თვლის, რომ კომუნიკაბელური ადამიანია და უყვარს ხალხთან ურთიერთობა. სწორედ, ამან განაპირობა, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დაამთავრა. ჟურნალისტობა ბავშვობიდან უნდოდა და გადაწყვეტილებაც არასოდეს უნანია. ეს პროფესია მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ბევრ რამეში ეხმარება. პროფესიულად დღითიდღე იზრდება, თითოული მისი გადაცემა, თუ რესპოდენტი ძალიან მნიშვნელოვანი და ბევრის მიმცემია. - როგორი უნდა იყოს ნამდვილი ჟურნალისტი? - აუცილებლად შრომისმოყვარე, ამ პროფესიაში სიზარმაცე არავის გამოადგება, რაც მეტს იშრომებ მეტს მიაღწევ და ისწავლი. უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობის გრძნობა, რადგან საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიმწოდებელი ხარ და ნდობა არ უნდა დაკარგო. - რას იტყვით ქართულ ტელევიზიებზე? - ზოგადად ქართულ ტელევიზიებზე საუბარი გამიჭირდება, შემიძლია ჩემს ტელევიზიაზე ვილაპარაკო. ,,პალიტრანიუსი" ახალი ამბების ტელევიზიაა, განსხვავებული ფორმატით და მიხარია, რომ უკვე ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა ქართულ ტელესივრცეში. კარგია ტელევიზიებს შორის ჯანსაღი კონკურენცია... - გაქვთ თუ არა საოცნებო გადაცემა? – სიმართლე გითხრათ, ამაზე არ მიფიქრია. ახლა გასართობი შემეცნებითი გადაცემა მიმყავს, მანამდე გასართობი შოუ – ,,მიმიხვდი" . რაიმე კონკრეტულ გადაცემაზე არ ვოცნებობ. პოლიტიკურ გადაცემებთან არ მქონია შეხება, თუმცა წლების შემდეგ, ალბათ ამ სფეროშიც მოვსინჯავ ძალებს. - რა არის თქვენი ჰობი? - ჰობი სიმღერაა, სულ ვღიღინებ, ბავშვობაში რამდენიმე საბავშვო სტუდიაში დავდიოდი. ახლა მეგობრების გარემოცვაში, როცა შესაძლებლობა მაქვს ვმღერი. - სიმღერის ჩაწერას ხომ არ აპირებთ? - სიმღერის ჩაწერას არ ვაპირებ. უბრალოდ სიმღერა მიყვარს და კარგ შემსრულებლებს ყოველთვის სიამოვნებით ვუსმენ. - თავისუფალ დროს რას აკეთებთ? - თავისუფალი დრო ცოტა მაქვს და ეს მიხარია. როცა დრო მაქვს მეგობრებთან , ოჯახის წევრებთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად კინოში ან თეატრში მივდივარ, ხმაურიანი გასართობი ადგილები არ მიყვარს. უფრო წყნარ, მშვიდ ადგილებში მიყვარს ყოფნა და საუბარი. კომფორტულად ვგრძნობ თავს სახლშიც. - როგორია თქვენი ერთი ჩვეულებრივი დღე? - დილას ადრე ვიღვიძებ, ვსაუზმობ და სამსახურში წასასვლელად ვემზადები. შემდეგ გადაცემის მომზადებას ვიწყებთ. ამავდროულად ვრეკავ რესპოდენტებთან და ბლიცინტერვიუს ვუთანხმებ. დავდივარ გადაღებებზე, დღის მნიშვნელოვან ნაწილს სამსახურში ვატარებ. ბედნიერი ვარ, რომ ვმუშაობ იქ, სადაც უამრავი პროფესიონალია და დღის გატარება მათთან ერთად მიწევს. სამუშაო დღის ბოლოს კი ისევ ოჯახთან და მეგობრებთან ვარ. - გარდა იმისა, რომ ტელევიზიაში მუშაობთ, სხვას რას საქმიანობთ? -მხოლოდ ტელევიზიით ვარ დაკავებული. ჩემი ცხოვრების ყველზე დიდი და მნიშვნელოვანი ნაწილი ,,პალიტრანიუსია". - პირადში რა ხდება? -პირად ცხოვრებაზე საჯაროდ საუბარი მიჭირს, ეს ისეთი თემაა, რაც ჩემთვის ძალიან პირადია. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ყველაფერი კარგად არის და სიმშვიდეა. -რა გაღიზიანებთ ყველაზე მეტად? - უსამართლობა, როცა ვხედავ, რომ ვინმეს უსამართლოდ ექცევიან. ასევე, უპასუხისმგებლობა და არასერიოზული დამოკიდებულება საქმის მიმართ. - საკუთარ თავზე გამაღიზიანებელი ჭორები თუ გსმენიათ? - ჭორებს რაც შეეხება , სიმართლე გითხრათ ისეთი არაფერი გამიგია, რომ გავბრაზებულიყავი, საბედნიეროდ მაყურებლების მხრიდან მხოლოდ კეთილგანწყობას ვგრძნობ. - გვესაუბრეთ სამომავლო გეგმებზე. - ჩემი გეგმები ისევ და ისევ ტელევიზიას უკავშირდება, მინდა კიდევ უფრო გავიზარდო, ბევრი ვისწავლო და მაქსმალურად მოვახდინო საკუთარი თავის რეალიზება. მიხარია, რომ ჩემი სამსახური ყველანაირად გვერდით მიდგას და საკუთარი თავის განვითარების შესაძლებლობას მაძლევს. თიკო ბეკოშვილი (სპეციალურად საიტისთვის)
უკან დაბრუნება
|