100 000 დოლარიანი ფონდის აჯიკის დოპინგით მოგება ოფენ-დუბაიზე და ოფენ-ამერიკისთვის მზადება
|
ქართულმა კარატემ კიდევ ერთი გამარჯვება იზეიმა - ამჯერად დუბაიში. საინტერესო და დაძაბული, დიდი საპრიზო ფონდის მოლოდინში ჩარატებული ბრძოლების შესახებ, თავად საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, კახა ბასილია გვესაუბრება. - ბატონო კახა, დუბაიში რა რანგის შეჯიბრი იყო და რამდენი ქვეყანა მონაწილეობდა? - როგორც მოგეხსენებათ გაერთიანებული საემიროები შედგება ხუთი ემირატისაგან, მათ შორის არის დუბაის საემირო, რომელსაც ჰყავს თავისი მონარქი - შეიხი. რადგანაც კარატე არაბეთის გაერთიანებულ საემიროში პოპულარულია, დუბაის შეიხმა გადაწყვიტა ჩაეტარებინა საკუთარი პატრონაჟის ქვეშ `დუბაი ოფენ~, რომლის საპრიზო ფონდად დააწესა 100 000 დოლარი. ჩემპიონატი საკმაოდ პრესტიჟულია და საპრიზო ფონდიც - არანაკლები. - და როგორ განაწილდა საპრიზო ფონდი? - საპრიზო თანხა განაწილდა ასაკობრივ-წონით კატეგორიებზე, მაგრამ მაინც ძირითადი მიმართულება არის გუნდური კუმიტე მამაკაცებში. გაიმართა საკმაოდ პრესტიჟული სახის ჩემპიონატი - გუნდური - ხუთი-ხუთზე, რასაც ერთგვარი ჟინი და აზარტი სდევს თან. მაყურებლის ოვაციას საზღვარი არ ჰქონდა იმდენად ლამაზი და კარგი სანახაობა იყო. საბოლოოდ კი საპრიზო ფონდი ჩვენ მოვიგეთ. რა თქმა უნდა, სხვა სპორტული სახეობების საპრიზო ფონდი გაცილებით მაღალია, მაგრამ კარატესათვის 100 000 დოლარი ნორმალურია. - თავად შეიხი თუ დაესწრო თავისის სათაყვანებელი გუნდის ასპარეზობას? - თქვენ წარმოიდგინეთ, მთელი ეს შეჯიბრი, ონლაინ რეჟიმში გადაიცემოდა. თავისთავად, ესწრებოდა არამარტო დუბაის შეიხი თავისი ოჯახით, არამედ სხვა საემიროების წარმომადგენლებიც და სხვა უამრავი მოწვეული სტუმრები. გარდა ამისა, იმდენად დიდი პოპულარიზაცია გაუკეთა დუბაის მთავარმა შეიხმა ტელევიზიებით, რადიოთი და სხვადასხვა ბეჭდური მედიის საშუალებით, რომ უბრალო მაყურებლების სიმცირეს ნამდვილად არ განიცდიდა დარბაზი. - რა პირობებში გიწევდათ ასპარეზობა, რამდენად დიდი კონკურენცია იყო? - ფაქტიურად, ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ფინალში დუბაის ნაკრები გასულიყო... ერთის მხრივ, ამან ჩვენ ხელი შეგვიწყო, ფინალამდე ისე მივსულიყავით, რომ არ დავეჩაგრეთ მსაჯებს. ორგანიზატორებმა ისე გააკეთეს, რომ ერთ ჯგუფში მოათავსეს თავიაანთი ქვეყნის ძირითადი მეტოქეები - ძლიერი გუნდები, მეორე ჯგუფში კი მოაქციეს მათთვის შედარებით ნაკლებად ცნობილი ქვეყნების გუნდები, მათ შორის - ჩვენც, საქართველოს ნაკრები. - ბატონო კახა, რა შემადგენლობით იყო წარმოდგენილი საქართველოს ნაკრები? - ძირითადად, ოპტიმალური შემადგენლობით ვიყავით წარმოდგენილები, ნაკრების წევრები კარგ ფორმაში იმყოფებოდნენ, რადგანაც პირობების გამო საშუალება გვაქვს უწყვეტი ვარჯიშისა. - რომელი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებთან გქონდათ ყველაზე რთული ასპარეზი? - შეჯიბრი კარატეში, მარტივი არ არის... კარგი კარატისტი ისევე სწრაფად უნდა აზროვნებდეს, როგორც მოჭადრაკე, ისევე სწრაფად უნდა დარბოდეს როგორც მორბენალი, ისეთივე კარგი ტანმოვარჯიშე და ელასტიური უნდა იყოს, როგორც გიმნასტი ან მოცეკვავე. ჩვენდა საბედნიეროდ, მებრძოლი სული მშობლიურია და ბუნებითად მოვდგამს, ასე რომ ის შემართება, რაც კარატისტს უნდა ჰქონდეს, ღვთის მადლით, ჩვენს ბიჭებს არ აკლდათ. ყველა ქვეყანის ნაკრები თავისებურად ძლიერი იყო და პატივსაცემი, თუმცა ის დღე იმდენად ჩვენი იყო, ბიჭები იმდენად გაიხსნენ, რომ სხვებს უბრალოდ, თეორიული შანსიც კი აღარ ჰქონდათ. ჩვენს გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა იმან, რომ პირველი შეხვედრა მოგვიწია რუსეთთან. თავიდან, რატომღაც, რუსები არასერიოზულად გვიყურებდნენ, ჩვენს ბიჭებზე განსაკუთრებულად იმოქმედა რუსეთის ნაკრების მწვრთნელის, თითქოსდა უმტკივნეულოდ ნათქვამმა სიტყვებმა: „ესენი ხომ ქართველები არიან, როგორ შეიძლება მათ გაიმარჯვონ..." ჩვენი ბიჭები ამ სიტყვებმა განსაკუთერებულად გააღიზიანა და მომართა საბრძოლველად. რომ არა ეს სიტყვები, შესაძლებელია წაგვეგო რუსეთის ნაკრებთან, რადგან საკმაოდ კარგად ფორმაში იყვნენ. ამის მერე, ფაქტიურად, არცერთ ქვეყანასთან არ გავჭირვებია გამარჯვება, უმტკივნეუილოდ მოვუგეთ ყაზახეთს, თურქეთს... - და, როგორ შეხვდნენ ასეთ ელვისებურ წარმატებებს მოწინააღმდეგენი? - როგორც უკვე ვთქვით, ჩვენი ბიჭები იმდენად აღყინებულნი იყვენენ, რომ თურქეთის ნაკრების მწვრთნელმა დოპინგკომისიაზე გაასაჩივრა, მე მას ხუმრობით ვუთხარი, რომ ნაკრების წევრებს ნამდვილად დოპინგი ჰქნდათ მიღებული, რომლის სახელიც „აჯიკაა". - რატომ მაინცდამაინც „აჯიკა"? - რადგანაც ნაკრების ყველა წევრი სამეგრელოდან არის წარმოშობით, და ვუთხარი, რომ ეს ბიჭები დოპინგ-აჯიკაზე არიან გაზრდილები. - ტრამვები ხომ არ მიიღეს ჩვენმა სპორტსმენებმა და ვინ იყო ამ ჩემპიონატის ფავორიტი? - რა თქმა უნდა, კარატე სპორტის ისეთი სახეობაა, რომ ტრავმის გარეშე ვერ ჩაივლიდა, მაგრამ სერიოზულად არავინ დაშავებულა. ფავორიტი იყო გუნდის ხუთივე წევრი, რთულია რომელიმეს გამოყოფა და უსამართლობა ბიჭების მიმართ იქნება ასეთი მიდგომა: ნაკრების კაპიტანია გოგიტა არქანია, ჰენრი ვეკუა, დათო და ირაკლი ტყებუჩავები, ჯიქია გიორგი. ესენი ყველანი ამ დღის ფავორიტები და გმირები იყვნენ. - ფინალზე მოგვიყვევით... - გათვლილი იყო, რომ ფინალში ერთმანეთს უნდა შეხვედროდნენ ირანი და დუბაი. როდესაც დუბაის კარატეს ფედერაციის პრეზიდენტმა დაინახა ჩვენი წარმატება და ფინალისაკენ სწრაფვა, მოითხოვა მოეხსნათ ჩვენი გუნდი შეჯიბრებიდან. არ დაგავიწყდეთ, რომ საემიროები აბსოლიტური მონარქიის სამყაროა და შეიხის სიტყვას თუ სურვილს - კანონის ძალა აქვს. რა თქმა უნდა, გაიმართა მწვავე დიალოგი ჩემსა და ფედერაციის პრეზიდენტს შორის... ის მიხვდა, რომ ჩვენ არ დავთმობდით და, ამიტომაც, ორგანიზატორებს, არანაირი ექსცესი არ აწყობდათ, რადგან შესაძლებელი იყო ჩაშლილიყო შეხვედრა... ასევე ჩემი მეგობრები არიან სხვადასხვა ქვეყნის ფედერაციების პრეზიდენტები და მათაც დაგვიჭირეს მხარი - სიმართლის მხარეს იდგნენ და ამისთვის კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას კოლეგა-მეგობრებს. ამდენად, მიუხედავად ქვეყნის პოლიტიკური მოწყობისა, ვაიძულეთ, რომ დაეთმოთ აღნიშნული პოზიცია. ამი შემდეგ კი - დუბაის დამაჯერებლად მოვუგეთ ფინალში. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ შეჯიბრის დამთავრებისთანავე სიტუაცია რედიკალურად სეიცვალა - დუბაისა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებმა შემოგვთავაზეს თავიაანთი ხარჯებით მათთან სტუმრობა და ერთიანი ვარჯიშები. - სამომავლო გეგმებზე გვესაუბრეთ. - ამჟამად ნაკრები მიგვყავს თურქეთში ახალგაზრდულ შეხვედრაზე, შემდეგ კი აზიის თამაშებისთვის უნდა მოვემზადოთ, რომელიც ისრაელში გაიმართება. ისრაელიდან დაბრუნების შემდეგ საქართველოში გვაქვს ჩემპიონატი, რის შემდეგაც ლასვეგასში ვაპირებთ წასვლას ოფენამერიკის ჩემპიონატზე. ამ ჩემპიონატზე მოხვედრა დიდი პატივია, რადგან მონაწილე ქვეყნები წლის განმავლობაში დაგროვილი შედეგების მიხედვით შეირჩევა. შეჯიბრი ტრადიციულად ჩატარდება ერთერთ უდიდეს სასტუმროში - „ცეზარ პალასში." რა თქმა უნდა, თუ მოვიპოვეთ დაფინანსება გავემგზავრებით, წარმატების გარანტია მაქვს. უკან დაბრუნება |