თამრიკო ჭოხონელიძე: სასიმღერო და საცეკვაო კონკურსები საქართველოში სამართლიანად არ ტარდება

მისი სცენაზე დადგომა, უცნაურ ისტორიასთანაა დაკავშირებული. "პუჩინის ოპერისათვის" "ჩიო-ჩიო 3" - ბავშვები სჭირდებოდათ, ისიც აირჩიეს და ძალიან ცნობილ მომღერალთან, ატლანტოვთან ოთხი წლის ასაკში ერთად მოუწია სიმღერა. ასე რომ, პირველად, საბავშვო ბაღიდან ძალიან პატარა ასაკში, დიდ ოპერის სცენაზე დადგა ფეხი. შემდეგ კი დედამ და ბაბუამ ციცინო ციციშვილის სავოკალო წრეზე მიიყვანეს მოსწავლეთა სასახლეში, მას შემდეგ სულ მღერის.
–სიმღერა, რომელმაც პოპულარობა მოგიტანათ?
– პოპულარობა მომიტანა სიმღერამ კინოფილმიდან "მუსიკის ჰანგები".
–რას იტყვით ქართულ შოუ ბიზნესზე?
–ქართული შოუ ბიზნესი არ არსებობს! მაქვს იმედი, რომ ოდესმე დადგება დრო, როცა ქართულ სცენაზე პროფესიონალები იმღერებენ და ბიზნესის სფეროსაც პროფესიონალები წარმართავენ. შოუც და ბიზნესიც, ერთად პროფესიონალების ხელში უნდა იყოს. არსებობს ცალკე შოუ, რომელსაც ჩემთვის ძალიან მდაბიო ხარისხი აქვს და არსებობს ბიზნესი, რომლიდანაც ერთეულები ითბობენ ხელს.
–რას ფიქრობთ ქართულ სასიმღერო პროექტებზე, სამართლიანად ტარდება თუ არა კონკურსები?თამრიკო ჭოხონელიძე: სასიმღერო და საცეკვაო კონკურსები საქართველოში სამართლიანად არ ტარდება
–ვფიქრობ, რომ სასიმღერო და საცეკვაო კონკურსები საქართველოში სამართლიანად არ ტარდება. ეს უკვე ხალხისთვისაც ძალიან თვალში მოსახვედრია. რამდენიმე შემთხვევა იყო, როცა პლიუსზე იმღერეს, რისი დაფიქსირდებაც ყველანაირ ღირსებას ჩრდილავს.
–როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება ხელისუფლებამ გააკეთოს ქართული შოუ ბიზნესის განვითარებისთვის?
–სახელმწიფო ვიდრე შოუ ბიზნესს მიხედავს, ქართული კულტურაა მისახედი.
–როგორც მუსიკოსს, ყველაზე მეტად რაზე გწყდებათ გული?
–გული მწყდება, რომ ქართული მუსიკა და ზოგადად კულტურა საქართველოში არ არის დაფასებული.
–რას გვეტყვით ახალგაზრდა შემსრულებლებზე და რა რჩევას მისცემდით მათ?
–უფროსი თაობის შეცდომაა, რომ ქართული მუსიკა მომავალ თაობას არ შეაყვარეს. ზოგიერთ ახალგაზრდა შემსრულებელს თუთიყუშს ვუწოდებ, ისე აკოპირებენ უცხოურს. ფაქტიურად ჩვენ უკვე დავკარგეთ თაობები, რომლებმაც ქართული მუსიკა იციან და გული ძალიან მწყდება. ამის ნათელი მაგალიათია კონკურსები, სადაც ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ კონკურსანტები კარგად წარმოაჩენენ თავს. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ქართულ მუსიკას არ იცნობენ. სამაგიერეოდ ამერიკულებს ძალიან კარგად მღერიან. ვურჩევდი, ჯერ საკუთარს გაეცნონ და შემდგ სხვა ქვეყნის მუსიკა გააღმერთონ. როდესაც უცხოელი ჩამოდის, გეუბნება, ეს ჩემია, ახლა მომასმენინე შენი, რასაც შენ უხარისხოდ აცნობ.
–რამდენად ხშირად წერთ ახალ სიმღერას? როგორ ფიქრობთ, მოთხოვნადია თუ არა თქვენი პროდუქცია ახალ თაობაში?
–გამოგიტყდებით, ვერ ვიტან სტუდიურ მუშაობას, იქ, სადაც არ არის ქართული მსმენელი, ემოციების გაცვლა-გამოცვლა, არ მსიამოვნებს მუშაობა, ამიტომ ვზარმაცობ, ეს არის ჩემი მინუსი. ერთადერთი დისკი მაქვს გამოშვებული. მოთხოვნადია იმ მსმენელისთვის, ვინც ქართული მუსიკის ფასი იცის, ვინც აფასებს იმ კომპოზიტორებს, ვის სიმღერებსაც ვმღერი, აფასებს იმ პოეტებს, ვისი ლექსებიც ავამღერე. მაგალითად პეტრე გრუზინსკი, შესანიშნავი პოეტია. იმასაც ვიტყვი, რომ ნაკლებად მაღელვებს ვისთვის იქნება მოსაწონი და ვისთვის არა, რადგან მე არ ვმუშაობ მოგებაზე.
–ახალგაზრდა შემსრულებლებში ფავორიტი თუ გყავთ?თამრიკო ჭოხონელიძე: სასიმღერო და საცეკვაო კონკურსები საქართველოში სამართლიანად არ ტარდება
–ეს არის ნუცა ბუზალაძე. გამორჩეულად ნიჭიერი გოგონაა. მასში ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ ყოველთვის ცდილობს გავიდეს ჩარჩოებიდან. ნუცა ჟანრობრივად ძალიან საინტერესო ნიუანსებს წარმოგვიდგენს. მომღერალს ძალიან არასაინტერესოს ხდის კოპირება, ის რაც ერთმა შექმნა, მეორე ვერასოდეს გაიმეორებს.
–ამჟამად რას საქმიანობთ? რა სიახლეებია თქვენს შემოქმედებაში?
–ბოლო ჩემი სოლო კონცერტი 5 წლის წინ იყო, რომელიც რეზო ლაღიძის შემოქმედებას ეძღვნებოდა. ვთვლი, რომ რეზო ლაღიძემ თავად მოგვიძღვნა საკუთარი შემოქმედება. მისი მელოდიები, რომლებიც სიმღერებად არ იყო თავის დროზე შექმნილი, ახალი ვერსიების სახით ჩვენ შევქმენით. დღეს, რომელ პროექტზეც ვმუშაობ, იგივე დამოკიდებულებაა ზუსტად. კომპოზიტორი, რომლის სახელი და გვარიც ნაკლებად ცნობილია, საზოგადოებას და ახალგაზდრა თაობას გავაცნობ. მისი მუსიკა ჟღერს ფილმებში: "მაგდანას ლურჯა", "სხვისი შვილები", " ჩვენი ეზო", "ორი ოჯახი" და ასე შემდეგ. თუ ეს ფილმები ნანახი აქვთ ამ კომპოზიტორს, რომელსაც არჩილ კერესელიძე ჰქვია,დააფასებენ. ეს კონცერტი შედგება, თუმცა არ ვიცი როდის.
–რას აკეთებთ თავისუფალ დროს?
–თავისუფალი დრო თითქმის არ მაქვს, იმდენად საინტერესო ადამიანები მახვევია ირგვლივ, რომ მათთვის ერთი წუთი არ მენანება. ესენი ჩემი შვილიშვილები - მარიამი და ელენე არიან, რომლებმაც ძალიან საინტერესო ცხოვრება დამაწყებინეს.
– სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?
–ჩემი სამუშაო გეგმები პროექტს უკავშირდება, რომელიც არჩილ კერესელიძეს ეძღვნება. ასევე ,,ჭოხონელიძეების სტუდიას", სადაც მომავალ თაობას ვზრდით. ჩემი მთავარი მიზანია, ბავშვები ღირებულ მუსიკას და ქართულ კულტურას ვაზიაროთ.
თიკო ბეკოშვილი (სპეციალურად საიტისთვის)

 

 

 


უკან დაბრუნება