გიორგი შალვაშვილი: საქართველოში შოუ–ბიზნესი კი არა ,,შოუ–ბოზნესია"

სიმღერა ძალიან პატარა ასაკიდან დაიწყო. დადიოდა საბავშვო ანსამბლ ,,ჩიორა"–ში, რომლის ხელმძღვანელებიც ცნობილი მუსიკოსები ზურაბ ლალიაშვილი და ალექსანდრე ბასილაია იყვნენ. მაშინ ანსამბლი მოსკოვის კინო ფესტივალზე წარსდგა, სადაც სიმღერა ,,სინემა" სოფი ლორენის და მიშელ მესიეს გვერდით შეასრულა.
– სიმღერა, რომელმაც პოპულარობა მოგიტანათ?
– მომღერალ მაცაცო თოხაძესთან შესრულებულმა დუეტმა – ,,შენ ხარ ჩემი საკუთარი ბედნიერება". კომპოზიტორი, პოეტი, დრამატურგი, სცენარისტი და რეჟისორი ვარ, ვაკეთებდი ჩემს საქმეს და ამით ბედნიერი ვიყავი, არასდროს მინდოდა მომღერლობა. დიდი როლი ითამაშა მაცაცო თოხაძემ, რომ მემღერა და ამისათვის მადლობა მას. ზოგჯერ ვფიქრობდი, მეტს აღარ ვიმღერებ–მეთქი, მაგრამ უამრავი ადამიანი მწერდა, მირეკავდა და მეკითხებოდა, როდის შევქმნიდი ახალ სიმღერებს. მივხვდი, უკვე დიდი პასუხისმგებლობა მქონდა აღებული ხალხის წინაშე და ასე გავხდი მომღერალი...გიორგი შალვაშვილი: საქართველოში შოუ–ბიზნესი კი არა ,,შოუ–ბოზნესია"
– რამდენი სიმღერაა თქვენს რეპერტუარში?
– ორმოცდაათი, თუმცა დაწერილი ასობით სიმღერა მაქვს.
– ალბომის გაკეთებაზე ან კლიპის გადაღებაზე არ ფიქრობთ?
– არა, ალბომი, რომ გამოვუშვა უნდა გაიყიდოს. ყველა ჩემი სიმღერა უკვე გაყიდულია. არის ადგილები, საიდანაც გიორგი შალვაშვილის სიმღერები გესმით. ალბომს ფასი რისთვის დავადო, როცა მას უფასოდ უსმენენ?! არც კლიპის გადაღებაზე ვფიქრობ, რადგან დღეს საქართველოში შოუ–ბიზნესი არ არის იმ დონეზე, რომ კლიპში ფული გადავიხადო, პოპულარობის ამბიცია კი არ მაქვს.
– ქართულ შოუ–ბიზნესზე რას ფიქრობთ?
– პირდაპირ შეგიძლიათ დაბეჭდოთ, საქართველოში შოუ–ბიზნესი კი არა ,,შოუ–ბოზნესია", იმდენად ხოცავენ და ჭამენ ერმანეთს.
– თქვენ არ მიიჩნევთ თავს შოუ–ბიზნესის წარმომადგენლად?გიორგი შალვაშვილი: საქართველოში შოუ–ბიზნესი კი არა ,,შოუ–ბოზნესია"
– არა! მე შოუ–ბიზნსის წარმომადგენელი არ ვარ, ხელოვანი ვარ და არც არავინ არ თქვას, რომ ის შოუ–ბიზნესის წარმომადგენელია. იმაზე მეტი ვიცი ამ სფეროზე, ვიდრე მეტად  პოპულარულმა ადამიანებმა.
– რას გულისხმობთ?
– შოუს და ბიზნესის ტანდემია შოუ–ბიზნესი. ბიზნესი ნიშნავს, ფული უნდა ჩავდო და ორმაგი, სამმაგი ან მეტი ამოვიღო, შოუ ნიშნავს სანახაობას, აქ კი არც სანახაობა გვაქვს და არც ფული.
– ქართულ ტელევიზიებზე რას იტყვით, რა როლს თამაშობენ ისინი ამ სფეროში?
– დავიღალე! მე და ტელევიზორი, ერთმანეთს უკვე აღარ ველაპარაკებით. ქართულ არხებს არ ვუყურებ, მხოლოდ მაშინ, როცა ეკრანზე ინგა გრიგოლია ჩნდება. ძალიან განათლებული ადამიანია და დიდ პატივს ვცემ. დანარჩენ ყველა გადაცემას ერთი და იგივე ფორმატი აქვს, ერთმანეთს ლანძღავენ, იუმორისტულ გადაცემებზეც კი აღარ გვეცინება, იმდენად დაბალი დონეა. ერთ–ერთი გადაცემის ხელმძღვანელი მირეკავს და მეუბნება, გიორგი შენზე ერთმა მომღერალმა მითხრა, შალვაშვილს პრეზენტაცია აღარ გაუკეთო, თორე შენთან გადაცემაში აღარ მოვალო. რატომ? იმიტომ, რომ ყველაზე მაგრად ვმღერი? მე შემიძლია ამბიციური ვიყო და ვთქვა, შემიძლია სამ საათიან კონცერტზე ცოცხლად ვიმღერო და ხალხს ვეკონტაქტო. პლიუსზეც მიმღერია, რადგან აპარატურა არ გვაქვს, მხოლოდ საქართველოში შეიძლება მომღერალს სცენაზე მიკროფონიდან დენმა დაარტყას და მოკვდეს.
– პირად ცხოვრებაში რა ხდება?
– პირადი იმიტომ ჰქვია, რომ პირადი უნდა იყოს.
– შეყვარებული ხართ?
– შეყვარებული რომ არ ვიყო, ასეთ ლექსებს და სიმღერებს ვერ დავწერდი.
– პირველი ლექსი როდის დაწერეთ?
– როდესაც ხუთი წლის ვიყავი – ,, ჩამოვარდა რკო, ღორმა წაიღო, ამ ღორს თოფით მოკლავს, ჩემი მამიკო." ამის შემდეგ ძალიან დიდი დრო გავიდა და არაფერი დამიწერია. დეპრესიაში ვიყავი, შვიდი ღამე და რვა დღე ოთახში ჩაკეტილი ვიყავი. კონტაქტი არავისთან მქონია, ვიჯექი და პოემას ვწერდი, რომელიც შვიდიათასშვიდასსამოცდაჩვიდმეტ სტროფიანია.
– სულ რამდენი ლექსის ავტორი ხართ?
– ასობით ლექსის. მნიშვნელობა არ აქვს, სად, როდის და როგორ ვიქნები, ნებისმიერ დროს შემიძლია ვწერო.
– ამჟამად რას საქმიანობთ?
- სხვადასხვა სიმღერებზე ვმუშაობ. მაქვს ჩემი თოჯინების თეატრი და უამრავ საქველმოქმედო სპეკტაკლებს ვატარებ.
– სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?
– საქართველოდან წასვლას ვაპირებ, თუმცა ჯერ ყველა რეგიონში უნდა ჩავატარო კონცერტები, მოვეფერო და დავემშვიდობო მსმენელს, რადგან საქართველოში შოუ–ბიზნესი არ არსებობს, ცოტა ხნით გავეცლები და სავარაუდოდ აშშ–ში გავაგრძელებ მოღვაწეობას.
თიკო ბეკოშვილი (სპეციალურად საიტისთვის)


უკან დაბრუნება