ბეჟან წინწალაშვილი: დღეს მომღერალს და მუსიკოსს, მხოლოდ რესტორნის სცენაზე შეხვდებით

25 წლის მუსიკოსი, რომელიც დღეს უამრავ ინსტრუმენტს ფლობს, ათი წლის ასაკიდან ფანდურზე უკრავდა. წლების წინ ანსამბლი "ქართველო" შექმნა, რომელიც დღემდე ვითარდება. პროფესიით ბიზნესმენი უპირატესობას მუსიკას ანიჭებს, სადაც თავს ყველაზე ბედნიერად გრძნობს.
ბეჟან წინწალაშვილი: მოკრძალებული ცოდნა და გამოცდილება მომყვება ფოლკლორიდან, ამიტომ სხვა ჟანრის სურვილი არც მქონდა, თუმცა თანდათან ანსამბლში ფანდურს არაქართული ინსტრუმენტებიც დავამატეთ. ადამიანები სულ ვითარდებიან და იცვლებიან, გამუდმებით გემოვნების და შემოქმედების გადახარისხება ხდება და გამონაკლისი არც ჩვენ ვართ.
-სიმღერებს თავად თუ წერთ და რომელი სიმღერით გაგიცნოთ ხალხმა?
-ძირითადად მე ვწერ, თუმცა ჯგუფში ყველა წევრს სხვადასხვა მიმართულებით აქვს ნიჭი და კორექტირებები, შემდგომ ერთად შეგვაქვს. ხალხში კი ჩვენი სიმღერა ,,გიყვარდე" გახდა პოპულარული, რომლის ტექსტის ავტორი დათო ტყეშელაშვილია.
-რა მუსიკალურ ინსტრუმენტებს ფლობთ?
- მუსიკალურ ინსტრუმენტებს - ფანდური, ბასფანდრური, სალამური, ჭიბონი, ჭუნირი, ხალხური ფანდური, ზილიანი ჩონგური, კონტრაბასი, ფორტეპიანო, გიტარა, ბასგიტარა, დასარტყამ ინსტრუმენტებთანაც არ ვარ მწყრალად, ახლა დრამს ვეუფლები.
-როდის და როგორ დაარსდა ანსამბლი ,,ქართველო"? ბეჟან წინწალაშვილი: დღეს მომღერალს და მუსიკოსს, მხოლოდ რესტორნის სცენაზე შეხვდებით
- მცხეთობას 2010 წელს 14 ოქტომბერს დაარსდა. მაშინ პირველი კურსის სტუდენტები ვიყავით. მას ანსამბლს უკვე აღარ ვუწოდებთ უფრო ჯგუფი ან ბენდი, რადგან დიდი ცვლილებები განვიცადეთ, შემადგენლობის და რეპერტუარის მხრივ. ამ ექვსი წლის განმავლობაში, ჩვენი,,ხელწერა" შევინარჩუნეთ; მრავალხმიანობა და სირთულე შემოქმედების მხრივ, მეტ ნაკლებად რთული მუსიკაა, თუმცა გემოვნებიანი. რეპეტიციები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, გაზაფხულზე სოლო კონცერტის ჩატარება გვინდა.
- თქვენს რეპერტუარში რამდენი სიმღერა შედის?
- სიმღერები ბევრი გვაქვს, ზუსტად არ მახსოვს, საკუთარი სიმღერები კი 15-მდე იქნება, უმეტესობა ჩასაწერია და მსმენელმა ჯერ არ იცის... გვაქვს სარეპეტიციო ადგილი და აპარატურა, ამიტომ ალბომის ჩასაწერად მუშაობა უკვე დავიწყეთ. არ ვიცი როდის, მაგრამ შევეცდებით მალე გამოვუშვათ ნანატრი ალბომი, დიდი ძალისხმევა დამჭირდა, რომ ეს აპარატურა შემეძინა.
- რას გვეტყვით ქართულ შოუ ბიზნესზე?
- ქართული შოუ ბიზნესი არ არსებობს. სამწუხაროდ, მომღერალს და მუსიკოსს, მხოლოდ რესტორნის სცენაზე თუ შევხვდებით. ეს დასაფასებელია, მაგრამ ნიჭიერი მომღერალი ამით არ უნდა იფარგლებოდეს. ქვეყანაში, სადაც სხვა მატერიალური და ყოფითი პრობლემებია, რთულია სიმღერის, მუსიკის გაყიდვა.
- სხვა რომელ ჟანრში ცდიდით თავს?
- თავს დიდი სიამოვნებით ვცდიდი ჯაზში და ბლუზში.
- სად შეიძლება მსმენელმა მოისმინოს თქვენი სიმღერები?
- ჩვენი სიმღერები ძალიან ბევრია ინტერნეტში, თუმცა ახალი შემადგენლობით და ახალი რეპერტუარით ნაკლები. ვცდილობთ, მონაწილეობა მივიღოთ კონცერტებზე, საქველმოქმედო იქნება ეს, თუ კომერციული. რადიო ,,დარდიმანდზეც" ხშირად ტრიალებს სტუდიური ვერსიები. ვერ ვიტყვი, რომ ყოველკვირეულად გადაცემებში გვიწევს ყოფნა და ტელეეკრანებზე ძალიან ხშირად ვართ, მაგრამ პერიოდულად ვჩნდებით ხოლმე.
- რა გაღიზიანებთ ყველაზე მეტად?ბეჟან წინწალაშვილი: დღეს მომღერალს და მუსიკოსს, მხოლოდ რესტორნის სცენაზე შეხვდებით
- მაღიზიანებს უაზროდ დროის გაყვანა, იმიტომ, რომ ვფიქრობ ყველა მომენტი უნდა გამოიყენოს ადამიანმა და მოასწროს იმ საქმის კეთება, რაც სიკეთეს ემსახურება.
- თავისუფალ დროს რას აკეთებთ?
- ზაფხულში ლაშქრობებზე დავდივარ, რაც ჩემი ერთ-ერთი გატაცებაა. ძირითად დროს კი ძალიან ბევრს ვუკრავ და ვვითარდები, არასდროს მიკეთებია ის, რაც არ მიყვარს და დისკომფორტს მიქმნის. ღმერთის წყალობით ბედნიერი ვარ, რომ ჩემი სამსახური ჩემს საყვარელ საქმეს ემთხვევა და თავისუფალი დროის გარჩევა, დაკავებული დროისგან მიჭირს.
-რა თვისებების მატარებელი უნდა იყოს ქალი, რომელიც მოგხიბლავთ?
- აუცილებლად ზრდილობიანი, ზომიერების მოყვარული, დამოუკიდებელი, მოსიყვარულე, გულისხმიერი უნდა იყოს. ძალიან ბევრი ფაქტორია, რასაც ყურადღებას ვაქცევ. პირველ რიგში კი უნდა მივხვდე, რომ არ არის ჩემნაირი, ამ შემთხვევაში ურთიერთობა შეუძლებელია.
-პირად ცხოვრებაში რა ხდება?
-პირად ცხოვრებაში ყველაფერი კარგად არის, მყავს გვერდში ადამიანი, რომელიც ძალიან მიყვარს და მასაც ძალიან ვუყვარვარ.
- რომანტიული ხართ?
- კი, მაგრამ ზომიერად. მიყვარს განსაკუთრებული ეტაპების ლამაზად აღნიშვნა, გაფორმება, ეს უფრო საინტერესოს ხდის ურთიერთობას.
-გარდა იმისა რომ მღერით, სხვას რას საქმიანობთ და რას რის გაკეთებას აპირებთ მომავალში?
-პროფესია, როგორც გითხარით სხვა მაქვს. ტექნიკური უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული (ბაკალავრიატი),თუმცა ამ პროფესიით მუშაობის სურვილი არასდროს მქონია. მაქვს სტუდია, სადაც ბავშვებს ვასწავლი (როგორც მოზარდებს, ასევე დიდებს) ხალხურ საკრავებზე დაკვრას, სიმღერას და გალობას. აუცილებლად გავაკეთებ მაღალი ხარისხის ხმის ჩამწერ სტუდიას, უფრო წარმატებული იქნება ჯგუფი ,,ქართველო" და აუცილებლად მეყოლება ლამაზი ოჯახი.
თიკო ბეკოშვილი (სპეციალურად საიტისთვის)

 


უკან დაბრუნება