თამუნა დვალი: უტვინო მოცეკვავე არ უნდა იყო
|
როგორც ყველა პატარა თამუნაც ცეკვაზე დედიკომ შეიყვანა. დღეს, რომ ის ანსამბლ „სუხიშვილებში“ ცეკვავს სწორედ მისი დამსახურებაა. ძალიან უყვარდა ქართული ცეკვა და ოცნებაც აიხდინა. დატვირთული სამუშაო გრაფიკი და გასტროლები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში... ანსამბლი „სუხიშვილები“ ქართული ცეკვით აცნობენ ჩვენი ქვეყნის კულტურას უცხოელებს. თურქეთის ერთ-ერთ კლუბში მაიკლ ჯეკსონის სიმღერაზე შესრულებული ცეკვა „ლაზური“ - თბილისში საჭორაო თემა გახდა... არადა სრულიად უცნობმა ტურისტმა შემთხვევით გადაიღო და www.youtube.com-ზე ატვირთა... ვიდეო მასალა მთელ საქართველოში უმოკლეს დროში გავრცელდა. გაკეთდა კომენატრებიც... და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, საკმაოდ უწმაწურიც... ვინმე „ვასო“ წერს: „თანამამედროვე მიწოლაა, მაგრამ, შინაგანად მაინც არ მომწონს ეს ქართველი ქალების ტანტალი“... ან ვინმე „ქართველის“ მიერ დაწერილი: „მაგარია კლუბურზე ქართული ცეკვა, რა მოწიეს ასეთი“. თამუნა ქართველი ბიჭების რეაქციებზე ძალიან წუხს. თუ როგორ მოხვდა, მოცეკვავე თამუნა დვალი ანსამბლში სუხიშვილები თავად გვიამბობს: - სამი წლის ვიყავი, როდესაც დედამ ბალეტის საბავშვო წრეზე შემიყვანა. პირველად, 3 წლის ასაკში ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ვიცეკვე, მაშინ ჩემი პედაგოგი ქალბატონი ლანა აბულაძე იყო. შემდეგ ვახტანგ ჭაბუკიანის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში ჩავაბარე, გავხდი ბალეტის მსახიობი, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ბალეტი არ მიყვარდა. გული ქართული ცეკვისკენ მიმიწევდა. ამიტომაც ბალეტს თავი დავანებე. ტექნიკურ უნივერსიტეტში ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე ჩავაბარე და თან პარალელურად სტუდიაში `სუხიშვილები~ შევედი. იქ ტატა გომელაურის მოსწავლე ვიყავი. 2 წლის შემდეგ გამოსაშვები კონცერტი გვქონდა, სადაც უმცროს ილიკო სუხიშვილს მოვეწონე და ანსამბლში ამიყვანეს. დღეს, სუხიშვილების მოცეკვავე ვარ. - რამდენი წელია, რაც ანსამბლში ხარ? - ანსამბლში სამი წელია ვცეკვავ. ერთი წელი სტაჟიორი ვიყავი, ორი წელია რაც გამაფორმეს და მთავარ ჯგუფში ვარ. გასტროლებზეც აქტიურად დავდივარ. - მასაში ცეკვავთ თუ სოლისტი ხართ? - ცეკვა „ლაზურში“ სოლისტი ვარ. ასევე „ჯუთაში“ სამეულში ვცეკვავ. „ასას“ პროექტში ვიღებ მონაწილეობას და თითქმის ყველა ცეკვას ვასრულებ. - თამუნა, ბოლოს გასტროლებზე სუხიშვილების ანსამბლთან ერთად რომელ ქვეყანაში იმყოფებოდით? - ბოლოს ორი გასტროლი ჯერ ისრაელში ვიყავით, შემდეგ ბაქოში გვქონდა. ამჟამად 14 ივლისს ლიბანში წასასვლელად ვემზადებით და იქიდან კი კვიპროსზე გადავფრინდებით... - თბილისში დიდხანს საუბრობდნენ ინტერნეტ საიტ: www.youtube.com-ზე ატვირტულ სუხიშვილების ვიდეოზე, სადაც ანსამბლის რამდენიმე წევრი კლუბში ჯეკსონის მუსიკაზე ცეკვავთ. ეს ვისი იდეა იყო? - რამდენიმე საერთო მეგობარი თურქეთის ქალაქ ალანიაში დასასვენებლად წავედით. ერთ დღეს კლუბში გასართობად წასვლა გადავწყვიტეთ. კლუბური მუსიკა იყო და ჩვენც მის რიტმებზე ვცეკვავდით. მოგეხსენებათ, იქ რა ძვირია ყველაფერი, სამეგობროს კი ბევრი ფული არ გვქონდა. მოულოდნელად კლუბის მენეჯერმა გვითხრა, რომ ჩვენ შეგვეძლო საინტერესო შოუს მოწყობა, სანაცლოდ კი კლუბის ადმინისტრაცია რასაც მოვისურვებდით ყველაფერს გვაჩუქებდა. დროის პატარა მონაკვეთში ილეთები დავალაგეთ, ბიჭებმა მონახაზი გააკეთეს და სცენაზეც აღმოვჩნდით. ცეკვა „ლაზური“ ავარჩიეთ, რომელიც უმცროსი ილიკო სუხიშვილის დადგმულია. მაგრამ კლუბში ლაზურის მუსიკა არ ჰქონდათ, ამიტომ რაც იყო იმაზე უნდა გვეცეკვა. ბოლოს დიჯეი მიხვდა ცეკვის ტემპს და მაიკლ ჯეკსონის სიმღერა ჩაგვირთო. იმ დროს პოპის მეფე ახალი გარდაცვლილი იყო. ყველაფერი კარგად აეწყო და ერთი უცხოელი ტურისტის მიერ გადაღებული ვიდეო, ინტერნეტ საიტ: www.youtube.com-ზე აღმოჩნდა. საქართველოში მალე გავრცელდა, ყველაზე მეტად ვიდეოზე გაკეთებულ კომენატარებზე ვწუხვარ. ამას ძირითადად ქართველი ბიჭები წერენ. - ანსამბლ „სუხიშვილების“ ბოლო კონცერტი ფილარმონიის სცენაზე ნინო სუხიშვილის 100 წლისთავს მიეძღვნა. რამდენად მნიშვნელოვანი იყო შენთვის ამ კონცერტში მონაწილეობა? - ჩემს კარიერაში ეს ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო კონცერტი იყო. გამოსვლაში მთელი სული და გული ჩავდე, ვცდილობდი ბოლომდე დავხარჯულიყავი. ცხრა ცეკვაში ვმონაწილეობდი. დიდმა ნინომ ქართული გენია შექმნა და მთელ მსოფლიოს ქართული კულტურა გააცნო... - როგორც ვიცი, სუხიშვილებს სცენაზე გასვლის წინ რიტუალი გაქვთ... - მოცეკვავეებს ანსამბლში კონცერტის დაწყებამდე ტრადიცია ჩამოგვიყალიბდა. ყველაფერი კი უმცროსი ილიკოს დამსახურებაა. რომელიც კონცერტის დაწყების წინ მთელ დასს მოგვმართავს, რომ ჩვენ სუხიშვილები ვართ და უნდა ვასახელოთ... და უ, უ, უ-ს სამჯერ ვიძახით. მარჯვენა ხელით კი ერთ მოძრაობას ვასრულებთ. ამის შემდეგ მე „მამაო ჩვენოს“ და „ღვთისმშობლის“ ლოცვას ვამბობ, პირჯვარს ვიწერ და სცენაზე გავდივარ. - რეპერტუარის განახლებას ახალი ცეკვით ხომ არ აპირებთ? - უმცროს ილიკო სუხიშვილს რაღაც გეგმები აქვს და უახლოეს მომავალში ჩვენს რეპერტუარს ახალი ცეკვა შეემატება. - თუ გიფიქრია, რომ დადგება დრო და ცეკვას თავს დაანებებ? - არ მიფიქრია და არც მინდა ამაზე ფიქრი. მაგრამ, ვიცი, რომ შეიძლება ერთმა მიზეზმა ცეკვას ჩამომაშოროს. მანამდე კი ვიდრე შემეძლება სულ ვიცეკვებ, პარალელურად ვისწავლი... რადგან ვფიქრობ, რომ უტვინო მოცეკვავე არ უნდა იყო. - როგორც ვიცი, ტექნიკურ უნივერსიტეტში მაგისტრატურაზე სწავლობ... - წელს მაგისტრატურას ვამთავრებ და დიპლომზე ვმუშაობ. პროფესიით სიძველეთა და ხელოვნების ნიმუშთა ექსპერტი ვარ. ამიტომაც, სადიპლომო თემად სოლიკო ვირსალაძის კოსტიუმები ავირჩიე, თან სუხიშვილებსაც დავუკავშირე. სწავლას გავაგრძელებ და დოქტურანტურაშიც აუცილებლად ჩავაბარებ. უკან დაბრუნება |