თეა თუთბერიძე: სასამართლო ახლა უფრო დამოუკიდებელია, ვიდრე სააკაშვილის გუნდის მმართველობის დროს
|
„თავისუფალი ინსტიტუტის" წარმომადგენელი თეა თუთბერიძე, 8 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულსაჯარო ბიბლიოთეკასთან მომხდარ ფაქტებზე დაკითვას ითხოვს, პოლიციაში ამ მოთხოვნით მისვლის მიუხედავად, ის მოწმედ დღემდე არავის დაუკითხავს... მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას, სურვილი არასოდეს გამჩენია პარლამენტში მის ყოველწლიურ მოხსენებას დავსწრებოდი. ახლა კი პროტესტის გრძნობა გამიჩნდა, როცა დავინახე პარლამენტი ერთი ადამიანის ნება-სურვილს დაემორჩილა და 8 თებერვალს პეზიდენტის გამოსვლა ჩაიშალა. დავუკავშრდი კობა ხაბაზს და ვთხოვე, დამსწრეთა სიაში მეც ჩავესვი, ხოლო როცა გავიგე დასწრება თავისუფალი იყო, ჩემს მეგობრებსაც ვთხოვე წამოსვლა. გადავწყვიტეთ, „ქაშვეთის“ უკან შევკრებილიყავით და ისე გადავსულიყავით საჯარო ბიბლიოთეკასთან. შევიტყვეთ, რომ იქ უკვე მისულები იყვნენ ე.წ. პოლიტპატიმრები, რომლებიც სხვადასხვა სააგენტოებთან აცხადებდნენ, რომ იყვნენ ცოცხებით და კვერცხებით შეიარაღებულები, რის გამოყენებასაც პრეზიდენტისთვის და უმცირესობის წარმომადგენელი დეპუტატების წინააღმდეგ აპირებდნენ. ნებისმიერ ადამიანს გვაქვს პროტესტის უფლება, მაგრამ ეს არ უნდა გასცდეს კანონის ჩარჩოებს. ექვსის ნახევარი იქნებოდა, როცა „ბმვ-ს იქს-პიატის“ ფირმის მანქანით მოვიდა ჯაბა ჯიშკარიანი (მე ძალიან მაინტერესებს საიდან ჰყავს ჯაბა ჯიშკარიანს, ასეთი ძვირადღირებული მანქანა, როცა მე პირველი კურსიდან მოყოლებული დღემდე ვმუშაობ და ძველი ავტომობილით დავდივარ. ამ ადამიანს კი ერთი დღეც არ უმუშავია). იქვე იდგა საპატრულო პოლიციის მანქანები და ათამდე პოლიციელი. ჯაბა ჯიშკარიანმა გააღო მანქანის ოთხივე კარი, დაიძახა, ეს თქვენი პრეზიდენტის საპატივცემულოდო და საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართო. რასაც იქვე შეკრებილი ადამიანების პროტესტი მოჰყვა. ვიღაცეებმა გზა გადაკეტეს და შელაპარაკება დაიწყეს. ყველას ვთხოვე, რომ ამ პროვოკაციას არ წამოგებოდნენ. საჯარო ბიბლიოთეკისკენ პოლიციამ პირდაპირი გზით არ გაგვიშვა და ქვედა ქუჩაზე ჩავედით, სადაც დეპუტატი ზურაბ ჯაფარიძე, სერგო რატიანი და ჩიორა თაქთაქიშვილი შემოგვხვდნენ. ერთად ავუყევით გზას, საჯარო ბიბლიოთეკისკენ. იქ რამდენიმე დამიანმა სცადა სიტყვიერი შეურაცყოფის მოყენება. მალე გიგი უგულავას მანქანა გაჩერდა, გადმოვიდა რამდენიმე ადამიანთან ერთად და წინ წავიდა. ბიბლიოთეკასთან არცერთი პოლიციის მანქანა არ გვინახავს და ამ შეხლა-შემოხლის ადგილზე, მხოლოდ სამი პოლიციელი იყო, რომლებსაც, ასევე შეურაცყოფას აყენებდნენ, რაც ჩემთვის ძალიან მიუღებელია. „დაჩმორებული“ პოლიცია ქვეყანაში წესრიგს ვერ დაიცავს. სასაცილოა შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს ფურცელაძის ქუჩიდან ბოლომდე პოლიციის კორიდორი იყო. მანახონ კადრები სად იყო ეს პოლიცია?! იმის ნაცვლად, რომ ყველაფერი ობიექტურად გამოიძიონ. მთაწმინდა-კრწანისის პოლიციის განყოფილებაში გამოვცხადდი და განვაცხადე, რომ ჩვენების მიცემა მსურდა, იმასთან დაკავშირებით, რაც ვნახე. მითხრეს, რომ თუ საჭიროდ ჩათვლიდნენ დამიკავშირდებოდნენ. თუ კი ობიექტურობის დადგენა უნდათ სამართალდამცავ ორგანოებს, მაშინ ყველა ის პირი უნდა დაკითხონ, ვინც უშუალოდ ვიყავით მომსწრე და თვითმხილველნი. - რა მდგომარეობაა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში? - ამჟამად ციხეებში შესვლის უფლება არ მაქვს, თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ ამის უფლება მექნება. პატიმრების და ციხეების თემით სპეკულირების მომხრე არ ვარ, ეს კარგს არაფერს მოგვიტანს და ამის შედეგებს ძალიან მალე მოიმკის საზოგადოება. ციხეში ფრთიან ანგელოზებს არავინ ამწყვდევს. სხვა საკითხია ის, რაც ჩვენ ვნახეთ, რომ აუპატიურებდნენ, აწამებდნენ პატიმრებს და ა.შ. რაც შეეხება ბაჩო ახალაიას ირგვლივ აგორებულ კამპანიას, იგი 2005 წლის შემოდგომაზე დაინიშნა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსად და ეს ის პერიოდი იყო, როდესაც ქუთაისის ნომერ მეორე დაწესებულებაში ბუნტი დაიწყო. მაშინ, პატიმრები უარს აცხადებდნენ, ძველი ციხიდან ახალ დაწესებულებაში გადაყვანაზე, რადგან იქ აღარ ექნებოდათ მობილური ტელეფონები, ნარკოტიკული საშუალებები და ა.შ. ახალაიას წინააღმდეგ ბრძოლა კანონიერმა ქურდებმა, კრიმინალურმა ავტორიტეტებმა, ე.წ. „მაყურებლების“ ოჯახის წევრებმა და კრიმინალური მენტალიტეტის მქონე პოლიტიკოსებმა დაიწყეს. ეს იყო ადამიანი, რომელიც დაუპირისპირდა მთელ კრიმინალურ სამყაროს. ბაჩო ახალაიას პერიოდში პატიმრების ცემას და წამებას ადგილი არ ჰქონია... საუნა „პალმების„ მფლობელი, ზვიად აბესაძე, ორჯერ არის ნასამართლევი, ერთხელ 1996 წელს, როცა დამნაშავე ჯგუფთან ერთად, ქუთაისის შესასვლელში, ავტობუსი დააყაჩაღა და სასჯელსაც იხდიდა. ხოლო მეორედ, 2006 წელს თაღლითობაზე დააკავეს. შემდეგ, წლების განმავლობაში, შსს-ს აგენტი იყო, მართალია აგენტობა დანაშაული არ არის, მაგრამ როდესაც, ასეთი ადამიანის ჩვენების საფუძველზე იჭერ ახალაიას, სასაცილოა. მან ბრალი დასდო, რომ თითქოს აღუკვეთეს თავისუფლება და წაართვეს მანქანა. თეა წულუკიანის და არჩილ კბილაშვილის ვალდებულებაა ობიექტურად გამოიძიონ და ისე წაუყენონ ბრალი ბაჩო ახალაიას, არათუ ტელევიზიით საზოგადოება „დააბოლონ“. - როგორ ფიქრობთ, მონიტორინგის ჯგუფში უნდა იყვნენ თუ არა ჟურნალისტები? - თუ უნდათ, რომ ეს სისტემა გამჭვირვალე იყოს, რაღაც კრიტერიუმები უნდა დააწესონ. აუცილებლად მივმართავ შესაბამის საბჭოს და მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ საქართველოში, თუ ვინმეს აქვს უფლება ციხეებში შესვლის, გამოცდილებიდან გამომდინარე, ერთ-ერთი უნდა ვიყო მე, რადგან ჩემზე მეტი გამოცდილება მონიტორინგის ჯგუფში მუშაობის არავის აქვს. - რას იტყვით ამნისტიის შესახებ? - ამ კანონის შედეგები, ძალიან მალე აისახება ქვეყანაში მცხოვრებ საზოგადოებაზე. შეიძლება ეს არის ჰუმანური აქტი და რაღაც კუთხით მისაღებია, მაგრამ ვფიქრობ, ქვეყანაში კრიმინოგენულ ვითარებას გააუარესებს. ამნისტიის მიღებისას, უნდა გქონდეს კონკრეტული გეგმა, რას სთავაზობ ციხიდან გამოსულ ადამიანს. როცა პატიმარს ციხიდან უშვებ და არაფერს სთავაზობ, გამოდის, რომ მას ბედის ანაბარა ტოვებ. მაშინ ისევ დაიწყებს ქურდობას და გააუბედურებს სხვა ადამიანებს. ისინი ვერ შეუვარდებიან ეკა ბესელიას და დავით უსუფაშვილს პარლამენტში, რადგან მათ აქვთ შესაძლებლობა, საკუთარი თავი დაიცვან, მაგრამ, რა უნდა ქნას ჩვეულებრივმა ადამიანმა?! ძალიან მაინტერესებს ყველაფერ ამაზე პასუხისმგებლობას როგორ იღებს თინა ხიდაშელი, ეკა ბესელია, დავით უსუფაშვილი, ან ნებისმიერი ის დეპუტატი, რომელმა დეპუტატმაც ამ კანონს პარლამნტში ხმა მისცა?! - როგორ ფიქრობთ, დღეს სასამართლო დამოუკიდებელია? - ამაზე ცალსახად საუბარი რთულია. სამწუხაროდ, დამოუკიდებელი სასამართლო ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის პრობლემას წარმოადგენდა. თუმცა სასამართლო დღეს გაცილებით დამოუკიდებელია, ვიდრე ეს იყო, თუნდაც სააკაშვილის გუნდის მმართველობის პერიოდში. დღეს არის მცდელობა, რომ სასამართლო კვლავ პროკურატურის გავლენის ქვეშ მოექცეს. რისი პირდაპირი, თუ აშკარა სურვილი აქვთ თეა წულუკიანსა და პროკურატურას, რაც ჩემთვის ისეთივე მიუღებელია, როგორიც იყო ადეიშვილის მიერ კონტროლირებადი პროკურატურა. სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი და ძლიერი. - მიგაჩნიათ თუ არა მართებულად, რომ მოქმედი მოსამართლეები იუსტიციის საბჭოს შემადგენლობაში უნდა შედიოდნენ? - წარმოდგენილი პროექტი გაუმართლებლად მიმაჩნია. ცვლილების თანახმად მთავრობის და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო მთლიანად უქმდება მისი დღევანდელი შემადგენლობით, ანუ ყველა წევრს უწყდება უფლებამოსილება. ამ პროექტის მიხედვით, მოქმედ პირს უწყდება უფლებამოსილება და სამ კვირაში ახალი შემადგენლობა უნდა იქნას არჩეული. კანონის მიზანია, მოსამართლე წევრების გაშვება და საუბარია საზოგადოების წრმომადგენლების ჩანაცვლებაზე, რომლებსაც პარლამენტი აირჩევს. ამ თანამდებობებს, როგორც ჩანს გარკვეული მოსამართლეები - ნინო გვენეტაძე და ნანა კაკაბაძე დაიკავებენ. ადვოკატი კი, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს წევრი, თუ ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელის რეკომენდაცია ექნება. გარედან შეყვანილ ადამიანებს, უფლება ეძლევათ მოსამართლეები გაათავისუფლონ, რაც არანაირ სტანდარტში არ ჯდება. ერთეული პირების ნება-სურვილს და ახირებებს არ შეიძლება შეეწიროს სასამართლო სისტემა. უკან დაბრუნება |