10 000 - ხმიანი სასიძო

10 000 - ხმიანი სასიძო

(საარჩევნო ფანტაზია)

 

ნუგზარ ერგემლიძის მოთხრობა საინტერესო წასაკითხია. წააიკითხეთ! საინტერესოა ხელოვანი ლეიბორისტის იუმორისტული ხედვა, თანამედროვე პრობლემების კარიკატურულად, გურული დამახასიათებელი კილოთი წარმოსახვა და საზოგადოებისთვის გადმოცემა...

 

დიდი დრო და შრომა დასჭირდა კაცობრიობას, იმისათვის, რომ სამართლიანი საარჩევნო სისტემისათვის მიეგნო. მთელი მე-19, მე-20 საუკუნეები იმტვრევდნენ თავს, შეჰქონდათ და გამოჰქონდათ ცვლილებები კონსტიტუციებში, მაგრამ მხოლოდ XXI საუკუნის პირველ მეოთხედში დამკვიდრდა ჭეშმარიტად სამართლიანი საარჩევნო სისტემა!

როგორც ვიცით, ჯერ ზანგებს არ ჰქონდათ, არჩევნებში მონაწილეობის უფლება, შემდეგ ქალებს არ აძლევდნენ ამ შანსს... ნელ-ნელა წინ მიიწევდა საქმე, მაგრამ მთავარი პრინციპი: 1 ადამიანი =1 ხმას - არ იცვლებოდა! ამ პრინციპის გამო, ხშირად უღირსიც კი ხდებოდა საპასუხისმგებლო თანამდებობის პირი.

ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ გურიაში არ აჯანყდნენ!

„ქუხნის“ ქალს და ნასტავლს რატომ უნდა ჰქონდეს თითო ხმა?

ასეთი იყო მათი პროტესტის ძირითადი არსი. გურიაში სპეციალურად ჩასული საერთაშორისო კომისია დიდხანს უმტკიცებდა აჯანყებულთ:

- ის „ქუხნის“ ქალიც ადამიანია, მასაც ხომ უნდა ჰქონდეს დემოკრატიულ არჩევნებში მონაწილეობის უფლება? წამომდგარა თმაშევერცხლილი, ენამოსწრებული და ჯერ კიდევ ბევრის შემძლე სარგისი და ასეთი აზრი ჩამოუყალიბებია:

- კოეფიციენტი დავაწესოთ!

სიჩუმე გამეფებულა.

- რის კოეფიციენტი, სან? - იაპონურად უკითხავს ჯაპანადან ჯაპანაში ჩამოსულ კომისიის წევრ ქალბატონს.

- რის და... სწავლა-განათლების! მაგალითად, მე - ჩემით დევიწყებ: მხოლოდ საშვალო მაქ დამთავრებული, ქე მიჩიჩინებდნენ ჩემო ცხონებული მშობლები ისტავლე, ისტავლეო („წ“-ს არ ამბობდნენ საწყლები) მარა, მე - ბურთაობა, ხელაობა, ქეიფი და სიმღერა მიყვარდა! მე და ჩემნაირებს მოგვაშავეთ მაი 1 ხმა, მარა აგერ, ამ კაცს, წიგნის კითხვაში რომ აქვს თვალები ამოღამებული, თქვენს იმპერატორს რამდენი მილიმეტრი აქვს თვალის ჭრილი, ისიც კი რომ იცის... მაგას ვთქვათ, 100 ხმა ჰქონდეს, - პროფესორ ჭყონიასკენ გაიშვირა ხელი სარგისმა. გურულებმა ტაში დაცხეს, კომისიის წევრებმა ერთმანეთს გადახედეს.

- ბიჭო, აგერ არ გვყოლია თომასია ჯეფერსონი? სა იყაი სარგისია აქამომდე?

- მერედა... ვინ დაადგენს, ვის რამდენი ქულა ეკუთვნის? ეს ხომ კორუფციის წყარო გახდება? ეს გამოსვლა კომისიის ჩინელ წევრს ეკუთვნოდა, ისინი მეტნი იყვნენ ათკაციან კომისიაში, ამიტომ მათზე იყო ყველაფერი დამოკიდებული, სარგისმა სახალხო დიპლომატიის ხერხებს მიმართა:

- უძველესი დროიდან ვაფასებდით გურულები და მთელი დუნია, ჩინურ ჭკუას და ახლაც მაგის იმედი გვაქ! აი კომპიუტერი, საცივს და ბაჟეს არ აკეთებს, თვარა, _ სხვას ყველაფერს ახერხებს. მივუერთო სპეციალური პროგრამა და ის გაზომავს - ჭკუა-განათლების დონეს! მივიდეს კომპიუტერთან ვისაც უნდა და ჩააბაროს ი გამოცდა! მალე გამოჩნდებიან 100, 200, 1000 და ათიათას ხმიანი ამომრჩევლები, იმათ მივანდოთ იმის გადაწყვეტა, თუ ვინაა მთავრობაში ყოფნის ღირსი და ვინ არა! ხალხსაც ეჭვი აღარ ექნება და იშრომებს მშვიდად!

- სხვამ რა უნდა ჰქნას? არ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა? - იკითხა ჩინელმა.

- სხვას ჩემსავით თითო ხმა! - დათვლაც იოლი იქნება და სამართლიანობაც იზეიმებს!

კომისიის წევრებმა საგულდაგულო თათბირი წამოიწყეს.

- არ ყოფილხარ თლა ცალხმიანი სარგისია! - ხუმრობდნენ გურულები - ფანდურივით სამხმიანი მაინც იქნები!

რა თქმა უნდა, არავის სჯეროდა, რომ მათი ჯანყი, რამეს შეცვლიდა, მაგრამ მაინც უხაროდათ, რომ კომისიას რაღაც საჭოჭმანო, სათათბირო და დასაფიქრებელი შესთავაზეს.

- აი ამბავი, მანამდე ვერ მოიფიქრა ვერავინ? - რიტორიკულად იკითხა მეორე მსოფლიო ომის შემორჩენილმა მონაწილემ - კაი, რო ყოფილიყო - სტალინი მეიფიქრებდა!

- არ ჭირდებოდა მაი შენს სტალინს და იმიზა არ მეიფიქრა - უპასუხეს აქეთ-იქედან ას წელს გადაცილებულ ვეტერანს, რომელსაც სტალინის მედალი დილიდანვე გაეპრიალებინა.

ნახევარსაათიანი თათბირის შემდეგ კომისიამ კომუნიკე წაიკითხა: 

- ჩვენ დავასკვენით, რომ შემოსულია მეტად საინტერესო იდეა დემოკრატიული არჩევნების სამართლიანი ჩატარებისა, პასუხს ცენტრალური ოფისიდან მიიღებთ 10 დღეში!...

...ათი დღის შემდეგ  სარგისის ეზოში დიდი ქეიფი გაჩაღდა! (აქ სიტყვა „ქეიფი“ სუფრის წევრების რაოდენობას არ ნიშნავს, ეს სიტყვა სიხარულის და აღტაცების, დაუნგარიშებელ და უთქმელ გრძნობათა კრებითი გამოხატულებაა). მარა რა ქეიფი! 

- „გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მოიწონა გურულების ინიციატივა“ - ტექსტ კითხულობდა მეზობლის ათოსანი ბიჭი. კითხვისას თვალები ისე უელავდა, რომ ოცნებაში უთუოდ 1000 ხმიანი ამომრჩევლის მანდატი ჯიბეში ედო!

- ამ დიდ გზავნილს, ამ დასკვნას გაუმარჯოს!

- მგზნებარედ გაიძახოდა პროფესორი ჭყონია, (ჯერჯერობით თამადად არჩეული!) რომელიც უკვე ათასებს „ქაჩავდა“ შემთვრალ მომხრეთა თვალში.

- ჩემი მომავლისთვის, თქვენი მომავლისთვის ვიმწვალე ამდენი - ლუღლუღებდა სიხარულის ცრემლმომდგარი სარგისი - კაცი, რომელიც მართლაც დიდი ადამიანი გახლდათ: გამჭრიახი გონების პატრონი! მერე ორდენებიც კი მიიღო ღვაწლმოსილმა კაცმა, გაერთიანებული სამეფოების, გაერთიანებული ერების, ნაურუს ორდენიც კი მიიღო, მაგრამ - უკან დააბრუნა:

- მაგ მათხვრების ორდენი არ მჭირდება მე... ასე ეკუთვნით მაგათ: ყველამ უნდა გათვალოს თავისი ნაბიჯი!

შემდეგ იმისა, რაც ცხოვრებაში გატარდა ახალი საარჩევნო წესები, ბატონმა სარგისმა (როგორც დამსახურებულმა გამონაკლისმა) 100 ხმის განკარგვის უფლება მიიღო. 

პირველი, ვინც სარგისს ეს გამარჯვება მიულოცა, ჭყონია იყო.

- აბა, შენ იცი სარგის, როგორ სამართლიანად გაანაწილებ ამ 100 ხმას!

- იყარე კენჭი ჩემო ძმაო და... აგერ არ ვარ? - ვიღაცის მხარში ამოდგომისაგან გამოწვეული სიამოვნების განცდით უთხრა სარგისმა პროფესორს.

პროფესორმა ჭყონიამ სათვალე გაისწორა და სარგის უპასუხა: 

- ეჰ, კეთილო ადამიანო, რას მიშველის 100 ხმა.

- შენისთანა კაცს სხვაც ბევრი მოგცემს ხმას!

- ვითომ? - ეჭვის თვალით შეხედა ჭყონიამ ასხმიან ამომრჩეველს. ანუ, ასი კაცის მაგიერ გადაწყვეტილების მიმღებ ადამიანს!

- რა ვიცი, რა ვიცი... - ყოყმანობდა პროფესორი. 

- ნეტა, ვისთვის ვიგონებდი ამ საარჩევნო სისტემას - სივრცეს მიაპყრო ბრძნული მზერა სარგისმა.

ამ დროს შვილიშვილი შემოეხვია ფეხზე. თვითონვე უპასუხა თავის კითხვას:

- ამისთვის ვიგონებდი! ამისთვის და მისი ტოლებისათვის! შენია ბაბუ მომავალი!

ბავშვმა ხაჭაპური აიღო და გაიქცა.

- სარგის ჩემო, იქნებ სხვასაც დავეკითხოთ და მერე გადავწყვიტოთ ჩემი დეპუტატობის საკითხი!

- კაი, ძამა! - გაიცინა სარგისმა - ხვალღამ დოვუძახებ ჭკუისსაკითხავ კაცებს და ერთად გადავწყვიტოთ მაი ამბავი!

***

მარგიმ გაიღვიძა თუ არა, საქმეთა მწარმოებელ რობოტს უხმო:

- რა გეგმები მაქვს დღეს?

შუახანს მიტანებული კაცის გარეგნობის მქონე სილიკონისგან დამზადებულმა ბოლო თაობის რობოტმა, ოქროსფერი სათვალე გაისწორა და დამრიგებლური ტონით უთხრა:

- ძალიან ბევრს შრომობთ გონივრულად, ფიზიკურად კი ნაკლებად იტვირთავთ თავს. უკვე მოიმატეთ 5 კგ.ით. ეს აქვეითებს...

- კარგი, გავიგე, ესე იგი, უნდა ვივარჯიშო? - მთქნარებით იკითხა მარგიმ. - ვარჯიში მეზარება.

- მაშ, პარკში გაისერნეთ, ორი საათი და თუ ესეც გეზარებათ (რაც ძალიან ცუდია!) მაცოცხლებელში ჩაერთეთ! თუმცა, უნდა გაგაფრთხილოთ: მაცოცხლებლის ბოროტად გამოყენება უკუ პროცესებს იწვევს!

- ანუ, დამაბერებს? - შეშფოთდა მარგი.

- არა, მაგრამ ეფექტი აღარ ექნება და სულ უფრო დიდი დროით მოგიწევთ შიგ ყოფნა, ბოლოს კი...

- ბოლოს კი საერთოდ ვეღარ გამოვალ გარეთ! - დაასწრო მარგიმ საქმეთა მწარმოებელს. - არა უშავს, ჯერ ოცდაათიოდე წლის ვარ, გავუძლებ!

მარგი წამოდგა, ტუალეტი მოითავა და მაცოცხლებელ კაბინაში შევიდა. იმ ღილაკს მიაწვა, რომელსაც „მეტაბოლიზმი“ ეწერა. აპარატი ამუშავდა, მარგი სპეციალურ სავარძელში იჯდა თვალდახუჭული. საამო ჟრუანტელი უვლიდა მის სხეულს, ახალი უჯრედები დიდი სისწრაფით ცვლიდნენ უკვე გამომშრალ, დაბერებულებს. „200 წლამდე მაინც უნდა მივაღწიო“ გაიფიქრა მარგიმ. „აბა, ას წლამდე ბაბუაჩემის პაპამ, სარგისმაც კი იცოცხლა, 103-ის იყო თუ არ ვცდები, რა კაცი იყო“ „ეგ, რომ არა, მე ახლა 10 000 ხმიანი ამომრჩეველი ხომ ვერ ვიქნებოდი?“ თავის ფიქრზე გაეღიმა: „ეგ რომ არა, საერთოდ ვიქნებოდი?“ „რა უცნაური სახელი ერქვა სარგისს, არაფერსაც არ ნიშნავს, ჩვენს დროში კი ყველა ხვდება - „რა და რატომ გქვია“. მაცოცხლებლიდან გამოვიდა, არავითარ დაღლილობას, ნამძინარეობას, ის აღარ გრძნობდა, - თითქოს ახლიდან დაიბადა!

ამ დროს ყურში ჩამონტაჟებულ აპარატში, მეგობრის ხმა ჩაესმა, (მას შემდეგ, რაც მეგობარმა კონტაქტის ნებართვა ითხოვა, და მარგიმ ხელი დაიქნია თანხმობის ნიშნად).

- გამარჯობა!

- გაგიმარჯოს დღის და სიცოცხლის განმავლობაში!

- ერთი რაღაც მინდა გითხრა და არ გაგეცინოს:

- აბა, მიდი! _ მარგი გამჭვირვალე ბურთში ჩაეშვა, ბურთმა სავარძლის ფორმა მიიღო.

- ერთი ჩემი ნაცნობი 10 000 ხმიან სასიძოს ეძებს და შენზე გადავუკარი სიტყვა... პურმარილიანი კაცია...  ისე კი არა, სუროგატულად ან ტაბლეტებით... ძველებურად _ ნატურალურ ფორმაში, გაიგე?

- ვაუ, ეს საინტერესოა! ანუ სარგისის დროისებურად?

- ჰო, ჰო, ...არ გინდა ბავშვობა გაიხსენო? ნამდვილ ხაჭაპურს რომ ჭამდი!

- ამდენი ფული აქვს? - გაიკვირვა მარგიმ.

- ჰო, რაღაც პლანეტარულ ენერგოსისტემაშია წილში!

- ბიჭოს!... ქალიშვილი ეყოლება მახინჯი, შემოსაღება უნდა ალბათ.

- რა ვიცი, არ მინახავს. შენ რა გენაღვლება, წავიდეთ - ნამდვილი, ადამიანის ხელით დაწურული ღვინო ექნება!

- უყურე შენ? 

- რა ჰქვია მაგ კაცს?

- ფაილი! - ბატონი ფაილი!

- კარგი, ინტელექტის დონე კი მქონდა ასამაღლებელი, მაგრამ...

- ბიჭო, ის ღვინო ისე აგიმაღლებს ინტელექტს, რომ 2 საათში 20 000-ს ხმიანი გახდები!

- დაიწყე ბაბუაჩემის ზღაპრები, მაგ ღვინის სმის ბრალია - პლანეტარულ კონსეციუმებში ჯერაც შეგირდები რომ ვართ...

- ის სულ სხვა ღვინოა, გაიგე?

- კარგი, დაგიჯერებ, ერთ-ორჯერ მეც მაქვს ნამდვილი გასინჯული, მთლად ისე კი არაა საქმე!

კარგიმ გადაიხარხარა. (ასე ერქვა მეგობარს). 

- მაინც მუშაობს წინაპრების სისხლი შენში! 10 000 ხმის გამოც კი არ გაფუჭდი!

- მაინც უნდა ვიმუშაო ჩემს თავზე! ხომ იცი, მალე გამოცდა მაქვს. „მთელი ცხოვრება გამოცდები მაქვს. საშინელებაა, წავალ, ვნახავ ფაილის ქალიშვილს და დავლევ ცოტას“ - გაიფიქრა მარგიმ.

- კარგი!

- ჰო, გისმენ.

- ეს სადმე რომ მოჰყვე, ხომ იცი, თავი მომეჭრება! როგორც სარგისი იტყოდა - მევიჯაყები!

- მე არ მიცნობ? ვერავინ გაიგებს!

- აბა, საღამოს გელოდები, მივფრინდეთ, ვნახოთ რა ჩიტუნაა...

- მფრინავმობილი 5-ზე შენს აივანთან იდგება!

- სახელი, რა ჰქვია ფაილის ქალიშვილს?

- არვისა.

- წარმომიდგენია რა მახინჯი იქნება! არა უშავს, ადამიანის ხელით დაწურული ღვინის დალევა კი ღირს ამ პატარა უსიამოვნების სანაცვლოდ.

***

დათქმულ დროს შეიკრიბა ჭკუისსაკითხავი ხალხი სარგისთან. დაბალ სკამებზე „ჯორკოებზე“ ჩამოსკუპდნენ და დაბალ მაგიდას, ანუ ტაბლას მიუსხდნენ. მასპინძელმა სანთლის არაყი გამოიტანა.

- „ბუზის“ არაყს ხომ დალევთ? - ღიმილით გადახედა სტუმრებს.

- სხვა რა გაქ? - იკითხა ღიპით გამორჩეულმა, ესტატემ.

- ჭინჭრის მაქ. ხუთასი ლარი ღირს ბოთლი, `იმას~ უხდება!

- აპა, პა, პა - ხელები გაშალა უარის ნიშნად პროფესორმა - იმას თუ მოუხდა, დევიღუპე, მერე სადღა მეცლება არჩევნებისთვის?

- ე, ბიჭო, მაგას ეშველებოდეს და არჩევნებს დეეძებ? იანგლა ხმელმა, ქორისთვალება მეზობელმა, კუკურიმ.

- ჭკუას მოუხმე, ნაწამლ თევზისას რო მიგიგავს ეგ თვალები - გაუწყრა მეზობელს სარგისი - არჩევნების თემაზე ვართ აქ შეკრებილი და ესაა დღეს მთავარი!

- ახლა, სამართალი თუა ქვეყანაზე? - არ გაჩერდა ხმელი და აწოწილი - მე 5 კილო ხორცის მომატება მენატრება და ამას 5 კილოს დაკლება - ღიპიანზე მიუთითა - არ შეიძლებოდა, ესეც ნორმალური ყოფილიყო და მეც?

- აი, მივედით მთავარ საქმესთან! არავინ და არაფერია ტოლი და ერთნაირი ამ ქვეყნად. კი, გული და პატივმოყვარეობა და სურვილები ყველას გვაქვს, მარა შესაძლებლობები და ნიჭი არ გვაქვს ერთნაირი. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ჩვენს მხარეში ეს კაცია გამორჩეული. ის თვისებები აქვს, დეპუტატობას რომ სჭირდება. აბა, ნადირობაში კი არ წევიყვანდით, ნადირობაში ისევ თქვენ გამჯობინებდით პროფესორს. გეიაზრეთ ახლა, რაც ვთქვი და ისე მითხარით პასუხი. თან პაწა დავლიოთ, ტვინი რო გეიხსნას.

- აბა, ფხიზელი იფიქრებდი შენ, სარგისია, მსოფლიო საარჩევნო სისტემაზე? - ჩაიხითხითა ესტატემ. 

- ისე, საიდან მოგივიდა თავში მაგფერი რაცხა? ქე ვყრიდით ამ ბიულეტინებს, მერე ვისაც უნდოდათ, იმას აკუთვნებდნენ უჩვენოდ. ჩვენ - ვქეიფობდით და ვიყავით მშვიდად. ახლა რა იქნება კაცმა არ იცის...

- რა იქნება და... მე 100 ხმას მივცემ, დომენტი 10-ს, გოგია, სოფლის მასწავლებელი როა, ფიზიკის, 500-ს. დათვლიან მერე სხვა ხმებთან ერთად და პროფესორი ჭყონია გახდება ჩვენი წარმომადგენელი მთავრობაში!

დამაჯერებლად დაასრულა თავისი სიტყვა სარგისმა.

- გაუმარჯოს ჩვენს წამოწყებას!

ჭიქები „ზალპით“ დაცალეს.

- აგაშენა, ღმერთმა!- მაი გვინდა ჩვენც მარა... ხმებს ვინც ითვლისო, ხომ გაგიგონია?

- მე ჩემს 100 ხმას ბოლომდე მივდევ! - გულზე ხელი დაირტყა მასპინძელმა. 

პროფესორი ფეხზე წამოდგა:

- რა მინდა რო გითხრათ, იცით? საქმე რაშია იცით? სულ არ მინდა არჩევნებში გამარჯვება!

- რაო? ეგ არ გამაგონო! - წამოიჭრა სარგისი.

- არა, ვერ გამიგეთ, დავამთავრებ სათქმელს და მიხვდებით.

- დაამთავროს, დაამთავროს... - რატომღაც მშვიდი ხმით უთხრეს აქეთ-იქიდან.

- მე რომ ჩვენმა სარგისმა დამასახელა, მაგალითად რომ მომიყვანა საერთაშორისო კომისიასთან სიტყვით გამოსვლის დროს _ გააგრძელა სათქმელი პროფესორმა - ეს უკვე ჩემთვის გამარჯვება და დაფასება იყო! ასე ვთქვათ... აღიარება! ახლა ეს შემოთავაზება (მართალია, ჯერ არ გადაწყვეტილი, მაგრამ მაინც!) კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის: კაცი ვარ და უხარია კაცის გულს, რომ შეამჩნევენ, დააფასებენ, გვერდით დაიყენებენ... ჰოდა, ასე გეტყვით: ამირჩევენ თუ არა - მე მაინც ბედნიერი ვარ, თქვენ ხომ ამ საქმეზე დამიძახეთ!

- აბა, ვინ არის თანახმა, ჩვენი კანდიდატი იყო ჩვენი პროფესორი? - ჭიქის აწევით დავადასტუროთ!

რა თქმა უნდა კანდიდატურა „ერთსმად“ გავიდა!

შემდეგ აქეთურ-იქითური თქვეს და საინიციატივო ჯგუფიც შეადგინეს, ჯგუფში ყველა მოხვდა, ვინც იმ ტაბლის ირგვლივ შემოკრებილიყო. ჯგუფის ხელმძღვანელად ახალი ჭიქით სარგისი აირჩიეს.

- სანამ ჭიქა არ ეიწევა, აფერი საქმე წინ არ წეიწევა! - იხუმრა ვიღაცამ.

და ეს - ასეც იყო.

***

მფრინავმობილი კერძო სამფლობელოს სადგომზე დაეშვა. მეგობრები გაოცებული უცქერდნენ მწვანეში ჩაფლულ სასახლეს, რომლის სტუმრებიც დღეს იყვნენ. მარგის ოროთახიანი ბინის მერე, ეს ყველაფერი ზღაპარს წააგავდა, რამდენიმე ნაბიჯზე აუზი დახვდათ.

- აი, უძველესი „მაცოცხლებელი“ - თქვა კარგიმ.

- ჩახტი, გაცურე და გაცოცხლდები, არა? - ნაღვლიანად იკითხა მარგიმ.

- ჰოდა, თუ მთლად მახინჯი არ არის ეს არვისა, შეირთე და იცურე რამდენიც გინდა, მით უმეტეს, ბიოვიზორში ილუზორული ქალების მეტი რაა... ახლა პრაქტიკულობა სჯობს შენთვის...

- და შენთვისაც, არა? - გაიცინა მარგიმ.

- ჰო, აბა, უყურადღებოდ ხომ არ დამტოვებთ? 

ეზოში დაბალი, ჩაფსკვნილი კაცი გამოჩნდა.

- გამარჯობა მეგობრებო! მე გახლავართ ფაილი, თქვენი მასპინძელი, ეს მარგია, არა? = მიმართა კარგის.

- დიახ, გახლავთ.

- ეს კი, ჩემი არვისაა, სად ხარ, შვილო?

- აქ ვარ, მამა! - საშუალო სიმაღლის გოგონა ამოუდგა ბატონ ფაილს გვერდში. მარგიმ სწრაფი მზერით „შეისწავლა“ გოგონა.

„დიდი არაფერი“ - გაიფიქრა მან. `მთავარია - გადავრჩი, მახინჯი რომ  არაა“. თითქოს მისი ფიქრები წაიკითხაო, არვისამ ორთავეს ღიმილით უთხრა: 

- მართალია, სამოდელო ბიზნესისთვის არ გამოვდგები, მაგრამ ბევრი რამით შემიძლია დაგაინტერესოთ, წამომყევით...

სასახლეში ჯერ ფერწერული ტილოები დაათვალიერეს, შემდეგ ქანდაკებები.

 ეს ყველაფერი... ნამდვილია? - იკითხა მარგიმ. 

- ნამდვილია, ყმაწვილებო, აბა, ილუზიონორიუმში ყველას აქვს ის, რაც უნდა! თქვენ ხომ გაქვთ ეს არაჩვეულებრივი გამოგონება?

- არა, - უპასუხა კარგიმ, - ჩვენ ისევ ბიოვიზორები გვაქვს.

- არა უშავს, თქვენხელა რომ ვიყავი, მე ეგეც არ მქონდა, ყველაფერს მოესწრებით... ახლა კი სუფრას მივუსხდეთ.

ფანტასტიური სუფრა გაეშალა ბატონ ფაილს. არვისა მამის გვერდით დაჯდა. მეგობრები მაგიდის მეორე მხარეს, შუაში კი ნატურალური კერძების ზღვა გადაშლილიყო!

- ეს რა არის? - იკითხა მარგიმ.

- ეს ციკნის ხორცია - უპასუხა ფაილმა.

- მერედა... შეიძლება მისი მოკვლა?

- კლონია! - მშვიდად მიუგო არვისამ.

- ესე იგი, მაინც არ არის ნატურალური - თავი დაიმშვიდეს ახალგაზრდებმა.

- რაღაც გაგებით, ჰო, თუ ის მინდორში დახტის, ალბათ მთლად ნატურალური არ არის (ფილოსოფიური გაგებით), რადგან ორიგინალის ასლია, მაგრამ საჭმელად ნატურალურია და თან კანონი არ კრძალავს.

- მშვენიერი გემო აქვს, ალბათ ძვირია, არა?

- ჰო, ძვირი პროცესია... მაგრამ ტაბლეტების ყლაპვას და ტუბების წოვას ჯობია.

- ესე იგი, თქვენ გქვიათ...

- მარგი.

- თქვენ კი კარგი, არა?

- ჰო, ჩვენი სახელები რითმაში არიან, გარითმულები ვართ, ასე ვთქვათ!

- რითმა რა არის? - იკითხა არვისამ.

- პოეტური ხერხია, წინათ, როცა ლექსებს წერდნენ ხშირად რითმავდნენ, ნარდი, კარტი, დარდი, მარდი და ა.შ. ჩვენი სახელებიც ასე ერითმება ერთმანეთს მარგი-კარგი!

- რა ერქვა მაგ ხალხს? - ჩაეძია არვისა.

- პოეტები.  ძალიან დაფასებული იყვნენ ძველ დროში, მაგრამ სამწუხაროდ, ყველა მათგანს ისეთივე თითო ხმა ჰქონდა, როგორც ყველას. 

- საწყლები. - თქვა არვისამ.

- სანამ მარგის დიდი ბაბუა არ გამოჩნდა, უფრო ზუსტად - პაპის პაპა, ყველა ერთხმიანი იყო. ეს მან შემოიტანა საარჩევნო სისტემის პროექტი. 

- ჰო, წამიკითხავს მის შესახებ! „დიდი სარგისი“. - თქვენ მისი შთამომავალი ხართ? – იკითხა ბატონმა ფაილმა.

- დიახ, მაქვს ბედნიერება.

- მაგაზე მოგვიანებით ვისაუბროთ - თვალი ჩაუკრა კარგიმ მასპინძელს, ახლა კი, როგორც ვიცი, ნამდვილი ღვინის გასინჯვის საშუალება გვაქვს, ხომ ასეა?

- ჰო, ასეა. მე ვაზს რობოტებს არ ვაკარებ, მევენახეები მყავს. მართალია, ძვირი მიჯდება, მაგრამ იცით, რობოტის დაყენებულ ღვინოს რაღაც აკლია!

- რა, მაგალითად? - დაინტერესდნენ სტუმრები.

- არ ვიცი, ყველაფერი წესებით კეთდება. მამაოს ვკითხე და ასე მიპასუხა: მადლი აკლიაო!

- ჰოო... - ჩაფიქრდა მარგი. - საინტერესოა! აბა, გავსინჯოთ თქვენი „მადლიანი“.

- ჩვენს გაცნობას გაუმარჯოს, - წარმოთქვა მასპინძელმა, მოსვა და თითქმის სავსე ჭიქა მაგიდაზე დააბრუნა.

ბიჭებმაც მოსვეს და ჭიქები დადგეს.

- წინათ ასე არ იყო! წინათ ბოლომდე სვამდნენ, - თქვა კარგიმ.

- იცით, რაა? კი მერიდება, მაგრამ ისე მომეწონა... - მარგიმ ბოლომდე დაცალა ჭიქა.

- მე თქვენი მრცხვენოდა, თორემ... - მასპინძელმაც „დააშრო“ ჭიქა. 

- თქვენ კი არა, მეც ბოლომდე ვსვამ! - გაიცინა არვისამ.

- მოგეწონა? _ არვისაზე ჰკითხა კარგიმ მეგობარს.

- არ ვიცი, კომპლექსში არა უშავს. - ოთახს თვალი მოავლო მარგიმ.

- თავისი ქონებით, არა? 

- მე თქვენზე კარგიმ მიამბო - წამოიწყო ფაილმა. - მართლა 10 000 ხმიანი ბრძანდებით?

- დიახ, ახლა კიდევ უფრო ვიმაღლებ ინტელექტს.

- ძალიან პერსპექტიული ბრძანდებით...

- არ ვიცი, ეს ხელფასი მაინც არ მყოფნის! - თავი მოისაწყლა მარგიმ.

- ფული თვითონ პოულობს მისთვის საჭირო ადამიანს, თქვენ კი საჭირო კაცი ბრძანდებით.

მარგი ვერ მიხვდა, რა საჭიროებაზე იყო საუბარი.

- რაც მეტი ხმა მექნება, - მით უფრო გამიზრდიან ხელფასს.

ბატონმა ფაილმა ორაზროვნად გაიღიმა. ამ დროს მაღალი, სიმპათიური ახალგაზრდა შემოვიდა.

- ოო, სანდო მოვიდა! გაიცანით, ჩემი სასიძო! ახალგაზრდა, პერსპექტიული 10 000 ხმიანი სასიძო!

ჩვენი გმირები გაოცებული შესცქეროდნენ ხან სანდოს, ხან ერთმანეთს. ვერაფერი გაეგოთ.

- არაფერი შეიმჩნიო, - ჩაულაპარაკა მარგიმ მეგობარს.

- მომავალს გაუმარჯოს - წარმოთქვა ახალი სადღეგრძელო არვისას მამამ და სანდოს  სასიმამრომ.

მომავალი თქვენია, თუ ჭკუით იქნებით და სწორ ნაბიჯებს გადადგამთ, ცხოვრება გაგილამაზდებათ! აბა, თქვენ იცით, მით უმეტეს, ასეთი დიდი რეიტინგი გაქვთ!

- უკაცრავად პასუხია და... თქვენ რამდენხმიანი ბრძანდებით? - არცთუ მორიდებით იკითხა კარგიმ. 

- მე... არც ისე ბევრი... რომ სათქმელად ღირდეს.

- მაგრამ მამა მუშაობს თავის თავზე... - არადამაჯერებლად წარმოსთქვა ეს სიტყვები არვისამ.

- კარგით, ჩვენ დაგტოვებთ, დიდი მადლობა მასპინძლობისათვის, სამუშაო მაქვს კიდევ... მარგი ამ სიტყვებზე წამოდგა.

- რატომ ასე მალე? თქვენთან საუბარი მინდოდა...

- არა, არა, გვაგვიანდება, სხვა დროს იყოს!

- გმადლობთ, რომ ნამდვილი ღვინო და ნამდვილი პროდუქტები გაგვასინჯეთ, მომავალ შეხვედრამდე! სასწრაფოდ შესვეს `მადლიანი~. 

ყველამ შეამჩნია, რომ ორმა ახალგაზრდამ პროტესტის ნიშნად დატოვა მასპინძლის სასახლე. მფრინავმობილი ადგილიდან ვერტიკალური მიმართულებით აფრინდა.

- ძაან ნასვამი ხომ არ ხარ ბიჭო? - მარგიმ თვალებში ჩახედა მესაჭეს. 

- ნუ გეშინია, დოზა დავიცავი, ახლა კი ალკოჰოლის გამანეიტრალებელს გადავკრავ და ყველაფერი რიგზე იქნება.

- რას ჰგავდა, ბიჭო, ეს არვისაა თუ ვიღაცაა...

- კაი, ახლა, სასიძო არ გამოჩენილიყო - ასე არ ილაპარაკებდი!

- რა წესია ეს? თუ სასიძო ჰყავდა, ჩვენ რას გვეძახდა?

- რა ვიცი, დავადგენ მაგას. - ნუ გაბოროტდები, ჩემო ძმაო, კიდევ ბევრი ვარიანტი მაქვს! – გაუცინა გამოფხიზლებულმა კარგიმ მეგობარს.

***

- რას ვაკეთებ დღეს? - თვალების ფშვნეტით იკითხა 10 000-იანმა. 

- გეტყობა წუხელის დალიეთ და გამანეიტრალებელი არ მიიღეთ... - უპასუხა საქმეთამწარმოებელმა თავის პატრონს. 

- ჰო, არ მივიღე, მაინტერესებდა, ერთი ის „პახმელია“ რა იყო, ამდენ რამეს რომ ამბობდნენ მასზე.

- მერე როგორია?

- თავი მისკდება.

- ჰოო, თქვენი სისხლძარღვები ახლა შევიწროვებულია, ორგანიზმი სითხისგან დაცლილი, ასე, რომ შედით „მაცოცხლებელში“.

- წინათ მაცოცხლებელი რომ არ ჰქონდათ? რას შვებოდნენ ჩემი წინაპრები?

- პრეპარატი ლუდი, პრეპარატი არაყი, ხაში, ხინკალი, შებოლილი თევზი - ჩამოთვალა რობოტმა.

- მერე, სად არის ეს ყველაფერი?

- დააყენეთ დროთამმართველი 100 წლის წინანდელ თარიღზე და შეუკვეთეთ ეს ყველაფერი, ოღონდ არ გირჩევთ: გალოთდებით. 

 ეს რას ნიშნავს?

- სულ ასე გეტკინებათ თავი და თქვენი ინტელექტი დაბლა დაიწევს. ჩამოგაკლებენ კოეფიციენტს და მაშასადამე, ხელფასსაც...

- გეყოფა, კმარა! ყველაფერი გასაგებია! შევედი მაცოცხლებელში!

ხუთ წუთში მარგი ჩვეულ ფორმაში მოვიდა. თავის ტკივილი გაქრა!

- ეს იმიტომ, რომ უჯრედები საჭირო რაოდენობის სითხით შეივსო, მჟავიანობა დარეგულირდა, მაჯისცემა მოწესრიგდა. მაგრამ, ჩემი მაკონტროლებელი მოწყობილობა მამცნობს, რომ მაინც ცუდ ხასიათზე ხართ!

- ჰო, გუშინ... არ გამოვიდა ისე, როგორც მინდოდა, მეტი არაფერი, გამივლის. აგერ, ბიოვიზორს ჩავრთავ და მეგობარ ქალებს ვნახავ.

- იცით, რითი განვსხვავდებით ერთმანეთისაგან? - მოულოდნელად იკითხა რობოტმა. 

- თქვენ გაქვთ ხელოვნური, სრულყოფილი ინტელექტი...

- ეგ არ არის სრული პასუხი. მთავარია, რომ მე ტყულის თქმა არ შემიძლია, თქვენ კი - არ გამოგდით!

- ჰო, - გაეცინა მარგის - მე არ გამომდის, თვალები მყიდიან...

- და ხმა... და კანის ფერიც: წითლდებით!

- ჰო, ახლა მითხარი, რა გაქვს სათქმელი?

- კიდევ ერთ განსხვავებაზე მიგითითებთ:

- მე შეფასებაში არ ვცდები, რადგან არაემოციური, ანალიტიკური არსება ვარ. ინფორმაციას მივიღებ, დავამუშავებ, დადებითის და უარყოფითის ბალანსს გამოვიყვან და მორჩა! ჩემთვის არ არსებობს: „კაი ბიჭია, მაგრამ სულელია“,  „არ გაუმართლა საწყალს“, „არ ეგონა, ასე თუ მოხდებოდა“. ანდა, ეს: „მე გპირდები - სიცოცხლის ბოლომდე მეყვარები“, „უშენოდ სიცოცხლე არ მინდა“ და მსგავსი ადამიანური ილუზიები.

- გასაგებია! ვინმემ ხომ არ მიკითხა? - სავარძელში ჩაეშვა და ბიოვიზორი ჩართო.

- ვიღაც არვისა გელოდებათ. აი, ისიც აქ არის.

- გამარჯობა მარგი! არ მელოდი, რა თქმა უნდა!

- რატომ უნდა გელოდე?

- მაპატიე გუშინდელი გაუგებრობის გამო.

- არ ვიცი, რაზე საუბრობ.

- მამაჩემი ცუდი კაცი არ არის, მაგრამ... პრაქტიკოსია!

- ჩვენ, ქალბატონო არვისა, ყველანი პრაქტიკოსები ვართ. გააჩნია, ვინ რა პრაქტიკას ეწევა!

- ჩემს სახელზე არ დაფიქრდი? - ჰკითხა ოთახში აღმართულმა სამგანზომილებიანმა გამოსახულებამ.  

- არა, მაგრამ ჩემი სახელი „მარგი“ ვიცი რას ნიშნავს:

მარგი ქმედების კოეფიციენტს. რაღაცისათვის, ან ვიღაცისათვის მარგი უნდა ვიყო და ვცდილობ ამას _ რაც შემიძლია, რა თქმა უნდა. 

- არვისა კი გეუბნება, რომ არავისი ვარ, არავინ მყავს: არც მშობლები, არც ოჯახი, არც მეგობრები.

- რა საშინელებაა? რატომ მატყუებ? - გაღიზიანდა მარგი.

- მუსიკა შემოიყვანე, მინდა შენთვის ვიცეკვო!

- შენზე კარგი გოგონები ცეკვავენ ჩემთვის, რაში მჭირდება ნეტავ ახლა ეს ცეკვა?

- ისინი ხომ ნამდვილები არ არიან? მათთან ვირტუალური სექსი კი გაქვს, მაგრამ ნამდვილი სიყვარული ვერ გექნება!

ამ სიტყვებზე არვისამ ხელი აიქნია და მუსიკა ჩართო. მუსიკის რითმზე მან გახდა დაიწყო, საოცრად ნაზი და ჰაეროვანი მიმოხვრით მოიშორა ყველაფერი, რაც მის მშვენიერებას მალავდა. 

მარგის მოეჩვენა, რომ ეს ქალი კი ჰგავდა არვისას, მაგრამ ეს უფრო ლამაზი და დახვეწილი ნაკვთების ქალი იყო!

- კი, მაგრამ... ჩემი არ გრცხვენია? - ხელი აიქნია მარგიმ და მუსიკა გამორთო.

არვისამ ტანსაცმელი აიფარა.

- ეს ხომ ხელოვნებაა... მე ხომ მინდა თავი მოგაწონო, მე... სუფრასთან ვერ გაჩვენე - სინამდვილეში ვინ ვარ!

- არა, ძვირფასო. აქ შენ გამოსახულების კორექტირება გააკეთე, ასე ვთქვათ, გამშვენიერდი. ეს გასაგებია, მაგრამ საქმრო უკვე გყოლია და რაში გჭირდება ყველაფერი ეს? - გაკვირვება ვერ დამალა ახალგაზრდა კაცმა.

- შენ იმის წარმოსახვის უნარიც კი არ გაქვს, რომ კაცი, რომელსაც მამას ვეაძახი, შეიძლება მამა არ იყოს, და კაცი, რომელსაც სანდო ჰქვია, ჩემი საქმრო არ იყოს. თუ მოგეწონე, დამიკავშირდი, მე დაგელოდები. რაც შეეხება, მამაჩემის იდეებს, მას ცალკე დაელაპარაკე! - ამ სიტყვებზე არვისამ ხელი აიქნია ჰაერში და გაუჩინარდა. მარგიმ ყურადღება გვერდით მდგომ საქმეთა მწარმოებელზე გადაიტანა. - ერთი ეს მითხარი: რას ნიშნავს ეს? ორი სასიძო რად უნდა? ორი კაცი უნდა ჰყავდეს?

- ორი ქალიშვილი ჰყავს ალბათ, - მშვიდად მიუგო რობოტმა.

- ეს როგორ ვერ მოვიფიქრე, 10 000-იანმა კაცმა?

- ბოლომდე არ ხართ გამოსული „პახმელიიდან“ და ბიოელექტრო დაბოლოებები ცუდად გიმუშავებთ!

- დამცინი, არა?

- ჩვენ სიცილი არ შეგვიძლია, ჩვენ ფაქტებს ვდებთ! ნება თქვენია, როგორც გინდათ, ისე ჩათვალეთ.

- კი, მაგრამ... მამა არ მყავსო? არავისი არ ვარო?

- მანდ გაცილებით მეტი ვარიანტია, შეიძლება ნაშვილებია, ან... 

- რა ან... რატომ შეყოვნდი?

- ან ხელოვნურია - ჩემსავით! განა მე მყავს მშობლები? ჩემი მშობლები ფაბრიკა #5151-ია.

- ეს უკვე დამაფიქრებელია... - მარგი წამოდგა და ოთახში ბოლთის ცემა დაიწყო. „თუ ხელოვნურია, გათხოვება რაში სჭირდება?“

- თუ ხელოვნურია შენსავით, მაშინ რატომ მითხრა მომეწონეო? შენ გინდა ქალი?

- არა. - მოკლედ მოსჭრა რობოტმა. 

- ესე იგი, მანდ სხვა საიდუმლოა დამარხული.

***

არჩევნები შედგა. საარჩევნო ოლქი სოფლის სკოლაში იყო გახსნილი. ამომრჩევლები ჯერ სიებში იქექებოდნენ, შემდეგ ბიულეტენს იღებდნენ და ფარდაჩამოფარებულ კაბინაში შედიოდნენ.

- თქვენი გვარი? - კითხულობდა საარჩევნო უბნის წევრი და ზოგჯერ ასეთი დიალოგიც იმართებოდა:

- ორაგველიძე...

- ორაგვე... ლიძე, ოთარი?

- არა, ქალბატონო, ნოდარია ვარ, ოთარი მამაჩემი იყო.

- რა ვიცი, ქე წერია სიაში და... ეს ვინ არის? - თამაზი.

- თამაზი ბიძა იყო ჩემი, 10 წელია რაც აღარ არის!

- რა ვიცი, რა ვიცი!

- მე თუ ვარ, ქალბატონო, მაგ სიაში ის მითხარით, თუ არა, გავგიჟდი კაცი!

- იქეთა მხარეს განცხადება დაწერეთ და შეგიყვანთ სიაში!

- შემდეგი! - გაიძახოდნენ ჟურნალიანი ქალები. 

- ნახევარი სოფელი ქე არ ავართ სიაში და... ბუზღუნებდნენ გურულები.

- გზა დაუთმეთ, ბატონი სარგისი მობრძანდება! 

სარგისი შემოვიდა თუ არა, რაიონული და ცენტრალური ტელევიზიების ჟურნალისტები შემოეხვივნენ!

- ვის აძლევთ ხმას ბატონო სარგის?

სარგისმა თავისი 100 ბიულეტენი აიღო და კაბინაში შევიდა. ბევრი ფიქრი არ დასჭირვებია, მაგრამ ასივეს შემოხაზვა კი გაუჭირდა! პირველი ოცი იოლად შემოხაზა, მაგრამ 50-ის შემდეგ გონება აერია და ერთ ბიულეტინზე სხვა კანდიდატი შემოხაზა შეცდომით, სადღაც 90-ს რომ გადასცილდა, კიდევ ერთი შეცდომა მოუვიდა! გამოვიდა სარგისი და ყველას დასანახად ჩაყარა ბიულეტინები გამჭვირვალე ყუთში. ესეც კი გაუძნელდა:  ავსებულ ყუთში ძლივს „ტენიდა“ კონვერტებს.

- ვის მიეცით ხმა? - ეკითხებოდნენ 100 ხმიან ამომრჩეველს.

მე ჩემი ხმები ჩვენში ყველაზე ნასწავლ კაცს მივეცი!

სარგისს გარეთ პროფესორი ჭყონია და მეგობრები ელოდნენ.

- უჰ, კინაღამ გული წამივიდა, ისე დამღალა ამ ასი ბიულეტენის შემოხაზვამ! კიდო კაი, 1000 ხმის უფლება არ მომანიჭეს! მაგაზე კი არ მიფიქრია, ხომ იცი! ალბათ სხვანაირად უნდა გაკეთდეს ეს საქმე. ჩაფიქრებული წამოვიდნენ საინიციატივო ჯგუფის წევრები.

- დღეს არ გვინდა დალევა. აი, შედეგები რომ გამოქვეყნდება - მაშინ მე გეპატიჟებით ყველას. - თქვა პროფესორმა. სარგისი დაეთანხმა. სხვა რა გზა ჰქონდათ, ყველანი თავიანთი სახლებისაკენ წავიდნენ...

რამდენიმე დღეში შედეგები გამოცხადდა. პროფესორი ჭყონია ზუსტად ორი ხმით დამარცხდა თავის უახლოეს კონკურენტთან.

- ეს რა მომივიდა, ეს როგორ ვერ გავთვალე, ვინ მაგდებდა იმ კაბინიდან, სად მეჩქარებოდა?

- კარგი, სარგის, დამშვიდდი, მაინც კაია, - ასი ხმით რომ არ წავაგე.

- ფიზიკის მასწავლებელმა მოგცა ნეტა ის ხუთასი ხმა? - მაგას რომ მოეცა - მეტი არც ვართ ამ რაიონში და როგორ წააგებდი? _ თავადვე გასცა პასუხი თავის შეკითხვას სარგისმა. პროფესორმა ჩაახველა.

- მოკლედ, ასეა თუ ისე, ჩემთან გეპატიჟებით.

- მე მაქვს ერთი წინადადება, - თქვა ესტატემ: ჩვენ შეგვიძლია გავაპროტესტოთ შედეგები და დავამტკიცოთ, რომ შენ მექანიკური შეცდომა მოგივიდა და ის ორი ხმა...

- სისულელეა! - შეაჩერა კუკურია ხმელმა, ვინ ჩაგითვლის გაუქმებულ ბიულეტენებს?

- საქმე იმაშია, რომ შანსი მოგვეცემა თავიდან გადავათვლევინოთ ხმები! ის მაინც გვეცოდინება, ვინ მოგვცა ხმა...

- ფაქტია, რომ ღალატია, ჯერ მე გიღალატე ჩემო კეთილო კაცო, უნებლიედ, მაგრამ მაინც, მაგრამ იმათაც გვიღალატეს, ვინც ხმებს შეგვპირდა! ასეა ეს და არავითარი პროტესტი მაგ საქმეს არ უშველის. 

ცხვირჩამოშვებულები მიუსხდნენ ტაბლას.

- აბა, უფალი ვახსენოთ, ყველაფერი მისი ნებაა! ფეხზე წამოდგა მასპინძელი.

ყველანი წამოდგნენ, უფლის სადიდებელი თქვეს.

- ქათამმა წყალი დალია და ღმერთს შეხედაო! როგორი ნათქვამი გვაქვს გურულებს? - გააგრძელა პროფესორმა - კი მეშინოდა ცოტათი, მართლა არ გავიმარჯვო ამ სიბერეში და ამოდენა პასუხისმგებლობა არ ავიკიდო მხრებზე-თქო. მოკლედ, ჩემო სარგის, ისიც ღვთის ნება იყო, შენ რომ ორი შეცდომა მოგივიდა. ასიდან - ორი ძმაო, მაგარი მაჩვენებელია, ასეთი იყო ღვთის ნება!

რა უნდა ეთქვათ, მართალს ჰგავდა პროფესორის სიტყვები.

- კი, მარა, ამ ორ ხმას რო ჩავაცივდით, იმათ რომ არ ეტეხათ პირი, ხომ ვიყავით გამარჯვებულები? - სიმართლის ძიება გააგრძელა ხმელმა ქორისთვალებამ.

- მე ერთი რამ მინდა გითხრათ, - წამოიწყო სარგისმა, - ახლა დავრწმუნდი, ადამიანი ყველაფერს ვერ გათვლის. სათქმელად კაი იყო ასი ხმა, მარა, ასი ბიულეტენის შემოხაზვა და ჩაყრა იყო ძნელი და 10 000 რა იქნება ხომ წარმოგიდგენიათ? ამიტომ ყველაფრის თავიდან ბოლომდე გაზომვას გაუმარჯოს! 7-ჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერიო!

ნელ-ნელა მოეკიდათ ბახუსი.

- იცით, რა მინდა გითხრათ? იმ ჩემს კონკურენტს გაუმარჯოს! - ეს პროფესორმა თქვა. - ასეა თუ ისე, სირცხვილია ჩემგან. დავიბოღმო ახლა და და იმ კაცს მტრობა დავუწყო!

ყველა გაისუსა. იგრძნეს, რომ პროფესორი რაღაც დიდს და მთავარს ამბობდა.

- ბოღმამ შეჭამა ქვეყანა! მე მაგალითად გულით და სულით ვულოცავ ჩემთან გამარჯვებას!

ეს სიტყვები ჯერ დამთავრებული არ ჰქონდა პროფესორს, რომ ყველამ დაინახა, თუ როგორ შემოფრინდა ანგელოზი და პირჯვარი გადასახა თანამეინახეთ. როცა ანგელოზი გაფრინდა, უთქმელად წამოიშალნენ და თვთავიანთ გზას გაუყვნენ, არავისთვის უამბნიათ ეს ამბავი, იმიტომ, რომ იცოდნენ, - მაინც არავინ დაუჯერებდათ.

***

კარგი მოფრინდა და აივნის კარებიდან შემოვიდა ოთახში. მისალმების და მოკითხვის შემდეგ მარგიმ უამბო არვისასთან საუბრის შინაარსი.

- საინტერესოა, რა ჩანაფიქრი უნდა ჰქონდეთ? მოდი, ჩართე ბიოვიზორი და მე მალაპარაკე!

- კი, ბატონო! _ მარგიმ აპარატურა ჩართო. დიდხანს ეძახდნენ არვისას, მაგრამ ამაოდ. 

ამ დროს ბატონი ფაილი შემოვიდა, სკამზე დაჯდა და თვალებში ჩააცქერდა მეგობრებს.

- აქ ვერ გელაპარაკებით, შევხვდეთ პირისპირ და ჩემს წინადადებას მოგახსენებთ.

მეგობრები დათანხმდნენ შემოთავაზებას.

დათქმულ დროს და დათქმულ ადგილას ბატონ ფაილს შეხვდნენ.

- პირდაპირ გეტყვით მე სიძედ მინდიხართ! - მიმართა მარგის. ეს ისე მშვიდად და საქმიანად უთხრა, ახალგაზრდას თავის საქმეთა მწარმოებელი გაახსენდა.

- კი, მაგრამ, ის სასიძო? - ერთხმად ჰკითხეს ბიჭებმა.

- ყველაფერს აგიხსნით. თხრობა ცოტათი გამიგრძელდება, მოდით ვისკი დავაგემოვნოთ. მე ბევრი ფული მაქვს. მთელი ბავშვობა მიჭირდა, ველოსიპედიც კი მენატრებოდა მაშინ, როცა სხვა ბავშვები ელექტრომობილებით დაჰქროდნენ. რადგან ძალიან მინდოდა მქონოდა ასეთი რაღაცეები, გადავწყვიტე, თავი გამომგონებლობისათვის მიმეძღვნა. ჯერ ელემენტარულიდან დავიწყე, შემდეგ რობოტების შექმნაზე გადავედი, ფაბრიკაში მიმიღეს...

- რომელში, #5151-ში?

- ჰო, საიდან იცით? - გაოცდა ფაილი.

- ჩემი რობოტი იქ არის შექმნილი.

- ოქროსსათვალეებიანი საქმეთამწარმოებელი?

- დიახ.

- მომიკითხეთ, კარგი ნამუშევარია, გონიერი არსებაა.

- ნამდვილად, ესე იგი...

- ჰო, მე ვარ მისი მშობელი.

- თქვენ გინდათ თქვათ, რომ... 

- გავაგრძელებ. წარმატებას წარმატება მოჰყვა, ფულიც გამიჩნდა, მაგრამ... რაღაც კიდევ მინდოდა.

- რა არის ეს რაღაც? - ჰკითხა კარგიმ.

- ბევრი ხელისშემშლელი მყავდა: მიჩიოდნენ, ინტელექტის წინააღმდეგ ბრძოლას მაბრალებდნენ, ადამიანთა უფლებების გათელვას, ამიტომ გადავწყვიტე, ძალაუფლება ამეღო ხელში!

- რატომ? - გაიკვირვეს მეგობრებმა.

- იმიტომ, რომ ხელს მიშლიან დიდი პროექტის განხორციელებაში.

- მაინც?

- ბედნიერება უნდა გადავუნაწილო ხალხს, აღარ უნდა იყვნენ მდიდრები, ღარიბები, მაღლები, დაბლები, ნიჭიერები, უნიჭოები. ავიღებ მაგალითად, თქვენს ნიმუშს და ყველას ასეთს შევქმნი!

მარგის სახე მოეღუშა:

- არვისა? არვისაც ეგეთია?

- გთხოვთ, ნუ აღელდებით! დიდ მეცნიერებას არ უყვარს ემოციები. არვისა მარტო არ არის. ბევრი არვისა მყავს, ყველა ერთნაირია!

ბიჭებს გაოცებისაგან პირი დაეღოთ. 

- მოკლედ, მე ვეძებ შენნაირ სასიძოებს, რომელთაც მინიმუმ 10 000 ხმა გაქვთ!

- რაში გჭირდებათ? - ოფლი მოიწმინდა მარგიმ.

- ხმებს მომცემთ და ქვეყნის მმართველი გავხდები!

სიჩუმე ჩამოვარდა, სიჩუმე დიდხანს დაეპატრონა იქაურობას.

- და მერე... ყველა ერთნაირი იქნება?

- თანდათან, უფრო პროგრესულ ასლებს მოვამრავლებ, რეგრესულებს გავაქრობ. ნელ-ნელა მეთქი, ვერავინ შეამჩნევს.

- იცით, რა უნდა გითხრათ? ეს სიძეობა მოსყიდვის ერთგვარი ფორმაა, არა?

- ასე გამოდის! ტყუილად არ მინდა, ყველანი ჩემი სიკეთეებით ისარგებლებთ...

მარგიმ უყურა, უყურა ბატონ ფაილს და მარჯვენათი მარცხენა ყბაში გლიჯა!

კარგი გადაეფარა ფაილს.

- რას სჩადი ბიჭო, ორივეს მთვარეზე გადაგვასახლებენ! - უყვიროდა მარგის. 

ბატონმა ფაილმა ხელსახოცი აიფარა სახეზე.

- არადა, ერთი მათგანი ორიგინალია, შენ მას მოეწონე... სამწუხაროა ახალგაზრდავ, მაგრამ... არვისას ხათრით ამჯერად მიპატიებია.

- ვის პატიობთ, მე? ეგ ამბავი რომ გაიგონ, კიდევ მე მაპატიებთ? მე რა მაქვს საპატიებელი? 

- მე მაქვს იარაღი, რომლის მეშვეობითაც საერთოდ აღარ გაგახსენდებათ აღარაფერი! ახლა, კი, კეთილად წაბრძანებას გირჩევთ, სანამ არ გავბრაზებულვარ! ბატონმა ფაილმა კარისკენ მიუთითა. 

მარგი შეშინდა, ყველაზე უფრო ამ სიტყვებმა შეაშინეს. მისი მთავარი ღირსება ხომ მისი ინტელექტი, მისი დაგროვილი ცოდნა იყო. ამის დაკარგვის შემთხვევაში არარაობად იქცეოდა! ჩქარი ნაბიჯებით მიატოვეს იქაურობა და ეს საშიში ადამიანი!

***

არვისა გამოცხადდა ბიოვიზორში: 

- ყველაფერი ვიცი და ძალიან ვწუხვარ - უთხრა ქალიშვილმა.

- შენ ნამდვილი ხარ? - ჰკითხა მარგიმ.

- ჰო, მაგრამ მამა მიკრძალავს ამის გამხელას. თავად გაუწყა, თუ რა გეგმა აქვს!

- მაინც რამდენი კლონი გყავს?

- ასეულობით. ძალიან ვუყვარვარ და ჩემნაირები მოამრავლა.

- იმ სუფრაზე შენ იყავი?

არვისამ არაფერი უპასუხა, მხრები აიჩეჩა მხოლოდ.

- რასაც მამაშენი აკეთებს, ამომრჩევლის მოსყიდვაა, ხომ იცი?

- ეგ რა არის, იმასთან შედარებით, რასაც ის აკეთებს...

ამ დროს ბიოვიზორიდან ხმა გაისმა:

- თქვენ სახელზე ბარათია წარსულიდან. უფრო სწორად კი, სარგისის იმ შთამომავლის სახელზე, რომელიც 10 000 ხმიანი ამომრჩეველი გახდება. წერილმა მთელი -ედელი დაიჭირა, ისე გაადიდა მარგიმ.

- `არ ვიცი, ჩემო შთამომავალო, რა გქვია შენ, მაგრამ იცოდე, კი დავამკვიდრე მრავალხმიანი საარჩევნო სისტემა, მარა ახლა ვფიქრობ - ჩვენი მრავალხმიანი სიმღერისთვის მემსახურა, ის ჯობდა. ფრთხილად იყავი, მაი 10 000 ხმა ბოროტებას არ მოხმარდეს! შენი წინაპარი სარგისი~.

არვისას უნდოდა მოხვეოდა მარგის, მაგრამ მისი ეთერული სხეული ამაოდ ირჯებოდა. 10 000 ხმიანი სასიძო ვერაფერს გრძნობდა. მის სულში რაღაც მწუხარე დაბუდებულიყო, რაღაც მძიმე, რომელსაც ადამიანები სევდას უწოდებენ.

                  /გაგრძელება იქნება/


უკან დაბრუნება