გიორგი ლოლაძე: დაუსაქმებელი, მშიერი და ღატაკი ხალხი...

ავტორი

ნუგზარ ჭიაბერაშვილი

საგარეჯო - საქართველოს ერთ-ერთი ქალაქია, რომელსაც განვითარების მაღალი პოტენციალი გააჩნია. ამავე დროს მარლმადიდებლობის სამჭედლოა - დავით გარეჯი. სუფლის მეურნეობის კუთხით, თითქმის ყველა სფეროში აქვს უდიდესი მიღწევები და პოტენციალი. სპორტში განსაკუთრებული მიღწევებით ამაყობს საგარეჯო მსოფლიო და ოლიმპიურ სარბიელზე. არც კულტურულ ნაწილში ჩამოუვარდება ვინმეს კახეთის კარიბჭე - საგარეჯო, საკმაოდ დიდი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს ცხოვრებაში და არ შეიძლება ასეთი რაიონი წარუმატებელი და ღარიბი იყოს.

არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, საგარეჯოს ხელმძღვანელობაშიც მოხდა ცვლილება და სრულიად ახალგაზრდა, ენერგიული, განათლებული კაცი - გიორგი ლოლაძე დაინიშნა მუნიციპალიტეტის თავმჯდომარედ.

- ბატონო გიორგი, როგორ შეხვდით გამგებლობის თანამდებობის შემოთავაზებას?

- შემოთავაზება ძალიან მოულოდნელი იყო. არ ველოდი. მე სხვა კუთხით შემარჩიეს. კანდიდატი არ უნდა ყოფილიყო პარტიული. 

- გიორგი ლოლაძე როგორ აპირებს ახალი მთავრობის იმედების გამართლებას?

- როგორც საქართველოს ყველა რაიონს, საგარეჯოსაც ყველაზე მეტად სოციალური პრობლემები აქვს. უჭირს მოსახლეობას. ბევრი ადამიანი მოდის და დახმარებას ითხოვს. გამოყოფილი გვაქვს ბიუჯეტში თანხა, რომლითაც ვეხმარებით მათ. უმეტესად, უკიდურესად გაჭირვებულებს. რაიონის თითქმის ყველა სოფელს აქვს სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემა და გვინდა, რომ მალევე გადავწყვიტოთ ეს საკითხიც მოსახლეობის სასიკეთოდ.

- რა მემკვიდრეობა ჩაიბარეთ?

- მემკვიდრეობა, სავარაუდოდ, რთულია. ამ დროისთვის სრულად არ გვაქვს ჩატარებული აუდიტორული შემოწმება, ამიტომ ჯერ ზუსტად ვერაფერს ვერ გეტყვით.

- რაიონის განვითარების თვალსაზრისით რა გეგმები გაქვთ?

გიორგი ლოლაძე: დაუსაქმებელი, მშიერი და ღატაკი ხალხი...

- განვითარდება ის, რასაც წინასაარჩევნოდ დავპირდით - სოფლის მეურნეობა, რაზედაც დიდ იმედებს ვამყარებთ, ასევე ტურიზმი. ჯერ მარტო დავით გარეჯი კმარა ტურისტებისთვის და ა.შ..

- როგორ შეაფასებდით წინა ხელისუფლების საქმიანობას, რომელიც მუნიციპალიტეტში დაგხვდათ?

- საქმისადმი დამოკიდებულება მე როგორი მაქვს იმას გეტყვით, - ჯერჯერობით სამსახურიდან არ დამითხოვია არც ერთი ძველი თანამშრომელი. თუმცა, თუკი რამე დანაშაული აქვთ ჩადენილი აუცილებლად გამოვიძიებთ.

- ოპოზიცია გადანაშაულებთ, რომ არ ასრულებთ წინასაარჩევნო დაპირებებს...

- ასე მოკლე დროში ამდენი დაპირების შესრულებას ფიზიკურად ვერ მოვასწრებდით. ყველა დაპირებას შევუსრულებთ მოსახლეობას, უბრალოდ დრო გვჭირდება.

- საგარეჯო განთქმულია ჭიდაობით, სპორტით. ამ მხრივ როგორ გაქვთ საქმე?

- სპორტის სახეობებიდან ალბათ ისევ ჭიდაობაზე გავაკეთებთ დიდ აქცენტს, თუმცა არც სხვა სპორტის განვითარებაზე ვიტყვით უარს, მაქსიმალურს შევეცდებით. საგარეჯოში სპორტის ჭიდაობა საკმაოდ მაღალ დონეზეა განვითარებული და ამის შემდეგაც კიდევ უფრო მაღალი მწვერვალების დაპყრობას შევეცდები. საგარეჯოელი კაცისთვის ჭიდაობა გენეტიკურია, ძვალსა და სისხლში გამჯდარი.

- ყველაზე მეტად, რის გაკეთება გინდათ თქვენი მოღვაწეობის პერიოდში?

- დაუსაქმებელი, მშიერი და ღატაკი ხალხი არ უნდა იყოს ჩვენს რაიონში, რა თქმა უნდა, შესაბამისად, სრულიად საქართველოში. ჩვენ უნდა დავასაქმოთ ხალხი. უნდა დავამთავროთ ის დრო, რომ ადამიანებს საკუთარი შემოსავალი არ ჰქონდათ და მუდმივად დახმარების მოლოდინში იმყოფებოდნენ. ყველამ ღირსეულად უნდა იცხოვროს ამ ქვეყანაში, ყველას ადეკვატური - საკმარისი შემოსავალი უნდა ჰქონდეს, არავინ არ უნდა იყოს მუდმივად სახელმწიფოზე დამოკიდებული, განსაკუთრებული შემთხვევის გარდა. ხალხს დღევანდელი ხელისუფლების, სახელმწიფოს იმედი აქვს და ჩვენ მათ ნდობას გავამართლებთ.

 


უკან დაბრუნება