ათი წლის უკან გაიცნო ხალხმა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა, მის მიერ შესრულებულმა სიმღერამ - "ბინდისფერია სოფელი". პროფესიით ექიმმა, მაშინ, ქართულ მოტივებზე გადაღებული კლიპით, საზოგადოების სიყვარული დაიმსახურადა. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მსმენელს ახლა თავი განსხვავებული ჟანრის სიმღერით - "სიყვარულის არმია" შეახსენა, რომელმაც Youtube-ზე მნახველთა რაოდენობით რეკორდი მოხსნა. სიმღერამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, იყო აზრთა სხვადასხვაობა, კრიტიკა... პაატა თედიაშვილი: 4 წლიდან ვცეკვავ. სკოლა ხაშურში დავამთავრე. მეცხრე კლასში ვიყავი, როცა სტუდიაში ცეკვის მასწავლებლად მუშაობა დავიწყე. მოგვიანებით, დედასთან და დასთან ერთად საკუთარი სტუდია ,,ოქროს ფარი" გავხსენი. სკოლის დამთავრების შემდეგ, თბილისში ჩამოვედი და სამედიცინო განათლება მივიღე. პროფესიით თერაპევტი ვარ. სამი წელი სასწრაფო დახმარების სამსახურში ვიმუშავე, ამავდროულად ,,ერისიონის" ბაზაზე არსებულ ზაალ ჭუმბურიძის ჯგუფში ვცეკვავდი. ასევე, მეორე საესტრადო ვოკალის განხრით ვისწავლე ოთარ ტატიშვილთან. - ახლა რას საქმიანობთ? - ვმუშაობ საქართველოს პროფკავშირების შემოქმედთა კავშირში, ქალბატონ სვეტლანა ჩოჩუასთან, ღონისძიებების წამყვანად, თანაორგანიზატორად. - როგორ შეაფასებთ დღევანდელ ქართულ შოუ-ბიზნესს? - ქართული შოუბიზნესი არსებობდა, შემდეგ მოკლეს, დღეს ცდილობს აღდგეს. ხანდახან ლეთარგიულ ძილს მიეცემა ხოლმე. კომერციული პერსონების დეფიციტია, სიმღერა და ქავერიზაცია არ არის სამამულო შოუბიზნესი. ეს, დიდი სიცრუეა. ბევრი ნიჭიერია და საკუთარი თავი ვერ უპოვია. - დღეს მომღერალს საქართველოში სიმღერით ცხოვრება შეუძლია? - თუ რესტორანში იმუშავებს, მცირე შემოსავალი ექნება. რესტორანი კლავს პერსონალურ შემოქმედებას. მხოლოდ კონცერტებით ვერ იცხოვრებს, საჭიროა მეორადი პროფესიაც. - დიდხანს არ ჩანდით აქტიურად, თქვენმა გამოჩენამ კი აღტაცება გამოიწვია, ყველა თქვენს ახალ სიმღერას მღერის, ეს გათვლილი გქონდათ? - ნაწილობრივ კი, თუმცა სიმღერამ უფრო მეტი აჟიოტაჟი შექმნა, ვიდრე ველოდით. იყო აგრესია, კრიტიკა, დადებითი რეცენზიებიც. სოციალურ ქსელში საზოგადოებამ საკუთარი თავი გამოაჩინა. მიხარია, ამდენი რემიქსი, ქოუბი და კომიქსი რომ შეიქმნა. ეს, სრული რეკორდია. ბედნიერი ვარ, რომ ათი წლის შემდეგ, ეს მაინც შევძელი. - რატომ გახდა დასაცინი და სალაპარაკო ეს სიმღერა? - ამ სიმღერით ბოროტი განზრახვა არ მქონია, ადამიანებმა საკუთარ თავს დასცინეს. კარგია, რომ ეღიმებათ, ეცინებათ, ერთობიან, წერენ საშაყირო კომენტარებს, ეს ძალიან კარგია. - ვის ეკუთვნის სიმღერა "სიყვარულის არმია" და თვითონ თუ მოგწონთ? - ტექსტი ჩემია, მელოდია სხვას ეკუთვნის. გემოვნება ინდივიდუალური საკითხია, ვისთვის როგორ?! ქართველი ახალგაზრდობა აღარ უსმენს ქართულ საესტრადო სიმღერებს. ეს სიმღერა კი ყველა თაობამ მოისმინა და ინდივიდუალურადაც აღიქვა. მაინტერესებს, უფრო გემოვნებიანი პროდუქტი, რომელსაც ამხელა გამოხმაურება ჰქონია?! რეპერტუარში მუსიკალური თვალსაზრისით ბევრი ღირებული სიმღერები მაქვს, მაგრამ... - თავისუფალ დროს რას აკეთებთ? - თავისუფალ დროს ვნახულობ მეგობრებს, ვწერ მელოდიას, ლექსს, ვქმნი ესკიზს, ვკითხულობ. ბოლო დროს სპორტდარბაზში ვვარჯიშობ. - სამომავლო გეგმებზე გვესაუბრეთ. - მალე ქობულეთი-ბათუმისკენ ათ დღიან ფესტივალს წავუძღვები. ასევე, მინდა ბოდრუმში ქართველ მეგობრებთან ჩავიდე, ცოტას დავისვენებ. შემდეგ ახალ სიმღერაზე ვიმუშავებ. ვისარგებლებ შემთხვევით და დიდ მადლობას გადავუხდი ყველას, ვინც ჩემს სიმღერას სხვადასხვა აზრით, თუ დანიშნულებით აზიარებდა. მათ გახადეს დღეს პოპულარული ეს სიმღერა. მადლობა ყველა ჟურნალს, რადიოს, თუ ტელევიზიას, ყველა ჟურნალისტს. ჩემს მებობრებს და ჩემს ოჯახს. თიკო ბეკოშვილი (სპეციალურად საიტისთვის)
უკან დაბრუნება
|