შემოგვიერთდით facebook-ზე
მექა ხანგოშვილი: ახალაიებმა შიშით უნდა იცხოვრონ და ყველა წუთს ელოდნენ სიკვდილს
30-04-2013, 19:23  /  ნახვა: 4073

ავტორი

ლელა მანველიძე

ლაფანყურის ოპერაციის გამოძიებას, საზოგადოება, დღესაც დიდი ინტერესით ელოდება, მის ირგვლივ უამრავი მითქმა-მოთქმაა. ამბობენ, რომ ახალაიების სიცოცხლეც კი, ამ საქმის გამო, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და რომ ქართულ ციხეში ყოფნა, ბაჩო ახალაიასთვის თავის დაცვის საუკეთესო საშუალებაა. ამ საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო მინისტრის აპარატის მრჩეველს ინტეგრაციის საკითხებში  ქალბატონ მექა ხანგოშვილს გავესაუბრეთ. 

- რას იტყვთ ლაფანყურის ოპერაციაზე? თქვენი აზრით, რას ემსახურებოდა ეს პროვოკაცია, რას ამბობენ პანკისში მცხოვრები ქისტები და საერთოდ ჩეჩნური დიასპორა? 

- სანამ გამოძიება თავის ვერდიქტს არ დადებს, უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ვერსიებზე საუბარი არასწორია. თუმცა პანკისის მოსახლეობა თვლის, რომ ეს ყველაფერი წინასაარჩევნო პიარს უკავშირდებოდა და როგორი პიარი გამოუვიდათ, ყველამ დავინახეთ. ფაქტია, რომ ამ „თამაშმა“ უდანაშაულო ბიჭების სიცოცხლე შეიწირა. პანკისელების პრეტენზია, მხოლოდ, იმაში მდგომარეობს, რომ რატომ არ მოხდა ამ ბიჭების ცოცხლად აყვანა, რატომ მიმართეს ყველაზე ,,ადვილ ხერხს“  – ლიკვიდაციას, რატომ არ გამოიყენეს სახალხო დიპლომატია და უხუცესთა ინსტიტუტი მოლაპარაკებების პროცესში და ა.შ.  დაღუპულთა ოჯახებისთვის, დღეს, ყველაზე მნიშვნელოვანია, მათი დაზარალებულად ცნობა.

- საზოგადოება დღესაც ელოდება სიმართლის მოსმენას, თქვენ თუ გაქვთ ინფორმაცია რა ხდება, რატომ ჭიანურდება მისი საბოლოო გამოძიება და რას ელოდებით დღევანდელი საგამოძიებო სტრუქტურებისგან, რამდენად ობიექტურად იქნება, თუნდაც დღევანდელი ხელისუფლების მიერ, ეს საქმე გამოძიებული?

-იმედია, გამოძიების პროცესი ობიექტურად  წარიმართება. გვესმის, რომ ეს არ არის ისეთი მარტივი საქმე, რომ  გამოძიება მოკლე დროში დამთავრდეს. თან, რამდენადაც ვიცით, წინა ხელისუფლებამ არ დატოვა სამხილები. თუმცა, როგორც პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, გამოძიება ძალიან მალე შოკის მომგვრელ ფაქტებს დადებს და ჩვენც სულმოუთქმელად ველოდებით, რომ სინამდვილეს ფარდა აეხადოს. 

 - ამბობენ, რომ ახალაიებს სერიოზული შიში აქვთ ჩეჩნების შურისძიების გამო, რა კომენტარს გააკეთებთ, არის თუ არა ეს შიში საფუძვლიანი?

-ეს შიში საფუძვლიანი რომ არ ყოფილიყო, დღეს, ახალაია ქართულ ციხეში კი არა , საზღვარგარეთის, რომელიმე ხუთვარსკლავიან სასტუმროში, განცხრომაში იქნებოდა. როგორც კი რეალურად დაინახა, რომ საშიშროება არსებობდა, მაშინვე ჩამოვიდა  და საკუთარი ფეხით მივიდა პროკურატურაში. ახლა გახდნენ ქისტები ახალაიებისათვის ძმები, როცა უმოწყალოდ ჩახოცეს, მაშინ, რატომ არ გაახსენდათ, რომ მართლაც, ისტორიულად გვაკავშირებს ქართველებსა და ვაინახებს ძმობა და მეგობრობა. მათ მთელი სიცოცხლე არ მოასვენებთ   ღალატით მოკლული ბიჭების სისხლი. წარმოიდგინეთ მთელი სიცოცხლე შიშში უნდა იცხოვრონ, ყოველწუთას უნდა ელოდონ სიკვდილს და როგორ ფიქრობთ, ეს უკვე განაჩენი არ არის. გახსოვთ, ალბათ მიხეილ ხორგუანის ისტორია, ეს ის პიროვნებაა, რომელმაც ქისტი აბრაგები ღალატით ჩახოცა და შემდეგ, თავებიც კი დააჭრა... სამარცხვინო იყო მისი სიცოცხლეც და სიკვდილიც. სიკვდილის სარეცელზეც კი ჩეჩნები ელანდებოდა და სული ისე დალია, რადგან პირზე სიტყვები გაეყინა „ჩეჩნები მოდიან, მკლავენო“...                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                           

- და ბოლოს, როგორ ვითარდება ურთიერთობები დღევანდელ ხელისუფლებასა და ჩეჩნეთის ხელისუფლებას შორის, რა კეთდება ამისათვის, ან რა ხელის შემშლელი ფაქტები არსებობს?

- ერთ-ერთი ხელის შემშლელი ფაქტორი კადიროვია, რომელიც პუტინის ყურმოჭრილი მონაა და კარგად ვიცით, თუ  როგორი სიყვარული აქვს პუტინს  ჩეჩნეთისა და საქართველოს მიმართ. თუმცა, მაინც მიმაჩნია, რომ კავკასიის გაერთიანება გარდუვალია, ეს არის ჩვენი გადარჩენის მთავარი გზა. დააკვირდით, კავკასიის რეგიონში, პირველი დარტყმა მუდმივად ჩეჩნებზე მოდის,  ქართველებთან მიმართებაში კი მუდმივი მცდელობაა ჩვენს ერებს შორის ურთიერთობა დაძაბონ, გათიშონ  და გადაამტერონ. მათ იციან, რომ თითქმის, მთელი მსოფლიოს მასშტაბით არ არსებობს, უფრო დაუმორჩილებელი და თავისუფლების მოყვარე, ბრძოლის უნარიანი ხალხი, როგორიც ჩეჩნები არიან. ამავე დროს, საქართველო არის ცივილიზაციისა და კულტურის კერა, რომელიც კავკასიაში გამაერთიანებელ ჰეგემონად მოიაზრება. დღეს ყველას გვმართებს კავკასიაში მიმდინარე, არც თუ სახარბიელო მოვლენების, ცივი გონებით განჭვრეტა და იმ საფრთხის გათავისება, რომლის წინაშეც ვდგევართ კავკასიელი ეთნოსები. ვფიქრობ, შეუიარაღებელი თვალითაც კი  ჩანს, რომ არც ევროპა, არც აშშ და არც რუსეთი ჩვენზე არ ზრუნავს, მათ საკუთარი ინტერესები აქვთ კავკასიაში. ამიტომ, უნდა გავერთიანდეთ კავკასიელები და ის, დიდი პოტენციალი გამოვიყენოთ, რაც ჩვენს ხელთ უფლისგან ნაბოძებია. ჰეგელი ამბობდა - მსოფლიო ცივილიზაცია კავკასიური რასიდან იწყებაო.  მწარედ მეცინება, როცა ზოგიერთი კავკასიელი ევროპელობას ეტანება, ვერ აცნობიერებს, თუ რამხელა ჯილდო უბოძა მას უფალმა, როცა ის კავკასიელად დაიბადა.

 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა