საქართველოში პური გაძვირდება

ექსპერტების აზრით იურიდიული პირებისთვის გაზის ტარიფის გაძვირება ქვეყანაში ბევრ პროდუქციაზე, მათ შორის პურზე ფასის მატებას გამოიწვევს. შესაძლებელია ის 10 თეთრით გაძვირდეს. ყველაზე მძიმე ტვირთად ბუნებრივი აირის გაძვირება კი ქართული პურის თონეებს დააწვება. პირველი მარტიდან, თბილისში, იურიდიული პირებისთვის გაზის ტარიფი 15 თეთრით გაძვირდება და მეწარმეები75 თეთრის ნაცვლად 90 თეთრს გადაიხდიან. ამის შესახებ კომპანია ,,ყაზტრანსგაზ-თბილისის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ეკა სარიამ განაცხადა. ,,გამომდინარე იქიდან, რომ გაზს მომწოდებლისგან დოლარის კურსის შესაბამისად ვყიდულობთ და ვყიდით ლარში, ჩვენ იძულებული გავხდით, კურსის ცვლილების გამო, ტარიფი 15 თეთრით გაგვეზარდა, ოღონდ, მხოლოდ იურიდიული პირებისთვის", - აღნიშნა ეკა სარიამ. მისივე ინფორმაციით, დღეისათვის ერთ კუბური მეტრი გაზის ტარიფი 75 თეთრს შეადგენს და პირველი მარტიდან 90 თეთრი გახდება. ,,ცვლილება ძალაში შედის პირველი მარტიდან. უბრალოდ, ჩვენ შესაბამისი შეტყობინებები დავუგზავნეთ ყველა იურიდიულ პირს ერთი თვით ადრე", - განაცხადა ეკა სარიამ.


უკან დაბრუნება