შემოგვიერთდით facebook-ზე
სასამართლომ ადვოკატთა ასოციაციის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი დააკმაყოფილა
15-03-2013, 13:07  /  ნახვა: 1948

 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 3 და 15 იანვრის გადაწყვეტილებებით, სრულად დაკმაყოფილდა, მოსარჩელეების გიზო უგლავას, ალექსანდრე მგელაძის, შოთა გენგაშვილის, გიორგი ონიანის, რომეო საჯაიასა და გიორგი ჩივიაშვილის სასარჩელო მოთხოვნები, მოპასუხე სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიმართ. მხარეთა შორის დავის საგანს წარმოადგენდა სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს, 2012 წლის 22 ნოემბრის მიღებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, გაწევრიანებაზე უარის თქმის ნაწილში. ასევე, ახალი ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტის გამოცემა, მოსარჩელეთა ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების თაობაზე. 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეები სრულად აკმაყოფილებენ ,,ადვოკატთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, კერძოდ, ყოველ მათგანს მინიჭებული აქვს იურისტის კვალიფიკაცია, ჩაბარებული აქვთ პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა და აქვთ იურისტად მუშაობის გამოცდილება. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია, რომ მოსარჩელეთა მიერ პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებიდან გასულია შვიდ წელზე მეტი, რაც საფუძველია მათთვის ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანებაზე უარის თქმისა, ვინაიდან კანონმდებელი მიუთითებს გამოცდებზე, რომელთა ჩაბარების შემთხვევაშიც, პირს ენიჭება უფლებამოსილება, გახდეს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. ეს არის - ადვოკატთა ტესტირება, მოსამართლის და პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან კანონმდებელი აღნიშნულ გამოცდებს მოიხსენიებს განსხვავებული ტერმინებით (ტესტირება და საკვალიფიკაციო გამოცდა), არ შეიძლება ვიგულისხმოთ, რომ გარკვეული ვადა, რომელსაც კანონმდებელი აწესებს, ადვოკატთა ტესტირების ჩაბარების დამადასტურებელ მოწმობაზე, უპირობოდ უნდა გავრცელდეს პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელ სერტიფიკატზეც. წინააღმდეგ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული გამოცდების განსხვავებული ტერმინებით მოხსენიება საფუძველს მოკლებული იქნებოდა.

,,პროკურატურის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, აღნიშნულ კანონში არ არის დათქმა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის მოქმედების ვადასთან დაკავშირებით, რაც ცალსახად გულისხმობს, რომ პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი არის უვადო.

სასამართლომ, ასევე არ გაიზიარა, მოპასუხის პოზიცია არ მომხდარიყო  მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა სამართლებრივი შეფასება, ვინაიდან, თავად მოსარჩელე არ უთითებდა შესაბამის სამართლებრივ ნორმებზე. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ იგი არათუ უფლებამოსილია, არამედ ვალდებულიცაა, მხარეთა მიერ მითითებულ ფაქტებსა და გარემოებებს, ასევე წარმოდგენილ მტკიცებულებებს მისცეს სამართლევრივი შეფასება.

აღნიშნული გადაწყვეტილებები გასაჩივრდა და თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. 

 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა