წმინდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ცხოვრება და ღვაწლი

წმიდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედი (257-351) — მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსი. მართლმადიდებელი, კათოლიკური, ანგლიკანური და ლითერანული ეკლესიის წმინდანი. (ხსენების დღე არის ძველი სტილით 6 დეკემბერი და 9 მაისი ახალი სტილით - 19 დეკემბერი და 22 მაისი.)

ბავშვობა, ყმაწვილკაცობა
წმიდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედი, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსი, ლუკიის ოლქის პათარში (მცირე აზიის ნახევარკუნძულის სამხრეთ სანაპიროზე) დაიბადა ქრისტეს შობიდან 257 წელს. მის კეთილმსახურ მშობლებს – თეოფანესა და ნონას – შვილი დიდხანს არ ეძლეოდათ და მხურვალედ ევედრებოდნენ უფალს მემკვიდრის მონიჭებას, თან აღთქმა დადეს, რომ თუ სათხოვარი შეუსრულდებოდათ, ნანატრ შვილს უფალსვე შესწირავდნენ. ბოლოს წრფელი გულით აღვლენილი ლოცვა შესმენილ იქნა და ნონამ შვა ძე, რომელსაც ნიკოლოზი დაარქვეს. წმიდანმა დაბადებისთანავე აღასრულა პირველი სასწაული: მშობიარობის შემდეგ დედამისი ხანგრძლივი სნეულებისგან განიკურნა. ახალშობილი ყრმა ნათლისღებისას ემბაზში ფეხზე იდგა ყველას დაუხმარებლად. წმიდა ნიკოლზმა მარხვაც ჩვილობაში დაიწყო: ოთხშაბათობით და პარასკევობით მხოლოდ ერთხელ იღებდა დედის რძეს, მას შემდეგ, რაც მშობლები საღამოს ლოცვით კანონს აღასრულებნდენ.
ნიკოლოზი სიყრმიდანვე საღვთო წერილით იწვრთნებოდა; დღისით ტაძარში იყო, ღამით კი ლოცულობდა და წმიდა წიგნებს კითხულობდა. წმიდანის ბიძამ, პათარის ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა, რომელსაც მეტად ახარებდა ძმისწულის სულიერი წინსვლა და ღვთისმოშიშება, ჯერ მედავითნედ დაადგინა იგი, შემდეგ კი მღდვლად აკურთხა. ხელდასმის დღეს სულიწმიდის მადლით აღვსილმა მღვდელმთავარმა სამწყსოს წმიდა ნიკოლოზზე მიუთითა და თქვა: "ძმანო! მე ვხედავ ახალ მზეს, ამომავალს ქვეყნად ყოველთა მწუხარეთა ნუგეშინისცემად. ნეტარ არს სამწყსო, რომლის მწყემსიც იგი შეიქნება".
ბიძამ ნეტარი ნიკოლოზი მხარში ამოიყენა და მრევლის წინაშე ქადაგებების წარმოთქმა დაავალა. საოცარი სარწმუნოებითა და გონიერებით გამორჩეული ჭაბუკი მორწმუნეებში ღრმა პატივისცემას იწვევდა.
წმინდა ნიკოლოზის გაკვეთილი ურწმუნოთათვის
წმიდა ნიკოლოზი მეტად გულმოწყალე იყო: მშობლების გარდაცვალების შემდეგ იგი მთელ ქონებას გლახაკებს ახმარდა. ერთხელ ერთმა მეტად შეძლებულმა კაცმა მთელი ქონება დაკარგა და უკიდურესი გაჭირვებიდან თავი რომ დაეღწია, გადაწყვიტა, სამი მოწიფული ასული საროსკიპოში მიეცა. ამის შესახებ რომ შეიტყო, შეძრწუნებულმა მღვდელმთავარმა მას ღამით, ფარულად, ფანჯრიდან სამი ქისა ოქრო შეუგდო და ოჯახი დაცემისა და სულიერი დაღუპვისგან იხსნა. წმიდა ნიკოლოზი ცდილობდა, კეთილი საქმეები მუდამ უჩუმრად ეკეთებინა. სურდა, რომ ისინი მხოლოდ უფლის წინაშე ყოფილიყო გაცხდებული.
ერთხელ პათარის ეპისკოპოსი იერუსალიმის მოსალოცად გაემგზავრა და სამწყსოზე ზრუნვა ნეტარ ნიკოლოზს გადააბარა. უფლის რჩეულმა სიყვარულით აღასრულა მორჩილება, მღვდელმთავრის დაბრუნების შემდეგ კი გამოითხოვა კურთხევა წმიდა მიწის მოლოცვაზე.
ნიკოლოზი იერუსალიმში, საღვთო ხილვა
იერუსალიმში ჩასულმა ნიკოლოზმა უპირველესად გოლგოთას მიაშურა, შემდეგ კი ქრისტეს მიწიერ ცხოვრებასთან დაკავშირებული სხვა წმინდა ადგილებიც მოილოცა. სიონის მთაზე ღამით ასული მამის წინაშე ტაძრის დახშული კარები თავისით გაიღო. ბოლოს ნეტარმა გადაწყვიტა, უდაბნოში გასულიყო სამოღვაწეოდ, მაგრამ ზეციურმა ხმამ შეაჩერა და სამშობლოში დაბრუნება უბრძანა. განმარტოების მაძიებელი ღირსი მამა ლუკიაში წმიდა სიონად წოდებული სავანის ძმობაში შევიდა, მაგრამ უფალმა ისევ მიანიშნა, რომ ეს არ იყო მისთვის განმზადებული სამკალი და ერში გასვლა უბრძანა. საღვთო ხილვაში მაცხოვარმა ძვირფას ყდაში ჩასმული სახარება გაუწოდა ნეტარს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა კი – ომოფორი.
ნიკოლოზი მღვდელმთავრად აირჩიეს
იმჟამად ქალაქ მირონში მთავარეპისკოპოსი გარადაცვლილი იყო და ახალი მღვდელმთავრის არჩევა მიმდინარეობდა. სხვადასხვა ქალაქებიდან შემოკრებილი ეპისკოპოსები მკაცრ მარხვასა და გაძლიერებულ ლოცვას მისცემოდნენ ამ მნიშვნელოვანი მოვლენის წინ. ამ დროს ერთ-ერთ მათგანს უფალი გამოეცხადა და უბრძანა, რომ ღამით ტაძრის კარებთან დამდგარიყო: "პირველი, ვინც შემოვა, ჩემი რჩეულია, მას ნიკოლოზი ჰქვია". ამასობაში ნეტარი ნიკოლოზი მირონში ჩავიდა და იმ ღამითაც, ჩვეულებისამებრ, ტაძარში წავიდა ცისკრის ლოცვების მოსასმენად. როცა კარებთან მდგარმა ეპისკოპოსმა საყდარში პირველად შემოსულის სახელი შეიტყო, ხელი ჩაჭიდა მას და უფლის რჩეულის მოლოდინში იქვე თავმოყრილ სხვა მღვდელმთავრებს შორის ჩააყენა. ხმა მომხდარის შესახებ სწრაფად გავრცელდა ქალაქში და სულ მალე ურიცხვი ხალხი მოაწყდა ტაძარს. "მიიღეთ, ძმებო, თქვენი მწემსმთავარი, რომელიც თავად სულიწმიდამ სცხო და თქვენს სულებზე ზრუნვა მიანდო; რომელიც ადამიანთა კრებულის მიერ კი არა, თვით ღვთის განგებულებითაა დადგენილი!" – მიმართა შეკრებულებს ზეციური ხილივით ჩაგონებულმა ეპისკოპოსმა.
დიოკლეტიანეს აღზევება
მირონ–ლუკიის ეკლესიის მესაჭედ დადგინების შემდეგაც განაგრძობდა წმიდა ნიკოლოზი მოსაგრე ცხოვრებას და სამწყსოს სიმდაბლის, სიმშვიდისა და კაცთმოყვარეობის მაგალითს აძლევდა. ამასობაში იმპერატორმა დიოკლეტიანემ (284–305) ქრისტიანთა სასტიკი დევნა დაიწყო. წმინდა ნიკოლოზი არ შემდრკალა – კვლავ ახოვნად ქადაგებდა ღვთის სიტყვას, რისთვისაც შეიპყრეს და სხვა მართლმორწმუნეებთან ერთად საპყრობილეში ჩააგდეს. აქ იგი კარგა ხანს იყო გამომწყვდეული, მოთმინებით იტანდა სატანჯველებს და განამტკიცებდა თანაპყრობილებს. ბოლოს დევნა შეწყდა, ტახტზე წმიდა მოციქულთა სწორი კონსტანტინე დიდი (306–337) ავიდა, რის შემდეგაც ნეტარი მწყემსთავარი თავის სამწყსოს დაუბრუნდა.
ნიკოლოზი ერესის წინააღმდეგ
325 წელს წმიდანი მონაწილეობდა ნიკეის I მსოფლიო საკლესიო კრებაზე, რომელმაც ნიკეის სარწმუნოებოს სიმბოლო – მრწამსი – მიიღო. გადმოგვცემენ, რომ არიოზთან საღვთისმეტყველო კამათში ჩაბმულმა წმიდა ნიკოლოზმა ვერ გაუძლო ერეტიკოსის ღვთისმგმობელი სიტყვების მოსმენას და მთელი თავყრილობის თანდასწრებით კვერთხი ჩაარტყა ბილწ ერეტიკოსს. ამისთვის წმიდანს ხარისხი აჰყარეს, მაგრამ კრების რამდენიმე მამამ საღვთო ჩვენებით იხილა, რომ ნეტარს ერთ მხარეს მაცხოვარი ედგა სახარებით ხელში, მეორე მხარეს კი – ღვთოსმშობელი ომოფორით და, საღმრთო ჩვენებით, კვლავ მღვდელმთავრის პატივში აღადგინეს უფლის რჩეული.
ნაბუტიანოსის, აფრისიონისა და არბიდიანას ხსნა
წმიდა ნიკოლოზმა სიცოცხლეშივე მრავალი სასწაული აღასრულა. მათგან ნეტარს განსაკუთრებით გაუთქვა სახელი ვერცხლისმოყვარე ქალაქის თავის მიერ უსამართლოდ სიკვდილ მისჯილი სამი კაცის გადარჩენამ. სულიწმიდის მადლით გაძლიერებული მღვდელმთავარი გაბედულად მიეჭრა ჯალათს, უკვე ამართული მახვილი ხელიდან გამოსტაცა და მიწას დაანარცხა. წმიდა ნიკოლოზის მიერ უმსჯავრობაში მხილებული ქალაქის თავი სინანულში ჩავარდა და შენდობა ითხოვა. ამ ამბებს იმპერატორ კონსტანტინეს მიერ ფრიგიაში შფოთის ჩასაცხორაბად გაგზავნილი მხედართმთავრები: ნაბუტიანოსი, აფრისონი და არბიდიანიც შეესწრნენ. მაშინ მათ აზრადაც არ მოსდიოდათ, რომ მალე თავადაც დასჭირდებოდათ წმიდა ნიკოლოზის შეწევნა. ფრიგიიდან გამარჯვებულ სარდლებს მათდამი შურით აღძრულმა სხვა მხედართუფროსებმა სამეფო ტახტის წინააღმდეგ შეთქმულების მზადება დასწამეს და იმპერატორთან დაასმინეს. განრისხებულმა კონსტანტინემ ბრძანა, ნაბუტიანოსი, აფრისიონი და არბიდიანა დაუყოვნებლივ შეეპყროთ და სიკვდილით დაესაჯათ. საკანში გამომწყვდეულ სასოწარკვეთილ მსჯავრებულებს მირონ-ლუკიის წმიდა მღვდელმთავარი მოაგონდათ და მხურვალე ლოცვით მეოხება გამოითხოვეს მისგან. რწფელი გულით აღვლენილი ვედრება უპასუხოდ არ დარჩენილა: წმიდა ნიკოლოზი სიზმრისეულ ჩვენებაში გამოეცხადა კონსტანტინეს და უბრძანა, გაეთავისუფლებინა უსამართლოდ შეპყრობილი მხედართმთავრები.
ნეტარის მიცვალება
ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის საფლავი ბარიში
მღვდელმთავარმა ნიკოლოზმა ღრმა მოხუცებულობას მიაღწია და მშვიდობით მიიცვალა 345-351 წლებში. მისი მირონმდინარე წმიდა ნაწილები ადგილობრივ საკათედრო ტაძარში იყო დაბრძანებული და მრავალ სნეულს კურნავდა. 1087 წელს ეს სიწმინდე იტალიის ქალაქ ბარში გადაასვენეს.
წმიდა ნიკოლოზი მიცვალების შემდეგაც ურიცხვ სასწაულს აღასრულებს: "ვერვინ შემძლებელ არს აღრაცხად მათა: რავდენნი სნეულნი განკურნნა, ანუ რავდენნი ეშმაკეულნი განათავისუფლნა და რავდენთა ჭირვეულთა მსწრაფლ შეეწია და საპყრობილესა შინა შეწყდომილნი და მწუხარენი მყის განარინნა და რავდენთა ზღუასა მოწყუდეულთა და განწირულთა მსწრაფლ მჰნე ექმნა და განმარინებელ და რავდენთა უდაბნოს მხადელთა მისთა გამოეცხადა და მოგზაურთა თანა-მავალ ექმნა და მცველ..."
ტროპარი
"კანონად სარწმუნოებისა, და ხატად სიმშვიდისა, და მოძღვრად მარხვისა გყო შენ ქრისტემან, სამწყსოსა შენისათჳს ჭეშმარიტებით, ამისთჳსცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმინდაო მღვდელთმთავარო ნიკოლაოს, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათჳს."
კონდაკი
"მირონით გამო, წმიდაო, მსხვერპლის შემწირველად გამოსჩნდი, რამეთუ შენ ქრისტეს სახიერებაჲ აღასრულე, და დასდევ სული შენი ერისა მისთვის შენისა, და იხსენ უბრალონი სიკვდილისაგან, ამისთვისცა წმიდა იქმენ შენ, დიდი მესაიდუმლე მადლისა ღმრთისა."

 


უკან დაბრუნება