ახალგაზრდა მომღერალი შმაგი მეძმარიაშვილი შოუ ბიზნესის ,,დაბადებას" ელოდება

ახალგაზრდა მომღერალმა შმაგი მეძმარიაშვილმა, სიმღერა ბავშვობიდან დაიწყო, თუმცა ფართო აუდიტორიის წინაშე ახლახანს გამოჩნდა. პირველი სიმღერა – "მე ავმღერდები", ფანდურა ბექაურთან ერთად შეასრულა, რომლის ტექსტის და მუსიკის ავტორები თვითონ არიან. ჟურნალმა geoelite.ge–მ კი დამწყები მომღერლის საზოგადოებისთვის უკეთ გასაცნობად ინტერვიუს ჩაწერა გადაწყვიტა.
– რა ჟანრში მღერით და ვინ არის თქვენი სიმღერების და ტექსტის ავტორი?
– რაც გემოვნებიანია ყველაფერს ვუსმენ და ვმღერი, გააჩნია ხასიათს და სიტუაციას.
ჩემი ახალი სიმღერების ტექსტისა და მუსიკის ავტორი, უნიჭირესი და უმშვენიერესი ქალბატონი ინგა გოგუაძეა, რომელსაც ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა.
– გარდა სიმღერისა, სხვას რას საქმიანობთ?
– სამსახური არ მაქვს, თუმცა რამდენიმე სოციალურ პროექტში მონაწილეობა შემომთავაზეს, ერთ–ერთი ფოტოხელოვნების კუთხითაა და სავარაუდოდ დავთანხმდები.
– ხართ თუ არა შეყვარებული?
– დიახ, ისიც მომღერალია თუმცა ვინაობას არ ვიტყვი, ,,სიყვარულსა მალვა უნდაო", მეც შევიკავებ თავს გასაჯაროებისგან. მალე დუეტს ერთად ჩავწერთ და საზოგადოება მაშინ გაიგებს.
– თქვენს შესახებ გამაღიზიანებელი ჭორი თუ გსმენიათ?
– რამდენიც გინდა, რომელი ერთი ვთქვა? ზოგადად, როდესაც ადამიანები არ გიცნობენ და გჭორავენ, ეს ყველაზე ცუდია, იმის ფონზე, როდესაც "თანამედროვეობას იბრალებენ". თუმცა სხვა კუთხით ეს სასარგებლოც კია დამწყები ხელოვანისთვის.
– როგორი ქალები მოგწონთ?
– ჭკვიანი და ერუდირებული. ამ ყველაფერთან ერთად ლამაზიც თუა, ამას რა სჯობს?! მთავარია ქალი საინტერესო იყოს.
– სხვა მომღერლებისგან კონკურენციას თუ გრძნობ და ვის თვლი კონკურენტად?
– ჯერ დამწყები მომღერალი ვარ და შესაბამისად კონკურენციას ვერავის გავუწევ. თუმცა ვთვლი, რომ ხელოვნება კონკურენციას არ უნდა ექვემდებარებოდეს, რადგან ნებისმიერი შემსრულებელი ინდივიდუალური, საინტერესო უნდა იყოს და მოთხოვნადი.
– რას იტყვი ქართულ შოუ ბიზნესზე?
– ბევრს ვერაფერს, მის ,,დაბადებას" ველოდები.
– თავისუფალ დროს რას აკეთებ?
– ყველაფერს და არც არაფერს...
– რა არის შენი ჰობი?
– ბუნება, ლაშქრობა და შინაურ გარემოში დასვენება. ზაფხულის გატარება მეგობრებთან ერთად ძალიან მიყვარს.
– ყველაზე მეტად რა გაღიზიანებთ?
– პოლიტიკურად აჟიტირებული ადამიანების არაკომპეტენტური დავა.
– რთულია პოპულარობის მოპოვება? თქვენ შემთხვევაში როგორ ხდება?
– პოპულარობა პატიოსანი შრომით ძნელად და გვიან მოდის, თუმცა ასეთ პატარა ქვეყანაში, ვფიქრობ, რთული არაა. მნიშვნელოვანია რა მოგიტანს პოპულარობას, ეს პიარი დადებითი უნდა იყოს, თორემ სკანდალითა და უტაქტობით ერთ წუთშიც შეიძლება გახდე პოპულარული, რაც ვფიქრობ ხელოვანს არ უნდა სჭირდებოდეს.
– პოპულარობის გულისთვის რა შეგიძლია გააკეთოთ?
– პოპულარობისთვის მსხვერპლს არ გავიღებ, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ჩემი შრომა სათანადოდ იყოს დაფასებული.
– ყველაზე მეტად რაზე გწყდებათ გული?
– მხოლოდ იმაზე, რომ საყვარელი საქმისთვის ფინანსების მოსაპოვებლად დღედაღამე ვშრომობ, არადა ეს დრო, ისევ საყვარელ საქმეს აკლდება.
– სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?
– გეგმები ბევრი მაქვს, მაგრამ საზოგადოებას, სამომავლოდ სიურპრიზი რომ არ გავუფუჭო, ამ ეტაპზე საუბრისგან თავს შევიკავებ. მხოლოდ ერთს ვიტყვი, შემოქმედებითად დატვირთული ვარ, ახალი სიმღერა ჩავწერე, ჩვენს აფხაზ ძმებსა და დებზე, რომლის პრემიერაც მალე იქნება. პარალელურად კი სამ ახალ სიმღერასაც ვწერ.
თიკო ბეკოშვილი (სპეციალურად საიტისთვის)

 


უკან დაბრუნება