სულის უკვდავების თაობაზე რას ამბობენ "იეღოვას მოწმეები"

სიტყვა შეოლი ძველ აღთქმაში მრავალჯერ გვხვდება. 70 მთარგმნელი (სეპტუაგინტასი) მას თარგმნის, როგორც ქვესკნელს, ჯოჯოხეთს. იეღოველები კი ამტკიცებენ, რომ შეოლი ეს სამარეა, მიწის მონაკვეთი, სადაც მკვდარნი არიან დამარხულნი. ებრაულად მკვდარი სხეულის ადგილსამყოფელი აღინიშნება სიტყვით  კემბერ, რომელიც ითარგმნება როგორც  სამარე, კუბო. "მამაჩემმა დამაფიცა და მითხრა: "აჰა ვკვდები მე, იმ ჩემს სამარხში დამმარხეთ, ქანაანის ქვეყნად რომ გავთხარეო" (დაბ. 50.5). ნათქვამი არსად არ არის, რომ "შეოლი"- ქვესკნელი, ვინმეს ეკუთვნის. იმ დროს, როცა კებერი, სამარე ყოველთვის ამ აზრით მოიხსეენიება, რადგან იგი სხეული სამყოფელია, ქვესკნელი კი სულისა: "წაასვენეს იგი შვილებმა ქანაანის ვეყანაში და დამარხეს მღვიმეში მახფელას მინდორზე, მამრეს გასწვრივ, რომელიც საკუთარ სამარხად იყიდა აბრაამმა მინდორთან ერთად ეფრონ ქეტელისაგან" (დაბ. 50.13).  შეოლი ანუ ჯოჯოხეთი ცოდვილთათვის ტკივილსა და დარდს ნიშნავს: "შავეთის ქსელები შემომეხლართა, სიკვდილის ბადეებმა მომიცვეს" (2 მეფ. 22.6). "შუა მოვექეც ბორკილებში ჯოჯოხეთისა და წინ სიკვდილის ხაფანგები გადამეღობა" (ფსალმ. 17.6). კემბერში არ იგრძნობა ტკივილი და დარდი, რადგან სხეულს არ შეუძლია სიკვდილის შემდეგ რაიმე იგრძნოს, იმ დროს, როცა შეოლში სული გრძნობს, ახალ აღთქმაშიც ასევეა. თავმოკვეთილი იოანე ნათლისმცემლის სხეულზე ნათქვამია, რომ მისმა მოწაფეებმა "გაიტანეს მისი ნეშტი და ჩაასვენეს იგი სამარხში" (მარკ.6.29). ქრისტე "მოკუდა ხორცითა და ცხოველ იქმნა სულითა რომლითაცა საპყრობილესა მას სულთა მივიდა და ქადაგა. რომელნი-იგი ურჩ ოდესმე იყვნეს, რაჟამს ერთგზის თავს-ედვა სულგრძელებასა მას ღმრთისასა დღეთა მათ ნოვესთა" (1პეტ. 3. 18-29). იეღოველტა მტკიცებით, საპყრობილეში მყოფი ურწმუნო სულები სინამდვილეში არ ყოფილან ჩვეულებრივ ადამინთა სულები, არამედ  დედამიწაზე ჩამოსულ ანგელოზთა და ლამაზ ქალთა შეჯვარებით გაჩენილ ბუმბერაზთა სულები იყვნენ ("შენ შეგიძლია..." გვ.98). "დაინახეს ღვთისშვილებმა, რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები და მოჰყავდათ ცოლად, ვისაც ვინ მოეწონებოდა...რომლებიც უშობდნენ მათ" (დაბ.6 2-4). მათი მტკიცებით, ღვთის შვილები ძველ აღთქმაში  მხოლოდ ანგელოზებს ეწოდებოდათ. წარღვნის დროს ბუმბერაზები და ბოროტი ხალხი დაიხრჩო, ხოლო ანგელოზებმა მოიშორეს ხორციელი სხეული და ზეცად ამაღლდნენ. "იეღოვას მოწმეები" აქაც ცდებიან, რადაგნ მსგავსი რამ ბიბლიაში არსად წერია. რას უპასუხებს წმინდა წერილი: ასე ამბობს უფალი: "ვეტყვი ჩრდილოეთს: გაუშვი! და სამხრეთს: არ დააკავო!  მოიყვანე ჩემი ვაჟები შორეთიდან და ჩემი ასულები-ქვეყნის კიდიდან" (ეს.43.6). წმინდა წერილში ანგელოზებზე ყველგან საუბარია, როგორც უსქესო არსებებზე და არსად გვხვდება "მდედრობითი სქესის" ანგელოზებზე. ჩვენ კი, თუ მოყვანილ მუხლს იეღოველთა განმარტებების მიხედვით განვიხილავთ და ვიტყვით, რომ ღთის შვილები  არიან ანგელოზები, გამოდის რომ ყოფილან მდედრობითი სქესის ანგელოზებიც. ამასთან, გარკვევით წერია, რომ "ადგომისას არც ცოლს ირთავენ, არც თხოვდებიან, არამედ არიან როგორც ღმრთის ანგელოზები ცაში" (მათ.22.30). ამგვარად, ანგელოზებთან არანაირი სქესობრივი ურთიერთობის დამყარება არ შეიძლება.  ღვთის შვილებში იგულისხმება კეთილმორწმუნე სეითის, ადამიანთა შვილებში კი უწმინდური კაენის  შთამომავლობა და არა ანგელოზები, როგორც ამას იეღოველები ამტკიცებენ: "ქრისტე იყო ძე იოსებისა, ელისა...ენოსისა, სეითისა, ადამისა და ღმრთისა" (ლუკ.3 23,28). აქ ჩამოთვლილებს ყველას ეწოდება ღვთის შვილები. საპყრობილეში მყოფი სულები სეითისა და კაენის შთამომავლობის შეუღლებით გაჩენილი ჩვეულებრივ ადამიანთა სულებია და ჯოჯოხეთში ჩასულმა ქრისტემ, სწორედაც რომ მათ უქადაგა და არა ანგელოზთა მიერ დატოვებულ  შთამომავლობას, რისი გაფიქრებაც უდიდესი ცოდვა, მკრეხელობა და უზნეობაა. ახალ აღთქმაში იოანე ღვთისმეტყველი წერს" "საყვარელნო, აწ შვილნი ვართ ღმრთისა" (1 იოან. 3.2). ამით იგი ყველა ჭეშმარიტ ქრისტიანს "ღვთის შვილს" უწოდებს. "ვინაიდან ყველა, ვისაც ღმრთის სული წარმართავს, ღმრთის ძეა" (რომ. 8.14). "ღმერთისაგან  შობილი  არავინ სცოდავს... ამით იცნობიან შვილნი ღმრთისა და შვილნი ეშმაკისა" (1 იოან. 3. 9-10).


უკან დაბრუნება