მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა; რეზო თაბუკაშვილისადმი მიძღვნილი სპექტაკლი "მე წავალ, მაგრამ სამუდამოდ თქვენთან დავრჩები", გურამ რჩეულიშვილისადმი მიძღვნილი სპექტაკლი "ზღვამ დაგვანახა მისი სიმაღლე", დავით სარაჯიშვილისადმი მიძღვნილი სპექტაკლი "ჩვენც ვიდავითებთ დავით!", ოტია იოსელიანისადმი მიძღვნილი სპექტაკლი "ჩვენი ოტია", გოდერძი ჩოხელისადმი მიძღვნილი "ამ მიწის ბედი ჩემი ბედია" და გურამ დოჩანაშვილისადმი მიძღვნილი სპექტაკლი "სიყვარულის სამოსელი".
-ძალიან გვაინტერესებს, როგორ იმახსოვრებთ ორ საათიანი საღამოებისთვის განკუთვნილ ტექსტებს, არ არის რთული?
-არა, ტექსტების დამახსოვრება არ მიჭირს, თუმცა დიდ ენერგიას და ძალისხმევას მოითხოვს. ყოველთვის ვგრძნობ, რომ რაღაც იდუმალი ძალა მეხმარება, ალბათ ეს არის ის გზა, რომელზეც უფალმა დამაყენა და შესაძლებლობაც მომცა ამ საქმის კეთებისა, ყველა ჩემი საღამო ისეთი სიყვარულით არის გაჯერებული და ისე მიყვარს ის ადამიანები, ის დიდი ქართველები, ვისზეც საღამოებს ვაკეთებ, რომ თითქოს ჩემს სულში სახლობენ და ყველაფერს მიადვილებენ.
-როგორ არჩევთ ვის უნდა მიეძღვნას საღამო?
-არჩევანს საკუთარი სულის ძახილით ვაკეთებ, შეკვეთით არასოდეს გამიკეთებია და ვერც გავაკეთებ. ბუნებრივია, საზოგადოების ინტერესს შემოქმედისადმი ვითვალისწინებ, საზოგადოება კი არჩევანს ხელოვანსა და მწერალზე შემთხვევით არ აკეთებს.
-კიდევ რით ხართ დაკავებული?
-თეატრის გარდა, არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარ, ვეხმარები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს და ქალბატონებს, რომელთაც ოჯახური პრობლემები აქვთ.
-გაგვაცანით თქვენი უახლოესი გეგმები...
-ამჟამად, ვამზადებ ლიტერატურულ სპექტაკლს ლევილის სასაფლაოს მკვიდრ ქართველებზე. ამ ზაფხულს, დიდი სურვილი მაქვს, ჩემი საღამოებით საქართველოს მთა მოვიარო და იქ შემორჩენილ ადამიანებს გავუთბო გული, მოვეფერო, როგორც შემიძლია. თუმცა ენერგიის გარდა, რომელსაც არ დავიშურებ, ფინანსებია საჭირო. ამჯერად, ვეძებ ადამიანს, ვინც ამ პროექტით დაინტერესდება. მინდა ვეწვიო გუდამაყარს, შატილს, თუშეთს, ზემო სვანეთს, რაჭას... დანარჩენი უფლის ნებააა, ვნახოთ, იმედია შემაძლებინებს, იმ ადამიანებს ყურადღება და ძალიან ცოტა სითბო სჭირდებათ, რომ თავი ბედნიერეად იგრძნონ.