შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ინტერპოლის მიერ, საერთაშორისო ძებნაში მყოფი ორი მოქალაქე: ელგუჯა ხუდაშვილი და გულშატ საფაროვა დააკავა.
შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის, ისრაელის მოქალაქე 1961 წელს დაბადებული ელგუჯა ხუდაშვილი შეაჩერეს.
იგი პარიზის ინტერპოლის მიერ, 2008 წლიდან იძებნებოდა. საფრანგეთის სისხლის სამართლის კოდექსის 441-6-ე, 441-10-ე, 441-11-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, აგრეთვე საფრანგეთის ინტელექტუალური საკუთრების შესახებ კანონის და საბაჟოს შესახებ კანონის დარღვევისთვის (კონტრაბანდული საქონლის ფლობა და იმპორტი, აკრძალული, არადეკლარირებული საქონლის იმპორტი, ორგანიზებულ ჯგუფთან ერთად ყალბი სავაჭრო მარკის საქონლის ფლობა, იმპორტი და გაყიდვა).
სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთისას, დაკავებულია, აშხაბადის ინტერპოლის მიერ, წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნაში მყოფი თურქმენეთის მოქალაქე, 1988 წელს დაბადებული გულშატ საფაროვა.
აღნიშნულ პიროვნებაზე აშხაბადის ინტერპოლის მიერ საერთაშორისო ძებნა 2013 წლის 28 მარტს გამოცხადდა. მას ბრალად ედება თურქმენეთის სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე, 141-ე და 142-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რაც გულისხმობს პროსტიტუციაში ჩაბმას, სუტენიორობას და პროსტიტუციაში შუამავლობას. მან თურქმენეთის მოქალაქე ორი გოგონა თურქეთში ჩაიყვანა, სადაც ისინი პროსტიტუციაში ჩააბეს და აიძულებდნენ სექსუალური მომსახურება გაეწიათ თურქი ეროვნების მამაკაცებისთვის, გამომუშავებულ თანხებს კი საკუთარი მიზნებისთვის ითვისებდა.
ორივე დაკავებული გადაყვანილია დროებითი დაკავების იზოლატორში. ამჟამად მათ მიმართ მიმდინარეობს საექსტრადიციო პროცედურები.