გუშინ, საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში, პოეტ ირაკლი ჭინჭარაულის დასახმარებლად, რომელიც ავტიკატასტროფის შემდეგ კომაში იმყოფება, მეოთხე საქველმოქმედო საღამო ჩატარდა. მასში უამრავი პოეტი და ხალხური ანსამბლი იღებდა მონაწილეობას. საღამოს ორგანიზატორები და მონაწილეები მისი მეგობრები და ახლობლები იყვნენ, რომლებიც კიდევ ერთხელ შეეცადნენ ირაკლის ოჯახის გვერდით დგომას. ღონისძიებას უამრავი სტუმარი ესწრებოდა, რომელთაც ახალგაზრდა და ნიჭიერი პოეტის, სიყვარული და თანადგომა ასე გამოხატეს. ის ახლა სიკვდილს ებრძვის და მას თითოეული ადამიანის თანადგომა სჭირდება. პოეტი ირაკლი ჭინჭარაული, თბილისში, 1991 წლის 28 აპრილს დაიბადა, 5 წლის იყო, როცა ოჯახი შატილში დასახლდა. სკოლაც იქ დაამთავრა და შემდეგ თბილისში ილიას უნივერსიტეტში მენეჯმენტის ფაკულტეტზე ჩააბარ. უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად ტურისტული კომპანია ,,Shatilitour" დაარსა. ცდილობდა ხევსურ მეგობრებთან ერთად ხალხისთვის საკუთარი კუთხე გაეცნო და შეეყვარებინა. ის თბილისში დედასთან ერთად ცხოვრობს, რომელიც ასევე ლექსებს წერს, ალბად ამან განაპირობა მისი პოეტობაც. ორი წლის წინ, მეგობარმა მისი წიგნი დაბეჭდა და შატილისკენ მიმავალ გზაზე, ,,დათვისჯვრის" უღელტეხილზე სიურპრიზად დაახვედრა. შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბერს, დილით, სამსახურში მიმავალი ირაკლი ავარიაში მოყვა და მას შემდეგ გონებაზე არ მოსულა. ჯერ რკინიგზის საავადმყოფოში მკურნალობდნენ, ორი დღის უკან კი ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც უმძიმესი ოპერაცია ჩაუტარდა. ის ახლაც უგონო მდგომარეობაშია. მის სამკურნალოდ, ოჯახს ფინანსური დახმარება ესაჭიროვება. ქველმოქმედების მსურველებს თანხის გადარიცხვა შემდეგ რეკვიზიტებზე შეგიძლიათ. ანგარიშსწორების ანგარიში: GE02TB1821136512500017 ბანკის კოდი: TBCBGE22 მიმღების დასახელება: თეონა არდოტელი ირაკლის დასახმარებლად ჩართულია საქველმოქმედო ნომერი (ზარის ღირებულება 1 ლარი) 0 901 700 340
უკან დაბრუნება
|