შემოგვიერთდით facebook-ზე
კახა კახაბრიშვილი: დღეს, საქართველოში საზოგადოებრივი მაუწყებლობა არ არის
28-02-2013, 22:47  /  ნახვა: 4980

ავტორი

თინათინ ბეკოშვილი


ჩვენს ქვეყანაში, პოლიტიკური კრიზის დროს, საზოგადოებრივი მაუწყებლობის თემა, ყოველთვის აქტუალური ხდება. ამ საკითხთან დაკავშირებით, რეჟისორ გიორგი (კახა) კახაბრიშვილს გავესაუბრეთ, რომელიც უკვე 35 წელია აღნიშნულ სფეროს ემსახურა.

- ბატონო კახა, ცნობილია, რომ ტელევიზიებსა და ბეჭდურ მედიას, თქვენი იდეები და პროფესიონალური საუბრები შესთავაზეთ, თუმცა არავინ გამოგეხმაურათ... ჩნდება კითხვა, რატომ ბლოკავენ ტელერეჟისორ გიორგი (კახა) კახაბრიშვილს, რომელსაც შეუძლია ამ სფეროში პროფესიონალური რჩევების მიცემა?

- ზუსტად არ ვიცი. ადამიანი, ყველასათვის კარგი ვერ იქნები! საქმეში ძალიან მკაცრი და მომთხოვნი ვიყავი. შეცდომა როგორ არ მომსვლია, ადამიანები ვართ, მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, ბოროტება არასოდეს ჩამიდენია და არც ჩავიდენ, თუნდაც იმ მიზეზის გამო, რომ ღმერთი მწამს და შვილი მეზრდება... 

- რით დავიწყოთ?

- საზოგადოებრივი ტელევიზია, მხოლოდ მასმედია არ არის, ის ამავდროულად კულტურის კერაც გახლავთ, განსაკუთრებით ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის. საოცარია, მაგრამ კომუნიტების ეპოქაში, თავისი არსით, ის უფრო იყო საზოგადოებრივი, ვიდრე დღეს. ჰქონდა მძლავრი საინფორმაციო საშუალება - „მოამბე“, მაგრამ ამავდროულად იყო მსოფლიოში სახელგანთქმული ტელეფილმების სტუდია, ტელე-თეატრი, სიმფონიური ორკესტრი, საესტრადო-სიმფონიური ორკესტრი, ქართულ-ხალხური საკრავთა ორკესტრი - „კელაპტარი“, ბავშვთა გუნდი. ასევე, ძლიერი ხალხური შემოქმედების რედაქცია - ვახუშტი კოტეტიშვილის დიდებული ხალხური პოეზიის საღამოებით, ანზორ ერქომაიშვილის,  სოფელ-სოფელ მოპოვებული, მივიწყებული სიმღერები, თემურ ქევხიშვილის ქართულ-ხალხური სიმღერის სატელევიზიო გაკვეთილები. ამავე რედაქციაში დაიბადა ანსამბლი, რომელსაც ჯერ „ჟურნალისტი“ ერქვა და დღეს „ქართული ხმების“ სახელითაა ცნობილი. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, გვყავდა სიმებიანი კვარტეტი. ჯანსუღ კახიძე, თავის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, ბავშვებს კლასიკურ მუსიკას ასწავლიდა. ასე, რომ მაშინ, ნამდვილი საზოგადოებრივი ტელევიზია იყო, რომელიც ზრუნავდა, ხალხისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია. გაენათლებინა მაყურებელი, რაც დღეს, ჩვენდა სამწუხაროდ აღარ არსებობს.

- იმისათვის, რომ მკითხველმა გაიგოს, როგორი იყო იმ პერიოდის ტელევიზია, გთხოვთ, მოკლედ მოგვიყევით, როგორც თქვენს თავზე, ასევე იმ პერიოდის შესახებ.

- მუშაობა 1970 წელს დავიწყე. თავდაპირველად, ახალგაზრდულ გადაცემათა რედაქციაში, სადაც პოპულარულ გადაცემებს „ჩვენ ვეძებთ ტალანტებს“ ვაკეთებდით. შემდეგ რუსთაველის თეატრიდან წამოვიდა, ჩემი მასწავლებელი მიხეილ თუმანიშვილი და საფუძველი სატელევიზიო თეატრს ჩაეყარა. ამ თეატრში გავატარე მთელი ჩემი შემოქმედებითი ცხოვრება. კინომსახიობთა თეატრის ჩამოყალიბების შემდეგ, ბატონი მიხეილ თუმანიშვილი იქ გადავიდა და სამუშაოდ თავის ადგილას დამტოვა. ასე გავხდი, ქართული ტელე-თეატრის მთავარი რეჟისორი, შემდეგ სამხატვრო ხელმძღვანელი, 1994 წლიდან  ტელე-რადიოკორპორაციის  თავმჯდომარის მოადგილე, შემდეგ ისევ „თეატრონის“ ხელმძღვანელი, თუმცა 2004 წელს, ბევრ დამსახურებულ ადამიანთან ერთად, „რეფორმატორების“ ბანდამ უცერემონიოდ ქუჩაში გამოგვყარა.

- ვის გულისხმობთ „რეფორმატორებში“?

-ზაზა შენგელიას და კახა ბექაურს.  

- ბატონო კახა თქვენ თქვით, ქართული ტელევიზია დაანგრიესო, რაში გამოიხატა ეს ნგრევა და როგორ მოახერხეს ხალხის მოეტყუება?

- გამოაცხადეს, რომ სახელმწიფო ტელევიზია საზოგადოებრივად უნდა გადაკეთდეს და მოსახლეობამ სააბონენტო გადასახადი გადაიხადოსო! მოსახლეობაში აჟიოტაჟი ატყდა: რატომ უნდა გადავიხადოთ საზოგადოებრივ ტელევიზიაში გადასახადი, როცა „რუსთავი 2“, „იმედი“, „კავკასია“ და სხვა სატელევიზიო არხები უფასოაო.  რეაქცია სავსებით ლოგიკური იყო, მაგრამ დამალეს, რომ დაფინფნსების სხვა გზებიც არსებობდა.

- ეს რატომ გაკეთდა?

- იმიტომ, რომ სახელმწიფო ტელევიზიის მიმართ უნდობლობა გაჩენილიყო. საზოგადოებისთვის სულ ერთი უნდა გამხდარიყო ამ ტელევიზიის არსებობა, რათა მარტივად დაპატრონებოდნენ მის ქონებას. სახელმწიფო ტელევიზიას სამი კორპუსი ჰქონდა: ერთ მათგანში, სადაც ქართული ტელეფილმები ხმოვანდებოდა, დღეს შენგელიას კერძო ხმისჩამწერი სტუდია „ბრავო რეკორდსი“, სტამბა და სხვა კერძო ორგანიზაციებია. მესამე კორპუსში, იქ, სადაც „ტელეთეატრი“ მუშაობდა, ახლა კერძო რადიოკომპანიები მუშაობენ. 1000 კვადრატულმეტრიან სტუდიაში კი ჯერ „რუსთავი 2“ მუშაობდა, ახლა კი ერთ-ერთი კერძო კომპანიაა. ამბობდნენ, თითქოს ახალი ტელევიზია უნდა აშენდესო. აშენებული დაარიგეს და გვცალია იმისთვის, რომ ახლის ასაშენებლად მილიონები დავხარჯოთ?! ვფიქრობ, მთელი ეს ქონება მის ნამდვილ პატრონს უნდა დაუბრუნდეს!

- მაინც როგორ დაანგრიეს?

- ვინც მუშაობდა, ერთადერთი საინფორმაციო სამსახური იყო. ასევე, დიდი დატვირთვით მუშაობდა - „თეატრონი“, რადგან ეთერისთვის, ქართულად გახმოვანებული პროდუქცია მნიშვნელოვანი იყო. ხოლო უფულობის მიზეზით, სხვა შემოქმედებითი რედაქციები უსაქმოდ დატოვეს.

- რას ნიშნავს უსაქმოდ?

- იშვიათი გამონაკლისის გარდა, ყველა, ერთთვიან ხელშეკრულებებზე გადაიყვანეს. შეშინებული ელოდნენ თანამშრომლები თვისბოლოს, რადგან არ იცოდნენ  რა ელოდათ, დატოვებდნენ სამსახურში თუ არა. ასე გრძელდებოდა დიდხანს. მითხარით, ეს არ არის სადიზმი?! რამდენიმე თვე თანამშრომლებს ხელფასი არ მისცეს, მერე გამოაცხადეს: ვინც თავისი ნებით დაწერდა განცხადებას, წასვლის თაობაზე, დავალიანებებს სრულად გაუსტუმრებდნენ! ნახეთ რა მზაკვრობაა?! თუ ფული არ გაქვს, დავალიანებას როგორ იხდი?! ბევრს უჭირდა, ვალები ჰქონდა, ამიტომ იძულებულნი გახდნენ ამ ანკესს წამოგებოდნენ. ზამთარში, გათბობა, რომელიც ჩვენი სახსრებით, არასაბიუჯეტო შემოსავლებით გავაკეთეთ, გამორთეს! იმედი ჰქონდათ, რომ სიცივის გამო აღარავინ ივლიდა. ასე, მეთოდურად მოიშორეს ხალხის ნაწილი. შემდეგ, იურისტების მეშვეობით, ისეთი ხელშეკრულებები დადეს, რომ ყველა ერთად გაეყარათ სამსახურიდან. ისე არ გამიგოთ, თითქოს გასაშვები არავინ იყო, მაგრამ ასე, ყველა ხელაღებით არა! დიდ სტუდიაში წვიმის დროს წყალი ჩამოვიდა, სააპარატოები დაიტბორა, სტუდია კი არ შეაკეთეს. სამაგიეროდ, ელექტრონული საშვები დაამზადეს, თითქოს ტელევიზიაში მთავარი სტუდია კი არა საშვებია.

- ეს რით ახსნეს?

- ამ ხერხით თანამშრომელთა აღრიცხვა სურდათ, რათა თავიდან მოეცილებინათ. რასაც ჩვენ კაპიკებად, ან ჰონორარის გარეშე ვაკეთებდით, მათი „ფავორიტები“ მსგავსი სამუშაოს შესრულებაში ათასებს ღებულობდნენ, არადა ჩვენზე უკეთესად მაინც გაეკეთებინათ!

- ბატონო კახა, მას შემდეგ, რაც სატელევიზიო სპექტაკლი „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“ დადგით, თითქმის 40 წელი გავიდა. იგი დღემდე შედევრად ითვლება, პოპულარობას არ კარგავს და ყველას დიდ სიამოვნებას ანიჭებს, რატომ აღარ ჩუქნით საზოგადოებას ამგვარ სპექტაკლებს? ახლა აღარ შემოუთავაზებიათ თქვენთვის ტელე-სპექტაკლის დადგმა?

- სამწუხაროდ არა, თორემ დიდი სიამოვნებით დავთანხდებოდი. კარგა ხანია, არც ერთ ტელევიზიაში აღარ ვმუშაობ. არც არავინ მთავაზობს. სამწუხაროდ ეკრანი წალეკა უცხოურმა და იაფფასიანმა სერიალებმა. ამ სფეროში, ქართული კუტურის სადარაჯოზე, საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იდგეს, რაც სინამდვილეში არ გვაქვს. იმედია ვინმე, ისეთი  წაიკითხავს ამ სტრიქონებს, ვისაც ძალუძს ქვეყნის სასიკეთოთ პრობლემის მოგვარება. 

- რას იტყვით საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებლობაზე? 

- დღეს, საქართველოში საზოგადოებრივი მაუწყებლობა არ არის! მხოლოდ სახელია „საზოგადოებრივი“, მაგრამ არსებითად, ისევ სახელმწიფო ტელევიზია და რადიოა. თუ ვინმეს ეჭვი გაუჩნდება ჩემს ნათქვამში, დამისახელოს, სად არის მაუწყებლობის საზოგადოებრივი საბჭო და როგორ მართავს, ან აკონტროლებს საზოგადოება თავის ტელევიზიას.

- თუ შეიძლება დავაკონკრეტოთ ზუსტად რას გულისხმობთ?

- მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1949 წელს, ევროპულმა და ამერიკულმა საზოგადოებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამიერიდან, არც ერთ ხელისუფლებას – არც კარგს და არც ცუდს, არ უნდა ჰქონოდა, ჰებელსის ფაშისტური რადიოს მსგავსად, პროპაგანდის ისეთი მძლავრი საშუალებები, როგორიცაა ტელევიზია, რადიო და პრესა. ამ პრობლემის სიმწვავე სულ ცოტა ხნის წინ ვიწვნიეთ, როდესაც ეთერში სულ სამთავრობო არხები გადიოდა, ხოლო ალტერნატიულს ზღუდავდნენ, სიხშირეებს ართმევდნენ, თეფშებს უყადაღებდნენ და სხვა. ეს, რომ აღარ განმეორდეს, ამიერიდან საქართველოს საზოგადოებამ თავის ხელში უნდა აიღოს საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაფინანსება, მართვა და კონტროლი. 

- როგორი უნდა იყოს ნამდვილი საზოგადოებრივი ტელევიზია?

- ჩვენში, ამ თემაზე ბევრი საუბრობს, მაგრამ მათმა უმეტესობამ არ იცის, ან მალავს, როგორ უნდა მოეწყოს რეალურად საზოგადოებრივი მაუწყებლობა. 1994-99 წლებში ვმუშაობდი საქართველოც ტელე-რადიოკორპორაციის თავმჯდომარის არჩილ გოგელიას მოადგილედ, რომელმაც ამ საკითხის შესასწავლად  მივლინებით გერმანიის მეორე ტელევიზიაში, ცდფ-ში გამაგზავნა. არ ვიბრალებ, რომ ეს საქმე, მხოლოდ მე ვიცი, არიან ადამიანები, რომლებმაც იციან მისი მოწყობა, მაგრამ მასზე საუბარი არ აწყობთ.

- რატომ არ აწყობთ?

- ერთის მხრივ პოლიტიკური და მეორეს მხრივ მატერიალური ინტერესების გამო. ამაზე ქვემოთ ვისაუბროთ და საზოგადოებრივი მაუწყებლობის მოწყობის თემას დავუბრუნდეთ. უმთავრესი, საზოგადოების მხრიდან მაუწყებლობის მართვა და კონტროლია! საზოგადოებრივი ტელევიზია უნდა ზრუნავდეს იმაზე, რომ ახალი და ობიექტური ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას, ასევე უნდა იზრუნოს მაყურებლის გართობაზე, კულტურულად განვითარებაზე. საზოგადოებრივ მაუწყებელს, უნდა მართავდეს ჯგუფი, რომელშიც შესულნი იქნებიან ყველა პროფესიის, რეგიონის და ხელისუფლების წარმომადგენლები.

- როგორი უნდა იყოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მმართველი ჯგუფი?

- მაგალითისთვის გერმანიის საზოგადოებრივ მეორე ტელევიზიას, ცდფ-ს მოვიყვან.  მათ ჰყავთ საზოგადოებრივი საბჭო, რომელიც 77 წევრისგან შედგება, რა ბევრია არა? მაგრამ საშიში არაფერია. ისინი საზოგადოებრივ საწყისებზე,  უხელფასოდ მუშაობენ და აუცილებლად, მათ შემადგენლობაში  25 პროცენტი ქალი უნდა იყოს.

- მოგვიყევით რა სფეროს წარმომადგენლები უნდა იყვნენ ამ საბჭოში და რა ევალებათ?

კახა კახაბრიშვილი: დღეს, საქართველოში საზოგადოებრივი მაუწყებლობა არ არის

- საბჭოში წარმოდგენილია გერმანიის საზოგადოების მთელი სპექტრი: ლუთერანული, კათოლიკური და ებრაული რელიგიის მიმდევრები, სპორტული, კულტურის, კინოს, ქალაქთა კავშირის, მასწავლებელთა, სტუდენტთა კავშირებისა და სხვა. ისინი კვარტალში ერთხელ იკრიბებიან. მათ ჰყავთ ფარული კენჭისყრით არჩეული თავმჯდომარე და მოადგილე, განიხილავენ არხისთვის საჭირბოროტო საკითხებს. ერთი პირობაა, რომ მათი წევრი არ უნდა მუშაობდეს არც-ერთ ტელევიზიაში და რადიოში. უნდა იყოს ნეიტრალური. დიდი საბჭო ადგენს არხის „კონსტიტუციას“.

- არხის კონსტიტუციაში რას გულისხმობთ?

- რა თემა, რა დოზით უნდა გადაიცეს ეთერში. მაგალითად: საბჭოს მიაჩნია, რომ ქვეყანაში ნარკომანიამ იმძლავრა, საჭიროა ახალგზრდები დააინტერესონ ჯანმრთელი, სპორტული ცხოვრების წესით. დაადგენენ, რომ ტელეკომპანიამ თავისი პროგრამების 40 პროცენტი სპორტს უნდა დაუთმოს. ანდა კლასიკური მუსიკა, გასათვალისწინებელია იმ საზოგადოების გარკვეული ნაწილის ინტერესი, ვინც ამ ტიპის მუსიკას უსმენს, ამიტომ კვირაში ერთი საათი, მაინც უნდა დაუთმოს ამ ტიპის გადაცემებს. არხი აუცილებელია პოლიტიკურად ნეიტრალური იყოს.

აღნიშნული საბჭო 14 კაციან მმართველ საბჭოს ე.წ. „ბორდს“ ირჩევს, რომელშიც აუცილებლად საზოგადოების 8 წარმომადგენელი, უნდა იყოს. ხოლო ექვსი, ანუ უმცირესობა  ხელისუფლებიდან. რაც დიდი გარანტიაა იმისა, რომ გადაწყვეტილებების მიღებისას იქნებიან დამოუკიდებელნი და ობიექტურნი. ირჩევენ ტელევიზიის თავჯდომარეს, რომელსაც 77 წევრიანი საბჭო ამტკიცებს. აი, ასეთი ურთიერთ-კონტროლი და ურთიერთ-დამოკიდებულებაა მათ შორის.

- „ბორდი“ ხომ ჩვენს საზოგადოებრივ მაუწყებელსაც ჰყავს?

- დიახ, მაგრამ ემორჩილება არა საზოგადოებას, არამედ პარლამენტს. ვფიქრობ, პარლამენტს, ისედაც ბევრი საქმე აქვს და უმჯობესია მას საზოგადოებრივმა საბჭომ მიხედოს.

- რატომ აღარ არსებობს დღეს ისეთი ტელევიზია, რომელიც ამდენ სასიკეთო საქმეს მოემსახურება?

- დადგა საკითხი, რომ სახელმწიფო ტელევიზია საქართველოში არ ყოფილიყო.

- რატომ?

- ეს იყო ევროსაბჭოს მოთხოვნა, რომ სახელმწიფო მაუწყებლობა უნდა გარდაქმილიყო საზოგადოებრივად, მაგრამ სინამდვილეში, ევროსაბჭოც და ქართველი ხალხიც მოატყუეს!

- როგორ თუ მოატყუეს?

- ტელევიზიას, მხოლოდ სახელი შეუცვალეს და საზოგადოებრივი მაუწყებელი დაარქვეს, თორემ სინამდვილეში ყველაფერი ისე დარჩა, როგორც იყო. ვინმე შემედავება, კი მაგრამ „ბორდი“ ხომ არის საბჭო, რომელიც მაუწყებლობას ხელმძღვანელობსო?! ხელმძღვანელობს კი? ვინ იცის? რატომ მიატოვა უწესიერესმა კაცმა ირაკლი ტრიპოლსკიმ ბორდის თავმჯდომარეობა? ბორდის ზემოთ ვინღაა?! - შეკითხვა ბევრია!

- საქართველოში დამოუკიდებელი ტელევიზია არ არსებობს?

- ვითომ დამოუკიდებელი, პატარ-პატარა ტელევიზიები, სინამდვილეში სახელმწიფოს ეკუთვნის. ხედავთ, ნელ-ნელა როგორ იშლებიან და ჩერდებიან? არსებობს ეჭვი, რომ ეს ტელევიზიები საზოგადოებრივ მაუწყებლობის ჯიბიდან ფინანსდებოდა. ვფიქრობ, შეუწყდათ ეს დაფინანსების წყარო და იმიტომ იხურებიან. ამიტომაც არის საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგი, ასე დაბალი, მაშინ, როცა წელიწადში ოცდაექვსი მილიონი ლარი აქვს დაფინანსება. სად მიდის ეს ფული?! 

- რადგან ფინანსებზე ჩამოვარდა საუბარი, მოდი ეს თემაც მოკლედ განვიხილოთ...

- რიგ ქვეყნებში, როგორიცაა გერმანია, საფრანგეთი, ინგლისი, მართლაც არის ტელევიზიის სააბონენტო გადასახადი, თუმცა კანადასა და ავსტრალიაში არა. ზოგ ქვეყანაში, საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაფინანსება ელექტროენერგიის საფასურში შედის, ზოგან შემოტანილი აპარატურისა და მოწყობილობების საფასურში... მთავარია, ხელისუფლება არ გაძლევდეს ფულს და არ გეუბნებოდეს - გიხდი და მემსახურეო! არ ეუბნებოდეს „ბორდს“ და გენერალურ დირექტორს „მე აგირჩიე“ და მემსახურეო! ეს პრინციპები დაუმალეს და ასე, მოატყუეს ევროკავშირიც და საქართველოც. ქართული სახელმწიფო მაუწყებლის ნგრევა მიზანმიმართული იყო.

- რას გულისხმობთ?

- 1997 წელს, გუდაურში, სემინარი გაიმართა, რომელიც საქართველოში საერთოდ მაუწყებლობის და პრესის საკითხებს ეხებოდა. ამ სემინარს ბატონი ზურაბ ჟვანია ხელმძხვანელობდა, ასევე ესწრებოდნენ: მიხეილ სააკაშვილი, გიგა ბოკერია, გიორგი ბარამიძე, ეროსი კიწმარიშვილი, ბეჭდვითი მედიის წარმომადგენლები, მე და მიშა მჭედლიძე. მაშინ ჩვენს ტელევიზიას სახელმწიფო ტელევიზია ერქვა. აშკარა აგრესია იგრძნობოდა ჩვენს მიმართ და ახლა, წლები რომ გავიდა, მივხვდი ეს ყველაფერი დაგეგმილი იყო. სახელმწიფო ტელევიზია უნდა დაენგრიათ,  რომ შემდეგ საკუთარი მიზნებისთვის გამოეყენებინათ.

- რაში გამოიხატა ეს?

- ამ ამბიდან 2 წლის შემდეგ, თავმჯდომარემ ბატონმა არჩილ გოგელიამ შევარდნაძის სახელზე, სამსახურიდან წასვლის თაობაზე, განცხადება დაწერა. შევატყე, ძალიან აღელვებული იყო. ამ ზომამდე, შეგნებულად გავრცელებული სხვადასხვა ჭორების საფუძველძე მიიყვანეს. 

- ანუ უკვე გამიზნული იყო ტელევიზიის თავმჯდომარედ ზაზა შენგელიას დანიშვნა?

- ასეა, რადგან  არჩილ გოგელიას წასვლის შემდეგ, ტელევიზიის ხელმძღვანელად ზაზა შენგელია მოვიდა.

- მაშინ ტელევიზიაში რა თანამდებობა გეკავათ?

- ისევ თავმჯდომარის მოადგილედ ვითვლებოდი.

- გააგრძელეთ მუშაობა?

- ორი კვირა დავალებებს მაძლევდა, მეც ვასრულებდი. აღდგომის მეორე დღეს, როდესაც ჩემი მშობლების საფლავზე ვიყავი, მირეკავს და მეუბნება, საღამოს თათბირზე მივსულიყავი. ამ წმინდა დღეს, თურმე იმიტომ დამიბარეს გათავისუფლების შესახებ ეთქვათ.

- ასეთ გადაწყვეტილებას ელოდით?

- ამას დიდი ფილოსოფია არ სჭირდება. მოვიდა ახალი მმართველი და მას თავისი გუნდი მოჰყავს. ყველაფერი ლოგიკურია, ოღონდ მთავარია, ეს კაცურად გააკეთო. ისედაც ვიცოდი, რომ კომკავშირელ ზაზასთან ვერ ვიმუშავებდი!

- ახალი მმართველის მოსვლისას პროგრამა შეიცვალა, თუ იგივე დარჩა?

- შეიცვალა, მხოლოდ საინფორმაციო პროგრამები დატოვეს. პროგრამის შესავსებად კი რასაც უშვებდნენ, იმ ხალხის შექმნილი პროდუქცია იყო, ვისაც ასე გააფთრებით ებრძოდნენ. მაგალითად ჩემს დადგმულ სპექტაკლებს, ბოლოში ჩემს სახელს აჭრიდნენ!.

- დღეს „თეატრონი“ კიდევ არსებობს?

- არა, როგორც ყველა შემოქმედები გაერთიანება ისიც გააუქმეს და სამუშაოდ უნიჭო ადამიანები მოიყვანეს.

- ვის გულისხმობთ?

- ვინმე მაია რამიშვილს, ერთ უვიც, თავხედ ადამიანს...

- როგორც გიცნობთ, ადამიანების ლანძღვა არ გიყვართ - რა დაგიშავათ?

- ჩემი სიმდიდრე - ჩემი სახელია. ეს ქალბატონი, საკუთარ ჯგუფთან ერთად აკეთებდა გადაცემათა სერიას - „პირველი ტელევიზია“, ეს თავისთავად კარგი საქმეა! რაც გამიკეთებია, ის ჩემი ცხოვრებაა! ჩემს ნაშრომს მიკარგავენ. ორმოცდაჩვიდმეტი წელია, რაც ქართული ტელევიზია არსებობს და შესაბამისად, ყოველი ახალი წლის ღამეს, ეგრეთწოდებული „ცენტრალური საახალწლო“ პროგრამა გადის. 18-20 პროგრამაზე მაქვს ნამუშევარი: გიგა ლორთქიფანიძესთან, ედნარ გიორგობიანთან, იგორ არაყიშვილთან, ელდარ იბერთან ერთად, დანარჩენი კი სულ ჩემი გაკეთებულია. მადლობა ღმერთს, ვისთანაც ვმუშაობდი, მათი უმრავლესობა ცოცხალია; ოპერატორები ზაურ დობორჯგინიძე, ჯუმბერ გრიგორაშვილი, ხმის რეჟისორი ნოდარ ასათიანი, დოდო ლორთქიფანიძე და სხვები, თუ საჭიროა დაადასტურებენ, რომ ეს სიმართლეა... არც ჩემზე და არც ამ ადამიანებზე გადაცემაში ერთი სიტყვა არ თქმულა. დავურეკე მაია რამიშვილს და დიდი სინანული გამოვთქვი ამ ფაქტის გამო. ამოხეთქა ამბიციების ვულკანმა - რომ უმადური ვარ, ყველა წინააღმდეგი იყო და მაინც გააკეთეს გადაცემა ჩემზე, თითქოს „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“ ჩემი დადგმული არ არის და ა.შ.. იძულებული გავხდი ტელეფონი გამეთიშა. გამოდის ამ ქვეყნად ტყუილად მიცხოვრია და არც „უჩინმაჩინის ქუდი“, „გვადი ბიგვა“, „ხორუმი ქართული ცეკვაა“, „შალიკო ხვინგიაძის თავგადასავალი“, „მტრედის მოტანილი ბარათები“, პროგრამა „ფორტუნა“ და მრავალი სხვა ჩემი შექმნილი არ არის?! ამის მთქმელს, არ შეგეშინდა, რომ შესაძლოა ადამიანს გული გაუხეთქო? ღმერთის არ გეშინია? ან გწამს კი ღმერთი? ან სულხან საბას „ენით დაკოდილი“ თუ წაგიკითხავს?! მინდა ვუთხრა ყველა ნაძირალას, ვინც მსგავს ჭორებს ავრცელებს, ღვთის სასჯელი არ ასცდება. ბოდიში თუ გავცხარდი...

- თქვენ კი არა ყველა გაცხარდებოდა... როგორ ტელევიზიაზე ოცნებობთ?

- ვოცნებობ, პროფესიონალებით დაკომფლექტებულ ტელევიზიაზე. გავაკეთებდი ტელევიზიას სადაც, ქართული სული იტრიალებს, რომელსაც პირობითად, თავისი ზეიმს დავარქმევდი. დღეში ერთხელ, ისეთი საინფორმაციოს გავაკეთებდი, სადაც „მხოლოდ კარგი ამბები“ გავრცელდებოდა. ადამიანებს დადებითი ემოციებით  განვაწყობდი. შევქმნიდი ტელევიზიას, რომელიც ხალხს დაასვენებს და გაანათლებს. აი, ასეთ საზოგადოებრივ ტელევიზიაზე ვოცნებობ!

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა