როგორი უნდა იყოს გარეგნულად ქრისტიანი მართლმადიდებელი?!

სამკერდე ჯვარი

ყოველი მართმადიდებელი ქრისტიანი უნდა ატარებდეს კისერზე დაკიდებულ სამკერდე ჯვარს, რომელსაც არასდროს უნდა იხსნიდეს (არც ძილის წინ, არც სააბაზანო ოთახში). ეს არის ნიშანი ქრისტიანობისა. ჯვარი უნდა იყოს ნაკურთხი მფლობელის სახელზე; ნაკურთხი ჯვარი მის მფლობელს ხილული და უხილავი მტრებისაგან იცავს. იგი შეიძლება დამზადებული იყოს ხისაგან (ბზა, კვიპაროსი, მუხა, ვაზი და სხვა), ლითონისაგან (ოქრო, ვერცხლი, სპილენძი, თითბერი, რკინა, ალუმინი და სხვა), ქვისაგან (გიშერი, სარდიონი, ობსიდიანი და სხვა), აგრეთვე პლასტმასისაგან.

ჯვარი შეიძლება იყოს მაცხოვრის ჯვარცმის გამოსახულებით, შეიძლება იყოს სადა. მაგრამ თუ ჯვარი გამოსახულებიანია, იგი შესრულებული უნდა იყოს კანონიკურად, ხატწერის წესების დაცვით (მაგალითად ფეხები გადაჯვარედინებული არ უნდა ჰქონდეს და სხვა). ამრიგად, კუსტარული წესით დამზადებული ჯვრის შეძენა გაუმართლებელია. დასაშვებია ძვირფასი და ნახევრადძვირფასი, აგრეთვე ორნამენტებით გამშვენიერებული ჯვრის ტარებაც.

ნათლობის ჯვარი ქრისტიანისათვის განსაკუთრებულ სიწმინდეს წარმოადგენს, რომელსაც დიდი გაფრთხილება სჭირდება. ამიტომ მისი ყოველდღიური ტარება საფრთხილოა, გირჩევთ, იგი უნდა ინახებოდეს ოჯახში სიწმინდეებთან ერთად და გავიკეთოთ განსაკუთრებულ დღეებში; დიდ დღესასწაულებზე - საზეიმო განწყობილების გამოსახატავად, ან მწუხარებაში - ნუგეშისათვის. ჩვეულებრივ კი, ქრისტიანმა მის სახელზე ნაკურთხი სხვა ჯვარი ატაროს.

ჯვრის შეძენა შეიძლება ეკლესიაში; შეიძლება მისი ინდივიდუალურად დამზადებაც მღვდლის ლოცვა-კურთხევით.

სამკერდე ჯვარი უნდა ვატაროთ დაფარულად, ტანსაცმლის შიგნით, რაც სიმბოლოა იმისა, რომ ჩვენ ქრისტიანული სარწმუნოება გულში გვაქვს დამარხული.

როგორი უნდა იყოს გარეგნულად ქრისტიანი მართლმადიდებელი?!

ჯვართან ერთად ქრისტიანმა შეიძლება ატაროს ნაკურთხი მედალიონიც მაცხოვრის, ღმრთისმშობლის ან სხვა წმინდანის გამოსახულებით. ჯვრის და მედალიონის სამკაულად ტარება გაუმართლებელია.

 90-ე ფსალმუნი

მეტად სასურველია ქრისტიანმა გულის ჯიბით ატაროს ქაღალდზე დაწერილი 90-ე ფსალმუნი წმ. დავით წინასწარმეტყველის ფსალმუნთა წიგნიდან როგორც ავგაროზი (ეს სიტყვა დაკავშირებულია ერთ-ერთი პირველი ქრისტიანი მეფის - აბგარის სახელთან, რომელსაც გადმოცემით იესო ქრისტემ მფარველად გამოუგზავნა თავისი ხელთუქმნელი ხატი). ამ ფსალმუნს განსაკუთრებული ძალა აქვს და მიმართულია ხილული და უხილავი მტრების წინააღმდეგ. ადრე იგი ყველას დაჰქონდა, განსაკუთრებით ომში წასულ მებრძოლებს, რომელთაც დაღუპვის შემთხვევაში ხშირად გულზე უპოვნიდნენ ხოლმე.

დღეისთვის საქართველოში მცხოვრები ქრისტიანები თან ვატარებთ მცირე ზომის „ლოცვანს“ დღეში შვიდგზის ლოცვებით, რომლებშიც შედის 90-ე ფსალმუნიც (ლოცვა დღის 12 სთ-ზე). „ლოცვანს“ გულის ჯიბით ატარებს კათალიკოს-პატრიარქი ილია II.

თავსაბურავი

ქრისტიანული თვალსაზრისით ტრადიციით მამაკაცი (თუ სასულიერო პირი არაა) ტაძარში უნდა იდგეს თავმოხდილი, დედაკაცი კი (მიუხედავად ოჯახური მდგომარეობისა) - თავდახურული.

როგორი უნდა იყოს გარეგნულად ქრისტიანი მართლმადიდებელი?!

სიმბოლურად ეს ნიშნავს, რომ კაცის თავი არის უფალი ღმერთი, ქალის თავი კი - მამაკაცი. ეკლესიის გარეთ ადრე ქალიც და მამაკაციც თავდახურული დადიოდა. დღეს, როდესაც საზოგადოებაში თავსაბურავის ტარება აღარაა მიღებული, ქალისათვის თავსაფრით სიარული გარკვეულ უხერხულობასთანაა დაკავშირებული, მაგრამ ტაძარში, განსაკუთრებით კი საიდუმლობებში მონაწილეობისას, აუცილებელია.

ტანსაცმელი

ზომიერება, რომელიც ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია ქრისტიანის ცხოვრებისა, უნდა ვლინდებოდეს მის ჩაცმულობაშიც. თუ, ერთი მხრივ, მიუღებელია გარეგნობისათვის გადაჭარბებული ყურადღების მიპყრობა, მეორეს მხრივ, არც დაუდევრობაა მოსაწონი. ადამიანი ხატია ღმრთისა და ამ ხატს მოვლა და შემკობა სჭირდება ჩვენგან; საეკლესიო ხატს შემკობა თავისთავად არ სჭირდება, მაგრამ ჩვენი დამოკიდებულების გამოსახატავად ვამკობთ ხოლმე სამკაულებითა და ყვავილებით. ამ აზრით ქრისტიანისთვის სამკაულების ტარებაც დასაშვებია, ცხადია, ზომიერების ფარგლებში.

ზოგადად რაიმე ჩარჩოების დადგენა შეუძლებელია, მაგრამ ერთი კი შეიძლება ითქვას, რომ ქრისტიანი არ უნდა გამოირჩეოდეს არც განსაკუთრებულად ძვირფასი და არც ხაზგასმულად ჯარისკაცული გარეგნობით. საერთოდ, კი სისუფთავე და სისადავე ყოველთვის ყველა დროისა თუ საზოგადოების მოსაწონი თვისებები იყო.

საკვირაო წირვაზე ადამიანი უნდა ეცადოს შესაძლებლობის ფარგლებში განსხვავებულად, საზეიმოდ შეიმოსოს, რათა ჩვენს შინაგან სულიერ სადღესასწაულო განწყობას გარეგნობაც შეესაბამებოდეს.

რაც შეეხება ქალისა და მამაკაცის ტანსაცმლის აღრევას, ეს შედეგია ემანსიპაციისა, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, ღრმადაა ჩვენს ცხოვრებაში შემოჭრილი და ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია უკანასკნელი დროისა. ტანსაცმლის აღრევას ქრისტიანი უნდა ერიდოს განსაკუთრებით საზოგადოებასა და, მით უმეტეს, ეკლესიაში.

პარფიუმერია და კოსმეტიკა

მოღვაწეობის მიზნით, ქრისტიანმა შეიძლება ყურადღება მოაკლოს თავის გარეგნობას, მაგრამ ამით სხვა არ უნდა შეწუხდეს. ასეთი დამოკიდებულება საკუთარი გარეგნობის მიმართ განმარტოებით მცხოვრები ადამიანისათვის უფროა გამართლებული, თუმცაღა აქაც ზომიერებაა საჭირო.

ერში მცხოვრებმა ქრისტიანმა კი სისუფთავეზე უნდა იზრუნოს და გარეგნობაზეც. „ქრისტიანები ჩვეულებრივი ადამიანები არიან - წერდა თავის დროზე მეგობარ დიოგენეტეს II საუკუნეში მცხოვრები ქრისტიანი, - და არ განირჩევიან კაცთაგან არც ჩაცმულობით, არც ზნე-ჩვეულებებით, არც ყოფით თუ დანარჩენი ცხოვრებით, ამასთან მოქალაქეობის საკვირველ და ჭეშმარიტად დაუჯერებელ წესს წარმოგვიჩენენ....“

ამავე აზრით დასაშვებია კოსმეტიკის გამოყენებაც; ცხადია - გემოვნებით და ზომიერად. არსებობს გამოთქმა, რომ კოსმეტიკა მაშინ ალამაზებს ადამიანს თუ იგი შეუმჩნეველია.

მაგრამ, მეორე მხრივ, არის აზრი, რომ ღმერთის მიერ შექმნილ ადამიანს გალამაზება არ სჭირდება. ეს ნამდვილად ასეა. ამ შემთხვევაში მთავარი ისაა, თუ რატომ, რა აზრით მივმართავთ დამხმარე კოსმეტიკურ საშუალებებს. მაგალითად, შეიძლება ადამიანს სულიერად უჭირდეს და გარეგნული თუ სიკოხტავე გარკვეულ ნუგეშს აძლევდეს.

 თმის ვარცხნილობა

ჯერ კიდევ ასი წლის წინ დღევანდელი მაქსიმალურად დამოკლებული ვარცხნილობისაგან განსხვავებით ქრისტიანები გრძელ თმებს ატარებდნენ. ამასთან, თუ ქალისთვის თმების შეკვეცა არ იყო მიზანშეწონილი, მამაკაცისათვის, თუ ის სასულიერო პირი არ იყო, თმების შეუკვეცელობა არ შეიძლებოდა.

ყველა მართმადიდებელი ქრისტიანი მამაკაცი ატარებს წვერს მსგავსად უფალისა ჩვენისა იესო ქრისტესი და მისთა მოწაფეთა, რომელნიც, თავის მხრივ, აგრძელებდნენ უძველესი ბერების - ნაზორევლების ტრადიციას, რომელთაც თმის შეუკვეცელობის აღთქმა ჰქონდათ მიცემული.

დღეს ემანსიპაციის სულმა ამ საკითხშიც იჩინა თავი: ქალის თმის ვარცხნილობა იმდენად დაპატარავდა, ხშირად მამაკაცისაზე მოკლეა; თავის მხრივ მამაკაცმა თმები მოუშვა და წვერი გაიპარსა, რაც ადრე სასჯელის ერთ-ერთი ფორმა იყო. ამის გამო ხშირად ქალის და მამაკაცის გარჩევა ძნელდება.

თმასა და წვერზე ამბობენ, რომ ეს მადლი იყო ღმერთის მიერ მოცემული (იმ აზრით, რომ მათი ტარება იყო სიკეთე და მათზე უარი არ უნდა გვეთქვა, და არა იმ აზრით, თითქოს ვისაც თმა არ ამოსდიოდა, ან მოკლე წვერი ჰქონდა (მაგ. წმ. იოანე ოქროპირს ღმრთის მადლი აკლდა).

ქალის შესახებ წმ. მოციქული პავლე ამბობს, რომ გრძელი თმა დიდებაა ქალისა, რამეთუ იგი სამკაულად მიეცა მას (I კორინთელთა 11-15).

ასე რომ, მიუხედავად გარკვეული დისკომფორტისა, რაც შეიძლება დღევანდელ საზოგადოებასთან შეხებისას წარმოიქმნას, ქრისტიანი უნდა ეცადოს ამ ძველი კეთილი წესის აღდგენას, როდესაც მამაკაცს თმა და წვერი ამშვენებდა, დედაკაცს კი - შეუკვეცელი ნაწნავი.


უკან დაბრუნება