„საუკუნის ძარცვაზე“ დაკავებულის ადვოკატი ფაქტების უზუსტობაზე საუბრობს
|
„საუკუნის ძარცვაზე“ დაკავებულის ადვოკატი ფაქტების უზუსტობაზე საუბრობს
ავტორი მარიამ ოლქიშვილი
20012 წლის 5 მარტს, თურქეთში, ორდუს მთავარი სავაჭრო ცენტრიდან, მილიონი ლარის ღირებულების ოქროს მოპარვის ფაქტზე, თურქმა სამართალდამცავებმა, ეჭვი ქართველებზე აიღეს. 9 მარტს საქართველოს პოლიციამ, რამდენიმე პირი დააკავა და სისხლის სამართლის საქმე აღძრა. თბილისის საქალაქო სასამართლომ, ისინი დამნაშავედ სცნო და პატიმრობა შეუფარდა. ვახტანგ ფურცელაძის ადვოკატი კახა მაღრაძე, თავისი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობაზე საუბრობს და მტკიცებულებების ექსპერტიზას ითხოვს. თურქული მხარის ინფორმაციით, მძარცველებმა სავაჭრო ცენტრში შესაღწევად რვა მეტრიანი გვირაბი გათხარეს და ოქროს საცავებში ისე შეაღწიეს, რომ დაცვის სამსახურს არაფერი გაუგია. სიგნალიზაციის ამუშავების დროს კი ისინი შემთხვევის ადგილიდან უკვე შორს იყვნენ. დამნაშავეებმა სეიფები სპეციალური მოწყობილობებით გატეხეს, 6 კილო ოქროს ძვირფასეულობა ჩაალაგეს, სიგარეტის მოწევაც მოასწრეს და შემდეგ მიიმალნენ. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ქართული წარმოების სიგარეტის ფილტრები დახვდათ. სწორედ, ამან გამოიწვია ეჭვი, რომ მძარცველები ქართველები იყვნენ. მაშინ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ძარცვის ფაქტი გახსნეს და დამნაშავეების ვინაობაც დაადგინეს: "როგორც მოგეხსენებათ არსებობდა ეჭვი, რომ აღნიშნული დანაშაული ჩადენილია საქართველოს მოქალაქეების მიერ. ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, დაკავებულია ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელი ვახტანგ ფურცელაძე. ამასთანავე, თბილისსა და ქუთაისში ამოღებულია ნაძარცვი ძვირფასეულობის ნაწილი. ამჟამად, მიმდინარეობს ოპერატიული ღონისძიებები, ჯგუფის სხვა წევრების დაკავებისა და დარჩენილი ძვირფასეულობის ამოღების მიზნით", - ნათქვამი იყო სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ამ თემასთან დაკავშირებით "მსაჯულთან" ბრალდებულის ადვოკატმა კახა მაღრაძემ განაცხადა, რომ: ,,2012 წლის 10 მარტს, როცა საქართველოს შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ვახტანგ ფურცელაძე ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს, საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ორდუში მომხდარი ,,საუკუნის ქურდობა" გახსნეს, რომლის დროსაც საიუველირო მაღაზიიდან 6 კილო ოქროს ნაკეთობები იყო გატაცებული. ჯგუფის ხელმძღვანელად ვახტანგ ფურცელაძე დასახელდა, პოლიციამ მოპარული ძვირფასეულობა და დიდი ოდენობით ფულადი თანხები ამოიღო. ინფორმაციის გავრცელების დროს, ფურცელაძეს სინამდვილეში ბრალიც კი არ ჰქონდა წარდგენილი. არადა, ქართველი სამართალდამცავები, თურქეთში ჩადენილი დანაშაულის გახსნას უკვე ზეიმობდნენ და მეტი დამაჯერებლობისთვის, საინფორმაციო საშუალებებით დიდი ოდენობით ფულად თანხებს და ამოღებულ ოქროს ნივთებს აჩვენენბდნენ. სინამდვილეში მათ ფურცელაძე სულ სხვა ბრალდებით დააკავეს. თითქოს ,,აღმოუჩინეს" მოყვითალო-მოყავისფრო ფერის ფხვნილი, რომელიც მათი აზრით, ნარკოტიკული საშუალება იყო. ფურცელაძე დაკავებამდე მეგობარ ქალთან ერთად, ნათხოვარი ავტომანქანით გადაადგილდებოდა, როდესაც პოლიციის თანამშრომლებმა, საფულეში ,,მათთვის სასურველი ნივთიერება" აღმოუჩინეს, არადა სინამდვილეში, ავტომანქანაში ჩხრეკაც კი არ ჩაუტარებიათ. სასამართლოზე დადგინდა, რომ ჩხრეკის ოქმი შედგენილია მოქმედი კანონმდებლობის უხეში დარღვევით; პოლიციის თანამშრომლებს ფურცელაძის დაკავების ადგილას, არანაირი პირადი ჩხრეკა არ ჩაუტარებიათ და ნარკოტიკის აღმოჩენაც შემდეგში იქნა დაფიქსირებული. ჩხრეკის ოქმი ,,მოდულის" შენობაშია შედგენილი. არ მოუწვევიათ დამსწრე პირები, მითითებული აქვთ, თითქოსდა მათ მოწვევაზე უარი ფურცელაძემ განაცხადა. არ აწონილა აღმოჩენილი ნარკოტიკული ნივთიერება და სათანადო წესით არ მომხდარა ნივთმტკიცების დალუქვა. მას ბრალი, მხოლოდ დაკავებიდან მეორე დღეს წაუყენეს, ყოველგვარი მტკიცებულებების არსებობის გარეშე. ამასთან, დადგინდა, რომ ნარკოტიკული ნივთიერება, რომელიც მოთავსებულია ცელოლოიდის სპეციალურ პაკეტში, ლუქის ბეჭედი დადებულია შემდგომში, რაც ფურცელაძემაც დაადასტურა. დაკავებისას პოლიციელებმა ფურცელაძეს ლუქის ბეჭდიან ფურცელზე ხელი წინასწარ მოაწერინეს და უთხრეს, რომ ეს მისი საფულისა და მობილურის დალუქვისთვის იყო საჭირო, თუმცა ბრალდებული დალუქვის პროცესს არ დასწრებია. შემდეგში, გამოძიებამ საინფორმაციო საშუალებებით, საზოგადოებას, ქურდობის ჩადენის დამამტკიცებელი ახალი ,,მტკიცებულება" წარუდგინა. მათ აჩვენეს ქურდობაში მონაწილე ერთ-ერთი ბრალდებულის, ვახტანგ ირემაძის აღიარებითი ჩვენება. საქმის მასალების მიხედვით, თითქოსდა ირემაძე თვითონ გამოცხადდა კუდ-ში და მოწმის სახით დაკითხვისას დეტალურად აღწერა, როგორ გაქურდეს მან, ვახტანგ ფურცელაძემ, მერაბ ლაშქარეიშვილმა, გაგა ავალიანმა, ლაშა გელხვიძემ და გიორგი ხარატიშვილმა ქალაქ ორდუში საიუველირო მაღაზია. თითქოს ისიც კი ,,გაიხსენა", უფრო სწორად გაახსენეს, მასთან ერთად მყოფი პირები როდის, რომელ რიცხვებში იყვნენ დაბადებულნი, რომ აღარაფერი ვთქვათ მის მიერ კვალიფიციურად გადმოცემულ ქურდობის ფაქტზე, რასაც, დარწმუნებით შეგვიძლია გითხრათ თვითონ ვერანაირად გადმოსცემდა. თუ რა ვითარებაში მისცა ირემაძემ აღიარებითი ჩვენება, შეგვიძლია ვივარაუდოთ, 2012 წლის 14 მარტს დაკავებული მერაბ ლაშქარეიშვილის განცხადებით. პროკურატურის წინაშე მან დაკავებისთანავე განაცხადა, რომ კუდ-ის თანამშრომლებმა აღიარებითი ჩვენების მიღების მიზნით ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენეს, მაგრამ ამ ძალადობას გაუძლო, განსხვავებით ირემაძისა, რომელმაც, ასევე, დასძლია შიში და სასამართლო პროცესის მსვლელობისას, მოითხოვა, დაუშვებელ მტკიცებულებად იქნას ცნობილი, გამოძიებაში მიცემული ჩვენება. ასევე გაირკვა, რომ დაკავებიდან გარკვეული პერიოდის განმავლობაში კუდ-ის თანამშრომლები ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცყოფას აყენებდნენ ვახტანგ ფურცელაძესაც. აიძულებდნენ, ეღიარებინა ქურდობის ჩადენა და დაესახელებინა თანამონაწილე პირები, რომლებზეც ისინი მიუთითებდნენ. ფურცელაძის განცხადებით მასზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცყოფა გაგრძელდა #8 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაშიც, კონკრეტული თანამშრომლების მხრიდან. აღნიშნა, რომ კუდი-ის თანამშრომლები მას ცოლის, ცოლის დის, ქვისლისა და 19 წლის ძმის დაპატიმრებით ემუქრებოდნენ. მოცემულ საქმეზე, გამოძიებას თურქეთის სამართალდამცავებიც აწარმოებენ, რომლებმაც დიდი მოცულობის სამუშაოები ჩაატარეს. მათ შემთხვევის ადგილიდან დნმ-ის კვლევისათვის საჭირო მასალაც კი ამოიღეს, თუმცა რატომღაც ქართულ პოლიციას არც კი უფიქრია, მათი შედარება დაპატიმრებულ ვახტანგ ფურცელაძის, ვახტანგ ირემაძისა და ლევან ლაშაქარეიშვილის იდენტიფიკაციისთვის. იმ მიზეზით, რომ ირემაძის აღიარებითი ჩვენება უკვე ჰქონდათ?! ქართველი სამართალდამცველები არ დაინტერესებულან, თურქულმა მხარემ ამ დანაშაულის ჩადენისთვის, სხვა პირები ხომ არ დააკავა?! მითუმეტეს, რომ თურქული მასალებით ირკვევა, რომ ამ დანაშაულის ჩადენის ეჭვით, სულ სხვა პირი ჰყავდათ დაკავებული და დამნაშავეებადაც მოიაზრებდნენ." – აღნიშნა ადვოკატმა. ჩვენს კითხვაზე, თუ რატომ მოხდა, მაინცდამაინც ამ ადამინების დაკავება და იცნობდნენ თუ არა ისინი ერთმანეთს, ადვოკატი გვპასუხობს, ფურცელაძის და დანარჩენი ხუთი პირის ბრალდება აგებულია, მხოლოდ ერთ მოტივზე, რომ მათ 2012 წლის 5 მარტს, ერთ დღეს, დროის ახლო მონაკვეთში თურქეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადმოკვეთეს. მიუხედავად იმისა, რომ საქმეში უამრავი დაუზუსტებელი და შეუსაბამო ფაქტი არსებობს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, ხუთივე ბრალდებული დამნაშავედ სცნო; ვახტანგ ფურცელაძეს, რომელსაც ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვაც ედებოდა ბრალად, სასჯელის ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ხოლო ვახტანგ ირემაძეს, მერაბ ლაშქარეიშვილს, გაგა ავალიანს და ძებნაში მყოფ ლაშა გელხვიძეს კი სასჯელის სახით 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. ადვოკატმა კახამ მაღრაძემ განაჩენი გაასაჩივრა და აღნიშნულ საქმეზე სასამართლო პროცესი თებერვლის დასაწყისში განახლდება. უკან დაბრუნება |