გაღმა ნაპირი - 90-იანი წლების თბილისი და აფხაზეთი

ფსიქოლოგიაში ცნობილია, რომ რეალობის სხვადასხვა ასპექტს შორის, ხედვის სხვადასხვა წერტილს რომ შეესაბამება, არსებობს ერთი ასპექტი, რომელიც დასაბამს აძლევს ყველა დანარჩენს და თვითოეულ მათგანში იგულისხმება (ბერგსონი). გიორგი ოვაშვილის ფილმში „გაღმა ნაპირი“ ბავშვის თვალით დანახული რეალობაა ასახული. ფილმში ხედვის ის წერტილ ცენტრია, რომელიც ყველა დანარჩენის საფუძველია და ყველაფერში იგულსიხმება. ესაა ყველაზე გულწრფელი და უმანკო განცდა რეალობისა. ფილმი დატვირთულია სევდიანი ემოციებით, მძიმე სოციალური ყოფის ამსახველი კადრებით, რომელიც ზედმეტი დრამატიზმის გარეშე ნაბიჯ-ნაბიჯ გვიჩვენებს ბავშვის ოცნებასა და ტკივილს. როდესაც ეს „საფუძველი“ – ულმობელი გარემო, იმდენად იძარცვება რომ გმირი, ბავშვობას, სახლს და მამას ვეღარ იბრუნებს ხუჭავს თვალებს. ბავშვის დახუჭული თვალები რელევანტური რეაქციაა ცვალებად გარემოზე, რომელიც ყველაზე მეტად დაგამახსოვრდებათ ამ ფილმის ნახვის შემდეგ.

გაღმა ნაპირი - 90-იანი წლების თბილისი და აფხაზეთი

გიორგი ოვაშვლის ფილმში „გაღმა ნაპირში“ მოქმედება 90-იანი წლების თბილისში და აფხაზეთში ვითარდება. მთავარი გმირი, თედო ბექაურის გმირი აფხაზეთიდან დევნილი 12 წლის თედოა. თბილისში დედასთან ერთად 7 წლის წინ იძულებით წამოვიდა, მამა ტყვარჩელში დარჩა. აფხაზეთის ომის დროს ყველაფერი დაკარგა: სახლი, ბავშვობა, მამა და მშობლიური კუთხე. თედოს არაფერი აქვს ოცნების გარდა და მხოლოდ ოცნების ასრულების სურვილი ამოძრავებს.  

ფილმში თვალების დახუჭვის დეტალი ძალიან ხშირად მეორდება. პატარა თედო, მაშინ როდესაც საკუთარი რეპრესიული მდგომარეობიდან ვეღარ ხედავს გამოსავალს, თვალებს მაგრად ხუჭავს. რა ძლიერიც არის ოცნების ასრულების სურვილი, ისეთივე სიძლიერით ხუჭავს ის თვალებს. ძლიერად კი არა უფრო ზუსტად რომ ვთქვათ მთელი ძალით. ესაა ერთადერთი საშუალება მწარე რეალობის არ მიღების და იმ წმინდა ოცნებისთვის ბრძოლის გაგრძელების, რასაც მისი მთელი არსება მოუცავს. ერთ დღეს, დედასთან სამსახურში მისული დაინახავს რომ დედამისი ქეთო, ჯიხურში ვიღაც უცხო კაცებთან არაყს სვამს. თედოს დედა მეძავია. თედო ქურდობით ფულს იშოვის, დედას მიუტანს და სთხოვს რომ სამსახურში სიარულს თავი დაანებოს, მაგრამ არაფერი გამოსდის. თედო გადაწყვეტს წავიდეს ტყვარჩელში სახლის მოსაძებნად და მამის დასაბრუნებლად.

გაღმა ნაპირი - 90-იანი წლების თბილისი და აფხაზეთი

ოცნებისკენ გზა სახიფათო და ტკივილიანია. ათასი ჯურის ადამიანს გადაეყრება გზაში. ვაგონის გულქვა გამცილებელი, უბილეთო ბავშვს დაძრული მატარებლიდან ძირს ჩააგდებს; დაემგზავრება მანქანის გამტაცებლებს, რომლებიც გზაში პატარა, სოფლელი გოგოს გაუპატიურებას დაუპირებენ და როცა მის გადარჩენას შეეცდება, სცემენ და შუა გზაზე დატოვებენ. შეხვდება კეთილ, გულისხმიერ ადამიანებსაც: მეგრელ ბიჭ ჯანგულს, რომელიც ტრაგიკულად იღუპება საზღვარზე. ნახავს გალელ დედაბერს, რომელიც რითიც შეეძლება დაეხმარება. მიკროავტობუსის მძღოლი გივი წვინარია, ოჩამჩირეში უფასოდ ჩაიყვანს და ღამის გასათევად ერთ ოჯახში დააბინავებს. თედოს მასპინძელი ზიტა და დაურია, ერთადერთი შვილი ქართველებთან ომში დაღუპვიათ, მაგრამ მიუხედავად ამ საშინელი ტრაგედიისა, ვახშამს აჭმევენ და ღამის გათევის საშუალებასაც აძლევენ. 

არ დაგავიწყდეთ ეს 12 წლის თედოა. თბილისში ქოხმახში ცხოვრობს ვულკანიზაციაში მოწაფედაა, ასევე ქურდობს კიდეც და ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ პურის ფული იშოვოს. დედამისი ჯიხურში მუშაობს და სხეულის ვაჭრობითაც ირჩენს თავს. თედოს მეგობარი წუპაკაც ქურდია. ის და თედო თავისუფალ დროს ტოქსიკური წებოს ყნოსვაში ატარებენ, რის გამოც ჰალუცინაციებში „აფრიკაში მოგზაურობენ“. აფრიკული სიზმრები ერთადერთი ფერადი და თბილი გარემოა, სადაც ავიწყდებათ შიმშილი და ტკივილი.

გაღმა ნაპირი - 90-იანი წლების თბილისი და აფხაზეთი

დაურისა და ზიტას სახლიდან მეორე დღეს ტყვარჩელში დანჯღრეული სატვირთო ავტომანქანით მიყავს მძღოლს, რომელიც ქართველების წინააღმდეგ ნაომარი კაცია. როცა შეიტყობს, რომ თედო ქართველი ყოფილა მანქანიდან ჩამოაგდებს და შუა გზაზე დატოვებს. და აი მიაღწევს მშობლიურ ქალაქს, სადაც ხედავს რომ სახლი გაპარტახებულია, მამას ცოლად აფხაზი ქალი შეურთავს, მისგან ორი ქალიშვილი შესძენია და ახალ ოჯახთან ერთად სადღაც გადაკარგულა. თედომ დაკარგა ბავშვობა, სახლი, მამა და მშობლიური კუთხე. 

მტრად აღქმულ სტუმრის დაკრულზე იმედგაცრუებულს უწევს ცეკვა და ზუსტად ეს ის მომენტია, როდესაც ძალიან, ძალიან მაგრად უნდა დახუჭოს თვალები. თედო ხუჭავს თვალებს მას აღარ აქვს ბავშვობა, სახლი და მამა. უკან დაბრუნებაც ისეთივე სიგიჟეა, როგორც იქ ყოფნა სადაც არის. მას მხოლოდ აფრიკული სიზმრები რჩება: ულამაზესი პეიზაჟები და ჟირაფები ჟირაფები და ჟირაფები.

ფილმში მტერიც და მოყვარეც ერთი მდინარის ნაკადში არიან. თედოს სახლი „შინ ყოფნის“ გაღმა ნაპირია, „შინ ყოფნის“, რომელიც შინ აღარაა. მტერიც რაღაცნაირად მთლად მტერი არაა. თავის მხრივ ისეთივე ტრაგიკულია, როგორც თედოს მდგომარეობა, ის ეპიზოდი ხომ გახსოვთ ფინალში: ერთ-ერთი მამაკაცი თედოს დანახვაზე ქუდს იხდის და მწარედ შეინანებს რაღაცას.

გაღმა ნაპირი - 90-იანი წლების თბილისი და აფხაზეთი

გიორგი ოვაშვილის „გაღმა ნაპირი“ არ არის ისტორიული ფილმი, მაგრამ ის იმ ისტორიულ მნიშვნელობებს ასახავს, რომელიც უახლოეს წარსულში ხდებოდა. წლების წინ მომხდარის კიდევ ერთხელ შეხსენება გარდაუვალია, რადგან თემა ამჟამადაც აქტუალურია; საქართველოსთვის აფხაზეთის რეგიონში არსებული კონფლიქტის ზონა დღესაც ყრუ პრობლემად რჩება. ფილმში არცერთი ეპიზოდი არაა პოლიტიკური ნიშნის მატარებელი, რეჟისორი არ მიმართავს არცერთი მხარის განსჯას. აქ არ არის გამართლება და გამტყუნება. ეს არის სურათი, სადაც ომის შემდგომ გამოწვეული ტრაგედიაა ნაჩვენები.

ფილმზე იმუშავა ირანელმა ოპერატორმა ამირას სადიმ. მიუხედავად იმისა რომ ფილმში ბინძური გარემოა ასახული, მაღალ პროფესიულად გადაღებული კადრებით ესტეთიკური გამოსახულებაა მიღწეული. კადრის ჩარჩოში საგნების განლაგება ისე დახვეწილად არის გადაწყვეტილი რომ ფილმის დესტრუქციულ ფონში ჰარმონია იკითხება. ფილმის კომპოზიტორი ისრაელში მცხოვრები იოსებ ბარდანაშვილია. რეჟისორი გიორგი ოვაშვილი საგანგებოდ ესტუმრა ისრაელში კომპოზიტორს და დაითანხმა იგი, ემუშავა ქართულ ფილმზე. მუსიკის მთავარი ტრეკი ფილმის ფინალურ ეპიზოდში ისმის, გამოსახულებასთან ერთად ის ქმნის ფილმის ორაზროვან ფინალს. თითქოს რეჟისორი გვეუბნება, როგორი მაყურებელიც ხარ ისე დაასრულე სურათიო, კომფლიქტის პრობლემა არ გვარდება, თედო ვერ იბრუნებს მამას და გაღმა ნაპირს, თუმცა რაღაც ერთი ეტაპი სრულდება, ეს ერთდროულად დადებითი და უარყოფითის იმედისა და სასოწარკვეთის სინთეზია. რაღაცის დასასრულს ხომ ყოველთვის დასაწყისი მოსდევს ხოლმე.

გაღმა ნაპირი - 90-იანი წლების თბილისი და აფხაზეთი

ფილმის მემონტაჟე კორეელი სუნ-მიმ-კიმია, სცენარი კი ქართველი მწერლის ნუგზარ შატაიძის მოთხრობის „მოგზაურობა აფრიკაში-ს“ მიხედვითაა. (სცენარზე იმუშავეს გიორგი ოვაშვილმა და რუსტამ იბრაგიმბეკოვმა). 

კინოსურათის პროდიუსერი ოვაშვილთან ერთად საინ გაბდულინია. ფილმის ბიუჯეტია 750 000 აშშ დოლარი. ფილმი ქართულ-ყაზახური პროდუქციაა. 

„გაღმა ნაპირს“ საერთაშორისო ასპარეზზე დიდი წარმატება ხვდა წილად. 2009 წელს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მე-9 კინოფესტივალზე გრანპრი  „ოროს შროშანი“ აქვს აღებული. ამერიკაში, სიეტლის 35-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარი პრიზით დაჯილდოვდა. „სამხრეთ კინოს“ ფესტივალზე მთავარი პრიზი „ოქროს ალამაბარა“ გადაეცა. პარიზის მე-7 საერთაშორისო ფესტივალზე საერთაშორისო ჟიურის  პრიზით „პარიზი სინემათი" აღინიშნა. ბერლინის ფესტივალის მაყურებელმა ოვაშვილის ფილმი ოვაციებით დააჯილდოვა. ასეთივე ოვაციით ჩაიარა „გაღმა ნაპირის" ჩვენებამ კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზეც, სადაც გაღმა ნაპირი ორჯერ უჩვენეს - ორივეჯერ სავსე დარბაზში. წარმატებული სეანსები იყო გრანადის (ესპანეთი), სიეტლის (აშშ), ვისბადენის (გერმანია) კინოფესტივალებზეც. საერთო ჯამში გაღმა ნაპირს ხვადასხვა ფესტივალზე 50-ზე მეტი პრიზი აქვს აღებული.

გაღმა ნაპირი - 90-იანი წლების თბილისი და აფხაზეთი


უკან დაბრუნება