დავით ქავთარაძე: ხატები მუზეუმში არ უნდა ინახებოდეს
ავტორი
დიანა ოვანესიანი
წმინდა მამები ბრძანებენ: „ხატი სარკმელია, რომლის მეშვეობითაც ზეციურ სამყაროს, იქ დავანებულ უფალს, წმინდა ანგელოზებსა და წმინდანებს ვუკავშირდებით. ხატის წინაშე მლოცველი ადამიანი ზეციურ სასუფევლამდე ამაღლდება და ლოცვით ამყარებს ურთიერთობას უფალთან, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან, წმინდა ანგელოზებსა და წმინდანებთან. მათგან კი მლოცველზე ღვთიური მადლი, შემწეობა და ლოცვა-კურთხევა გადმოედინება“.
ხატმწერი დავით ქავთარაძე, ხატებს ცხრამეტი წლის ასაკიდან წერს, საკუთარი ნამუშევრებიდან გამორჩეული ღვდელ-მოწამე მიქაელ ყულოშვილის ხატი აქვს, რომელსაც ოჯახის მფარველად მიიჩნევს.
- რატომ გადაწყვიტეთ ხატმწერი გამხდარიყავით?
- ხატმწერი სრულიად შემთხვევით გავხდი, საეკლესიო მაღაზიაში შევედი, ხატის შეძენა მინდოდა, სადაც განცხადება წავიკითხე, რომ ხატმწერის ჯგუფი იქმნებოდა და ჩავეწერე.
- პირველად, რომელი ხატი დაწერეთ და რამდენი წლის იყავით მაშინ?
- პირველად ცხრამეტი-ოცი წლის ასაკში დავწერე, ეს იყო ,,ხელთუქმნელი" ხატი, მეორე „ფერიცვალების“.
- საქართველოში დაწერილი პირველი ხატი, დღესაც არსებობს?
- მხოლოდ ფრესკები არსებობს.
- გამართლებულია, რომ მაცხოვრის ხატი "პირი ღვთისა", ხელოვნების მუზეუმში ინახება?
- მიმაჩნია, რომ მსგავსი ხატებისთვის უნდა გამოიყოს ადგილი, სადაც ყველა ერთად შეინახება, თუმცა ეს არ უნდა იყოს მუზეუმი.
- ხატწერა ღვთის მსახურებაა, თუ ხელოვნება?
- საეკლესიო ხელოვნებაა, თუმცა ამასთანავე, ღვთის მსახურებაც. ეს უფრო ღვთიური საიდუმლოა, მხატვრობა და ხატწერა სხვადასხვა რამეა.
- ეთანხმებით მოსაზრებას, რომ "ხატმწერს უფალი აწერინებს ხატს"?
- ასეა, ღვთის შეწევნის გარეშე ხატის დაწერა შეუძლებელია, ყველა ხატმწერი გრძნობს ღვთის შეწევნას, ეს აუწერელი შეგრძნებაა.
- ხატის დაწერა რთულია?
- ღვთის წყალობით ყველაფერია შესაძლებელი, საერთოდ „ადამიანისთვის შეუძლებელი, ღმერთისთვის შესაძლებელია“.
- რამდენ ხანში წერთ ხატს?
- ყველა ხატი ინდივიდუალურია, ამიტომ მათ შექმნას სხვადასხვა დრო სჭირდება. ბერი მამა იოანე ხატმწერია, რომელსაც მსგავსი კითხვა დავუსვი, მან მიპასუხა: ერთხელ, ხატის წერა დიდ მარხვაში დავიწყე, თუმცა მარხვა ისე დამთავრდა, ვერაფერი დავწერე, აღდგომის შემდეგ, ხატის დასრულება ერთ კვირაში შევძელი. შემდეგ მივხვდი, ჩემი სული უნდა გაწმენდილიყო, ხატი რომ დამეწერა.
- რა მასალებს იყენებთ ხატის დასაწერად?
- ბუნებრივ მასალებს, რაც უფალმა შექმნა, ნახევრად ძვირფასი და ძვირფასი ქვები, ოქრო, ცაცხვის დაფა. საღებავებად დაფქვილ ქვებს ვიყენებთ, რომლებსაც კვერცხის ემულსიაში, ღვინოში ან ძმარში ვხსნით. ეს საღებავები გამოსცემენ ნათელს, რადგან მაცხოვარი გამოსცემდა ნათელს, ქიმიურ საღებავებს არ ვიყენებ, ჩემთვს მიუღებელია.
- ხატების გამოფენა ეწყობა?
- დიახ, გამოფენები პატრიარქის კურთხევით ხდება, თუმცა მონაწილეობა არასოდეს მიმიღია. ვფიქრობ, ეს ყველაფერი იმისათვის იმართება, რომ სხვა ხატმწერებს საშუალება მიეცეთ, ერთმანეთის ნამუშევარი ნახონ.
- რამდენი ხატი გაქვთ დაწერილი?
- ალბათ ათასამდე, შეკვეთებზე ვმუშაობ.
- ხატის დაწერის დროს ლოცვას კითხულობთ?
- აუცილებლად, ყველა ხატმწერი იღებს კურთხევას მოძღვრისგან ან პატრიარქისგან, რის შემდეგაც წერს ხატს და წერის დროს იკითხება ლოცვა.
- როგორი უნდა იყოს ხატმწერი?
- ნაკლები უნდა შესცოდოს და ღირსეულად იცხოვროს.
- რით გამოირჩევა თქვენი ხატები?
- ყველა ხატმწერს თავისი კალიგრაფია აქვს, ერთნაირი არ არსებობს, შეიძლება ფერით გამოირჩეოდეს ჩემი ხატები, მომწონს წითელი და მწვანე, თუ იძლევა კანონიკა ამის საშუალებას, ამ ფერების შეხამება მიყვარს, მშვიდი ფერები გამოდის.
- თუ გაქვთ გამორჩეული ნამუშევარი?
- დიახ, ეს არის საინგილოში მოღვაწე ღვდელ-მოწამის, თავდადებული მამულიშვილის, მიქაელ ყულოშვილის ხატი, რომელიც იქ მცხოვრებმა მუსულმანებმა აწამეს. მისი სულ ორი ხატია; პირველი ძალიან ადრე დაიწერა, სავარაუდოდ კახში, მეორე კი ჩემი ოჯახისთვის დავწერე და თუ ღვთის წყალობით, კიდევ დავწერე ეკლესიას შევწირავ.