გენრი დოლიძე: გული მწყდება, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ჩემი ხელმოწერა არ არის

ჩვენთან ინტერვიუს და საკუთარი თავის დახასიათებას, ცნობილი პოეტი გენრი დოლიძე შემდეგი სიტყვებით იწყებს: - არ ვარ გამორჩეული, მაგრამ არც ჩვეულებრივი მოქალაქე - მამა და შვილი, მოსწავლე და მასწავლებელი, მევალე და მოვალე, მკითხველი და პოეტი, მაყურებელი და რეჟისორი, მიმდევარი და ლიდერი, წინაპარი და შთამომავალი, გააჩნია ვინ რა დამოკიდებულებაშია ჩემთან.... ვწერ ლექსებს, პიესებს, ვმუშაობ ტელევიზიაში... ვერ ვიტან კლიშეებს, ვცდილობ ვიყო ორიგინალური... თუმცა არა მხოლოდ გამორჩეულობისათვის... ყველგან ვეძებ ჩემს ინდივიდუალურ ადგილს... თუმცა ისეც ხდება რომ, ზოგჯერ მასის წევრი ვარ...
- როდის დაწერეთ პირველი ლექსი?
- არ მიყვარს ეს შეკითხვა, რადგან იმ ,,ლექსს", რომელიც ყველაზე ადრე დავწერე, კავშირი არ აქვს ნამდვილ პოეზიასთან. ნამდვილი ლექსი, რომელსაც ახლაც მოვაწერ ხელს, - 19 წლის ასაკში...
- ძირითადად როდის წერთ?
- როდესაც ემოციური შთაბეჭდილების ქვეშ ვარ.
- გყავთ თუ არა კონკრეტული მუზა?
- ყველა ლექსს თავისი რეალური მიზეზი და შთაგონების წყარო აქვს (ჰყავს).
- თქვენი საყვარელი ლექსი და ვის ან რას ეძღვნება?
-უფალს
(თამარისათვის)
მინდა მოვაბრუნო თანაც,
მინდა დავანახო მთავარი,
ღმერთო, გადმოხედე თამარს!
ღმერთო, დაიფარე თამარი!
ღამის ლოცვასავით თბილი,
ასეთს გადაიტანს აწ რამდენს?
შენსკენ გამოუდგა ბილიკს,
ღმერთო, მიაცილე ტაძრამდე...
შენც ხომ გაგიჭირდა ღმერთკაცს
ჯვარის გოლგოთამდე ტარება?!
შენც ხომ გვერდით ვიღაც გედგა,
ღმერთო, არ მიხურო კარები!
ვიცი, ძლიერ უჭირს ზიდვა,
(ხედავ, არ გჭირდება ჩემი თქმა),
თუკი დასჭირდება,
მზად ვარ მხარზე მისი ჯვარიც შევიდგა!
შენს წინ სნეულივით ვდგავარ,
შენ ხარ კურნებაც და წამალიც,
ღმერთო, შეეწიე თამარს!
ღმერთო, დაამშვიდე თამარი!
-თქვენი საყვარელი პოეტი?გენრი დოლიძე: გული მწყდება, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ჩემი ხელმოწერა არ არის
- ბევრია ძალიან... ვაჟა, გალაკტიონი, ლადო, შოთა ნიშნიანიძე, მურმანი, მორის ფოცხიშვილი, არჩილ ფირცხალავა... ცოცხლებიდან: ლია სტურუა, ვახტანგ ღლონტი, რეზო გეთიაშვილი, ჯემალ ინჯია...
- ხომ არ არის თქვენს პოეზიაზე ვინმეს გავლენა?
- ვერ გეტყვით... შეიძლება ქვეცნობიერად იყოს ასეთი პროცესი, მაგრამ, თუ შევატყვე ვცდილობ შევცვალო ლექსი... განწყობა...
- სულ რამდენი ლექსი და კრებული გაქვთ?
- არ დამითვლია ნამდვილად... კრებულს რაც შეეხება - 3 პოეტური კრებულის და სამი პიესის ავტორი ვარ.
- ხშირად ეწყობა თქვენი შემოქმედებითი საღამოები?
- მკითხველს თავი არ უნდა მოაბეზრო, პირიქით შენი გამოჩენა უნდა ენატრებოდეს, მაგრამ ისეც არ შეიძლება, რომ საერთოდ დაიკარგო და დისტანცირდე იმ ადამიანებისგან, ვისითაც აზრი ეძლევა შენს შემოქმედებას და მწერლად არსებობას. ამის გათვალისწინებით, ვცდილობ არც ხშირად, მაგრამ არც იშვიათად, ზომიერი პერიოდულობით გავმართო საღამოები.
- სად შეუძლია მკითხველს მოიძიოს თქვენი პოეზია?
- ჩემი ლექსები კრებულების გარდა ხელმისაწვდომია ინტერნეტ-სივრცეშიც, www.litklubi.ge-ზე და ფეისბუქზე.
- დასამახსოვრებელი თაყვანისმცემელი გყავთ?
- კი, ასეთი ბევრია და შემდგომში ჩვენი ურთიერთობა ახლო მეგობრობაში გადაიზრდება ხოლმე, რადგანაც მე დისტანციური და ნელთბილი ურთიერთობა არ შემიძლია. ამ ეტაპზე გამოვყოფდი მარიამ ხოზრევანიძეს, ჩემი ფეისბუქ ფრენდია და ყველაზე აქტიურად ეცნობა ჩემს პუბლიკაციებს, ესწრება ყველა ღონისძიებას და ა.შ.
- რა ხდება თქვენს პირად ცხოვრებაში?
- ის რაც უნდა ხდებოდეს წესიერი, მეოჯახე დაქორწინებული მამაკაცის ცხოვრებაში. მყავს მეუღლე - ჩემი განუყრელი მეგობარი, თანამშრომელი, თანამოაზრე, შვილი - ჩემი მამოძრავებელი ძალა... ასევე, ველოდები მეორე შვილს.
- როგორი ქალბატონები მოგწონთ?
- არ მომწონს დომინანტი, ზეაქტიური, ვულგარული და ტეტია ქალები. ვაღმერთებ, რა თქმა უნდა, ლამაზ, ნაზ, ინტელექტუალ(!), ღრმა აზროვნების ქალებს.
- ამჟამად რას საქმიანობთ?
- ამჟამად ვმუშაობ განახლებულ აჭარის მწერალთა სახლში. მაქვს ძალიან სასიამოვნო და სასარგებლო თანამდებობა... კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების მენეჯერი ვარ და ვმუშაობ არაერთ კრეატიულ პროექტზე. ასევე აჭარის ტელევიზიაში ვამზადებ გადაცემას ,,ოქროს ფონდი", რომელიც მარტის თვიდან გავა ეთერში.
- რა სიახლეებს პირდებით მკითხველს?გენრი დოლიძე: გული მწყდება, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ჩემი ხელმოწერა არ არის
- ლექსი ისეთი მოულოდნელი და სტიქიური მოვლენაა, ამ მხრივ სიახლეების პროგნოზირება გამიჭირდება. რაც შეეხება დრამატურგიასა და თარგმანებს, ამ მიმართულებით მუხლჩაუხრელად ვმუშაობ.
- თუ გაგვიმხელთ თქვენს ოცნებას?
- კუნძული მინდა მქონდეს და მხოლოდ ნიჭიერი ხელოვანებით დავასახლო.
- თქვენი საყვარელი ფრაზა.
- ,,ვერ დაივიწყებ ვინც გიყვარს, შეყვარებული დარჩები".
- თქვენი ჰობი?
- მოგზაურობა, კინო, კიბორჩხალებზე ნადირობა.
- დაახასიათეთ თქვენი თავი, რთული ხასიათი გაქვთ?
- რთული ხასიათი მაქვს. განსაკუთრებით რთულად ასატანი ვარ სახლში. ძალიან მოქმედებს, როცა ფიქრს მაწყვეტინებენ... მჩვევია გადართვები საქმეში, პოეზიაში... ასეთ დროს მცირედი ხმაური ან კონტაქტი მაბრუნებს უკან და შეიძლება საათობით შეკოწიწებული სტრიქონი გამიფრინდეს უსასრულობაში... ხო, კიდევ, გურმანი ვარ და არასასურველმა, ან უგემურმა კერძმა შეიძლება მთელი დღის განწყობა გამიფუჭოს. ასევე, არ მიყვარს უხამსი ხუმრობები და გაუბრალოება... მეგობრობა უმნიშვნელოვანესი განძია (რაც არ უნდა ბანალურად ჟღერდეს) ვცდილობ ურთიერთობა არ გამიხუნდეს, არ გამიუბრალოვდეს მეგობრებთან.
- რას ვერ იტანთ ყველაზე მეტად?
- ვერ ვიტან როცა სხვა უხერხულ სიტუაციაში ვარდება, სულ ვცდილობ, გამოვიყვანო ამ ვითარებიდან... ასევე ვერ ვიტან მართალი ადამიანის ჩაგვრას.
- რაზე გწყდებათ გული?
- გული მწყდება, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ჩემი ხელმოწერა არ არის (ასეთი თავმდაბალი ვარ, ზოგჯერ). კიდევ გული მწყდება რომ ზვიად გამსახურდიას, გოდერძი ჩოხელს, ოთარ ჭილაძეს, ზურაბ გორგილაძეს, რეზო თაბუკაშვილს მოვესწარი, მაგრამ პირადად არ ვიცნობდი...
- რას ეტყოდით მკითხველს.
- თქვენი თავი ნუ მომიშალოს ღმერთმა!
თიკო ბეკოშვილი (სპეციალურად საიტისთვის)


უკან დაბრუნება