პროკურატურამ კორეტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის და ალექსანდრე ხუბულოვის საქმე გახსნილად გამოაცხადა. პროკურატურის განცხადებას ,,ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ. ,,ე.წ. კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის და ალექსანდრე ხუბულოვის საქმე მთავარი პროკურატურის მიერ გახსნილია. განახლებული გამოძიების პირობებში, რომელიც მოიცავდა 150-მდე მოწმის დაკითხვას, მათ შორის ერთი მოწმე დაიკითხა საზღვარგარეთ, ათზე მეტი ექსპერტიზის და სხვა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას, პროკურატურამ გამოკვეთა ზურაბ ვაზაგაშვილის და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობის მოტივი, აღადგინა ის სურათი, რაც მოხდა 2006 წლის 02 მაისს კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს და დაადგინა, რომ ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი მოკლულ იქნენ შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილის ირაკლი ფირცხალავას ხელმძღვანელობით მომხდარი შეიარაღებული თავდასხმისას, რომელსაც ყალბად ყაჩაღობის მომზადების აღსაკვეთად ჩატარებული წარმატებული სპეცოპერაცია უწოდეს. ხსენებულ საქმეზე, პროკურატურის მიერ სასამართლოს განჩინების საფუძველზე, განზრახ მკვლელობის, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის და განზრახ უკანონო დაკავების ბრალდებებით დაკავებულ იქნა 11 პირი: შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა; შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებროს სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი ცააძე; შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი გამომძიებელი ლევან ბეროძე; შსს ქ.თბილისის შს მთავარი სამმართველოს სპეცდანიშნულების ჯგუფის ყოფილი უფროსი კახაბერ ნაკანი და მისი ყოფილი მოადგილე გიორგი გულბიანი; სპეცდანიშნულების ჯგუფის წევრები: იასონ მილაძე, ალექსანდრე ციმაკურიძე, ზურაბ ჯოხაძე, დავით ალელიშვილი, სოსო ჩაკვეტაია და ალექსანდრე სანიკიძე. ხოლო ერთი პირის - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ გამომძიებელ გრიგოლ კვინიკაძის მიმართ, რომელსაც დატოვებული აქვს საქართველოს საზღვარი, გამოტანილ იქნა დადგენილება ბრალდების შესახებ. პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება შემდეგი: 2006 წლის მაისში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპატამენტის ხელმძღვანელი პირების მიერ დაიგეგმა და განხორციელდა სპეცოპერაცია, რომელიც ზურაბ ვაზაგაშვილის და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობით დასრულდა. სპეცოპერაციის ჩატარებას წინ უსწრებდა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ირაკლი ფირცხალავას პირადი დაინტერესება ალექსანდრე ხუბულოვის მიმართ, ასევე იმ პერიოდში სამართალდამცავ ორგანოებში დამკვიდრებული დანაშაულთან ბრძოლის ნულოვანი ტოლერანტობის და კრიმინალთან ბრძოლისათვის სასტიკი მეთოდების პროპაგანდა, რაც გულისხმობდა წინასწარ "დამნაშავედ" მონათლული პირების ლიკვიდაციას. ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ 2006 წლის 07 აპრილს, სოდის თანამშრომლების მიერ, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულ იქნა ირაკლი ფირცხალავას ძმა ლევან ფირცხალავა. აღსანიშნავია, რომ ლევან ფირცხალავას მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ ინფორმაცია სამართალდამცავებს, მის დაკავებამდე რამოდენიმე დღით ადრე მიაწოდა მოგვიანებით სპეცოპერაციის დროს მოკლულმა ალექსანდრე ხუბულოვმა, რის შესახებაც ცნობილი გახდა ირაკლი ფირცხალავასთვის. მისთვის, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნისთვის, მიუღებელი აღმოჩნდა მისი თანამდებობრივი ავტორიტეტისა და რეპუტაციის ამგვარი ფორმით საფრთხის ქვეშ დაყენება, რის გამოც გადაწყვიტა ლიკვიდაციის გზით, შური ეძია მისი ძმის დაკავების საქმეში მთავარ ფიგურანტ ალექსანდრე ხუბულოვზე. ირაკლი ფირცხალავას დანაშაულებრივი გეგმით, იგი შსს სხვა მაღალი თანადებობის პირებთან ერთად შეიმუშავებდა ალექსანდრე ხუბულოვის მიერ ყაჩაღობის მომზადების სცენარს და დანაშაულთან ბრძოლის საქვეყნოდ გაცხადებული ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის ფარგლებში, ,,წარმატებული" სპეცოპერაციის ფორმით მოახდენდა ალექსანდრე ხუბულოვის ლიკვიდაციას, რითაც იგი ერთის მხრივ შურს იძიებდა ალექსანდრე ხუბულოვზე, რომელმაც ამხილა მისი ძმა ნარკოტიკებთან კავშირში, ხოლო მეორეს მხრივ ეს სპეცოპერაცია მას და მის თანამზრახველებს დანაშაულთან მებრძოლი სამართალდამცავების იმიჯის დაუმკვიდრებდა. 2006 წლის 01 მაისს, ირაკლი ფირცხალავასთვის ცნობილი გახდა, რომ მომდევნო დღეს, დილის საათებში, ალექსანდრე ხუბულოვი მეგობრებთან აპირებდა შეხვედრას, რის შემდგომაც მათთან ერთად გაემართებოდა ისანი-სამგორის რაიონის მიმართულებით. ირაკლი ფირცხალავა საკუთარი დანაშაულებრივი გეგმის განხორციელებას შეუდგა, მის მიერ მობილიზებულ იქნა კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლები და დაიწყო სპეცოპერაციის დაგეგმვა, რომელიც შეინიღბა ყაჩაღური თავდასხმის მომზადებაში ეჭვმიტანილი პირების მიმართ ჩასატარებელ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებად. 2006 წლის 02 მაისს, დაახლოებით 09:00 საათზე, ალექსანდრე ხუბულოვი შეხვდა მის მეგობრებს ზურაბ ვაზაგაშვილს და ბონდო ფუთურიძეს და ზურაბ ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით გაემართა მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით. ალექსანდრე ხუბულოვი განთავსდა მძღოლის გვერდით, წინა მარჯვენა სავარძელზე, ხოლო ბონდო ფუთურუძე - ავტომანქანის უკანა სავარძელზე. მოძრაობისას, დაახლოებით 09:45 საათზე, ზურაბ ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა, ქ.თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე საჩოგბურთო კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე, ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით, შუქნიშნის ამკრძალავ წითელ ფერზე გაჩერდა, რა დროსაც შსს კრიმინალური პოლიციის დეპატამენტის თანამშრომლები, სპეცდანიშნულების რაზმის წევრებთან ერთად, ავტომანქანებით ახორციელებდნენ მათ თვალთვალს. ამ დროს, ირაკლი ფირცხალავას მიერ ხელის რადიოსადგურის მეშვეობით ბრძანების გაცემისთანავე, ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებული სპეცდანიშნულების რაზმის წევრები: იასონ მილაძე, გიორგი გულბიანი, ალექსანდრე ციმაკურიძე, ზურაბ ჯოხაძე, დავით ალელიშვილი, სოსო ჩაკვეტაია, ალექსანდრე სანიკიძე და კახაბერ ნაკანი გადმოვიდნენ ავტომანქანიდან და გაემართნენ ზურაბ ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანისაკენ. მანქანასთან მიახლოებისთანავე, მიუხედავად იმისა, რომ იმყოფებოდნენ ხალხმრავალ ადგილას, ამასთან ავტომანქანაში მყოფი პირებისაგან არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდათ, ირაკლი ფირცხალავას მიერ წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, ყოველგვარი მოწოდებისა და გამაფრთხილებელი გასროლის გარეშე, ცეცხლი გაუხსნეს ზურაბ ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფ ავმტომანქანას და მის მგზავრებს. ზურაბ ვაზაგაშვილი სროლებისაგან თავის დაღწევის მიზნით, შეეცადა ავტომანქანით გაქცევას, გადავიდა საპირისპირო გზის სავალ ნაწილზე, თუმცა ინტენსიური სროლების გამო დაკარგა ავტომანქანის მართვა და შეეჯახა ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ, გზის სავალ ნაწილზე მდებარე ელექტროგანათების ბოძს, რის შემდეგაც ინტენსიური სროლები ა/მანქანის მგზავრების მისამართით კვლავ გაგრძელდა. ინტენსიური სროლის შეწყვეტისთანავე, ე.წ. "სპეცოპერაციის" მონაწილე, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს უფროსის მოადგილე გიორგი ცააძე, წინასწარ შემუშავებული გეგმის თანახმად, ირაკლი ფირცხალვას მიერ ორგანიზებული დანაშაულის დაფარვის, თვითმხილველი მოწმეების განადგურების და წარმატებული ოპერაციის დასრულებაში დარწუნების მიზნით, მიუახლოვდა ზურაბ ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილს და თანნაქონი ცეცხლსასროლი იარაღიდან მოახდინა საკონტროლო გასროლები, სალონის წინა ნაწილში მჯდომი ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის მისამართით. ჩატარებული ექსპერტიზებით დადგენილია, რომ ვაზაგაშვილის ა/მანქანის მიმართულებით მოხდა ასზე მეტი გასროლა, ა/მანქანას აღენიშნება 97 ცეცხლსასროლი დაზიანება; ზურაბ ვაზაგაშვილს სხეულზე აღენიშნებოდა 8 ცეცხლსასროლი ჭრილობა; ალექსანდრე ხუბულოვს აღენიშნებოდა 9 ცეცხსასროლი ჭრილობა; მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა ასევე ბონდო ფუთურიძესაც. მიყენებული ჭრილობების შედეგად ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი ადგილზევე გარდაიცვალნენ, ხოლო ბონდო ფუთურიძემ მიიღო სიცოცხლისათვის საშიში მძიმე ხარისხის დაზიანება. აღნიშნულით, დანაშაულებრივი გეგმის პირველ ნაწილი დასრულდა. ამის შემდგომ საჭირო იყო ჩატარებული ოპერაციისათვის კანონიერი სახის მიცემა და ლეგენდის მოგონება, რომ ვაზაგაშვილი, ხუბულოვი და ფუთურიძე გეგმავდნენ ყაჩაღურ თავდასხმას. პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ არანაირი ყაჩაღობის მომზადებას ადგილი არ ჰქონია და ყაჩაღობის მომზადების სცენარი შეთხზულ იქნა ირაკლი ფირცხალავას ორგანიზებით მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის გზით: ე.წ. სპეცოპერაციის დასრულებისთანავე, გამომძიებელ გრიგოლ კვინიკაძის მიერ შედგენილ იქნა ბონდო ფუთურიძის ეჭვმიტანილის სახით დაკავების ოქმი, თითქოს იგი ზურაბ ვაზაგაშვილთან და ალექსანდრე ხუბულოვთან ერთად ამზადებდა ყაჩაღურ თავდასხმას, მაშინ როდესაც არ არსებობდა ყაჩაღობის მომზადების ფაქტის დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება. შემთხვევის ადგილზე მიყვანილ იქნა ავტომანქანა, რომელსაც აღენიშნებოდა ცეცხლნასროლი დაზიანება წინა საქარე მინაზე. ხსენებული ავტომანქანა განთავსდა ზურაბ ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის უკან, 48 მეტრის მოშორებით, თითქოსდა ზურაბ ვაზაგაშვილის ავტომანქანის უკანა საქარე მინიდან განხორციელდა გასროლა, ხოლო ტყვია მოხვდა პოლიციელის მართვის ქვეშ მყოფ ზემოხსენებულ ავტომანქანას, რაც იქნებოდა ერთგვარი საფუძველი ვაზაგაშვილის და მისი მეგობრების მიმართ ცეცხლის გახსნის. თუმცა, მხოლოდ მანქანის დაზიანება არასაკმარისად იქნა მიჩნეული შეიარაღებული წინააღმდეგობის მოსანათლად, აუცილებელი იყო ადამიანური მსხვერპლის არსებობა, რის გამოც, შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებელმა ლევან ბეროძემ თვითდაზიანება მიიყენა მარცხენა ფეხის არეში, რომელიც მან თითქოს ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფ ა/მანქანასთან შეჯახებისას მიიღო. ზურაბ ვაზაგაშვილის, ალექსანდრე ხუბულოვის და ბონდო ფუთურიძის მიერ შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევა აუცილებლად გულისხმობდა ავტომანქანაში ცეცლხლსასროლი იარაღის არსებობას, სხვა შემთხვევაში კი, ავტომანქანისა და მისი მგზავრებისათვის ცეცხლის გახსნა კანონიერ სახეს ვერ შეიძენდა, რის გამოც ირაკლი ფირცხალავას დავალებით შსს თანამშრომლებმა შემთხვევის ადგილზე მიიტანეს და ავტომობილში ჩააწყვეს ცეცხლსასროლი იარაღები, მასრები, რაციები და ყაჩაღობისათვის საჭირო სხვა ნივთები, რითაც მოახდინეს მტკიცებულებების ფალსიფიცირება. გარდა ამისა, საჭირო იყო პირი, რომელიც "დააგვირგვინებდა" ვერსიას ყაჩაღური თავდასხმის მომზადების შესახებ და აღიარებდა ხსენებულ პირებთან ერთად დანაშაულის ჩადენას. ამ მიზნით, 2006 წლის 03 ივნისს, საკონტროლო გასროლების განმახორციელებელმა გიორგი ცააძემ აიძულა ედუარდ სინდოიანი, ეთქვა თითქოსდა ყაჩაღურ თავდასხმას გეგმავდა თანამზრახველებთან - ვაზაგაშვილთან, ხუბულოვთან და ფუთურიძესთან ერთად, რა დროსაც მოხდა ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა და მიღებული მასალები მტკიცებულებად დაერთო საქმეს, როგორც ყაჩაღური თავდასხმის მომზადების მტკიცებულება. ირაკლი ფირცხალავას და მის დაქვემდებარებაში მყოფი პირების დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, ზურაბ ვაზაგაშვილი, ალექსანდრე ხუბულოვი და ბონდო ფუთურიძე საქვეყნოდ გამოცხადდნენ ყაჩაღებად, ხოლო შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი დანაშაულთან ბრძოლის სახელმწიფო მნიშვნელობის საქმეში სამაგალითო უწყებად. საქმეზე გრძელდება გამოძიება, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის "ა", "ზ" და "თ" ქვეპუნქტებით, 369-ე მუხლის მესამე ნაწილით და 147-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 10- დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას", - აღნიშნულია განცხადებაში.
უკან დაბრუნება
|