ავტორი
მარიამ ოლქიშვილი
შეწყალების კომისიაში, რომლის თავმჯდომარეც ელენე თევდორაძეა, ბოლო ბრძანების საფუძველზე, პრეზიდენტმა ძირითადად თავისი მრჩევლები და საპატრიარქოს წარმომადგენლები შეიყვანა. თუმცა საზოგადოების რიგითი წევრები; 24 საათის რედაქტორი პაატა ვეშაპიძე, ახალგაზრდა პროზაიკოსი ლაშა ბუღაძე, მწერალი შაჰ ნაზარი და პროფესორი აკაკი კიკნაძე, კვლავ დარჩნენ. ახლა კომისიაში სულ თერთმეტი წევრია.
გთავაზობთ ინტერვიუს ქალბატონ ელენე თევდორაძესთან.
- ქალბატონო ელენე, ამ ეტაპზე, რა კატეგორიის პატიმართა შეწყალებაზე მუშაობთ?
- საუბარი კატეგორიაზე ძალიან მიჭირს. პირობებზე კი შემიძლია გითხრათ; აუცილებელია, პატიმარს სასჯელის ნახევარი მოხდილი ჰქონდეს, ხოლო თუ ხუთ წლამდე აქვს მისჯილი და თან პირველი შემთხვევაა, მაშინ სასჯელის მესამედი. ციხიდან ჯანმრთელობის ცნობას და დახასიათებას ვითხოვთ. იმ შემთხვევაში, თუ ორივე პირობა სრულდება, მაგრამ ცუდი დახასიათება გვაქვს, ასეთ საქმეს არ განვიხილავთ. ყველა კატეგორიის დანაშაული, სხდომაზე გაგვაქვს და იქ წყდება ვინ გამოვუშვათ. როცა ადამიანი საჭირო კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, უფლება არ გვაქვს უარი ვუთხრათ განხილვაზე, თუმცა შეგვიძლია, უარი ვუთხრათ რეკომენდაციაზე.
- თქვენი კრიტერიუმები... როგორ აფასებთ პატიმრებს?
- რამდენიმე მუხლია, რომლის არსებობის შემთხვევაშიც, პრინციპულად მიუღებელია, რეკომენდაცია მივცეთ;ეს არის მკვლელობა, მკვლელობის მცდელობა, ავტოავარიის შედეგად ადამიანის გარდაცვალება, რეციდივი, ნარკოტიკების რეალიზაცია, გარდა ამისა ტრეფიკინგი, გაუპატიურება და ოჯახური ძალადობა. ეს ის საკითხებია, რომლებზეც თანხმობას არასოდეს ვაძლევთ, ერთი გამონაკლისის გარდა. მაგალითად, მკვლელობის მცდელობისას,…თუ დაზარალებული პრეზიდენტს წერილით მიმართავს: რომ შეიწყალონ, ამ შემთხვევაში საკითხს სხდომაზე განვიხილავთ. არ დაგიმალავთ, იყო შემთხვევა, როცა ჩემთან, მიღებაზე ქალბატონი მოვიდა, მისი ახლობელი პატიმარიც ავტოავარიის გამო იყო ციხეში. ვუთხარი, რომ შეწყალებისთვის დაზარალებული მხარის თანხმობა იყო საჭირო, რაზეც მიპასუხა, რომ ეს უკვე სცადა, მაგრამ ფული მოითხოვეს...
როცა საქმეს ვეცნობოდი, ყოველთვის მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ მონაცემები გადაჭარბებული იყო. ზოგჯერ, უბრალო ხულიგნობის გამო, პროკურატურის მიდგომა ძალიან მკაცრი იყო, თუმცა ამ წერილების გარეშე, მაინც არ გვქონდა საშუალება, რეკომენდაცია მიგვეცა.
არის შემთხვევები, როცა ქურდობა პირველად არის ჩადენილი,მაგრამ საქმეში ძალიან ბევრი ეპიზოდია. ხშირად ვკითხულობთ, რომ დამნაშავემ არყის ,,ბოთლები გაიტანა", მამალი მოიპარა და ამით მეპატრონეს, ძალიან დიდი ზარალი მიაყენა. სასაცილოა, როცა მამლის ქურდობაზე ადამიანს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესჯება, ან რა ზარალზეა ლაპარაკი, როცა მამალი კვერცხსაც კი არ დებს?! ვცდილობთ, დავაბალანსოთ ჩვენი მიდგომა; ერთის მხრივ, რეკომენდაციით პატიმრების თხოვნა დავაკმაყოფილოთ, მაგრამ მეორეს მხრივ, გავითვალისწინოთ ის, რომ ხომ არ არის შესაძლებელი, კვლავ მიაყენოს ვინმეს ზიანი. ერთადერთი, რაზეც მკაცრები არ ვართ, ეკონომიკური დანაშაულია, ქრთამის აღება, ან არასწორად გაფორმებული დოკუმენტი. ასეთ შემთხვევებში უფრო ლმობიერები ვართ, რადგან დამნაშავე ისედაც ზარალდება იმით, რომ უკვე ვეღარასოდეს იმუშავებს. ასეთი ადამიანები საზოგადოებისთვის საშიშნი არ არიან.
- თუ პატიმარს ამნისტია შეეხო, მაგრამ არ მოუხდია სასჯელის ნახევარი, ამ შემთხვევაში შესაძლებელია თუ არა შეწყალება?
- ასეთ საკითხებს, მარტო არ ვწყვეტ, სხომაზე გამაქვს. ხშირად, გადაწყვეტილებას პატიმრის სასარგებლოდ ვიღებთ. გავოცდი, როცა ერთ ქალბატონს, რომელიც ბუღალტრად მუშაობდა, 36 ფურცელზე დაუშვა შეცდომა და პატიმრობა ამდენივე წელი მიუსაჯეს. ეს საკითხი კრიტერიუმების გამო ვერ განვიხილეთ, რადგან, მხოლოდ სამი წელი ჰქონდა მოხდილი. ახლა მას ამინისტიის საფუძველზე სასჯელი გაუნახევრდა და მოსახდელი 18 წელი აქვს. შესაბამისად, 9 წელი მაინც უნდა მოიხადოს, რომ შემდგომ, მისი შეწყალება მოხდეს.
- არის თუ არა შეწყალებულთა რაოდენობა წინასწარ განსაზღვრული?
- რაოდენობა განსაზღვრული არ არის. პრეზიდენტს ახლა ძალიან სერიოზულ პრეტენზიას უყენებენ, რადგან ნოემბრიდან იანვრის ჩათვლით 1500-ზე მეტი პატიმარი შეიწყალა. 18 წელია, შეწყალების კომისიის წევრი ვარ, ასეთი რაოდენობა, მართლაც არ მახსოვს. რატომ გადაწყვიტა ასე პრეზიდენტმა ვერ გეტყვით, აქედან ჩვენი რეკომენდაციით ნახევარიც არ იყო. თუმცა პრეზიდენტს კონსტიტუციით უფლება აქვს, შეწყალების საკითხი თვითონ გადაწყვიტოს.
- კომისიას შეუძლია თუ არა მოქალაქეს ნასამართლევობა მოუხსნას?
- ნასამართლევობის მოხსნა შესაძლებალია, მაგრამ პირობითის მოხსნა შეწყალების კომისიას არ შეუძლია. როდესაც სხვადასხვა თემებზე ვმუშაობთ, აუცილებლად გვჭირდება დახასიათების და ჯანმრთელობის ცნობა. ცხადია, პირობითი პატიმრობისას, დახასიათების ცნობა ვერ გვექნება, ამიტომ ამ შემთხვევაში არაფერი შეგვიძლია.
- ვის უნდა მიმართონ თავდაპირველად შეწყალების მსურველებმა?
- ზოგჯერ ჰგონიათ, რომ ჯერ შეწყალების კომისიას უნდა მოგვმართონ, მაგრამ ასე არ არის. შეწყალების მსურველებმა პირველად პრეზიდენტს უნდა მიმართონ.
- რა აზრის ხართ, პოლიტ-პატიმართა საერთო ამნისტაზე? უნდა მომხდარიყო, თუ არა? ამნისტიის შემდეგ შეიცვალა, თუ არა ქვეყანაში კრიმინოგენული სიტუაცია?
- ბოლო დროს შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ციხე 8000 პატიმარმა დატოვა, საიდანაც ორი ათასი პრეზიდენტის მიერ იყო შეწყალებული. არ ვიცი, საიდან დაასახელა ეს რიცხვები, შეიძლება მთელი წლის შედეგზე ისაუბრა. მან თქვა, რომ ამან ქვეყანაში კრიმინოგენული სდიტუაცია დაამძიმა. ძალიან მიჭირის იმის თქმა, რა იგულისხმა ამაში, შეწყალების შედეგად გამოსული, თუ ამნისტიით გათავისუფლებული პატიმრები.
- თუ გიწევთ ციხეში შესვლა, დღეს იქ რა მდგომარეობაა?
- ციხეში შესვლა შეწყალების კომისიის წევრებს არ შეგვიძლია, მაგრამ მაქვს ინფორმაცია, რომ იქ ისევ, ძველი ,,ქურდული სამყარო" დაბრუნდა. რაც ძალიან ცუდია. ციხეში ქურდული რეჟიმის აღმოსაფხვრელად წინა მთავრობამ ბევრი იშრომა და ერთი ხელის მოსმით, ამის განადგურება არ შეიძლება. ბევრი უარყიფითი ფაქტები ხდებოდა ციხეში, მაგრამ ის რაც კარგი გაკეთდა, უნდა შეენარჩუნებინა ახლანდელ მთავრობას.
- პატიმართა ციხიდან გამოსვლის შემდეგ, თუ მუშაობთ მათ სრულ რეაბილიტაციაზე, არის დღეს მსგავსი პროექტები?
- სამწუხაროდ, დღეს მსგავსი პროექტები არ არის. ასეთ პატიმრებზე, მხოლოდ საპატრიარქო ზრუნავს და როგორც ვიცი ამაზე ახლა ისინი მუშაობენ.