ავტორი
ლევან გელაშვილი
თქვენი არ ვიცი და ჩემი პირველი კინოემოციები კინოთეატრში დიდ ეკრანზე ფილმის ყურებასთან იყო დაკავშირებული. თბილისში სადაც გავიზარდე, ერთი არც ისე პატარა კინოთეატრი იყო ასაწევ-დასაწევი ნაცრისფერი ხის სკამებით და ვაფლის ჭიქიანი ნაყინის გამყიდველებით. ფოიეში კი პირველი თაობის სათამაშო აპარატები იდგა; ვიდეორადარში ჩანდა გემები, რომლებიც ნელა მიცურავდნენ. თამაშის მიზანი იყო უცნაური მწვანე ფერის ტყვიით გემის ჩაძირვა. უნდა გამოგიტყდეთ მოძრავ გემზე დამიზნება არც ისე იოლი გახლდათ. ბავშვობაში კინოში წასვლისას არაფერი ისე არ მიყვარდა, როგორც ამ ,,ჩაძირობანას" თამაში, რომელიც ალბათ ,,პერესტროიკის" დროინდელ ყველა ბავშვს ემახსოვრება. დარბაზში რაღაცნაირი სიძველის სუნი იდგა, ყავლგასულ საბჭოთა იმპერიის გამოხრული საძირკველიდან რომ ამოდიოდა. სიმართლე გითხრათ იმ ხის სკამების სულ მეშინოდა არ ჩავვარდე თქო, რადგან ძალიან პატარა ვიყავი და დაჯდომის დროს ყირავდებოდა. არც ის ჭიქის ნაყინი მიყვარდა, ყოველთვის შეფუთვის გარეშე ყიდიდნენ მიჯეჯყილ-მოჯეჯყილი და ფორმადაკარგული იყო. პირველად ამ კინოთეატრში ვნახე ,,პროფესიონალი". ტიტველი ქალიც პირველად იქ დავინახე და მკვდარი კაციც. აი ბელმონდო რომ მინდორში გდია ენიო მორიკონეს კომპოზიციის ფონზე, მაგ ფინალურ კადრებზე ვამბობ. სულშეკრული იჯდა ყველა. შემდეგ განათდა დარბაზი, ვიღაცამ ხუმრობით წამოიძახა: მორჩა კინო წადით სახლშიო და აიშალა ხალხი ხმაურით. პირველი კინოშთაბეჭდილება ფრაგმენტულად მახსოვს. ფილმის შინაარსი ვერ გამოვიტანე მაშინ, მაგრამ იმის მერე კინო ისე შემიყვარდა, როგორც რომანტიკოს გოგოებს ,,შერბურის ქოლგები" უყვართ ხოლმე. მერე და მერე შევგრიალდი სერიოზული კინოს მუღამებში და კარგი კინო ჩემი ცხოვრების ნაწილად იქცა.
კინოთეატრის ამბები ყველაზე მტკივნეული და ტიალი საკითხია დღეს. თბილისში სულ სამი კინოთეატრი ფუნქციონირებს და მაყურებლების უმრავლესობა ფილმს ტელევიზორის ან კომპიუტერის მონიტორზე უყურებს. ეს კინოთეატრები ფინანსურ მოგებაზე არიან ორიენტირებულნი და ძირითადად აქცენტს კომერციულ ფილმებზე აკეთებენ. თუ თქვენი პერსონა საავტორო, ინტელექტუალური კინოს მოტრფიალეა, თბილისის კინოთეატრებში ხშირად ვერ ივლით. ერთი კინოთეატრი ვერც შეძლებს რომ ყველანაირი გემოვნების სეგმენტი შეითავსოს და მაყურებლის ყველა კატეგორია დააკმაყოფილოს. ხოდა ერთ დღეს გავიღვიძეთ მე, თქვენ, ჩვენ ყველამ და აღმოვაჩინეთ რომ ინტერნტეში პირატულად მოპოვებული ფილმების, ტორენტებზე მოძიებული და ფორუმზე განხილული კინოსურათების კინომოყვარულთა თაობის ეპოქაში ვცხოვრობთ. მეც ამ თაობის აქტიური წარმომადგენელი ვარ. ფილმის დიდ ეკრანზე ყურების კულტურა თითქოს გაქრა. არამგონია მე უკანასკნელი მოჰიკანი ვიყო, მაგრამ სულ უფრო და უფრო ცოტა ადამიანია ვისაც საშინელი მოთხოვნილება აქვს კინოკლუბების და კინოთეატრების, რომელიც უსაშველოდ ცოტაა თბილისში. აბა რაღა გასაკვირია რომ ქალაქში, სადაც კინოკლუბები არ არის, ინტერნეტში პირატულ ფილმებს ვეტანებით. ყოველთვის იმას ვამბობდი; არაფერი ისე არ მინდა რომ ყოველ უბანს რამდენიმე კინოკლუბი ჰქონდეს თქო, ვამბობდი და ვამბობ, რადგან ამ მხრივ არაფერი შეცვლილა. რა ჯობია იმას ოჯახები, მეგობრები თუ შეყვარებული წყვილები საღამოს რომ კინოკლუბში წავლენ, ნახავენ საინტერესო ფილმს, იმსჯელებენ, ისაუბრებენ ან უბრალოდ წვენს დალევენ და ,,საკაცობრიო პრობლემებზე" დაფიქრდებიან. კინო ხომ საბალაგანო მოვლენაა, ის ნაცნობების და უცნობების თავშეყრის ადგილიც არის. ამჟამად სახელმწიფოს იმხელა საპროცენტო განაკვეთი აქვს დაწესებული რომ ვერცერთი ჭკუათმყოფელი ვერ გაბედავს კერძო, თუნდაც პატარა კინოთეატრის გახსნას. მაღალი გადასახადები მცირე ბიზნესს კლავს. რეალობა ასეთია: ვარკეთილიდან ადამიანი მიდის რუსთაველის პროსპექტზე რომ ფილმს დიდ ეკრანზე უყუროს. ვარკეთილის ნაცვლად ნებისმიერი სხვა რაიონი ჩასვით; კინო ,,რუსთაველის", კინო ,,ამიარანის" და კინო ,,საქართველოს" გარდა თბილისში მეტი კინოთეატრი არ არსებობს. (კინო სახლი სათვალავში არ შემყავს, საავტორო კინოს ერთადერთი თავშესაფარია და კომერციულ მოგებაზე არაა ორიენტირებული) უფრო მძიმე ვითარებაა რეგიონებში, ადგილობრივი მოსახლეობა ფაქტიურად საერთოდ არ დადის კინოში. საბჭოთა ტოტალიტარიზმის დროს კინოთეატრების ნაკლებობა არ იგრძნობოდა. მანამდეც უკეთესი მდგომარეობა იყო. 1918-1921 წლებში საქართველოში ფუნქციონირებდა ოცზე მეტი კინოთეატრი: ,,აპოლო", ,,პალასი", ,,ოდეონი", ,,კოლიზეი", ,,მუზა", ,,მულენ-ელექტრიკი", ,,კინოტიტანიკი", ,,ილუზიონი" ,,ამირანი" და სხვა, ეს კინოთეატრები უჩვენებდნენ, როგორც საზღვარგარეთიდან ჩამოტანილ მხატვრულ ფილმებს ასევე ადგილობრივ ბაზაზე გადაღებულ დოკუმენტურ და მხატვრულ სურათებსაც. შეიძლება ითქვას რომ საქართველოს კინოთეატრების ერა საბჭოთა ტოტალიტარიზმთან ერთად დასრულდა. ბევრი მათგანი საცხოვრებელ კორპუსად (აი თუნდაც ის კინოთეატრი, რომელიც დასაწყისში აღვნიშნე), რესტორნად ან საბანკეტო დარბაზად გადაკეთდა და დაიხურა. არ ფუნქციონირებს ისეთი ღირშესანიშნავი მოდერნის სტილის კინოთეატრიც კი, როგორიც 1909 წელს აშენებული ,,აპოლოა". (კომუნისტური რეჟიმის დროს ,,ოქტომბერი" ერქვა).
დისტრიბუციის მხრივ კინოთეატრებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. შეიძლება აწყობილი კინოინდუსტრია არ ჰქონდეს ქვეყანას, მაგრამ რაღაც დონეზე უნდა ახერხებდეს ფილმების გაყიდვას, არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ რეგიონებშიც.
კინოს დაბადებისთანავე ორი სარჩული დაჰყვა. ის ერთდროულად ხელოვნებაც არის და ბიზნესიც. 1895 წელს როდესაც ძმებმა ლუმიერებმა პარიზში, ინდურ სალონში პირველი კინოჩვენება მოაწყვეს, ძმებს სეანსებით ფულის შოვნა ჰქონდათ გადაწყვეტილი. მათ მიაჩნდათ რომ კინოაპარატი ცხოვრების ამსახველი მოვლენების უბრალო რეგისტრატორია, მასობრივი სანახაობა და ატრაკციონი. ხალხი მიდიოდა კინოში ფულს იხდიდა და უყურებდა ,,გაწუწულ მებაღეს" ან ,,მატარებლის შემოსვლას სადგურში" და სხვას. პირველივე სეანსის შემდეგ ლუმიერებს რეჟისორმა ჟორჟ მელიესმა, კინოაპარატის მიყიდვა შესთავაზა. მას ფული კი არა, ამ აპარატის მეშვეობით ხელოვნების ნიმუშის შექმნა აინტერესებდა. შემდგომში მელიესმა მართლაც გადაიღო მხატვრული ფილმები და მნიშვნელოვანი როლი შეასრულა კინო ენის ჩამოყალიბებაში და პირველი კინოეფექტების შექმნაში. ასე დაჰყვა კინოს დაბადებისთანავე მხატვრული სარჩული. დღეს კინოს, როგორც სინთეზურ ხელოვნებას აღფრთოვანებაში მოჰყავს ყველა; იქნება ის კომერციულად გათვლილი კინოპროდუქტი თუ მაღალმხატვრული კინემატოგრაფიული ნამუშევარი. ეს ყველასათვის ბანალური ჭეშმარიტება იმიტომ გავიხსენე, რომ ქართული კინოს განვითარების შესახებ სიტყვაუხვი, რაგინდა რა დისკუსიის დროს ხშირად ავიწყდებათ რომ კინოთეატრების გარეშე კინოს განვითარება წარმოუდგენელია. გავრცელებული მცდარი აზრია თითქოს ფილმის გადაღება საქართველოში იმდენად ძვირი ჯდება რომ ბილეთის ფასი მაღალია, ხალხი ვერ მიდის კინოში და ფილმის რენტაბელურობაზე და კინოთეატრების გახსნაზე საუბარი ზედმეტია. ამის საპასუხოდ ის შეგვიძლია ვთქვათ რომ თუ ბევრი კინოთეატრი და კინოკლუბი იარსებებს და ხალხში ყოველდღიური კინოში სიარულის კულტურა აღდგება, ბილეთის ფასი ავტომატურად დაიწევს და თვითონ ბაზარი უკარნახებს კინოწარმოებას ფასებს. გარდა ამისა ფილმის შესაქმნელად სხვადასხვა საკონკურსო გრანტებიდან მოპოვებული თანხები ბილეთის დაბალ ფასზე დადებითად იმოქმედებს. კინოს განვითარებისთვის კინოთეატრების არსებობა და ზოგადად დისტრიბუციის პრობლემა წარმოების ერთი რგოლია, ცხადია საკითხის მოსაგვარებლად მხოლოდ კინოდარბაზები არ არის საკმარისი. გარდა იმისა რომ უნდა ჩაეშვას პროექტები, რომლებიც უზრუნველყოფს კინოკლუბების და კინოთეატრების მომრავლებას საქართველოში, კონკურენტული გარემოს შესაქმნელად აუცილებელია ასევე სადისტრიბუციო კომპანიების ჩამოყალიბება, რადგან დღეს ერთადერთი სააქციო საზოგადოება ,,რუსთაველი" ერთპიროვნულად აკონტროლებს დისტრიბუციის ქსელს.
კინოს განვითარებისთვის არანაკლებ საჭირბოროტოა ტექნიკური პერსონალის გადამზადება და ახალი კინოთაობის ინტენსიური შემოქმედებითი მუშაობა. (როგორც კინოკრიტიკოსების, ასევე რეჟისორების, სცენარისტების, ოპერატორების და ასე შემდეგ. კინოთეატრების მომრავლება ამხრივაც არის საჭირო, რადგან დღეს მოქმედ კინოთეტრებში მხოლოდ ამერიკულ ბლოკბასტერებს უჩვენებენ რაც ნამდვილად ვერ ჩამოაყალიბებს კინოკრიტიკოსებს, რომელებიც იძულებულნი არიან ინტერნეტით მოიძიონ ფილმები. კინოკრიტიკას კი უდიდესი მნიშვნელობა აქვს გემოვნებიანი კინოს განვითარებისათვის). საწყის ეტაპზე კინოინდუსტრიის შესაქმენლად კარგი საშუალებაა მოკლემეტრაჟიანი ფილმების დაფინანსება. მნიშვნელობა არა აქვს რამდენი კარგი ფილმი გამოვა, მთავარია შემოქმედებითი პროცესი არ შეწყდეს. ხელოვან ადამიანს შეეძლოს თავის სათქმელის გამოხატვა. დრო ყველაზე დიდი შემფასებელია, კარგს და ცუდს გაცხრილავს, სუსტ ფილმს კი დავიწყების მტვერს მიაყრის. სამაგიეროდ ნიჭიერი რეჟისორი შეცდომებზე სწავლობს და შემდეგ ნამუშევარს უფრო ძლიერს ქმნის. პროფესიონალიზმის დონე მაღლა იწევს. მოკლედ ესეც საყოველთაო ჭეშმარიტებაა და ახალს არაფერს ვამბობ რომ კულტურის სიკვდილი იწყება შემოქმედი ადამიანების უმოქმედობით.
აწ უკვე გასული 2012 წლიდან კინოსფეროში გამოცოცხლება მართლა შესამჩნევი იყო. ამ აპოკალიფსურად სახელდებულ წელს 30-ზე მეტი მოკლემეტრაჟიანი ფილმი დაფინანსდა. უამრავმა ახალგაზრდა ხელოვანმა ადამიანმა ერთმანეთი გაიცნო და პროფესიონალი სტაფისა და ფინანსური ხელშეწყობის პირობებში ფილმის შექმნას შეუდგა. კომპანია ,,ჯეოსელმა" ხუთი მოკლემეტრაჟიანი ფილმი დააფინანსა, პროექტმა ,,თბილისი ჩემი ქალაქი" კი 12 მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღება უზრუნველყო. საინტერესო იყო ,,თი-ბი-სი" ბანკის საიუბილეო კინოპროექტი 20/12, რომელშიც მეც მივიღე მონაწილეობა. პროექტის ფარგლებში 12 მოკლემეტრაჟიანი ფილმი შეიქმნა. ,,თიბისი" ბანკი 20 წლის გახდა და 20/12 საიუბილეო პროექტია და ამ პროექტით გათვალისწინებული ფილმების გადაღებები ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროექტის პირველ ეტაპზე 12 მწერალმა ნოველები დაწერა, შემდეგ ამ 12 ნოველის მიხედვით, 12-მა ფოტოგრაფმა გადაიღო ფოტოები. დაიბეჭდა კალენდრები და დღიურები. ამ ნოველების საფუძველზე კი გადაიღეს ვიდეორგოლები. პროექტის მეორე ეტაპზე გამოცხადდა კონკურსი, რომელშიც კინოსამყაროს ნებისმიერ წარმომადგენელს შეეძლო მონაწილეობის მიღება. კონკურსის შედეგად 12 სცენარისტი, 12 რეჟისორი, 12 ოპერატორი, 12 კინომხატვარი და 12 კომპოზიტორი - პროფესიონალმა ჟიურიმ (ოთარ იოსელიანი, ნანა ჯორჯაძე, თამარ ბართაია, გია ყანჩელი ალექსანდრე რეხვიაშვილი) გამოავლინა. ,,თიბისი" ბანკის მიერ, კინემატოგრაფისტებისთვის გამოცხადებულ კონკურსზე სულ 544 განაცხადი შევიდა. აქედან: რეჟისორის - 235; სცენარისტის - 128; კომპოზიტორის - 94; ოპერატორის - 50 და მხატვრის 37. ინტერესი ძალიან დიდი იყო. მონაწილეობის მსურველთა რაოდენობამ მოლოდინს გადააჭარბა. 1100 ადამიანი დარეგისტრირდა საიტზე და აქედან 544-მა გააგზავნა მონაცემები. 12 მარტს 13:30 საათზე, რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში, გადაცემა "დღის შოუში" 12 გამარჯვებული რეჟისორი და სცენარისტი დასახელდა. რეჟისორის თითო პოზიციაზე ჟიურიმ 20 ადამიანი შეარჩია და მხოლოდ გასაუბრების შემდეგ დატოვა 12 მონაწილე. კონკურსში მონაწილეობა (სცენარისტების განხრით) თქვენმა მონამორჩილმაც მიიღო და გაიმარჯვა. პროექტის მიმდინარეობის დროს შეიქმნა Aრტარეა/თვ2.0 - თიბისი ბანკის მიერ შექმნილი პირველი მასშტაბური პორტალი საქართველოში, რომელიც მხოლოდ ხელოვნებაზე და მის განვითარებაზეა ორიენტირებული. ეს არის მულტიმედიური ვებ-საიტი კულტურული, საგანმანათლებლო და შემეცნებითი ფუნქციებით.
პროექტის 20/12-ის მიზანი ახალგაზრდა შემოქმედების წარმოჩენა იყო. მოტივაცია და სტიმული კონკურსანტებს შორის საკმაოდ დიდი გახლდათ. ბოლო წლების განმავლობაში ეს უპრეცედენტო პროექტია, როგორც თავისი შიანაარსით, ასევე მასშტაბურობით. 12 გადამღებ ჯგუფს საშუალება მიეცა ემუშავა ფილმზე და დამატებით მიეღო წვრთნა. მსოფლიო კინოინდუსტრიის წამყვანმა კინემატოგრაფისტებმა და ქართველ დიდოსტატებმა კონკურსანტებს მასტერკლასები და ვორქშოპები ჩაუტარეს. პროექტის ფარგლებში მასტერკლასები მიხეილ კობახიძემ, ალექსანდრე რეხვიაშვილმა და გია ყანჩელმა ჩაატრეს, სპეციალურად მოწვეული იყო ცნობილი პოლონელი რეჟისორი ქშიშტოფ ზანუსი და უნგრელი კინორეჟისორი იშტვან საბო. ერთი წლის განმავლობაში 12-მა გადამღებმა ჯგუფმა 12 ფილმი შექმნა. მუშაობის პროცესში სცენარზე მუშაობის დღიდან – მონტაჟის ბოლო დღემდე გამარჯვებულ კინემატოგრაფისტებს ნანა ჯორჯაძე (პირველ ექვს თვეზე) და ნანა ჯანელიძე (შემდეგ ექვს ფილმზე) ხელმძღვანელობდნენ.
ფილმების პრემიერა 17 დეკემბერს ბანკის დაბადების დღეზე შედგა. მოგვიანებით კი სპეციალურ ჩვენებაზე, რომელსაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია და ,,თიბისი" ბანკის დამფუძნებელი, ხელოვნების დიდი ქომაგი და მეცენატი მამუკა ხაზარაძე, ასევე ტიტულოვანი ქართველი რეჟისორები და კულტურის მოღვაწეები დაესწრნენ. სპეციალურმა ჟიურიმ კი ნომინაციებში გამარჯვებულები დაასახელა.
ეს წამოწყება მართლაც მისასალმებელია, ბევრ ახალგაზრდა, ნიჭიერ შემოქმედს მიეცა საშუალება თავის შემოქმედების წარმოჩენის. თუ პროცესი ამ ერთჯერად პროექტებზე არ გაჩერდება და ყოველწლიურად ჩაეშვება მსგავსი კინოპროექტები, შეიძლება ითქვას რომ ქართული კინო ხელახლა დაიბადება.
ძველად კინოში წასვლა მთელი რიტუალი იყო. მუნჯი კინოს პერიოდში პროექტორის ხმა და პირველი ტიტრების კინოეკრანზე გამოჩენას თან ერთვოდა ტაპიორის შესრულებული კომპოზიცია პიანინოზე, რომელსაც აუცილებლად რომელიმე კლავიში ამოვარდნილი ჰქონდა. ჩამწკრივბულ სკამებით მოწყობილ ბნელ დარბაზში ისეთი მაყურებელიც იჯდა ვინც სიგარას ეწეოდა. პროექტორის ათინათი შუქის ნაკადზე კი სქელი ზლაზვნით გაწელილი კვამლი იდგა. კინოში სიარულის რიტუალური ტრადიცია, როგორც დროის გატარების და სიამოვნების მიღების საშუალება დღესაც მთელ მსოფლიოში არსებობს და კინოს შემადგენელ ნაწილად ითვლება. დღეს კი თბილისში უკვე მეათასე ნაცნობი მხვდება და მეკითხება: - ინტერნეტში ჯერ არ დადებულა შენი სცენარით გადაღებული ფილმი?