ავტორი
თიკო ბეკოშვილი
ქალბატონი, ულამაზესი, ნიჭიერი _ მიხეილ თუმანიშვილის კლასის მსახიობი - ნინელი ჭანკვეტაძე. ეს იმ იშვიათთაგანი შემთხვევაა, როცა ახალგაზრდა ნიჭიერ ადამიანს მსახიობობა არ უნდოდა, მაგრამ, ისეთი არტისტი გახდა, რომ ნოდარ დუმბაძის ინგა გააცოცხლა... მიხეილ თუმანიშვილის საყვარელი მოსწავლე გახდა... დანარჩენი, ქალბატონ ნინელის მოვუსმინოთ.
- ქალბატონო ნინელი, რატომ გადაწყვიტეთ სამსახიობო ფაკულტეტზე ჩაბარება?
- ეს პროფესია შემთხვევით ავირჩიე, მსახიობობაზე არასდროს მიფიქრია.
- რა პროფესია გხიბლავდათ, ვიდრე მსახიობობას აირჩევდით?
- იყო პერიოდი, როცა ფსიქოლოგობაზე ვფიქრობდი, ადამიანი ყოველთვის იყო ჩემი ინტერესის სფერო, მაინტერესებდა მისი შინაგანი ბუნება. მინდოდა ჟურნალისტობაც, რადგან მრავალმხრივ საინტერესო პროფესიაა, გიწევს ადამიანებთან ურთიერთობა, სიახლეების გაგება...
- აზრი რამ შეგაცვლევინათ?
- მეცხრე კლასში ვიყავი, როცა ჩემი მეგობრის დეიდამ მკითხა, ვფიქრობდი თუ არა მსახიობობაზე. ვუთხარი არ მიფიქრია-მეთქი. შემდეგ მოგვიყვა, რომ იქ ასწავლიდნენ მეტყველებას, მუსიკას, ცეკვას, ხელოვნების ისტორიას, ფარიკაობას. ანუ ყველაფერ იმას, რაც ძალიან მომწონდა. ასეთი პრაგმატული მოსაზრებით გადავწყვიტე თეატრალურში ჩაბარება.
- მშობლები როგორ შეხვდნენ თქვენს გადაწყვეტილებას?
- მათგან წინააღმდეგობა შემხვდა, არავის უნდოდა მსახიობი გავმხდარიყავი განსაკუთრებით მამაჩემს.
- რატომ?
- სკოლაში ძალიან კარგად ვსწავლობდი და ფიქრობდნენ, რომ სერიოზული პროფესია უნდა ამერჩია, მსახიობობა კი სერიოზულ პროფესიად არ მიაჩნდათ.
- გაიხსენეთ თეატრალურში მისაღები გამოცდები...
- თეატრალურში მოსამზადებელი კურსები იყო, ვიდრე ადამიანი გამოცდაზე გავიდოდა, ორი თვით ადრე შეეძლო მისვლა კონსულტაციებზე და ენახა რა ტიპის გამოცდა ჩაბარდებოდა. პროფესიონალი რეჟისორები გიხსნიდნენ რა არის ეტიუდი, როგორ უნდა გემეტყველა, რა უნდა გაგეკეთებინა გამოცდაზე. ლექსი მოვამზადე, თუ იგავ-არაკი ზუსტად არ მახსოვს, მოვიტყუე, რომ თითქოს მეათე კლასელი ვიყავი. გურამ ჩერგიზიშვილი ატარებდა კონსულტაციებს, გამომიძახა ეტიუდი გამიკეთეო, შემდეგ იგავ-არაკი და ლექსი წავიკითხე. მივხვდი შემდეგ წელს რასთან მექნება საქმე.
- გაიგეს სიმართლე, რომ იმ წელს არ აბარებდით?
- ინსტიტუტიდან რომ გამოვდიოდით ბატონი გურამი დაგვეწია, ჩემი მეგობრის დეიდას უთხრა აუცილებლად ჩააბარებსო! ორივე გავწითლდით და ბოდიში მოვიხადეთ, რომ მოვიტყუეთ. მან კი გვიპასუხა: არაუშავს, ერთი წელი წინ აქვს, მოემზადოს და მოვიდესო.
- ერთი წლის შემდეგ მართლაც მიხვედით გამოცდაზე...
- მივედი გამოცდაზე და სამსახიობო ოსტატობაში ხუთიანი მივიღე, სულ ორი ხუთიანი დაიწერა.
- მშობლები ისევ წინააღმდეგები იყვნენ?
- დიახ, როცა გამოცდიდან გამოვედი, ჩემი გულშემატკივარი არავინ იყო. ვისთვის მეხარებინა ჩემი ხუთიანი არ ვიცოდი, დასჯილი ვიყავი. დედამ ბოლოს მამა ასე დაამშვიდა, წავიდეს უპატრონოა ჩაიჭრება და შემდეგ ადამიანურ პროფესიას აირჩევსო.
- რთული და გულდასაწყვეტი იქნებოდა თქვენთვის ეს ყოველივე.
- ნამდვილად, რთული იყო, ისიც არ ვიცოდი საბუთები როგორ შემევსო. მამუკა ლორია მეორე კურსზე იყო, რომელმაც თავის მფარველობის ქვეშ ამიყვანა და მკარნახობდა, სად რა უნდა გამეკეთებინა.
- ქალბატონო ნინელი, როგორც ვიცი თქვენ გენიოსი პედაგოგი, მიხეილ თუმანიშვილი შეგხვდათ, იცოდით თუ არა ვის ჯგუფში ხვდებოდით და ვინ იყო ბატონი მიხეილი?
- ფიზიკურად არ ვიცნობდი, თუმცა მისი სპექტაკლები ნანახი მქონდა. იგი პირველად როცა საბუთები შემქონდა, მაშინ ვნახე. შევედი კაბინეტში და ვხედავ, ულამაზესი კაცი ზის კრიალოსანით ხელში, მან ასეთი კითხვა დამისვა: აბარებო? დიახ ვაბარებ-მეთქი. დარწმუნებული ხარ რომ ჩააბარებო? მან სრულიად ბუნებრივად მკითხა. ამ კითხვის გამო, ეს კაციც ჩემი მტერი მეგონა და გამწარებულმა უხეშად ვუპასუხე: აუცილებლად ჩავაბარებ და მოვხვდები, დარწმუნებული ვარ-მეთქი! ეს იყო ჩემი ბატონ მიშასთან პირველი შეხვედრა. როდესაც გამოცდაზე შევედი და ის ლამაზი კაცი კომისიაში ვნახე მივხვდი, რომ ის მიხეილ თუმანიშვილი იყო, ძალიან შემეშინდა. თუმცა გამოცდები წარმატებით ჩავაბარე.
- გაგიჭირდათ თეატრალურში სწავლა?
- რთული იყო, თავისუფალი დრო, თითქმის არ მქონდა. ზოგჯერ რეპეტიციებზე ღამის თორმეტ საათამდე ვიყავი, რომ არა ბატონი მიხეილ თუმანიშვილი, ალბათ ამ საქმეს მივატოვებდი.
- ანუ დიდი ზეგავლენა მოახდინა მიხეილ თუმანიშვილმა თქვენზე?
- დიახ, ვხედავდი როგორ უყვარდა თავისი პროფესია, შეპყრობილი იყო თეატრით. მას, ისე უყვარდა თავისი პროფესია, რომ შეუძლებელი იყო შენც არ შეგვყვარებოდა. მინდოდა, ამ საქმეში მეც რეალიზებული ვყოფილიყავი.
- გაიხსენით თქვენი პირველი როლი?
- ეს იყო „ბაკულას ღორებში“ აგრაფინას როლი. პირველი საკურსო როლი – სპექტაკლში „ჩეხოვის დათვი“, სადაც მთავარი გმირი განვასახიერე. ხოლო თეატრის სცენაზე, პირველი როლი ცოტნე ნაკაშიძის - „დარაბებს მიღმა გაზაფხული“ გახლდათ. სადაც მე და ჩემმა მეუღლემ მთავარი როლები - ნინიკო და კოკა შევასრულეთ, სწორედ მაშინ დავახლოვდით და სერიოზული გადაწყვეტილებაც მივიღეთ. ბატონ ცოტნეს ჩვენს ნათლიას ვუწოდებთ, მან დაგვაახლოვა.
- სპექტაკლი „ბაკულას ღორები“ დღესაც წარმატებით იდგმება, ამ სპექტაკლზე რა შეგიძლიათ თქვათ?
- სპექტაკლი, რომელიც ძალიან უყვარდა მიხეილ თუმანიშვილს, 35 წელია იდგმება. უბერებელია ნამდვილად, ყოველ სეზონს ამ სპექტაკლით ვხსნით და ამ სპექტაკლით ვხურავთ. ის ჩვენი სავიზიტო ბარათია. ძალიან მიხარია, რომ ახალგაზრდები აღიქვავენ, არა როგორც სამუზეუმო ექსპონატს, რომელსაც სიძველის სუნი ასდის, არამედ როგორც პრემიერას.
- იყო თუ არა სხვა თეატრებიდან შემოთავაზება?
- როცა ინსტიტუტს ამთავრებ, ყველა თეატრს უნდა ახალგზრდა მსახიობი თავისთან წაიყვანოს, მაგრამ გადაწყვეტილი მქონდა, რომ თუ ბატონი მიშა თავის თეატრში არ წამიყვანდა მსახიობობაზე უარს ვიტყოდი. მიშა თუმანიშვილი ჩემი გატაცება იყო, მის რეპეტიციებზე და მსახიობებთან ყოფნა მინდოდა, გამიმართლა კიდეც.
- კინოში როგორ მოხვდით?
- რეჟისორმა თამაზ გომელაურმა გადაწყვიტა, მის მოკლემეტრაჟიან მხატვრულ ფილმში მეთამაშა. წინააღმდეგი ვიყავი და კიდე უფრო წინააღმდეგი ბატონი მიშა, ის თავის სტუდენტებს კინოში ძალიან ძნელად უშვებდა.
- რატომ?
- კინო ძალიან არაორგანიზებული იყო, გადაღება შეიძლება წლები გაგრძელებულიყო. წელიწადში სამი-ოთხი შემოთავაზება მქონდა, ამიტომ ყოველთვის ზაფხულს ვირჩევდი, რომ თეატრისთვის ხელი არ შემეშალა.
- როგორ დაგითანხმათ ბატონმა თამაზმა როლზე?
- ბატონი ნუგზარ ბაგრატიონის მეშვეობით. იგი ჩემი პედაგოგი იყო, ხოლო ბატონი თამაზი ნუგზარის მეგობარი.
- თქვენთვის კინოში წასვლა რატომ იყო ძალიან რთული?
- გამოუცდელი ვიყავი, მესამე კურსზე გახლდით და ინსტიტუტში სხვა რამეს მასწავლიდნენ, კინოსთან შეხება არ მქონია. სხვა რეჟიმს ვიყავი მიჩვეული, კინოში კი სულ სხვა სიტუაცია დამხვდა. კინოში ყველაფერი ფრაგმანტულად ხდება, შეიძლება, ჯერ ბოლო სცენა გადაიღო და მერე დასაწყისი, რაც არ მომწონდა. ეს ყველაფერი თეატრში თანმიმდევრული და დალაგებულია.
- არ გაგიჭირდათ ფილმში მუშაობა?
- დიახ, გადაწყვეტილი მქონდა, რომ აღარასოდეს მივიღებდი მონაწილეობას. დაახლოებით 4 წლის შემდეგ, რეჟისორმა მერაბ კოკოჩაშვილმა ფილმში თამაში შემომთავაზა. რა თქმა უნდა, უარზე ვიყავი, ჩემდა გასაკვირად, ბატონმა მიშამ მითხრა, რომ უარი არ უნდა მეთქვა ამ რეჟისორისთვის... ბატონ მერაბს თურმე გადაღებები დაწყებული ჰქონდა, მთავარი გმირიც შერჩეული ჰყავდა, მაგრამ გადაღებული მასალა არ მოსწონებია. როცა მივედი, გდასაღებ მოედანზე, მთელი გადაღების ჯგუფი მტრულად დამხვდა.
- რაში გამოიხატა?
- ერთ-ერთი გადაღება ძალინ გაიწელა, ბატონ მიშასთან რეპეტიციაზე მაგვიანდებოდა და ავუხსენი, მათ კი დამიწყეს საუბარი ამ ტექსტით: სად გეჩქარება, ვინ არის ბატონი მიშა, შეგვიძლია კინო მსახიობთა თეატრი დავხუროთ, ვერაფერს ვერ იზავს შენი ბატონი მიშაო! თურმე ეს იყო პროვოცირება, როგორ მოვიქცეოდი.
- როგორ მოიქეცით?
- ნამდვილად არ მახსოვს, რაღაც ტექსტებით გამოვედი ბატონ მიშას დასაცავად, აღშფოთებული ვიყავი, რომ დამთავრდა ჩაწერა წამოვედი და ცოტა ხანში ამ როლზე დამამტკიცეს.
- არ შეიძლება ინტერვიუ დავამთავრო ისე, რომ ყველასათვის საყვარელ „კუკარაჩას“ ინგაზე არ გკითხოთ.
- ჩემთვის ეს როლი ყველაზე წარმატებულია და პოპულარული ფილმი „კუკარაჩა“ ნამდვილად შედგა, დღემდე უყურებს ხალხი და ამით ბედნიერი ვარ.
- ამ ფილმში როგორ მოხვდით?
- არც ინგას როლი მინდოდა. სტუდიაში ბევრი ნიჭიერი მსახიობი მოვიდა, თუმცა ქეთი დოლიძის ხასიათს ყველა იცნობს, მან პირველი წამიდან ამოიჩემა, რომ მე უნდა მეთამაშა, მაგრამ სინჯები აუცილებლად უნდა ჩატარებულიყო. დიდხანს მიდიოდა ბრძოლა ჩემსა და ქეთის შორის, ლამის ჩხუბამდე მივედით, ვერ მითანხმებდა და პირდაპირ მითხრა, შენს გარდა არავის დავამტკიცებო. ეს მართლაც ფეხბედნიერი როლია, ყველა ინგათი მცნობდა...
- იმედია ეს ფილმი მაინც გაქვთ ნანახი?
- ნანახი მაქვს და სიამოვნებით ვუყურებ არა ჩემს თავს, არამედ როგორც ფილმს.
- თქვენი საოცნებო როლი?
- ამაზე არ ვფიქრობ, უბედნიერესი ადამიანი ვარ იმით, რაც ვითამაშე და კიდევ ბევრი რამ შემიძლია.