ავტორი
თინათინ ბეკოშვილი
დრო საათზე იყურება,
რადგან დროში იწურება,
ცოტა ხშირად უნდა სცადო,
რომ ცხოვრება გამოსცადო.
ამ სიტყვების ავტორი ახალგაზრდა პოეტი - ბაჩო ზაქაიძეა, რომელიც დიდი ხანი არ არის, რაც წერს. თუმცა უკვე წარმატებებს მიაღწია. რაც მისმა ორიგინალურმა სტილმა და კითხვის მანერამ მოუტანა. ვნახოთ რა გეგმები აქვს...
- პირველი ლექსი როდის და რაზე დაწერეთ?
- 2012 წლის 20 ოქტომბერს, ტრანსპორტში ვიჯექი და რუსთავში მივდიოდი, ფანჯრიდან გოგო დავინახე, საოცარი თვალები ჰქონდა... აი, მაშინ დავწერე პირველი ლექსი.
- მანამდე არასდროს დაგიწერია?
- არა, არც მიფიქრია და ვერც წარმომედგინა, თუ რამეს დავწერდი.
- თქვენი ლექსი პირველად ვის წააკითხეთ და რა შეფასება მოჰყვა?
- ჩემს ძმაკაცს, საავადმყოფოში, გაეცინა... სხვათაშორის მეც მეცინებოდა, ჩემს ნაწერს სერიოზულად ვერ აღვიქვამდი.
- ძირითადად რაზე წერთ?
- სარწმუნოებაზე, სიყვარულზე...
- დღეისათვის რამდენი ლექსი გაქვთ დაწერილი?
- ზუსტად არ ვიცი, დაახლოებით ორმოცდახუთამდე.
- ხშირად წერთ?
- გააჩნია, შეიძლება თვეში ერთხელ დავწერო, ეს განწყობაზეა დამოკიდებული, მუზა შეიძლება, რაღაც ლამაზის დანახვისას, ან რაღაც კარგის წაკითხვისას მოვიდეს.
- საზოგადოება კარგად იცნობს თქვენს ლექსებს?
- ერთადერთი საღამო, კონკურსის სახით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა. ნახევარფინალი უკვე ჩატარადა და ახლა ფინალს ველოდები.
- როგორც ვიცი, პოეზიის საღმოებს, სამ მეგობართან ერთად რუსთავის სკოლებში მართავთ, როგორ გაიცანით ერთმანეთი და ვისი იდეა იყო ამ საღამოების გამართვა?
- დიახ, ისინი ახლა ჩემი მეგობრები არიან; ამირან ჯანჯღავა, ოთო გურგენიშვილი და გურამ ლაცაბიძე. ბიჭები შემთხვევით გავიცანი, ერთი პოეზიის საღამოზე, მეორე - ჩემი დის მეგობარი იყო, ერთი კი ჩემი სკოლელი. პოეზიის ერთი საღამო რუსთავში გავმართეთ, სკოლებშიც აქტიურად მაქვს ჩემი ლექსების პრეზენტაცია. ამ საღამოების გამართვის იდეა ჩემი იყო, თუმცა ბიჭებსაც დიდი წვლილი მიუძღვით.
- ერთობლივი ლექსი ხომ არ შაგიქმნიათ?
- არა, თუმცა გვაქვს იდეაში.
- ლექსების წერის გარდა, სხვას რას საქმიანობთ?
- ვსწავლობ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ტურიზმის განხრით, პირველ კურსზე.
- ლექსი, რომელიც ყველაზე მეტად გიყვართ?
- ჩემთვის ყველაზე ემოციურია "ღმერთო მოვეთრიე", ყველაზე მძიმეა - "პური ან ჯვარი", ხოლო რეალობისგან აცდენილი - "სიკვდილის ანდერძი".
- ლექსი "ღმერთო მოვეთრიე", რომლითაც საზოგადოებამ გაგიცნოთ, რამ დაგაწერინათ და რატომ ეს სათაური?
- ორი თვე იყო გასული, მას შემდეგ, რაც ლექსების წერა დავიწყე, მოხდა ისე, რომ რამდენიმე თვე ტაძარში ვერ მივედი. ტრანსპორტში ყოფნისას, მოვისმინე ქართული სიმღერა -"ჩამოვუქროლებ ჩემს საქართველოს, მივალ იქ სადაც უფლის სახლია"- ეს სიტყვები გახდა ამ ლექსის დაწერის საწინდარი. ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება ამ ლექსის სათაურზე. ასე, ჩემი თავმდაბლობა გამოვხატე . ტაძარში შეიძლება მიაბრძანონ ხატი, მივიდეს სასულიერო პირი, ამ შემთხვევაში, ჩემი თავი ჩავთვალე მისათრევად!
- გაქვთ ლექსი, რომელიც არავისთვის წაგიკითხავთ?
- არა, ასეთ ლექსს ჯერ მხოლოდ ველოდები.
- თქვენი საყვარელი პოეტი და რომელი პოეტის გავლენას გრძნობთ?
- თანამედროვე პოეტებიდან, ჩემი სამი მეგობარი; ამირან ჯანჯღავა, ოთო გურგენიშვილი, გურამ ლაცაბიძე, ხოლო ძველებიდან გალაკტიონი მიყვარს. ვაფასებ ილიას კრიტიკას, ვაჟას პოემებს ბავშვობიდან ვკითხულობ, თუმცა არავის გავლენას განვიცდი, ამას, ჩემს ლექსებს, თუ წაიკითხავთ თავად მიხვდებით.
სურვილი მაქვს, რომ რუსთავშიც დაუღამდეს პოეზიას და ეს ქალაქი არ ასოცირდებოდეს, მხოლოდ მეტალურგიასთან და ავტობაზრობასთან, რადგან უამრავი ნიჭიერი ადამიანია, რომლებსაც კულისებში დგომა უწევთ...
- და ბოლოს, რას გვეტყვით...
- მე მილიონში უბრალოდ ვმონეტობ,
და ამ მილიონში მაინც ვპოეტობ.
სიკვდილის ანდერძი
ერთხელ უაზროდ ვფიქრობდი,
დრო კი უჩემოდ მირბოდა,
ხელს ცხელი ჩაით სვითბობდი,
რაღაც სიახლე მინდოდა.
თეთრად ვხედავდი სიბნელეს,
ეჭვებს ვბადებდი ნდობაში,
ასაკს ვპარავდი სიბერეს,
სასმელს ვჯობნიდი თრობაში.
მომავალს ყალბად ვიქმნიდი,
ვსახავდი უმიზნო მიზნებს,
დროში დროებას ვითვლიდი,
მკაცრად ისრებს რომ მიმიზნებს.
წამებს წამებით ვაწამებ,
წყალში დავახრჩობ სისველეს,
სიცივეს თბილით ვამწარებ,
დრო დაღლილობით ისვენებს.
წარსულზე ქვევით ხოხავდა,
ძილში მძინარე ბავშვობა,
მდუმარე სმენით მბოღმავდა,
თვალზე ცრემლების გაშრობა.
სინდისს შავ-ბნელი ამალით,
ცივ ნაფლეთებად ვიცვენდი,
სიკვდილს მოვკლავდი კალამით,
ანდერძად სურვილს მივცემდი.
სიკვდილს ვუსრულებ პირობას,
სურს მასთან ერთად წავიდე,
გზას ვინღა გადამიღობავს,
დროა მიწიდან გავიდე.
უბრალოდ მსურდა ცხოვრება,
სადაც ბავშვობა ნავარდობს,
სიკვდილით სულის ცხონება,
ყველა ცოდვას რომ გაგვანდობს.