მომღერალი დათო მეთაფლიშვილი, რომელმაც ბავშვობის ასაკში სერიოზულ წარმატებებს მიაღწია, ქართველი ფოლკ მომღერლებისგან განსხვავებული ხმით და ვოკალით გამოირჩევა. ჟურნალი ,,Geoelite.ge" დაინტერესდა ახალგაზრდა, ნიჭიერი შემსრულებლით და ინტერვიუ ჩაწერა. დათო მეთაფლიშვილი: სიმღერის ნიჭი ძალიან პატარა ასაკში აღმომაჩნდა, დედამ მუსიკალურ შვიდწლეთში შემიყვანა, შემდეგ კი მუსიკალური ტეხნიკუმიც დავამთავრე. - თქვენი პირველი სიმღერა? - პირველად, მსმენელის წინაშე სკოლაში ვიმღერე და ,,მენახშირე ბიჭი ვარ" შევასრულე. ხალხმა კი სიმღერით - ,,მთიდან მოვყვები ბილიკებს" გამიცნო. -ანსამბლ ,,მთიელში" როგორ მოხვდით? -აფხაზეთის სკოლაში დავდიოდი, იქ გიორგი ქისტაური გავიცანი, შემდეგ კი ,,მთიელის" ბიჭებს დავუახლოვდი. გიორგი ანსამბლში აიყვანეს, მათ მეც შევუერთდი. ხალხმა უკეთესად ანსამბლიდან გამიცნო და შემიყვარა. -რატომ აირჩიეთ მაინცდამაინც ფოლკლორული ჟანრი? -ფოლკლორი ჩემია. სხვა ჟანრს არც კი ვუსმენდი, თუმცა ახლა ანსამბლში გადავწყვიტეთ განსხვავებულ ჟანრში ვიმღეროთ. - რამდენი სიმღერა გაქვთ? -ოცი სიმღერა და ერთი ალბომი გვაქვს, სადაც თოთხმეტი სიმღერაა შესული. - რა სიახლეებს სთავაზობთ მსმენელს? -ამჟამად, სამ ახალ სიმღერაზე ვმუშაობთ, სამივე განსხვავებული ჟანრია, ეს არ არის ფოლკლორი. - რატომ გადაწყვითეთ სხვა ჟანრში გეცადათ თავი? -ბოლო წლებში ხალხი ძირითადად ფოლკლორს უსმენდა, დღეს კი მობეზრდათ და ჩვენც სიახლეები გვინდა. -მუშაობა როგორ პირობებში გიწევთ? -ძალიან რთულ პირობებში ვმუშაობთ, არც სარეპეტიციო დარბაზი გვაქვს, იმ რესტორანში ვრეპეტიციობთ, სადაც ვმუშაობთ. არც პროდიუსერი და სპონსორი გვყავს. მუსიკას ჩვენ თვითონ ვქმნით, ძირითადად პოეტ თემო არაბულის ტექსტებზე ვმღერით. სტუდიურ ჩანაწერებს რესტორანში გამომუშავებულ ჰონორარით ვაკეთებთ. - გარდა სოციალური ქსელისა, სად შეიძლება მსმენელმა მოისმინოს თქვენი სიმღერები? კონცერტებზე თუ გამოდიხართ? - მსმენელი ძირითადად რესტორანში გვყავს, სადაც ვმუშაობთ. ამჟამად რადიოებში ჩვენი სიმღერები არ ტრიალებს, არ ვიცით ვისთან მივიტანოთ, ნაცნობი არავინ გვყავს. სატელევიზიო შოუებშიც შემთხვევით მოვხვდით, რადგან ჩვენს სიმღერებს სოციალურ ქსელში უამრავი ნახვა ჰქონდა. - გარდა იმისა, რომ მღერით კიდევ რას საქმიანობთ, სხვა პროფესია თუ გაქვთ? -იმდენად მიყვარს სიმღერა, რომ სხვას ვერაფერს ვაკეთებ. მსახიობობაზე ვოცნებობდი, თუმცა ეს ოცნებად დამრჩა. თავის დროზე არ ჩავაბარე თეატრალურზე, ახლა კი უკვე გვიანია. - თავისუფალ დროს რას აკეთებთ? -ორი კვირის წინ მეორე გოგონა შემეძინა, თავისუფალ დროს ძირითადად მას ვუთმობ ან მეგობრებთან ერთად ვერთობი. - როგორი მამა ხართ? - პირველი გოგო, რომ მეყოლა 18 წლის ვიყავი, მამობრივი მოვალეობები გათვითცნობიერებული არ მქონდა, ხელში აყვანაც კი მიჭირდა. ახლა კი პატარას სამსახურიდან დაბრუნებული ღამე იავნანას ვუმღერი, მოსიყვარულე მამა ვარ. თიკო ბეკოშვილი (სპეციალურად საიტისთვის)
უკან დაბრუნება
|