ნინო ჩხეიძე სამი რადიოს და ერთი ტელევიზიის მფლობელია!

თვლის რომ პირველია, რომელმაც საქართველოში ქალაქური სიმღერების შესრულების კომპლექსი მოხსნა და ეს სტილი იმდენად კარგად მოირგო, რომ ერთ–ერთი წარმატებულია შოუ ბიზნესის წრეში. გარდა სიმღერისა, მას მენეჯერის კარგი თვისებებიც აღმოაჩნდა, იგი სამი რადიოს: ,,დარდიმანდის", ,,აფხაზეთის ხმის" და ,,ნინო ჩხეიძის" მფლობელია. სულ მალე კი მისი საკუთარი ტელევიზია – ,,დარდიმანდი" გავა ეთერში, სადაც მხოლოდ ქართული კლიპები და მუსიკალური გადაცემები იქნება.
ნინო ჩხეიძე: სიმღერა ძალიან პატარა ასაკიდან დავიწყე, ალბათ ერთი წლიდან. მამა გიტარაზე უკრავდა და მღეროდა, მეც მასწავლა. შემდეგ პიონერთა სასახლეში დავდიოდი შურა ჯანელიძესთან. ფორტეპიანოზე დაკვრა მომწონდა და ათწლედი დავამთავრე, სიმღერაში კი მაცაცო სებისკვერაძესთან და ნუცა ჯანელიძესთან ვემზადებოდი. მეგობრების წრეში ვმღეროდი, მომღერლობაზე არასდროს მიფიქრია. უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე, მაშინ დეკანი ნუგზარ ფოფხაძე გახლდათ და მისი დაჟინებული თხოვნით ანსამბლ "უნივერსიტეტთან", ახლანდელ ,,ქართულ ხმებთან" დუეტი ჩავწერე, ვაჟა აზარაშვილის სიმღერა "ქალაუ". ამ სიმღერით სტუდენტურ დღეებზე გამოვდიოდი. ასე სიმღერაში გავატარე სუდენტური წლები. მაგისტრატურის ბოლო კურსზე კი გავთხოვდი, მეყოლა შვილი და მას შემდეგ სულ სიახლის ძიებაში ვიყავი. ამ ძიებამ გამხადა მომღერალი.
–თქვენი გათხოვებაც უცნაურად მოხდა...ნინო ჩხეიძე სამი რადიოს და ერთი ტელევიზიის მფლობელია!
–ჩემი მეუღლე მეგობართან გავიცანი. ერთი თვე მეგობრული ურთიერთობა მქონდა. რამოდენიმეჯერ კაფეშიც დამპატიჟა. მეუბნებოდა, რომ მოვწონდი, მაგრამ ამ ყველაფრისთვის სერიოზულად არ შემიხედავს. ერთხელ ზაურ ბოლქვაძის კონცერტზე ვიყავი, გიორგი მოვიდა და ყავის დასალევად წავედით, მანამდე მის მეგობარ გოგონას გავუარეთ და მანქანით სადღაც წავედით. ეს გოგო მთელი გზა რაღაცას მელაპარაკებოდა. საუბარში ისე გავერთე, მცხეთას რომ გავცდით, მივხვდი, ყავის დასალევად არ მივდიოდით, მაგრამ ხმის ამოღება მომერიდა. ამ მორიდების გამო გიორგის ცოლი გავხდი. მყავს 11 წლის მრიამი, რომელიც ძალიან ბევრ კარგ რჩევებს მაძლევს და ვითვალისწინებ.
–როდის ჩაწერეთ პირველი სიმღერა და რატომ მხოლოდ ქალაქური ჟანრის?
–ერთ დღეს, ძალიან მომინდა სიმღერის ჩაწერა და ჩემს ქმარს ვუთხარი. მან ეს არასერიოზულად მიიღო, თუმცა სურვილი მაინც ავისრულე და სიმღერა ,,ჩემი გმირი", ზაზა ხუბუკელაშვილთან ჩავწერე, რომელიც რადიო ,,არ დაიდარდოში" მივიტანეთ. სიმღერა მალე გაჰიტდა. მას შემდეგ აღარ გავჩერებულვარ. ქალაქური ჟანრი ჩემი სტილია. ვფიქრობ, რომ ჩემს ხმას და დიაპაზონს უხდება. შეიძლება ხმამაღალ ნათვამადაც ჩამეთვალოს, მაგრამ მომღერლებში მე მოვხსენი ის კომპლექსი, რაც ქალაქური სიმღერების შესრულებას ახლდა.
–რამდენი სიმღერა და ალბომი გაქვთ?
– 9 ალბომი და 150 სიმღერა.
–ცოტახნის წინ ერთ-ერთ ინტერნეტ გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, თქვენი და ზურა ბარბაქაძის, იგივე ფანდურას დაპირისპირების შესახებ, რას გვეტყვით ამაზე?
–მე და ფანდურა მეგობრები არასდროს ვყოფილვართ, რაც გავიცანი სამჯერ მყავს ნანახი. მაშინ, როცა ჩემს რადიოში მოვიდა და თავისი დუეტი – "წყაროზე", ქიტესასთან ერთად ჩაწერილი მოიტანა. შემდეგ დუეტი შემომთავაზა, დავთანხმდი და "მაყვალა" ჩავწერეთ, რის შემდეგაც სხვადასხვა გადაცემებში მიგვიწვიეს და ეს სიმღერა პოპულარული გახდა. ზოგადად სიმღერებს ყოველთვის ცალკე ვწერ, რადგან გასტროლებზე მარტო მიწევს სიარული. შემდეგში ,,მაყვალაც" მარტომ ამიტომ ჩავწერე და ერთი კვირის განმავლობაში ჩემს რადიოში ტრიალებდა. ამის გამო ფანდურამ ფეისბუქის გვერდზე ისეთი პოსტი დადო, რაც არ მეკუთვნოდა.
–უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, რა შინაარსის პოსტი იყო?
–სიმართლე გითხრათ არ მახსოვს, თუ არ ვცდები, თითქოს მისით გავხდი პოპულარული.
– ურთიერთობის გარკვევა არ გიცდიათ? როგორც ჩემთვის ცნობილია, ამის შემდეგ მას თქვენს რადიოში სიმღერები დაუბლოკეთ.
–მასთან ურთიერთობის გარკვევით არც დავინტერესებულვარ. ხოლო რაც შეეხება სიმღერების დაბლოკვას, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ჩემს რადიოში მსგავსი არასოდეს მომხდარა.
–თქვენი პირადი ბიზნესი...
–4 წელია, რაც საკუთარი რადიოები მაქვს –,,აფხაზეთის ხმა", ,,დარდიმანდი" და ,,ნინო ჩხეიძე", სადაც მხოლოდ ჩემი სიმღერები ტრიალებს. ახლახანს გავაკეთე საცდელი ტელევიზია – "დარდიმანდი", სადაც მხოლოდ ქართული კლიპები და მუსიკალური გადაცემები გავა.
–გარდა იმისა, რომ მღერით, სხვას რას საქმიანობთ?

–საავტორო გადაცემა მაქვს კომედი არხზე,სადაც ნებისმიერი ადამიანი მოდის და რასაც უნდა მღერის. გამარჯვებული ახალწელს გამოვლინდება, კომედი არხი კლიპს გადაუღებს, საპრიზო თანხა 5000 ლარი გადაეცემა, შემდეგ კი მასთან ერთად დუეტს ჩავწერ.
–სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?
–ერთ კვირაში ჩემი ახალი ალბომი გამოვა და ნოემბრის შუა რიცხვებში გასტროლი მაქვს, ისრაელში მივემგზავრები.
თინათინ ბეკოშვილი (სპეციალურად საიტისთვის)

 


უკან დაბრუნება