13 წელიწადია, ჩვენი კოლეგა, ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე, ქვეყნის მთავარ მუსიკალურ მოვლენას ,,მეგას" დაჯილდობის ცერემონიალს უდგას სათავეში. თუმცა, რამდენად პოპულარულია დღეს მუსიკა, ესტრადა და საერთოდ კულტურის ეს მიმდინარეობა საქართველოში - სადაო თემაა. ისიც სადაოა, არსებობს თუ არა ქართული შოუ-ბიზნესი, როგორც მოვლენა, მაგრამ ფაქტი ჯიუტია - „მეგას“ დაჯილდოების ცერემონიალი 1999 წლიდან ყოველწლიურ რეჟიმში, მაინც ტარდება და კონკრეტულ ნომინაციებში ავლენს წლის ამათუ იმ აბრევიატურით, ქართული კულტურის მოღვაწეებს და მათ საკმაოდ სიმპათიურ, თუ პომპეზურ რეჟიმში გადასცემს ვარსკვლავის „მეგა“ წოდებას. თუმცა თავად ცერემონიალი განსაკუთრებულად პომპეზური და პოპულარული გასულ წლებში იყო, 2005 წლის შემდეგ კი, ამ დარგშიც სერიოზული პესიმიზმის ნიშნებია, უამრავი პოპულარული ქართველი ვარსკვლავი უბრალოდ ჩაქრა, სხვანი უცხოეთში გადაბარგნენ, ზოგნი სხვა საქმეს მოეჭიდნენ, თუმცა ახლებიც გამოჩნდნენ, კეთდება უამრავი მუსიკალური და თითქოს წარმატებული სატელევიზო პროექტიც, მაგრამ.. სამწუხაროდ, ქართული შოუ-ბიზნესი, მაინც გაყინულია.
ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება ქართული ,,მეგას" დამფუძნებელი ბესო ჩუბინიძე.
ბესო ჩუბინიძე: ჩვენ ,,მეგას" საორგანიზაციო ჯგუფი, თავისუფლებას ვერ დავკარგავთ, ხალხის ინტერესზე ზემოთ ვერავის ინტერესს დავაყენებთ, რაც არ უნდა სასპონსორო თანხა გაიღოს და რაც არ უნდა მითითებები მოგვცეს, ვინ რა ნომინაციაში გაიმარჯვოს _ ,,მეგას" გამარჯვებულებს ქართველი ხალხი ირჩევს და არა ვინმე, რომელიმე კაბინეტში! მორჩა - ამით ყველაფერია ნათქვამი!
- ბესო, გასული წლის 20 დეკემბერს, მეცამეტე ,,მეგა" გააკეთე, როცა ქართულ შოუ-ბიზნესში, თითქმის არაფერი ხდება, ნომინაციების გადანაწილება არ გაგიჭირდათ?
- თითქმის არაფერი ხდება, ხომ არ ნიშნავს, რომ საერთოდ არაფერი ხდება? რაც ხდება სამწუხაროდ ძალიან ცოტაა, მაგრამ დამიჯერეთ, მუდმივ მონიტორინგს ვაწარმოებ მთელი საქართველოს მაშტაბით და ბევრი საინტერესო რამ ხდება. უამრავი კონცერტი და ტურნე ტარდება. სამწუხაროდ, ეს თემა არ არის დღეს საინტერესო და პოპულარული ჩემი კოლეგებისთვის და იქმნება ისეთი ფონი, რომ თითქოს მართლა არაფერი ხდება.
- გეთანხმები, დღეს არაპოპულარულია, მაგრამ ყველას გვახსოვს პერიოდი, როცა სპორტის სასახლის 10 000 კაციანი დარბაზი, კვირაში ორჯერ, სალაროში გაყიდული ბილეთებით მოყვანილი ხალხით ივსებოდა? რა მოვლენა იყო ეს?
- ძველი დროის ამ სახით დაბრუნება რთულია, ის ყველაფერი, ქართველი მსმენელისთვის ახალი ხილი იყო, გაჩნდა ფანების ინსტიტუტი, ,,ვარსვლავების" წოდება, ბრძოლა კონკრეტული ნომინაციებისთვის ,,მეგაზე", ეს იყო სიცოცხლე, მოძრაობა. ძალიან კარგად ვიცი დღეს (!) რამდენად არაპოპულარულ თემას ვემსახურები, მაგრამ დამიჯერეთ, გავა წლები და პოლიტიკაზე წინ, ქართველი კაცი, კვლავ ხელოვნებას და კულტურას დააყენებს. თუნდაც ამ მიმდნარეობას, რასაც შოუ-ბიზნესი ჰქვია, ქართველ ადამიანს, ამისთვის მინიმალურად დაკმაყოფილებული სოციალური პრობლემები უნდა მოუგვარდეს, რომ ოჯახმა შვილს ბილეთის ფული მისცეს და კონცერტზე გაუშვას, აზიაროს მისთვის ახალს და ღირებულს.
- ,,მეგაზე,, რამდენად ღირებული მუსიკა ფასდება ხოლმე?
- 13 წელიწადია ეს პროექტი კეთდება და დარწმუნებული ვარ, კიდევ 113 წელი გაგრძელდება. თავად პროექტის ფორმატია ისეთი, რომ კონკრეტული წლის მუსიკალურ მოვლენებს და პერსონებს აფასებს. კონკრეტულად მუსიკის ღირებულებას კი, მაინც დრო განსაზღვრას. ცერემონიალის მიზანი, წლის შემაჯამებელი დასკვნაა – ვინ ვინ არის ამა თუ იმ წელს. ღირებული მუსიკის და მუსიკოსების, მომღერლების და შემსრულებლების პრობლემა არასოდეს გვქონია ,,მეგაზე".
- მახსოვს, სკანდალები ყოველთვის თან სდევდა ,,მეგას" - ზოგი პროტესტს უცხადებდა და ცერემონიალზე არ მოდიოდა...
- სად არიან დღეს ეს პროტესტანტები? „მეგა“ კი, კვლავ არსებობს და თავის საქმეს აკეთებს, რაც 1999 წლიდან დაიწყო. სკანდალები, მსგავსი სახის ცერემონიალების ფორმატში ყოველთვის ჯდება, თანმდევია, მუდმივად მოძრაობა და სიცოცხლე იგრძნობა. `გრემზე~, ჯენიფერ ლოპესი, რაღაცის პროტესტის ნიშნად, რომ არ მივიდეს, როგორ ფიქრობთ, ამით ვის აკლდება - „გრემს“? მეეჭვება. ამიტომ მსგავს მოვლენებს მშვიდად ვხვდები, ასეთი საკითხისადმი წლებმა იმუნიტეტი გამოგვიმუშავა.
- როგორ ფიქრობ, რატომ გახდა ქართული შოუ-ბიზნესი ასეთი არაპოპულარული?
- არასწორი მარკეტინგის, არაპრიორიტეტულობის და კულტურის პოლიტიკის არარსებობის და რაც მთავარია, ჩვენი კოლეგების არაკომპეტენტურობის გამო, რომლებსაც ერთ სიამოვნებად უღირდათ ე.წ. კრიტიკული სტატიების წერა, სიუჟეტების კეთება და მასალების გამოქვეყნება ამ სფეროში მოღვაწე ადამიანების შესახებ. საქმეს სიყვარული სჭირდება, ასეთ ადამიანებს მოფერება, ყურადღება და არა ის, რომ ფიქრობდე – აუ, ხვალ გაზეთში სათაურად ვგლიჯავ - „მეგას“ ქართველმა ვარსკვლავებმა პროტესტი დაუფიქსირეს და არ მივიდნენ, _ რის გამოც შენზე ორჯერ არაპროფესიონალი რედაქტორი 2 ლარით მეტ ჰონორარს მოგცემს. სათაური გაზეთსაც გაგიყიდის და 2 ლარით მეტსაც ჩაიდებ ჯიბეში, მაგრამ მერე? - სამწუხაროა, ჩემი კოლეგებისთვის დღეს აღარაა საინტერესო ეს სფერო, მაგრამ ზუსტად ვიცი მოვა დრო და თემა ქართულ მედიას დაუბრუნდება.
- ბესო, „მეგას“ კომერციული ინტერესი შენი, როგორც ორგანიზატორის რაში მდგომარეობს? რამდენადაც ვიცი, ბოლო წლებია ბილეთებს არ ყიდით, თუმცა ის პერიოდიც მახსოვს, როცა ,,მეგა" ფილარმონიაში ტარდებოდა და 15 ლარიან ბილეთებს გადამყიდველებთან 30 ლარად ვერ იყიდდი.
- კარგი კითხვაა, - ამსწინათ, ერთმა ჩვენმა კოლეგამ ინტერვიუს ჩაწერის დროს მითხრა, საქართველოს ბოლო წლების რეალობში 7 სხვადასხვა სახელის დაჯილდოების ცერემონიალი არსებობდა, რეალობას მხოლოდ ,,მეგა" შემორჩა და როგორც ჩანს, ყველაზე მაგარი ნერვები შენ აღმოგაჩნდა ამდენ კრიტიკას, რომ გაუძელიო. - საქმის სიყვარული და ერთგულება ქვია ამ ყველაფერს და არაფერი მეტი! არის რაღაცეები რაც ფულზე მეტად ფასობს: _ ამას პერსპექტივა ქვია! მე მჯერა ჩემი ქვეყნის წარმატებული პერსპექტივის და დარწმუნებული ვარ, წლების შემდეგ ეს `მეგაზეც~ შესაბამისად აისახება, ყველაზე მთავარი კი – დამიჯერეთ იმ ადამიანების გულითადი და არაყალბი (!) მადლობაა, რომლებიც სცენაზე დგანან `მეგას~ სტატუეტკით ხელში და უხარიათ, როცა - მათ შრომას რაღაცით, მაინც მადლობას უხდიან.. ეს სტიმულია და როცა ამას მერაბ სეფაშვილი, თემურ წიკლაური, კაკო ვაშალომიძე, ბესო კალანდაძე, ეთო კაკულია და მსგავსი ადამიანები გეუბნებიან, როგორ ფიქრობთ, ეს კომერციულ ინტერესზე მეტი ინტერესი და ინვესტიცია არაა? მე ვფიქრობ, რომ არის.
- ბოლოს სად გაიმართა მე-13 ,,მეგა"?
- ,,მეგას" ტრადიციულ ცერემონიალს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.
- რამდენი ნომინანტი გამოვლინდა?
- ადრეული წლებისგან განსხვავებით – ცოტა. ესეც ლოგიკურია და იმის შედეგი, რომ სამწუხაროდ, დღეს ხელოვნების ეს მიმდინარეობა პრიორიტეტული ,,დარგი" აღარაა.
- ტრადიციული ქართული საქმის გარჩევების არ გეშინიათ ხოლმე?
- არა, ნამდვილად არ გვეშინია - ეს ,,მეგაა" და არა ერთი ჩვეულებრივი, რიგითი, გასვლითი კონცერტი, სადმე რეგიონში. ამაზე იმუნინეტი გვაქვს გამომუშავებული.
- ცერემონიალს ფინანსურად გვერდში ვინ დაუდგა?
მეგობართა ვიწრო წრე, რომლებიც ძალიან მინიმალური თანხებით ყოველთვის გვერდში უდგანან ,,მეგას". სხავთაშორის 13 წლიანი ისტორიის მანძილზე, ბოლო ცერემონიალზე ფინანსური დახმარება თბილისის მერიამ გაგვიწია, მათ მიერ გადმორიცხული 430 ლარით ,,მეგას", რამდენიმე სტატუეტკა დავამზადეთ. ალბათ, ჩვენი ოცნებების ასრულებაც დაიწყება და 13 წლის განმავლობაში, ქართველი მუსიკოსების და მომღერლების მოამაგე ეს პროექტიც საჭირო გახდება (!) უახლოეს მომავალში და... პომპეზური!