მკვლევართა აზრით, მსოფლიოში ცნობილი ქალბატონი - დედა ტერეზა- სულაც არ ყოფილა ისეთი წმინდანი, როგორადაც კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლები წარმოგვიდგენენ.
კანადელი მეცნიერები მის მოღვაწეობას წლების განმავლობაში იკვლევენ. მათ 502 სხვადასხვა დოკუმენტი შეისწავლეს და 287 წერილობითი დასტური მიიღეს, რომლებიც, არც ისე ლამაზად აღწერენ დედა ტერეზას წვლილს მსოფლიო ჰუმანიზმში.
მაგალითად, აღმოჩნდა, რომ მოქმედი თავშესაფრები ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო და იქ გამუდმებით სიბინძურე სუფევდა, ავადმყოფები კი არასაკმარის საკვებსა და წამლებს იღებდნენ. ასევე, ფინანსები, რომლებიც ტერეზას ფონდში შედიოდა, ხვდებოდა საბანკო ანგარიშებზე, რომელთა შესახებაც, მეცნიერთა თქმით, არაფერია ცნობილი: არავინ იცის, ვინ და სად რიცხავდა თანხებს და კონკრეტულად, როგორ იხარჯებოდა.
გარდა ამისა, მეცნიერებმა აღმოაჩინეს ტერეზას გამონათქვამები, რომლებიც ჟურნალისტმა კრისტოფერ ჰიტჩენსმა მოიყვანა: ,,არის რაღაც მშვენიერი იმის ჭვრეტაში, თუ როგორ ატარებენ თავიანთ უღელს ღატაკები და ქრისტეს მსგავსად იტანჯებიან. ეს ტანჯვა მსოფლიოს ამდიდრებს".
კვლევის ავტორების აზრით, ამ სიტყვების შემდეგ გასაგები ხდება, რომ თავშესაფრებში არსებული საშინელი პირობები, როგორც ჩანს, სულაც არ იყო ფონდში ფულის უკმარისობის შედეგი.
ყველაფერი არც ისე მოწესრიგებულია სხვა მხრივაც. მაგალითად, ამბავი მუცლის ძლიერი ტკივილებით გატანჯული ქალის სასწაულებრივი განკურნების შესახებ - ტერეზას გამოსახულებიანი მედალიონით. ექიმების აზრით, ავადმყოფს სულაც არ დახმარებია მედალიონი, არამედ პრეპარატები, რომლებითაც მას მკურნალობდნენ, თუმცა ვატიკანი საპირისპიროს ამტკიცებს.
ეროვნებით ალბანელი აგნეს გონჯა ბოიაჯიუ 1928 წელს, 18 წლის ასაკში გაწევრიანდა მონაზონთა ორდენში. ,,ირლანდიელი დები ლორეტო". 1931 წელს გოგონამ სახელად ტერეზა დაირქვა, მერე კი კალკუტაში, ქალთა სკოლაში მასწავლებლად გაემგზავრა. 1940-იან წლებში ჩაუდგა სათავეში მონაზონთა ორგანიზაციას, რომელიც ქმნიდა თავშესაფრებს, სკოლებსა და საავადმყოფოებს, ღარიბებისა და მძიმედ დაავადებული ადამიანებისთვის.