მინდია ქიტიაშვილი: ქართულ კინოში დღეს ძალიან მძიმე ვითარებაა

23 წლის მინდია ქიტიაშვილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეატრის ,,მოდი ნახეს" და გიორგი შავგულიძის სახელობის თეატრ ,,სახიობას" მსახიობია. ის, ასევე საუკეთესოა, ლექსის მხატვრულად წაკითხვაში. ამ ნიჭიერი ახალგაზრდით ჟურნალი geoelite.ge დაინტერესდა და მასთან გასაუბრება გადავწყვიტეთ.
მინდია ქიტიაშვილი: ხელოვნება ბავშვობიდან მიყვარდა, მსახიობობის ინტერესი 12 წლიდან გამიჩნდა. სასკოლო თეატრებში და პატარ-პატარა წარმოდგენებში ვიღებდი მონაწილეობას, მას შემდეგ გამიჩნდა ამ სფეროში მოღვაწეობის სურვილი და დღემდე ვცდილობ, რაღაც ღირებული შევქმნა.
–გაიხსენეთ თქვენი პირველი ნაბიჯები.
–როგორც მსახიობი, პირველი ნაბიჯები სკოლის დარბაზში გადავდგი. ჩემი პირველი საბავშვო როლი, ზღაპარ "ნაცარქექიაში" ვახუშტის როლი იყო, შემდეგ ფიროსმანი და ასე შემდეგ... ჯერ თეატრალურ სტუდიაში ვისწავლე და შემდეგ, თეატრალური უნივერსიტეტის კარსაც მივადექი.
–გვესაუბრეთ თქვენს როლებზე, გითამაშიათ თუ არა ფილმში?მინდია ქიტიაშვილი: ქართულ კინოში დღეს ძალიან მძიმე ვითარებაა
– დოკუმენთურ მოკლე მეტრაჟიან ფილმებში მაქვს ნათამაშები, თეატრის გამოცდილება უფრო დიდი მაქვს ვიდრე კინოში, თუმცა პატარა ვიდეო კლიპებსა და რეკლამებშიც მაქვს ნათამაშები. ვერ ვიტყვი, რომ დიდი როლები მითამაშია, თუმცა ჩემთვის ესეც დიდი პრაქტიკაა.
–რატომ აირჩიეთ მაინცდამაინც თეატრი და არა კინო?
–ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მიჭირს, თუმცა გეტყვით, რომ თეატრში დავინახე და ვიგრძენი ის სასიცოცხლო ძალა, ენერგია, რაც სცენაზე მსახიობსა და მაყურებელს შორის იგრძნობა. სწორედ, ეს ცოცხალი ელემენტია ის, რაც ადამიანის სულიერებას ამაღლებს, ეს ძალა და ენერგია მომწონს თეატრში.
–რას ნიშნავს თქვენთვის მსახიობობა?
–მასხიობობა სიკეთეს, გულწრფელობას ნიშნავს, ზოგადად ყველაფერ კარგს, რაც ადამიანის კეთილ თვისებებშია ღმერთისგან ჩადებული. მოკლედ ვიტყვი, იმას, რასაც ილია ჭავჭავაძე ამბობდა: "თეატრი, ეს ერის სარკეა". ვფიქრობ, ამით ყველაფერია ნათქვამი.
–რომელი როლი გიყვართ ყველაზე მეტად?
–ჩემი როლების გამორჩევა ყოველთვის მიჭირს, რადგან ყველა როლზე რაღაც გარკვეული ძალა, ენერგია და სიყვარული მაქვს ჩადებული, თუმცა ვიტყვი, რომ ზოგადად, სახასიათო როლებზე მუშაობა უფრო მიყვარს, ჩემგან განსხვავებულის, რაც რეალურდ არ ვარ.
–თქვენი საოცნებო როლი? მინდია ქიტიაშვილი: ქართულ კინოში დღეს ძალიან მძიმე ვითარებაა
–საოცნებო როლი არ მაქვს, რადგან ჩემთვის ყველა როლი პროფესიული ზრდა და განვითარებაა, ასე რომ, ჯერ საოცნებო როლამდე უამრავი როლი მაქვს სათამაშო და მერე ვიოცნებებ.
–თქვენი საყვარელი მსახიობი და არის თუ არა ვინმეს გავლენა თქვენს არტისტიზმში?
–უამრავი საყვარელი მსახიობი მყავს, ჩემთვის რამაზ ჩხიკვაძის არტისტიზმი, სამსახიობო ოსტატობა მისაბაძია. ასევე ზურა ყიფშიძე, მართლაც არაჩვეულებრივი ლეგენდები გვყავდა და მათ ჩამოთვლას არ დავიწყებ. რაც შეეხება მხატვრულ კითხვაში ცხონებული გურამ საღარაძე და მურმან ჯინორია, ნამდვილად შეუდარებლები არიან და ვიტყვი იმას, რომ ყველა ადამიანს და ასევე მეც, რა თქმა უნდა, რაღაც მხრივ მათი გავლენა გვაქვს, თუმცა ეს არ არის მიბაძვა. ყველა ადამიანი იღებს მაგალითს უკეთესისგან და ამ მუშაობაში პოულობს საკუთარ თავს, ქმნის საკუთარ სტილს შემოქმედებით სფეროში.
–რას იტყვით ქართულ თეატრზე და კინოზე?
–თქვენ კარგად იცით ქართულ თეატრს რა ჭირდა 90-იანი წლების პერიოდში. თეატრს ვინ ჩივის, მაგ დროს, სამწუხაროდ საქართველო იყო საშველი, თუმცა მაინც ცდილობდა თავისი სათქმელი ეთქვა. ვფიქრობ, ამჟამად სული მოითქვა და აქტიურად განაგრძობს მოღვაწეობას, რაც სასიხარულოა. რაც შეეხება ქართულ კინოს, აქ შედარებით მძიმე ვითარებაა, რა თქმა უნდა კეთდება რაღაცეები, თუმცა მოიკოჭლებს. ფაქტიურად აღარ არსებობს ქართული კინო სტუდია, კომუნისტების დროს უფრო მეტი ფილმი კეთდებოდა ვიდრე დღეს, გულდასაწყვეტია. ქართულ კინოს დღეს უფრო აქვს სიტყვის თავისუფლება ვიდრე მაშინ, ეს ბოლო ათი წლის განმავლობაში დავინახე. ჩემთვის ყველაზე გემოვნებიანი და ღირებული ფილმია – ,,სამი სახლი". იმედია აღორძინდება ქართული კინო, ისე, როგორც ქართველებს შეგვეფერება.
–როგორ მოხვდით ტექნიკური უნივერსიტეტის თეატრში?
–ტექნიკური უნივესიტეტის თეატრში მოხვედრა ჩემი ძმის დამსახურებაა. სწავლის დამთავრების შემდეგ ერთი წელი გამიცდა სამხედრო სამსახურში დგომის გამო, ის იყო ჩემთვის ყველაზე ცუდი პერიოდი შემოქმედებითად, რადგან აღარ გამაჩნდა სცენა, რაც მენატრებოდა. სწორედ ამ ყველაფრის შემდეგ ჩემმა ძმამ მითხრა, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის თეატრში ,,ქასთინგი" ტარდებოდა და ბედი ვცადე... დიდი მადდლობა მინდა ვუთხრა ბატონ ნუგზარ ბუცხრიკიძეს გვერდში დგომისთვის. არ შემიძლია არ ავღნიშნო გიორგი შავულიძის თეატრი ,,სახიობა", სადაც საშუალება მეძლევა, არაჩვეულებრივი ადამიანის სახელობის თეატრში ვითამაშო. დიდი მადლობა ხელმძღვანელობას და დირექტორს ბატონ გია კახელს.
–რას აკეთებთ თავისუფალ დროს, ანუ ზაფხულში?
–ვცდილობ, დიდი ხნის უნახავი ახლობლები და მეგობრები მოვიკითხო, ასევე ვსწავლობ ლექსებს.
–როგორც ჩემთვის ცნობილია, თქვენ ლექსებს მხატვრულად კითხულობთ და სხვადასხვა კონკურსებში გაქვთ მონაწილეობა მიღებული...
–მხატვრულ კითხვაში ,,გალაქტიონობა 2014 წლის" – გამარჯვებული გავხდი. როცა საშუალება მაქვს, ასეთ კონკურსებში მონაწილეობას ყოველთვის ვიღებ.
–თვითონ თუ წერთ ლექსს?
–ხშირად მაბრალებენ პოეტობას, თუმცა პოეტი არ ვარ, ჩემთვის ვწერ და უჯრაში ვალაგებ, არასდროს გამომიქვეყნებია.
– სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?
– სექტემბრიდან ახლი პრემიერებისთვის ვემზადებით, ჩემი თხოვნა იქნება ხალხმა ხშირად ნახოს სპექტაკლები და ისიამოვნონ.
თიკო ბეკოშვილი (სპეციალურად საიტისთვის)


უკან დაბრუნება