სოსო ჯაჭვლიანი: ყველაზე დიდი სიმდიდრე რაც გამაჩნია ეს არის მამაჩემის სახელი.
|
რამდენიმე დღის წინ აფრასიძეების სასამართლო პროცესსზე დაგვიანებით მივედი, წყნარად შევედი და დავჯექი. უცებ გვერდით მჯდომმა ხელზე დამადო ხელი და მითხრა: - სოსო გამარჯობა. გავხედე, გვერდით მიზის ჭაღარა, სიმპატიური კაცი და მეუბნება: - მე პოლკოვნიკი ვაშაკიძე ვარ. მამაჩემი სამხედრო კომისარი იყო. უწინ სამხედრო კომისრები ფულთან, ჩალიჩთან და სიმდიდრესთან ასოცირდებოდნენ. ვინც მამაჩემს იცნობს, აქაური, იქაური იციან როგორი ადამიანიც იყო. საქართველოში კომისარი არ იყო მანქანა არ ჰქონოდა და ერთი მამაჩემი იყო, ვისაც მანქანა არ შეუძენია და იცით რატომ? 6 შვილი ჰყავდა და ზედმეტი ერთი კაპიკი არ აუღია. მამაჩემს თუ ვინმესგან ერთი კაპიკი მაინც აუღია, მოვიდეს და შვილები დავუბრუნებთ კონვერტირებული ვალუტით. თამამად შემიძლია ვთქვა არავინ მოვა. მე ასეთი მამა მყავდა. მეორე წელია რაც გარდაიცვალა და იმ კაცმა მასზე დამიწყო საუბარი, ვიცოდი მამას ავტორიტეტი ჰქონდა, მაგრამ მაინც ჟრუანტელმა დამიარა. სამამულო ომის დროს მამაჩემმა, რომელიც ოფიცერი იყო, დედის გინებისთვის რუს პოლკოვნიკს შუბლი გაუხვრიტა. მაშინ ეჭვი შეეპარათ გერმანელებთან ხომ არ ჰქონდა კავშირი... ამის გამო სასტიკად აწამეს, ფრჩხილები დააძვრეს, მაგრამ რაც არ იცოდა როგორ იტყოდა. მიუსაჯეს დახვრეტა. მთელი უზარმაზარი დივიზია, მისი მეგობრები, კურსელები მივიდნენ გენერალ ჩერნიაგოვთან და თხოვეს, რომ მამაჩემი არ დაეხვრიტათ. გენერალს უთქვამს, არ შეიძლება, მან პოლკოვნიკი მოკლა. მაშინ მეგობრებს ასეთი გადაწყვეტილება მიუღიათ, ოღონდ ნუ დახვრეტთ და ზეგ დამსჯელ „შტრაფნოი“ ბატალიონში გადაიყვანეთ, ჩვენც გავყვებით და თავისი სიკვდილით გამოისყიდოს დანაშაული. მამას მეგობრებმა იცოდნენ, რომ ამ ბატალიონში ყოფნა 99% სიკვდილის ტოლფასი იყო. მაგრამ სიცოცხლე გაწირეს, იმისთვის ბებიაჩემს წერილი არ მიეღო მოკლეს როგორც არამზადა. მამას შეუცვალეს დახვრეტა, მას დამსჯელ ბატალიონში ოცდახუთივე კაცი გაჰყვა და მხოლოდ სამი გადარჩა ცოცხალი. ამ ადამიანებზე ჩემს საახლობლოში ლეგენდები დადიოდა. ამ ამბავზე ფილმიც მინდა გადავიღო. ყველაზე დიდი სიმდიდრე რაც დედამიწის ზურგზე გამაჩნია ეს არის მამაჩემის სახელი, რომლითაც ვამაყობ და მინდა ყველას ვუამბო მასზე. იომა, ჩავიდა ბერლინამდე, პოლკოვნიკის გამო ყველა ორდენი დააბრუნებინეს, მაგრამ შემდეგ ორი დიდების ორდენით დააჯილოვეს. და მერე, აქ, ასეთი მამიკოს (ჩვენ ასე ვეძახდით) მემორიალი ამიფეთქეს. ამ ყველაფრის მერე ან ცხოვრება ან სიცოცხლე რად გინდა, როცა მამის სახელს დაგავიწყებენ და გეტყვიან საჭირო არ არისო. ამაზე დიდი სიმდიდრე ქვეყანაზე არაფერი გამაჩნია და როგორ საჭირო არ არის? ერთხელ მამას ჰკითხეს, როცა რაღაცას ჰყვებოდა აი, როგორი გმირები იყავითო. მამამ იცით როგორ ბრძნულად უპასუხა? შეხედა, არა გმირები არ ვიყავით უბრალოდ შიშის უფლება არ გვქონდა. - შვილებისთვის თქვენ როგორი მამა ხართ? - როგორი მამა ვარ? არაფერი განსაკუთრებული, ბავშვები ჩვენ გვიყურებენ, იმის მიხედვით გვაფასებენ ვინ ვართ და რა ვართ. მან შენში თუ დაინახა შიში, ფარისეველი, ასეთი გაიზრდება. მთავარია, შვილებთან როგორ იქცევი, რაც არუნდა დაარიგო, დამოძღვრო, ასწავლო, მას თუ გენეტიკით არ მოსდგამს ტყუილია ყოველი ცდა. ერთხელ ფილმის გადაღების დასრულების შემდეგ მოსკოვიდან თბილისში ვბრუნდებოდი. თვითმფრინავის სალონში რეზო თაბუკაშვილი დავინახე. ყველამ იცის ეს პიროვნება როგორი ერისკაცი და პატრიოტი იყო. ბატონმა რეზომ დამიქნია ხელი მოდიო. მივედი, დავჯექი, გამომკითხა სად ვიყავი. მაშინ მითხრა და მერე ტელევიზიითაც მრავალჯერ აქვს განმეორებული, რომ „ჩვენ ქართველებმა არ ვიცით სახელების დარქმევა. კარგს კარგს არ ვეძახით და ცუდს ცუდსო. კაცი რომ მოკვდება სულ ვამბობთ, კარგია, კარგია. რატომ? კარგიც ვთქვათ და ცუდიც, მერე თვითონ გადაწონის მისი დატოვებული საქმით. სუფრაზე ნაძირალას და პატიოსნად ერთნაირად ადღეგრძელებთო“. მე ვარ ავტორიტეტი ჩემი შვილებისთვის, გხედავს სუფრაზე, გიყურებენ, როგორ ადღეგრძელებ სუფრის წევრებს. ფიქრობს, პატიოსანი და ზნედაცემული ერთნაირად ადღეგრძელაო. აი, მაშინ ვზრდით მათში ფარისევლებს და ამიტომ წამოვიდა ფარისევლების მთელი თაობა. მე, ჩემი მდგომარეობით, ჩემი სულით და ადამიანობით შვილებისთვის მაგალითი ვარ. - რა როლი აქვს მამის, მამაკაცის ფენომენს საქართველოში? ვთვლი, რომ მამის როლი უზარმაზარია, მაგრამ დედის გაცილებით დიდია, დედაზე თითქმის 60% მოდის. კაცს რაც ავალია ის უნდა აკეთოს. დედას შეუძლია ოჯახი აამაღლოს ან დააქციოს 1 წამში. მამაკაცს ცოტა სხვა მისია აქვს, ის უნდა იყოს გარანტი, მთელი ცხოვრება ქალის საიმედო საყრდენი. ისე თუ ქალმა და კაცმა ერთმანეთი არ შეავსო, ისე არაფერი გამოვა. ქვეყანა მაშინ არის ძლერი როცა ოჯახში ასეთი ჰარმონიაა. მთელი საქართველო ამ მხრივ ნამუსახდილია. დღეს ოჯახის ქალსაც და კაცს ათასი ხერხით და თამაშით უწევს ოჯახის რჩენა. მე რომ მკითხოთ, ჩვენთან მონათმფლობელურ-ფეოდალური წყობა. მე ისეთი ქვეყანა მინდა, სადაც პრეზიდენტისთვის პოზიცია და ოპოზიცია არ იქნება, ყველას და ყევლაფერს პასუხს გასცემს. გაიძახიან დემოკრატია... სვანებს ასწავლი დემოკრატიას, რომელსაც ბატონის გარეშე ჰქონდა დალაგებულ, დაბალანსებული სიტუაცია?! - ბატონო სოსო ხევისბერი გოჩა მამა იყო და დღესაც არიან თანამედროვე მამები, რა სხვაობაა წარსულ და თანამედროვე მამებს შორის? - ქართველი ერთადერთი ჯიშია მთელს დედამიწაზე, რომელიც თავისი შვილს განათლება რომ არ მიეღო ამაში ფულს იხდიდა. რა განსხვავებაა? აბსოლიტური სხვაობაა დღევანდელ მამებსა და იმ მამებს შორის. ხევისბერი, მახვში, ავტორიტეტი, ჭკუასაკითხავი ხალხი იყო. თემისთვის, სოფლისთვის ავტორიტეტი ვერ იქნებოდა თუ სწორად არ დაალაგებდა სიტუაციას. სვანურ გარჩევაში ბეწვი რომ არ გაეპარებათ ისეთი სიზუსტით არჩევენ საქმეს. ეს იყო მაგალითი, რომელსაც თაობები უყურებდა. მათ მართალი სამართალი ჰქონდათ. მაგრამ, როცა შენ პრეზიდენტი ხარ, პარლამენტის თვმჯდომარე ხარ, თუ დეპუტატი დაგიჯერებ მარტო ერთ შემთხვევაში, როცა შენი შვილი, ისევე როგორც სხვისი შვილი, ჩაიცმევს ჯარისკაცის ფორმას და ქვეყნის წინაშე სამხედრო ვალს მოიხდის. ისწავლის იმ უნივერსიტეტში, რომელიც თვითონვე კოლეჯად გადააქციეს. ეს იქნება პრესტიჟი, როცა შენ შენსას დააფასებ. როცა დღეს საუბარია, რომ ვითარდებით, ცივილიზაციას განვიცდით და ა.შ, შენ ამერიკული, ევროპული და აზიური ცივილიზაციიდან უნდა ამოკრიფო ის მარგალიტები, რაც ჩვენთან შეთავსებადი იქნება. რა უნდა გითხრათ იმაზე გენიალური, რაც ვაჟა-ფშაველამ თავისი წერილით „პატრიოტიზმი და კოსმოპოლიტიზმი“ დაგვიტოვა. მე, სოსო ჯაჭვლიანს, რომ მკითხო ვაჟას ამ წერილს 1 კლასიდან სკოლის დამთავრებამდე ნებისმიერი საგნის სახელმძღვანელოს პირველი გვერდს დავურთავდი. მოსწავლეს უნდა ასწავლო, უთხრა, ამით შენ მსოფლოს რას ეუბნები. შენ ვერასოდეს გახდები კოსმოპოლიტი თუ შენი ქვეყნის პატრიოტული ადათი, ტრადიცია და კულტურა არ გიყვარს. ვერასოდეს შეიყვარებ ვერავის, თუ პირველ რიგში შენი წინაპარი და წარსული არ გიყვარს, სხვა შემთხვევაში ეს იქნება სიყალბე, ცოდნის გარეშე შეყვარება. - რამ განაპირობა ეს სხვაობა, როდის დაირღვა და გაწყდა ის ადამიანურობის, კაცთმოყვარეობის ძაფი, რაც ხევისბერის მსგავს მამებს ჰქონდათ? - შეიძლება ვიღაცას გაეცინოს, თქვას რა დროს სტალიანია, როცა აღმაშენებლის ძეგლს წინ და უკან დაატარებენ. შეკითხვის პასუხი რამ განაპირობა? რასაც ახლა გეტყვით აქ იქნება ნაგულისხმები. მთელ დედამიწაზე მიდის იდეოლოგიური ბრძოლა. სტალინთან ერთად ეჟოვი, კიროვი, ძერჟინსკი, ბუხარინი და სხვები ხომ იყვნენ, რატომ ამ პიროვნებებზე არ ამბობს მსოფლიო, რომ ისინიც სისხლის მსმელები იყვნენ… მაგრამ აქ სხვარაღაც ხდება და აქ დავსვათ მრავალი წერტილი. როდესაც სტალინის ძეგლი აიღეს თქვეს რაღა დროს სტალიანიაო, მაგრამ ამ დროს დარწმუნებული ვარ გორელების 90 % გულში ბოღმა აქვს. ეს სუფთა ადამიანურია, იმიტომ, კი არა რომ სტალიზე გიჟდებოდნენ, არა, ამ ქმედებით უთხრეს, რომ რასაც გვინდა იმას გავაკეთებთ. მე ყველაფრის შემძლე ვარ - ამ თვითდაჯარებამ განაპირობა ეს რღვევა. - ბატონო სოსო, რანი ვიყავით უწინ და რანი ვართ დღეს? ისტორიაში ესეა, ერთი კაცი ბევრ რამეს წყვეტდა. ჩინგისხანი, ნაპოლეონი, სტალინი ერთი კაცი იყო (სტალინელობა არავინ დაგვწამოს), როცა გარდაიცვალნენ, ყველაფერი მორჩა და დასრულდა. გარემოცვაში ყოველთვის არიან პიროვნებები რომლებიც სულ გაჰყვირიან, უკმაყოფილონი არიან, რაღაცას უწყობენ და ზუსტად აქ ცდებიან. ნათქვამია: „ცხვრის ფარას წინ ლომი რომ დაუყენო ცხვარიც ლომი გახდებაო“. შეიძლება პირიქითაც მოხდეს, ლომების გუნდი ცხვარის ფარას დაემსგავსოს. ამიტომ, პიროვნებაზე, ბევრი რამაა დამოკიდებული. რანი ვართ? არაფერი. ამისი მაგალითები ძალიან ცოტაა. შენთვის ვინც ავტორიტეტი და მითი იყო თანმიმდევრულად გირღვევენ, გიშლიან და გეუბნებიან: შენ არაფერი არ იყავი, მამაშენი და დედაშენი ვინ არის? არავინაც არ არის. დღეს მოკლეს აქ, იქ, სხვაგან და ეპატიათ ყველაფერი. მერე შექმნეს ამათ მითი, რომ თურმე ამ ყველაფერს გვერდით ამერიკა, დასავლეთი უდგას. თუ ეს მართლა ასეა და ამ ღირებულებებს გვთავაზობენ, წყეულიმც იყოს ყველა ის ქვეყანა, რომელთა გვერდით დგომით ამას აკეთებენ. - რას დაუბარებთ შვილებს, როგორ უნდა იცხოვრონ, რომ იყვნენ ერისა და მამულის ღირსეული შვილები. - ჩემს შვილებს დაუბარებ იმას, რაც ბებიისგან მესმოდა და მამისგან მესმოდა. მამაჩემი ისე იქცეოდა, რასაც ბებიაჩემი მეუბნებოდა. ბებია მარტივად მიხსნიდა, აკეთებდა ისე, რომ შენთვის მაგალითი ყოფილიყო. „შენ ნუ გაუკეთებ იმას სხვას, რაც შენ გეწყინებაო“ და თუ ამ ნათვქმს ღრმად გაიაზრებ, უკვე საამური ხდება ცხოვრება. სვანეთში არის ასეთი დაფიცება, ხატის წინ დაგაყენებენ და გეტყვიან: „აბა დაიფიცე, შენ რომ იყო ჩემს ადგილას, როგორ მოიქცეოდი?“ აი ამას დავუტოვებ ჩემ შვილებს. უკან დაბრუნება |