სემეკ-ის გადაწყვეტილებით მოქალაქეები სასმელი წყლის მრიცხველის საფასურს აღარ გადაიხდიან

მოქალაქეები სასმელი წყლის მრიცხველის 100 ლარიან საფასურს აღარ გადაიხდიან. ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ავრცელებს.
სემეკ-ის გადაწყვეტილებით შესაბამისი ცვლილება "სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების" წესებში შევიდა. კერძოდ, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, რომელთა სასმელი წყლის მილის დიამეტრი 15 მმ-ს არ აღემატება, აღრიცხვის კვანძი, მათ შორის მრიცხველი, უფასოდ დაუმონტაჟდებათ. სიახლე ეხება საქართველოს მასშტაბით სასმელი წყლის ყველა საყოფაცხოვრებო მომხმარებელს. აღნიშნული წესი ვრცელდება 2015 წლის პირველი იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.უახლოეს პერიოდში მოქალაქეები წყალმომარაგების სექტორში სხვა სიახლეებითაც ისარგებლებენ. კერძოდ, კომისიამ შეიმუშავა კომერციული მომსახურების ხარისხის წესები, რომლის საფუძველზეც სასმელი წყლის მიწოდების არაგეგმიური წყვეტა მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.
წესებით გაკონტროლდება ქოლ-ცენტრის ოპერატორის პასუხის გაცემის დრო სატელეფონო ზარზე. წყალგამანაწილებელ კომპანიებს დაუწესდებათ სხვადასხვა მომსახურების სტანდარტები, რომელთა დარღვევის შემთხვევაში მომხმარებელთა სასარგებლოდ ფულადი კომპენსირების მექანიზმები ამოქმედდება. კომპენსაცია მომხმარებელს დაერიცხება სააბონენტო ბარათზე დეპოზიტის სახით.


უკან დაბრუნება