თეატრი "ივერიონი" სამი წელია არსებობს, მსახიობები და დასის წევრები დღემდე ენთუზიაზმზე მუშაობენ. მათ არც სარეპეტიციო დარბაზი აქვთ და არც შენობა, სადაც სპექტაკლებს ითამაშებენ. თუმცა ეს ყოველდღიურ შრომაში ხელს არ უშლით, რადგან იციან, ერთგული მაყურებელი ელოდებათ. მაია პიტიურიშვილი (მსახიობი): პროფესიით მსახიობი ვარ, სერგო ზაქარიაძის სახელობის კოლეჯი დავამთავრე. წლები გიორგი შავგულიძის სახელობის თეატრში ვმუშაობდი და პარალელურად საბავშვო თეატრი "ნიღბები" მქონდა. 2013 წლიდან საკუთარი თეატრი "ივერიონი" შევქმენი და ახალგაზრდა მსახიობებით დავაკომპლექტე. თეატრის შექმნის იდეა გამიჩნდა, რაშიც ჩემი პედაგოგი და რეჟისორი თამარ ხიზანიშვილი დამეხმარა. ჩვენთან არაჩვეულებრივი, ახალგაზრდა, ნიჭიერი მსახიობები თამაშობენ, რომლებიც შექმნის დღიდან მხარში მიდგანან. - რა იყო თქვენი პირველი სპექტაკლი? - პირველი სპექტაკლი "კომბლე" იყო, რომელიც პატარებისთვის დავდგით. - სპექტაკლები ძირითადად რა ასაკის მაყურებლისთვის არის გათვლილი? - ნებისმიერი ასაკისთვის. ასევე გვაქვს საბავშვო და თოჯინების თეატრიც, რომელსაც - "ზღაპრის ზარდახშა" ჰქვია. - რეპეტიციები სად გაქვთ? - ხან სად და ხან სად. ძირითადი სარეპეტიციო ადგილი არ გვაქვს. არც სცენა, სადაც სპექტაკლს მაყურებელს მუდმივად წარვუდგენთ. ძირითადად სხვადასხვა რაიონებში და თეატრებში გვიწევს ჩვენება. საკუთარი ფინანსები და რესურსი არ გაგვაჩნია, თვითონ ვახერხებთ კოსტიუმების შექმნას, ყიდვას, გრიმს და ა.შ. - რამდენი წევრისგან შედგება თეატრი "ივერიონის" დასი? - დასში თერთმეტი წევრია. ძირითადად სპექტაკლებს ქალბატონი თამარ ხიზანიშვილი და ნიკა საბაშვილი დგამენ. თუმცა მეც გვკადნიერდი და რამოდენიმე სპექტაკლი დავდგი. - თქვენ რამდენი სპექტაკლი გაქვთ? - ძირითადად საბავშვო სპექტაკლები: "ცისკარა", "უკვდავების თეთრი ვარდი", "წუნა და წრუწუნა", " ბაბაჯანას ქოშები", "ჯადოსნური ღამე". უფროსებისთვის კი: " ჯერ დაიხოცნენ მერე იქორწინეს" და "კაცია ადამიანი?!". ახლა "დარისპანის გასაჭირი" დავდგით, რომლის პრემიერაც დღეს ,,არტ ჰოლში" გაიმართა. - სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით? - საბავშვო სპექტაკლების გაკეთებას ვგეგმავთ. ახალ წლამდე მინდა, "ბურატინოს თავგადასავალი" მოესწროს. ჩემი დიდი სურვილია, იმდენი თანხა მოვიძიოთ, რომ ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებში, ლტოლვილებთან, შშმ პირებთან მივიდეთ და სპექტაკლები ვითამაშოთ, რათა სიხარული სრულიად უსასყიდლოდ მივანიჭოთ. თიკო ბეკოშვილი (სპეციალურად საიტისთვის)
უკან დაბრუნება
|