რა უნდა ვიცოდეთ დიდ მარხვის (აღდგომის მარხვა) შესახებ?!

ორი მსგეფსი წინ უძღვის დიდმარხვას: პირველია – უძღები შვილის კვირა, მეორეა – ყველიერის კვირა – უშუალოდ მარხვის დაწყებამდე (ხსნილია რძის ნაწარმითა და კვერცხით).
ხანგრძლივი და ძალზედ საპასუხისმგებლოა დიდი წმიდა მარხვა, რომელიც აღდგომის წინ 49 დღით ადრე იწყება და ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულამდე გრძელდება. დიდი მარხვის დროს ორი უდიდესი დღესასწაულია ხარება და ბზობა; ხარება - მთავარანგელოზ გაბრიელის მიერ ქალწულ მარიამისადმი უწყება იმისა, რომ მისგან კაცობრიობას მოევლინებოდა უფალი ჩვენი იესო ქრისტე; ბზობა – იესო ქრისტეს დიდებით შესვლა იერუსალიმში. ბზობის დღესასწაულს წინ უძღვის "ლაზარეს შაბათი", ეკლესია ამ დღეს დღესასწაულობს იესო ქრისტეს მიერ თავისი მეგობრის, ოთხი დღის მკვდარი ლაზარეს აღდგინებას. ბზობის დღესასწაული ხსნილია თევზით. მორწმუნეთ ურიგდებათ ნაკურთხი ბზის ტოტები, ნიშნად იმისა, თუ როგორ უფენდნენ მწვანე რტოებს ებრაელები იესო ქრისტეს, როცა ის დიდებით შედიოდა იერუსალიმში პასექის უკანასკნელ დღესასწაულზე. წინა წელს ნაკურთხი ბზის ტოტები დაუშვებელია უდიერად გადაიყაროს, არამედ უნდა დაიწვას, ან ტაძრის ეზოში, ან სადმე წმიდა ადგილას.
წმიდა ეკლესია დიდი მარხვის პერიოდში, ორმოცი დღის განმავლობაში იხსენიებს მიცვალებულებს, რომელსაც ეწოდება ორმოცდღიანი მოსახსენიებელი; ყოველ შაბთს დიდ მარხვაში კეთდება მიცვალებულთა სახელზე საკურთხი, გარდა დიდმარხვის პირველი კვირის შაბათისა.
ვნების შვიდეული დიდ მარხვის მომდევნო კვირაა. ამ შვიდეულში მოხდა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს წმიდა ვნება ჯვარზე. ამ კვირაშიც, დიდ მარხვის პირველი კვირის მსგავსად მკაცრად ვმარხულობთ (უზეთოდ, ვისაც ეს ძალუძს), გარდა ხუთშაბათისა. ხუთშაბათი ზეთით ხსნილია. ამ დღეს იესო ქრისტემ თავისი 12 მოწაფის საიდუმლო სერობა მოიწვია და დააწესა ზიარებისსაიდუმლო. ყოველი მართლმადიდებელი უნდა ეცადოს ამ დღეს ზიარებას.
დიდი ხუთშაბათიდან მოყოლებული წმ. ეფრემ ასურის სინანულის ლოცვა "უფალო და მეუფეო" აღარ იკითხება, ე.ი. ამ ლოცვის კანონი წყდება.
ვნების შვიდეულში მთელი წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე დღე "წითელი პარასკევია". ამ დღეს მოხდა ჯვარცმა და ხორციელი სიკვდილი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ამ დღეს სრულდება "გარდამოხსნის გადმოსვენება". დილით კი, იკითხება "თორმეტი ვნების სახარება".
დიდ შაბათს, დილით, სრულდება გარდამოხსნის შემოტარება ტაძრის გარშემო, რის შემდეგაც მას შუა ტაძარში დაასვენებენ. ეს მომასწავებელია უფლის წმიდა სხეულის გადმოსვენებისა ჯვარცმის ადგილიდან მისთვის გამზადებულ საფლავში. ყოველივე ამის შემდეგ, ხდება მზადება უფლის ბრწყინვალე აღდგომის შესახვედრად.
დიდ მარხვაში იკითხება წმიდა ეფრემ ასურის ლოცვის კანონი ყოველდღიურად 16 მეტანიით (კვირის გარდა)
1.უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო, სულსა უქმობისასა და მიმოწვლილველობასა, მთავრობისმოყვარებასა და ცუდად მეტყველებასა ნუ მიმცემ მე.
(დიდი მეტანია 1-ჯერ)
2. ხოლო სული სიწმიდისა, სიმდაბლისა, მოთმინებისა და სიყვარულისა მომმადლე მე, მონასა შენსა.
(დიდი მეტანია 1-ჯერ)
3.ჰე, უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა, რამეთუ კურთხეულ ხარ, შენ, უკუნითი უკუნისანდე. ამინ.
(დიდი მეტანია 1-ჯერ)
4.ღმერთო მილხინე მე ცოდვილსა ამასა და შემიწყალე.
(მცირე მეტანიით 12-ჯერ)
5.შემდეგ ეს ლოცვა ისევ უნდა გავიმეოროთ თავიდან ბოლომდე და აღვასრულოთ კიდევ 1 დიდი მეტანია.
მეტანიის განმარტება
მეტანია - ბერძნული სიტყვაა, ნიშნავს სინანულს, საკუთარი უღირსების შეგრძნებით ღვთის წინაშე თაყვანისცემას – მუხლდრეკას.
ა) დიდი მეტანია ნიშნავს – მუხლებისა და თავის მოდრეკას.
ბ) მცირე მეტანია ნიშნავს პირჯვრის გამოსახვის შემდეგ თავის დადრეკას უფლის წინაშე და ხელით იატაკზე შეხებას.

 


უკან დაბრუნება