19 იანვარი – ნათლისღება
|
19 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. ნათლისღება - ეს არის დღე, როცა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მდინარე იორდანიაში სიმდაბლით იოანე ნათლისმცემლისგან ნათელიღო და წყალი ხრწნილებისაგან განწმიდა, რათა მის მიერ ცოდვათა მოტევება მოენიჭებინა ჩვენთვის. მაცხოვარმა თვითონ კი არ მიიღო სიწმიდე ან, როგორც უცოდველი, განწმედას კი არ საჭიროებდა, არამედ ნათელიღო ჩვენი შეწევნისათვის, შემუსრა ეშმაკი და განწმედილი წყლით ჩვენი უსჯულოება განბანა. ნათლისღების დღესასწაული ერთ-ერთია თორმეტ საუფლო დღესას-წაულს შორის. ამ დღეს და მის წინა დღეს (წინადღესასწაულზე) ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში წყალკურთხევა აღესრულება. ნათლის-ღების დღესასწაულზე ხდება წყლის კურთხევა, ანუ დიდი აიაზმა. ამ დროს წყალში ჯვარს სამგზის შთაფლავენ და ჯვარს გამოსახავენ. სიმბოლურად ეს განასახიერებს უფლის სამგზის შთაფვლას იორდანეში. ნაკურთხ წყალს უფლის მიერ კურთხეული იორდანეს მადლი ენიჭება და იგი უხრწნე-ლების თვისებებს იძენს. მისი სხურებით იწმინდება ტაძრები, სახლები, იგი მაკურნებელი ძალისაა. ნაკურთხი წყალი მორწმუნეებს შინ მიაქვთ და მთელი წლის განმავლობაში უზმოზე მცირეოდენს მიირთმევენ, განსაკუთრებით ავადმყოფობისა და განსაცდელის დროს. ეს არის დღე, როცა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მდინარე იორდანეში იოანე ნათ-ლისმცემლისაგან ნათელ იღო. იოანე ნათლისმცემელი სინანულს ქადა-გებდა და მდინარე იორდანეში ხალხს ნათლავდა. სხვებთან ერთად მასთან იესოც მივიდა. იოანეს უღირსად მიაჩნდა თავი მის მოსანათლად და უთხრა, რომ უკეთესი იქნებოდა, თავად მიეღო ნათელი ქრისტესაგან, რაზედაც უფალმა მიუგო: "დაე, ასე იყოს ახლა, რადგან ჩვენ გვმართებს აღვასრულოთ ყოველი სიმართლე" და მონათლა. როდესაც იესო ქრისტე წყლიდან ამოდიოდა, გაიხსნა მის თავზე ცა და ღვთის სული მტრედის სახით გადმოვიდა მასზედ, ციდან კი მამა ღმერთის ხმა მოისმა: "ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც შევიტკბე მე". ამ დღესასწაულს ღვთის გან-ცხადებას უწოდებენ, რადგან მაცხოვრის ნათლისღებისას ქვეყნიერებას ერთარსება ღმერთის სამგვარობა გამოეცხადა. ტროპარი: რაჟამს იორდანეს ნათელ იღე შენ, უფალო, მაშინ სამებისა თაყვანისცემა გამოსჩნდა, რამეთუ მამისა ხმა გეწამებოდა, და საყუარელად ძედ სახელ-გდვა შენ, და სული წმიდა სახითა ტრედისათა დაამტკიცებდა სიტყვისა მის უცდომელობასა, რომელი განსცხადენ, ქრისტე ღმერთო, და ყოველი სოფელი განანათლე, დიდება შენდა. უკან დაბრუნება |