შემოგვიერთდით facebook-ზე
ემიგრანტები და უმისამართო წერილი
19-04-2013, 14:13  /  ნახვა: 2701

ავტორი

ნინო ბოლქვაძე

ისინი ბევრნი არიან, ძალიან ბევრნი...

იმაზე მეტნი, ვიდრე ოდესმე ყოფილან. არიან საბერძნეთში, იტალიაში, ესპანეთში, გერმანიაში, ამერიკაში... არიან რუსეთშიც. ყველგან, სადაც კი თვალი და ფეხი მიუწვდათ, გულმა გაუწიათ. საითაც ვიღაც ეგულებოდათ, თვისტომიდან. არიან ალალბედზე წასულები, ბედისა და ბედისწერას ბრმად აყოლილები. ზოგიც ღრმად დაფიქრების მერე წავიდა ბედის საძებნელად...

არიან ყველგან და ყოფნა-არყოფნის ფილოსოფიას ყოველდღიურად ეხებიან. ხეხავენ, აშენებენ - სძინავთ ხარაჩოებზე, იქაური შრომითა და ფიქრით გადაღლილებს, აქაურობაზე მონატრებულებს. სძინავთ, მაგრამ ,,ყოფნა-არყოფნის" ფილოსოფიის მსგავსად, არც მათ ძილს ჰქვია ძილი. დილა იწყება დაღლილი სხეულითა და აჩქარებული გულისცემით. იწყება შიშით... ,,პატრონს" - ქალბატონს, ან ბატონს ,,რაღაც" არ მოეწონება, არც პოლიციელს მოუვა თვალში...

ჯოჯოხეთს ჯოჯოხეთი ემატება, აქაურ დარდს, იქაური. კედლის მოშლილი საათივით წიკწიკებს და ჩერდება გონება, გადაღლილი... პროცენტის გადახდა გვიანდება, ბავშვის სწავლის ფულია გადასაგზავნი, დედის წამალია საყიდელი, მამის ორმოცი გადასახდელი... მეგობარსაც უნდა შეაშველო ხელი...

ისინი ბევრნი არიან, გასაოცრად, მტკივნეულად ბევრნი...

ამ ტკივილს, დახეთქილ ხელისგულებზე იგროვებენ... ამ ტკივილს დახეთქილი ხელისგულებით აგროვებენ - ფულად ერთეულად, რომელსაც იმ გულებს და ხელისგულებს უგზავნიან, რომელთა შეხება, მოფერება ყველაზე მეტად ენატრებათ.

მიზეზი ყველას სხვადასხვა აქვს, მიზანი ყველას ერთი. ოცნებაც საზიარო აქვთ, სამშობლოც და სურვილიც - შინ დაბრუნებისა. მათი ცხოვრება ცხადად იქცა - დედის მიერ ძილისწინ წაკითხული ზღაპრის მსგავსი, იბრძვიან... მაგრამ იმედი, ის უხილავი ,,თანამგზავრია", უიმედობის ჟამსაც საკუთარი აჩრდილივით, თან რომ გდევს. მით უფრო, თუკი სხეულით უცხო მიწაზე დგახარ და ფიქრით მშობლიურზე დააბიჯებ.

ემიგრანტები და უმისამართო წერილი

ამდენი ფიქრის შემდეგ, ვხვდები, რომ ისინი უფრო ბევრნი არიან, გასაოცრად და მტკივნეულად ბევრნი...

ნათესავებისთვის სამუდამოდ თუ არა, დროებით დაკარგულები, მეგობრებისთვის გაუცხოებულები, ოჯახის წევრებისთვის, ერთდროულად, ფულისა და დარდის მომტანები... ემიგრანტები, ყოველთვის ეკითხებიან საკუთარ თავს: ვინ არიან ისინი საკუთარი თავისა და ქვეყნისათვის? ლუკმა პურს ზვარაკად შეწირულები? უკუნ სიბნელეში ძუ მგლებივით საშოვარზე გასულები, თუ ცალუღელა ხარები, მთელი ოჯახის სიმძიმეს, რომ მიათრევენ გაუკვალავში... ვინ არიან ისინი საკუთარი თავისთვის? საკუთარი დამსხვრეული ოცნებების და სამშობლოს სასიკეთოდ არარეალიზებული გეგმების პატრონები?... საკუთარ თავში დაკარგულები და გზააბნეულები, თავისუფლება ჩამორთმეულები, შრომისაგან დაქანცულები, ოჯახსა და ახლობლებს მონატრებულნი, სევდიანი მზერითა და წყლიანი თვალებით გაურკვეველი მომავლისკენ მზირალები, საითაც კალენდარი ზანტად შლის ფურცლებს, სადაც წელიწადის ოთხი დროს ნაცვლად, მხოლოდ ორი დრო არსებობს - წასვლის და - დაბრუნების! ვინ არიან ისინი საკუთარი ქვეყნისთვის? 21-ე საუკუნის მამლუქები, რეზინის ხელთათმანებით, რომლებიც სხვის საქმეს აკეთებენ? თუ ამაოების დიდ ბაზარზე გროშებად გაყიდულნი...

ო, ღმერთო, რა გასაოცრად ბევრნი ყოფილან ისინი!

ყოველი წუთი და საათი, ყოველი დღე და თვე ფულად ერთეულში გადაჰყავთ. ისინი არ ცხოვრობენ, მათი სიცოცხლე ზუსტად ის ექვივალენტია, რამდენადაც მათი შრომა ფასობს ყოველ კვირას.

რა სასაცილოდ ჟღერს: იმან სახლი იყიდა, ამან მანქანა შეიძინა, მეზობელმა მოქალაქეობა მიიღო, ვიღაცამ მწვანე ბარათი... ზოგი ტრანსპორტში ყურმოკრულს ამბობს, ზოგიც ნათესავის მეგობარზე, დაბეჯითებით რომ იცის...

მოკლედ, ფინანსურ მოგებას ყველა ითვლის, იქაც და აქაც, მაგრამ არც იქ და არც აქ არავინ თვლის ,,დანაკარგს", რადგან ის ფულად ერთეულში არ ითვლება - გენოფონდი... ეს დანაკარგი დიდია...

ბევრნი არიან... მტკივნეულად ბევრნი...

ყველას ვიღაც გვაკლია, ზოგს ყველა... ხშირად, ძალიან ხშირად არც ეს ცა, არც ეს მზე და არც ეს მიწა არ გვეკუთვნის, რადგან მათ გარეშე მოდის გაზაფხულიცა და შემოდგომაც... მათ გარეშე იზრდებიან შვილები, კვდებიან მშობლები...

ბ.ს. - ამ ტკივილს სულის ტკივილი უნდა ერქვას ,,სახელად" - ჩვენიც და იმათიც!

 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა