შემოგვიერთდით facebook-ზე
ლილი ხურითი: თეატრს კარგი დღეები არ უდგას
29-09-2014, 17:12  /  ნახვა: 3821

ბავშვობიდან თეატრალური ცხოვრება ჰქონდა. ასე რომ დიდი არჩევანის წინაშე არც დამდგარა. 1983 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალური ინსტიტუტი. 1984 წლიდან სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის დრამატულ თეატრში მუშაობს მსახიობად.
გადაღებულია ფილმებში: ,,დონ ჟუანის დაბადება"(დაშა), ,,მიიღეთ გამოწვევა სენიორებო", ,,ბილიკები ცაში"" (ლილი), ,,წერილები ბამიდან", ასევე ქართულ სერიალებში : ,,გოგოები და ბიჭები" და ,,ჩიფსების თაობა." თეატრში 30 მთავარი როლი და უამრავი სხვა პერსონაჟი აქვს განსახიერებული.
-როგორ დაუკავშირდით თეატრს?

-ასე მგონია, მის გარეშე არც არასდროს ვყოფილვარ. რაც თავი მახსოვს, თეატრი ჩემი ყოფის შემადგენელი ნაწილი იყო. სპექტაკლებზე ხშირად დავდიდი, თეატრალური გადაცემებისა და სატელევიზიო თეატრის აქტიური მაყურებელი ვიყავი. გარდა ამისა, თავადაც მქონდა ჩემი ეზოს თეატრი, სადაც ,,მთლად უფროსი" ვიყავი. სპექტაკლებს ვდგამდი და ეზოს ბავშვებთან ერთად სხვადასხვა როლებს ვანსახიერებდი. ჩვენი იტალიური, აივნებიანი ეზო, შესანიშნავი ამფითეატრი იყო და მაყურებელიც კომფორტულად გრძნობდა თავს ჩვენს წარმოდგენებზე.
10 წლის ვიყავი, როცა ნაძალადევის სახალხო თეატრში პატარა გოგონა დასჭირდათ. ჩემმა ნათესავმა, რომელმაც იცოდა ჩემი ,,თეატრალური მოღვაწეობის,, შესახებ, რეკომენდაცია გამიწია. მაშინ თეატრს კოტე მარჯანიშვილის მოსწავლე, ამავე თეატრის ყოფილი მსახიობი, ქალბატონი ანიკო ავლოხაშვილი ხელმძღვანელობდა. ძალიან მოვეწონე და მალე დასის სრულუფლებიანი წევრი გავხდი. ამის შემდეგ, რამდენიმე სეზონი ვთამაშობდი სხვადასხვა სპექტაკლებში მხცოვან მსახიობებთან ერთად. ასე რომ, პროფესიული თეატრის საწყისებს სწორედ იქ ვეზიარე.

ლილი ხურითი: თეატრს კარგი დღეები არ უდგას
როდესაც, თეატრალურ ინსტიტუტში ცხინვალის ჯგუფი აჰყავდათ, ქალბატონმა ანიკომ მირჩია ბედი მეცადა. კომისიის თავნჯდომარე ბატონი დოდო ალექსიძე იყო, ისე მოვეწონე, რომ განაცხადა, ეს გოგონა კონკურსგარეშეაო და მიუხედავად იმისა, რომ თბილისელი ვიყავი, მაინც ჩამრიცხეს ჯგუფში. ინსტიტუტის დამთავრებისთანავე ცხინვალში წავედი. ოსურ დასში ნახევარი წელი ვიმუშავე. 84 წელს კი, სოხუმის თეატრში მიმიწვიეს ,,ვენეციელ ვაჭარში" შაილოკის ქალიშვილის ჯესიკას როლის სათამაშოდ. სპექტაკლს დოდო ალექსიძე დგამდა, შაილოკს კი ბატონი გოგი ქავთარაძე თამაშობდა. სამწუხაროდ ეს ბატონი დოდოს უკანასკნელი სპექტაკლი აღმოჩნდა. ასე შედგა ჩემი დებიუტი სოხუმის თეატრში .
-რას ნიშნავს იყო კარგი მსახიობი?
-იმისათვის რომ კარგი მსახიობი იყო, მარტო ფიზიკური მონაცემები და გარკვეული პროფესიული უნარები არ არის საკმარისი. კარგ მსახიობს თავისი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს საგნების და მოვლენების მიმართ, სამყაროს მიმართ. კარგ მსახიობს სცენაზე ფიქრის ტარება და შემდეგ ამ ფიქრის და ნააზრევის სხვადასხვა საშუალებებით მაყურებლამდე მიტანა უნდა შეეძლოს. რა ფორმით და რა დოზით, გამოიყენებ ამ საშუალებებს , ეს უკვე პროფესიონალიზმისა და გემოვნების საკითხია. მოკლედ,რთული პროფესიაა.
-ძველ პერიოდთან შედარებით იმდენად აღარ სტუმრობენ თეატრს, თქვენი აზრით, ამ შემთხვევაში რა არის ძირითადი პრობლემა?

ლილი ხურითი: თეატრს კარგი დღეები არ უდგას
– სამწუხაროდ თეატრს კარგი დღეები არ უდგას. ამას ობიექტური და სუბიექტური მიზეზები აქვს. დღეს ინტერნეტმა არათუ თეატრი, არამედ ჩვენი ცხოვრების სხვადახვა სფერო მოიცვა და ლამის ჩაანაცვლა კიდეც. გრძნობებს და ემოციებსაც კი ,,სმაილებით" გამოვხატავთ, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ეს ყველაფერი ჩაივლის და თეატრი კვლავ დაიბრუნებს თავის აქტუალობას, რადგან ცოცხალ ურთიერთობებს ვერანაირი ტექნიკა ვერ შეცვლის.
–უამრავ სპექტაკლსა და ფილმში მონაწილეობთ, გვესაუბრეთ ამის შესახებ...
-კინოში უმრავის რა მოგახსენოთ. სტუდენტობისას ხშირად მეძახდნენ გადასაღებად. მერე სოხუმში წავედი. იქ ყველა სპექტაკლში ვიყავი დაკავებული და კინოს დრო არ მქონდა. მერე კინოსტუდიაც გაჩერდა. კინოს იშვიათად იღებდნენ. ახლაც ძირითადად სერილებია. ,,ყავა და ლუდი", ,,ცხელი ძაღლი", " ჩიფსების თაობის" სამი სეზონ,. ეს არის და ეს. თეატრში კი სერიოზული რეპერტუარი მქონდა. შორენა-კგამსახურდიას ,,დიოსტატის მარჯვენა,, მონოსპექტაკლი - ჯ. კოქტოს ,,ადამიანის ხმა", ნინა ზარეჩნაია-ჩეხოვის ,,თოლია", ოქსანა-დუმბაძის ,,ბოშები", სერაფიმა- ბულგაკოვის ,,სრბოლა", ნასტია- გორკის ,,ფსკერზე" ზეინაბი- სუმბათაშვილი-იუჟინის ,,ღალატი,, საიდა-გ. ოდიშარიას -"ზღვა, რომელიც შორია". ჩამონათვალი დიდია. ამ მხრივ ბედს ნამდილად არ ვუჩივი.

ლილი ხურითი: თეატრს კარგი დღეები არ უდგას
-არის პერსონაჟი, რომლის თამაშზეც ოცნებობდით?
-ჩემი მხრიდან უმადურობა იქნებოდა, კიდევ რაიმე როლზე რომ მეოცნება. თან ამის დროც არ მქონდა.რაიმე როლს რომ ითამაშებ, მისგან კი არ თავისუფლდები, არამედ სულ ატარებ და ამუშავებ მას წარმოსახვაში, ვიდრე ახალ როლზე მუშაობას არ დაიწყებ. ახალი როლები კი არ მაკლდა სოხუმის თეატრში. გარდა ამისა, მეტეხის, ათონელისა და ახმეტელის თეატრებშიც ვთამაშობდი მიწვევით.
-არის ისეთი როლი, რომლის პერსონაჟიც თქვენ გგავთ?
- როლზე მუშაობისას, გაქვს გარკვეული ინფორმაცია პერსონაჟის შესახებ. მასალად შენს ემოციურ მახსოვრობას იყენებ და ღებულობ რაღაც ნაზავს. არ შეიძლება არ გგავდეს. ხშირად, ვერც ხვდები შენ გგავს, თუ შენ გავხარ.შენ ემსგავსები, თუ ის გემსგავსება. ძალიან საინტერესო პროცესია.
–რომელ თეატრში უფრო კომფორტულად გრძნობთ თავს?
–სოხუმის თეატრში. ოღონდ ვგრძნობდი.თუმცა როცა მიწვევით ხარ უფრო თავს გევლებიან, მაგრამ სოხუმის თეატრი ჩემთვის სხვა რამე იყო.ჩემი ცხოვრების ნაწილი. 1984 დან იქ ვიყავი და 2010 წელს პოლიტიკური გაუგებრობების გამო გამომიშვეს ძირითად ჯგუფთან ერთად. 4 წლიანი პაუზა მქონდა. ახლა აღმადგინეს, მაგრამ ჩემი დამოკიდებულება არ აღდგა.ეს თეატრი ჩემი სახლი აღარ არის. თუმცა ყველანაირად ვეცდები, რომ მაყურებელმა ეს არ იგრძნოს და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ კონკრეტულ სპექტაკლში ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთო.
ახლახანს, დაბრუნების შემდეგ, პირველად ვითამაშე დათო საყვარელიძის მიერ დადგმულ სპექტაკლში ,,ნავიგატორი". პიესის ავტორია ლაშა ბუღაძე. მე ნავიგატორის ხმა ვარ. დარბაზიდან მიკროფონის საშუალებით ვუწევ პარტნიორობას ჩემს კოლეგას. გაგიკვირდებათ და იმდენივე კომპლიმენტი მივიღე მაყურებლისგან, რამდენსაც სცენაზე თამაშისას ვიღებდი. ამასწინათ ახალგაზრდა რეჟისორის სალომე ჯოგლიძის სპექტაკლში ,,მე მედეა" ვითამაშე. განსხვავებულ სივრცეში, ფაქტობრივად აუდიტორიაში, ნელ-ნელა მივიწევ სცენისკენ. ვნახოთ რა იქნება...
–თუ გქონიათ შემოქმედებით ცხოვრებაში ჩავარდნა?

ლილი ხურითი: თეატრს კარგი დღეები არ უდგას
–მქონდა ის 4 წელი, რომელზეც ზემოთ მოგახსენეთ. ოღონდ ამას ჩავარდნას არა , უფრო პაუზას დავარქმევდი. სოხუმის თეატრის გარეშე ვიყავი, მაგრამ შემოქმედებითი ცხოვრება არ მიმიტოვებია. პირიქით, ,,ობიექტივში" მე და ჩემს დას, ნანას, კვირაში ერთხელ გადაცემა მიგვყავდა, სადაც ჩვენს სტუმრებთან, პოლიტიკოსებთან, მეცნიერებთან და კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან ერთად უამრავ სინტერესო და პრობლემურ საკითხებზე ვსაუბრობდით. ჩვენს გადაცემაში მოდიოდნენ ადამიანები ვისთვისაც სულერთი არ იყო ის, თუ რა ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში. ,,ობიექტივის" სტუდია ჩვენთვის ერთგვარ ტრიბუნად და სცენად იქცა , საიდანაც ჩვენს სათქმელს ვუზიარებდით ჩვენს მაყურებელს. გარდა ამისა, ამ პერიოდში წინასაარჩევნოდ თითქმის მთელი საქართველო შემოვიარეთ. თავიდან შევიცანით ჩვენი ქვეყანა. უამრავი ხალხი გავიცანით და მათ სატკივარს მოვუსმინეთ. ასე რომ, ეს ოთხი წელი შემოქმედებითადაც და ემოციურადაც ძალიან დატვირთული იყო.
–შემოქმედებითი პაუზის დროს, თქვენი მონაწილეობით, მაია ჯაფარიძემ სპექტაკლი "ურჩთა სარეცელი" ნაზი შამანაურის დღიურების მიხედვით დადგა, რა იყო ამ სპეკტაკლში თქვენი მთავარი სათქმელი?

ლილი ხურითი: თეატრს კარგი დღეები არ უდგას

–დიახ, მედია-კავშირმა ,,ობიექტივი" დააწესა ნაზი შამანაურის სახელობის ჯილდო, ამით სიმართლისათვის მებრძოლი ჟურნალისტები დაჯილდოვდნენ. ნაზი შამანაური 1983 წელს, მართალი სიტყვის გამო ჟურნალისტიკას ჩამოაშორეს, შემდეგ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც წამებით გარდაიცვალა. როდესაც, მაია ჯაფარიძესთან ერთად ეს სპექტაკლი გავაკეთეთ, წამების თემა ძალიან აქტუალური იყო. ყოველდღიურად გვესმოდა ინფორმაცია, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არაადამიანური წამების გამო. ჩვენი გზავნილიც ჟურნალისტების მიმართ სწორედ ამ თემას ეხებოდა. ჟურნალისტების პროფესიონალიზმზე და კეთილსინდისიერებაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. ისინი ქმნიან საზოგადოებრივ აზრს და განწყობას. რომ არა ზოგიერთი მათგანის თავდადება, შესაძლოა, 1 ოქტომბერი არც დამდგარიყო. ჩემი ღრმა რწმენით კარგი ჟურნალისტი, ისევე როგორც კარგი მსახიობი, უპირველესად თავისი ქვეყნის კარგი მოქალაქე უნდა იყოს.
–რა მოგწონთ თეატრში როგორც მსახიობს და როგორც მაყურებელს?
–მომწონს, როცა მავიწყდება რომ თეატრში ვარ და ვცხოვრობ იმ სამყაროში, რომელსაც სპექტაკლი მთავაზობს.
–რას ფიქრობთ თანამედროვე მსახიობებზე?
–ვფიქრობ, პროფესიის მიმართ ცოტა ზედაპირული დამოკიდებულება აქვთ და პოპულარობის იოლ გზებს ეძებენ. ძირითადად ასეა. რა თქმა უნდა არის გამონაკლისიც.
–რა სამომავლო გეგმები გაქვთ?
–ჩემი სამომავლო გეგმები რეჟისორებზეა დამოკიდებული. თუმცა, იმ ასაკში ვარ , რომ შემიძლია თავს უფლება მივცე და რაღაცებს აღარ დავთანხმდე. სამუშაო აუცილებელი და საჭირო უნდა იყოს ჩემი პროფესიული ზდისათვის. კინოში საინტერესო შემოთავაზება მაქვს. დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი ამ პროექტში. ჯერ არ მინდა ამაზე საუბარი, თუ გამოვიდა აუცილებლად შეგატყობინებთ.
როგორც გითხარით, 4 წლიანი უთეატრობის დროს უამრავი ემოცია და სათქმელი დამიგროვდა. იმედია მომეცემა საშუალება, რომ ეს ყველაფერი ჩემს მაყურებელს სცენიდან გავუზიარო.
მანამდე კი სოხუმის თეატრთან ერთად, ერევნის ფესტივალზე ვაპირებ წასვლას.

მეგი მაჭარაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა